ივერიონი / ოჰ, თქვე ფარისევლებო, თქვენა!

ოჰ, თქვე ფარისევლებო, თქვენა!

ოჰ, თქვე ფარისევლებო, თქვენა!

 

ამას წინათ ერთი ახალგაზრდა კაცის პოეტური კრებული გამოვეცი.

 

როგორც ხდება ხოლმე, ავტორმა წიგნის გარეკანს სურათი გადაუღო და მთელ „საფრენდეთს“ აცნობა, რომ მისი ლექსები უკვე წიგნად აიკინძა და მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!

 

ემოციები წამოვიდა, მაგრამ, რა წამოვიდა - „ფრენდები“ გულმხურვალედ ულოცავდნენ ავტორს პირველი წიგნის დაბადებას და ისეთი ეპითეტებით ამკობდნენ, ვიფიქრე: ახალი გალაკტიონი ხომ არ მოგვევლინა და მე ვერ შევამჩნიე-მეთქი!

 

მეორე დილით შევიხედე ავტორის გვერდზე და თვალს ვერ ვუჯერებდი - ათასამდე ლაიქი და 640 კომენტარი ჰქონდა. თან ყველა ერთ ნოტაზე ამთავრებდა კომენტარს: შენი პოეზია ძალიან მიყვარს და გახარებული ვარ, წიგნად გამოცემა რომ გადაწყვიტეო.

 

ვიფიქრე, ის მცირეოდენი ტირაჟი რას ეყოფა, ალბათ მალე ახალი ტირაჟის გამოცემა მოგვიწევს-მეთქი.

 

ერთი თვის თავზე დავურეკე ავტორს და ვკითხე, რამდენი წიგნი გაყიდა და ხომ არ იყო ახალი ტირაჟის გამოცემის აუცილებლობა?!

 

პასუხი არ გაინტერესებთ? მხოლოდ ხუთი ეგზემპლარი გაუყიდია, ერთი ასი გაუსაჩუქრებია, დანარჩენი კი... არც იცოდა, სად წაეღო. ვურჩიე, იქნებ პრეზენტაცია გააკეთო, იქ მაინც შეიძენენ-მეთქი.

 

დამიჯერა, მაგრამ, ორივე გაწბილებული დავრჩით: მხოლოდ 7 ეგზემპლარი გაიყიდა, დანარჩენს საჩუქრად უნდოდა. თუმცა, მეტი არა ჩემი მტერი, მაგ ლექსებს ისინი წაიკითხავდნენ!

 

ეგ კიდევ არაფერი...

 

დაახლოებით ერთი თვის წინ, გამომცემლობაში ორი ახალგაზრდა ავტორი მესტუმრა. წინასწარ მითხრეს, რომ გამოსაცემი ფული არ ჰქონდათ, მაგრამ, იმდენი მხარდამჭერი ჰყავდა მათ პოეზიას, ათასი ტირაჟიც არ ეყოფოდათ. მთხოვეს, წიგნი გამოსაცემად მომემზადებინა, მერე ისინი „გააპიარებდნენ“ და გამოსაცემ თანხასაც უცებ შეაგროვებდნენ.

 

დავნებდი: რედაქტირება-კორექტირების ჩათვლით ყველა საგამომცემლო პროცედურა ჩავატარე. გარეკანის დიზაინიც გავუკეთე და გასაპიარებელი ტექტის მომზადებაშიც დავეხმარე...

 

ავტორები გარკვეეით წერდნენ, რომ წიგნი უკვე მომზადებულია დასაბეჭდად და მხოლოდ ფინანსურ რესურსებს ელოდება, რისი საშუალებაც მათ არ ჰქონდათ. იქვე საკუთარი პოეზიის თაყვანისმცემლებს სთხოვდნენ, წინასწარი ხელმოწერის სახით შეეძინათ მათი კრებულები საკმაოდ ხელსაყრელ ფასად!

 

მეც დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალყურს ავტორთა „საფრენდეთის“ რეაქციებს - ერთ შემთხვევაში ემოციებმა რეკორდულ ციფრს გადააჭარბა, მეორე ავტორთან შედარებით ზომიერი აქტივობა იყო - თუმცა, არანაკლებ ათასი ლაიქისა და 500-მდე კომენტარისა. 

 

დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, ვიკითხე, დააგროვეს თუ არა წიგნის გამოსაცემი თანხა. ყურებს არ ვუჯერებდი: ერთმა ავტორმა, რომელსაც ფეისზე 5000 და პოეზიის ვებ-გვერდზე 22000 მეგობარი ჰყავდა, წინასწარი მხარდაჭერის სახით, მხოლოდ 250 ლარი მიიღო, ხოლო, მეორემ 120 ლარი...

 

როცა კომენტარებს გადავხედე, რამდენიმე ფეისმეგობარი წერდა, რომ მათ წიგნს დაბეჭდვის შემდეგ პრეზენტაციაზე შეიძენდა

 

დასკვნა მარტივია: ჩვენი ემოციები და აღტაცებული ეპითეტები, მხოლოდ და მხოლოდ საპნის ბუშტია და როგორც კი მის მოქმედებაში მოყვანას დავაპირებთ, უცებ სკდება!

 

ეს არის სწორედ ფარისევლობა, რომელიც ადამიანს სახეს აკარგვინებს. არადა, დღეს ამ საშიშმა „ბაცილამ“ მასშტაბური ხასიათი მიიღო!

 

ოჰ, თქვე ფარისევლებო, თქვენა!

18-09-2019, 10:54
უკან დაბრუნება