უკვე ენის მოჩლექით საუბარი დანაშაულია - ვისაც არ უნდა ეხებოდეს, სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას:
დიახ, საქართველოს ორი დაუძინებელი მტერი ჰყავს: თავად მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლებად წოდებული, კომფორტზე დახარბებული და ყველაფერზე ხელისმომწერთა სექტა, რომელსაც, რაც არ უნდა კრიზისში შეიყვანოს ქვეყანა, „სიცოცხლეს“ მაინც ვუხანგრძლივებთ (თქვენ კი გეგონათ, რომ ხელს რუსეთზე და ამერიკაზე გავიშვერდი)!
ხშირად მსაყვედურობენ: რას ერჩი ამ გასაცოდავებულ ქართველ ხალხს, ვერ ხედავ, როგორი მოღალატე ხელისუფლება გვყავს და რა დღეში ჩააგდო ქვეყანაო?!
რომელი წმინდა ილია მართალი მე ვარ, ქართველი ერი განვიკითხო, მაგრამ თავს იმის უფლებას მაინც მივცემ, ჩემი გადასახედიდან ვთქვა ის, რასაც ვგრძნობ და განვიცდი.
ჩვენი ყველაზე დიდი უგუნურება ის არის, რომ „მაოხრებელ გზირს“ საქართველოს ისტორიულ თუ ახალშეძენილ მტრებში ვეძებთ და ხელს რუსეთისკენ, ან ამერიკისკენ ვიშვერთ - თითქოს მათ მტკიცე დასაყრდენი სულგაყიდულ და კომფორტზე დახარბებულ თანამოქალაქეებში არ ჰქონდეთ და საკუთარი ნებითვე არ ავდიოდეთ „სახრჩობელაზე“.
ის, რაც დღეს ანტირუსული ისტერიის ფონზე საქართველოში ხდება, სწორედ უჯიშო და ტვინნაღრძობი ქართველების ბრალია - იმდენად შევედით „როლებში“, ასე გვგონია, ჩვენი ისტერიული შეძახილებით და ზღვარგადასული სიბილწით რუსეთს წირვა ლამის გამოვუყვანოთ!!!
აქსიომაა: სამშობლოს მტერი უნდა გძულდეს, „ბილწს ზავით არ უნდა შეეკრა“, მაგრამ იმდენი ჭკუა მაინც უნდა გეყოს, რომ შენი უტიფრობით და აშკარად გამომწვევი მანერებით ქვეყანა უფსკრულში არ გადაჩეხო!
ჭეშმარიტება დამოწმებას არ საჭიროებს - რუსეთი რომ ოკუპანტია, არა მარტო ჩვენ, ქართველებმა, არამედ, მთელმა სამყარომ იცის, მაგრამ, როგორ შეგიძლია დაამარცხო ზესახელმწიფოდ აღიარებული ოკუპანტი და ძალით წართმეული ტერიტორიებიც დაიბრუნო?!
აღვირახსნილი ეპითეტებით და უკიდურესობამდე დასული ანტირუსული ისტერიით ამას რომ ვერ შევძლებთ, დრომ უკვე დაგვანახა. არც „ნატო“-„ნატო“-ს ძახილი რომ ვერ შველის ამ საქმეს, ამაშიც დავრწმუნდით.
იმაშიც დავრწმუნდით, რომ ამერიკა ჩვენი გულისთვის რუსეთთან ომს არ დაიწყებს, ხოლო, თუ ამ ორი გიგანტის ინტერესთა შეჯახება მოხდა კავკასიაში, ამერიკას საქართველო მხოლოდ სამხედრო პოლიგონად შეიძლება გამოადგეს. თუ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს, არავისთვის ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს!
ანაკლიის პორტიდან... გიორგი გაბუნიამდე!
