სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოში ხვალ დაბრუნდება, თუმცა მისი ჩამოფრენის ზუსტი დრო ცნობილი არ არის.
ამის შესახებ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ბრძანა.
"პატრიარქს საქართველო ძალიან მოენატრა. როდესაც მის უწმინდესობას ტელეფონით ვესაუბრე, მითხრა, რომ სამშობლოში დაბრუნებამდე წუთებს ითვლის. ჩვენც მოხარული ვართ, რომ პატრიარქი დაგვიბრუნდება და მამობრივი დარიგებით შეგვეწევა", - ბრძანა მეუფე იაკობმა.
მისივე განმარტებით, ინფორმაცია პატრიარქის დაბრუნების ზუსტი დროის შესახებ დღის განმავლობაში გავრცელდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩეხეთში, 14 ნოემბერს, დასასვენებლად გაემგზავრა. პარალელურად, უწმინდესმა 10-დღიანი რეაბილიტაციის კურსიც გაიარა.