20-21 ივნისის ტრაგიზმამდე დასულმა ინციდენტმა, სათავე დაუდო პერმანენტულ აქციებს, რომელმაც უკვე მარაზმატიკული სახე მიიღო. გახარიას გადადგომის მოთხოვნა და ლგბტ-პრაიდის ჩატარების წინააღმდეგ გალაშქრება, გიორგი გაბუნიას უკიდურესობამდე აღვირახსნილმა სიბილწემ გადაფარა. ის, რაც საზოგადოებამ „რუსთავი 2“-ის ღია ეთერში მოისმინა, არა მარტო უზნეობის აპოგეად შეიძლება ჩაითვალოს - გაბუნიას გზავნილი პირდაპირ გადის ქართველი ერის ღირსებაზე და მის პასუხისმგებლობაზე, მითუმეტეს, მისი პირიდან ამოღვენთილი სიმყრალე არანაირად არ ჯდება ქართველის გენეტიკურ კოდში.
რატომ წავიდა გაბუნია ვა-ბანკზე და რა მოსალოდნელი შედეგი გათვალა მავანმა ამ ამორალურობის ზღვარსგადასული გზავნილით რუსეთის პრეზიდენტისადმი?!
მიუხედავად იმისა, რომ გაბუნია კერძო პირია (კერძო ტელეკომპანიის ჟურნალისტია), მისი უკიდურესად პროვოკაციული მიმართვა პირდაპირპროპორციულია რუსეთის მხრიდან გატარებული და მომავალში გასატარებელი სანქციებისა საქართველოს წინააღმდეგ!
გაბუნიამ ამ შემთხვევაში ერთდროულად ორი კურდღელი დაიჭირა: რუსეთს მისცა შანსი მკაცრად დასაჯოს ქართველები (მითუმეტეს, მის ტერიტორიაზე მილიონზე მეტია) და საქართველო სხვადასხვა სანქციებით. ამავდროულად, კიდევ უფრო გააღრმაოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი!
დააკვირდით: გაბუნიას შორსგამიზნულმა ავანტიურამ ხელოვნურად გამოძერწილ კონტრაქციებს დაუდო სათავე და უკვე „მეამბოხეთა“ სამი კასტა მივიღეთ:
პირველი: „ანტისაოკუპაციო“ (ანტიგახარიასტები);
მეორე: „მარშელები“ (ანტიპრაიდისტები);
მესამე: „რუსთავი-2“-ს წინააღმდეგე მოლაშქრეთა კასტა.
რაც არ უნდა მკაცრად ნათქვამი გამომივიდეს, პირდაპირ ვიტყვი: ამ სამივეს უკან ანტიქართული ძალები დგანან, რომლებმაც შესანიშნავად იციან, როგორ შექმნან ქვეყანაში მართვადი ქაოსი და როგორ გამოაცალონ სასიცოცხლო ენერგია ქართულ საზოგადოებას!
ის, რომ „რუსთავი-2“-ის წინააღმდეგ დაწყებული აქცია ყოველგვარ აზრსაა მოკლებული, ახლავე ავხსნი: ჯერ ერთი, „რუსთავი-2“ კერძო ტელეკომპანიაა და თუ მან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი დაარღვია, ამისთვის არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ვალდებულნი არიან აღკვეთონ ეს უმსგავსობა - აუცილებლობის შემთხვევაში ჩამოართვან ლიცენზია.
მეორეც, გიორგი გაბუნიას ტელეეკრანიდან ჩამოშორება, ან თუნდაც, გვარამიას გადადგომა, ოდნავადაც არ ანეიტრალებს (ამსუბუქებს) იმ პროვოკაციას, რაც „რუსთავი-2“-მა ჩაიდინა გიორგი გაბუნიას ძალისხმევით...
ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს სიბილწე გაბუნიას ტვინში დამოუკიდებლად მოიხარშა და მანვე მოინდომა გმირის მანტიით შეემოსა საკუთარი თავი!
არა! ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ავანტიურა გვარამიას ფანტაზიასაც სცილდება და უფრო ღრმა ფესვები აქვს.
ერთი რამ უდავოა: ვინც ეს ჩაიფიქრა, სუფთა რუსული საქმე გააკეთა - როგორც ზემოთ ვთქვი, რუსეთს ყველანაირად გაუხსნა ხელ-ფეხი მკაცრად დასაჯოს საქართველო - თუმცა, ამას „გაბუნიას“ სახელი შეიძლება არ დაერქვას!
აშკარა რუსული კვალი იკითხება 20-21 ივნისის ტრაგიკულ ინციდენტშიც და თქვენ წარმოიდგინეთ, დავით გარეჯის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟშიც. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყველა გზა რუსეთისკენ მიდის! თუმცა, არ გამოვრიცხავ, ორმაგ აგენტობასთანაც გვქონდეს საქმე, რაც იშვიათი შემთხვევა არ გახლავთ.
რატომ აგორდა ამ ბოლო ხანებში ანტირუსული ისტერია და რა მიზანს ემსახურება იგი?
როგორც იტყვიან, „ძაღლის თავი“ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტშია დამალული, რომლის სამხედრო დანიშნულების ტერმინალად მშენებლობას (რასაც ამერიკა აგრერიგად ეშურება) რუსეთი ცოცხალი თავით არ დაუშვებს. სწორედ ეს „ჯახი“ შეიძლება გახდეს საქართველოს კიდევ ერთი რეგიონის - სამეგრელოს „გააფხაზეთებისა“ და მთლიანობაში საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური კოლაფსის მიზეზი!
რას აკეთებს ამ შემთხვევაში ხელისუფლება? ბევრს არაფერს - ხელს უწყობს მართვადი ქაოსის შექმნას ქვეყანაში და პატარ-პატარა „ულუფებით“ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს!
ყველაზე სამწუხაროა, რომ მოქმედ ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის არც კონკრეტული გეგმა და არც პოლიტიკური ნება გააჩნია!
რატომ დაკარგა აზრი არჩევნებმა?!
ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის გადაგდებული „ძვალი“ - 2020 წლიდან პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის ინიციატივა, უკან გადადგმული ნაბიჯია.
დიახ, არათუ ვადამდელმა არჩევნებმა, რომელსაც ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის უებარ „მალამოდ“ მიიჩნევდა მავანი და მავანი (დღესაც იმეორებენ), არამედ, 2020 წლის ვადიანმა არჩევნებმაც აზრი დაკარგა.
ჯერ ერთი, გნებავთ ვადამდელი და გნებავთ მომავალი (2020 წლის) არჩევნებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, პარლამენტში უკეთეს პოლიტიკურ კომბინაციას ვერ მივიღებთ, რადგან, საქართველოში არსებული პოლიტიკური სპექტრი მთლიანად გამარგინალიზებულია, ახალ „სიოს“ კი ჯერ არ დაუბერავს, რომ განსხვავებული იდეოლოგიის პოლიტიკური დაჯგუფების აღმოცენების იმედი გვქონდეს! ბევრი თითოკაციანი პარტიის შესვლა პარლამენტში კი, ნამდვილად არ ნიშნავს წინ გადადგმულ ნაბიჯს - პირიქით, სრულიად ქაოტურ საკანონმდებლო ორგანოს მივიღებთ, რომლის მთავარი მიზანი არა კონსტრუქციული თანამშრომლობა, არამედ, სავაჭრო მაზანდის აწევ-დაწევა იქნება!
თუ ქვეყანას ოდნავ მაინც სურს არჩევნების გზით შეცვალოს არსებული პოლიტიკური ვითარება, პროპორციულზე კი არ უნდა გადავიდეთ, არამედ, დროულად უნდა დავამკვიდროთ ორპალატიანი პარლამენტი (ზედა და ქვედა პალატა), რომელიც გარკვეულწილად დააბალანსებს პოლიტიკურ ქაოსს ქვეყანაში. ადრე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: მაჟორიტარის ინსტიტუტი მეტ-ნაკლებად მაინც გულისხმობს გარკვეულ პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე.
აქედან გამომდინარე, ივანიშვილის მიერ შემოგდებული ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი სატყუარა საქართველოს ღრმა პოლიტიკურ ჩიხში შეყვანის პერსპექტივით!
უნდა ჩამოყალიბდეს „საქართველოს ხსნის კომიტეტი“!
სტატიის შესავალში საქართველოს ორ დაუძინებელ მტერზე ვწერდი: როგორც ვთქვი, ერთი თავად ქართველი ხალხია, მეორე, მის მიერ „არჩეული“ თუ უცხო ძალების მიერ დასმული ე.წ. ხელისუფლება.
რატომ ქართველი ხალხი?
იმიტომ, რომ ის უმტკივნეულოდ ყლაპავს ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ყველა ანტიქართულ გადაწყვეტილებას და მტერს გარეთ, ან მთავარ ოპოზიციად წოდებულ „ნაციონალებში“, ან მის განაყოფებში ეძებს.
არადა, ეს მხოლოდ მცდარი გზა და თავის მოტყუებაა, რადგან, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელია მხოლოდ და მხოლოდ არსებული (მოქმედი) ხელისუფლება!
თუ ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენების მაგალითზე ვიმსჯელებთ, მასა (საზოგადოება) მიზეზს არა საკუთარ თავში, ან ხელისუფლებაში ეძებს, არამედ „ნაციონალებში“ და „რუსთავი-2“-ში.
მან (საზოგადოებამ) დღემდე ვერ გააცნობიერა, ვინ უნდა იყოს პროტესტის მთავარი ადრესატი და როგორ შეიძლება შერბილდეს პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში!
თუ ქრონოლოგიით მივყვებით, დავით გარეჯის გარშემო განვითარებული მოვლენები, 20-21 ივნისის ღამის ინციდენტი (უარყოფითი „სალდო“ „ქართული ოცნებისთვის“) და გაბუნიას მყრალი გზავნილები - ყველაფერი ერთად აღებული სწორედ ჩვენი (საზოგადოების) და მოქმედი ხელისუფლების კისერზეა, რადგან, ჩვენ დროზე არ მოვახდინეთ ადექვატური რეაგირება და მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას გადავულოცეთ ისე, რომ ჩვენის მხრიდან რეალური მოთხოვნები (თუნდაც რეკომენდაციები) არც ყოფილა...
რა იქნება ხვალ?
ჩემი ვარაუდით, რომელიც დაკვირვებას და საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა, უფრო ღრმა კრიზისისკენ წავიყვანთ ქვეყანას, თუ თამაშის წესები არ შევცვალეთ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არსებული პოლიტიკური სპექტრის პირობებში არჩევნებს აზრი არა აქვს, რადგან, უფრო ქმედუუნარო პარლამენტს მივიღებთ! აქედან გამომდინარე, რაღაც უნდა შევცვალოთ.
ვფიქრობ, იმ ადამიანებისგან, ვინც მეტ-ნაკლებად აცნობიერებენ საქართველოს ტრაგიკულ მომავალს, უნდა შევქმნათ საზოგადოებრივი საბჭო - „საქართველოს ხსნის კომიტეტი“, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას მოქმედი ხელისუფლების კონტროლზე და მოამზადებს ნიადაგს ახალი პოლიტიკური ერთობის შესაქმნელად.
ამასთან, საჭიროების შემთხვევაში ჩამოაყალიბებს დროებით (ალტერნატიულ) მთავრობას და ჩიხში მომწყვდეულ ფორმალურ მმართველსაც (ივანიშვილს) გაანთავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომლის ტარება მას უკვე არ შეუძლია!
თუ გვინდა გადავრჩეთ, თავი უნდა დავანებოთ დემოკრატობანას თამაშს და იმაზე ფიქრს, „რას იტყვის მსოფლიო“. ჩვენ სწორედ მსოფლიოსთვის გასაოცარი „ქართული დემოკრატიით“ საკუთარ ქვეყანას გამოვუსვით ყელში დანა.
ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ და მივიდეთ კონსენსუსამდე, ურომლისოდაც ქვეყნის გადარჩენა ფანტასტიკის სფეროსაც სცილდება!