ივერიონი / ახალი „ტაიფუნი“, სახელწოდებით:"უბედურების კანონი"

ახალი „ტაიფუნი“, სახელწოდებით:"უბედურების კანონი"

 

რა „მოსალოდნელ უბედურებაზე“ გვაფრთხილებს ზვიად კვაჭანტირაძე?!

 

„მომავალ კვირაში ყველას დავანახებთ კიდევ რას გეგმავს ხელისუფლება და რა უბედურების კანონის მიღებას აპირებს სასწრაფოდ. მარიხუანას პლანტაციები ამასთან შედარებით არაფრად მოგვეჩვენება!“ - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის დიასპორებთან ურთიერთობის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე „ქართული ოცნებიდან“, ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე.

 

გაფრთხილებისთვის მადლობა, მაგრამ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ღიად დაეფიქსირებინა რა „უბედურების მომტან “ კანონზეა ამჯერად საუბარი, რომ ჩვენც კომბლებმომომარჯვებულნი მივიჭრათ პარლამენტთან და ხელისუფლებას ეს მზაკვრული ჩანაფიქრი ჩავუშალოთ!

 

თუ „მარიხუანას პლანტაციები ამასთან შედარებით არაფრად მოგვეჩვენება“, ნიშნავს, რომ, „და ჩვენ ვიცეკვებთ“ ფილმის თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში ჩვენება და ამ სიბილწის ჩვენებისგან გამომდინარე საზოგადოების გარკვეული ნაწილის ვნებათაღელვა, მხოლოდ სურათი ყოფილა. „ნამდვილ“ ფილმს კი მომავალ კვირაში უნდა ველოდოთ!

 

ნამდვილად ვერ მოვუწონებ ბატონ ზვიადს „მოსალოდნელი უბედურების“ ინკოგნიტოდ დატოვებას.თუმცა, მის სტატუსში ეს არ არის მთავარი. იგი ხელისუფლებას საყვედურობს, რომ თუ ადრე „მიშა მოვას“ ძახილით აშინებდა ხალხს, ახლა ულტრანაციონალისტები მიუსია და ამით უნდა გაძვრეს მომავალ არჩევნებში.

 

ბატონი პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ პირველივე არჩევნებზე „ქართული ოცნება “ჩამოშორდება ხელისუფლებას - „ეს იქნება ხელისუფლების ცვლილების არჩევნები, რადგან, ეს გადაწყვეტილება ხალხს უკვე აქვს მიღებული“!

 

მე არ ვიცი, რა ძალებზე დაყრდნობით აპირებს ბატონი ზვიადი ხელისუფლების შეცვლას, მაგრამ, „სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძვრესო“, გამოთქმისა არ იყოს, არ მესმის, როგორ უნდა ელოდოს იგივე ხალხი, რომელმაც „ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორების გადაწყვეტილება მიიღო, იმ საბედისწერო კანონის მიღებას იობის სიმშვიდით, მომავალ კვირაში რომ აპირებს თურმე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება?! ან რა გარანტია გვაქვს, რომ 2020-ში ქართულ ოცნებას ნამდვილად ჩავანაცვლებთ პატრიოტი, ქართული სულისკვეთების ხელისუფლებით, რომელიც მომავალ კვირაში მისაღებ „უბედურების კანონს“ და სხვა ანტიქართულ კანონებსაც, რომელზეც ბატონ ზვიადსაც ექნება ხელი აწეული, ერთდროულად გააუქმებს?!

 

ჩვენ ასეთი ზღაპრებით, რომ მომავალ არჩევნებში ქართული პატრიოტული ძალები გაიმარჯვებენ და ყველაფერი კარგად იქნება, დიდი ხანია გვკვებავენ, მაგრამ, ყოველთვის მოტყუებული ვრჩებით - „უბედურების მომტან“ კანონებსაც გრიალ-გრიალით იღებენ და საქართველოს მოღალატეებიც (ამ კანონების შემოქმედნი) დღემდე დაუსჯელნი რჩებიან!!!

 

მე არ ვიცი, რა კანონზეა ამჯერად საუბარი, მაგრამ, იმაში ეჭვი არ მეპარება, რომ ასეთი განწყობით იმ „უბედურების კანონს“ უპრობლემოდ მიიღებენ და შემდგომ ჩვენი აღშფოთება თუ ცარიელი მუშტის ქნევა უკან მიდევნებული ლამპრის ფუნქციას შეასრულებს!

 

აქედან დასკვნა მარტივია:ვიდრე ამ ანტიქართულ კანონს მიიღებენ, მანამდე უნდა აღსდგეს მთელი საქართველო და ერთხელ მაინც აჩვენოს მართლმადიდებლობის (ჩვენი ქვეყნის დაუძინებელ მტრებს) და დანარჩენ სამყაროს, რომ ჯერ კიდევ ვსუნთქავთ და ღირსების გრძნობაც ბოლომდე არ დაგვიკარგავს!

 

ბატონ ზვიადის ზემოთხსენებულ სტატუსში საყურადღებოა ერთი დეტალიც. საქმე ეხება საქართველოს მოსალოდნელ გადასვლას სხვა პოლიტიკურ ორბიტაზე, რომელიც, თუ სწორად გავიგე, დღევანდელი ხელისუფლების ჩანაფიქრია თურმე.

 

საკამათო არ არის „სხვა ორბიტაში“რუსეთი იგულისხმება. მე არ ვიცი, რამდენად აპირებს „ქართული ოცნება“საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადაყვანას და ვინ შეუშლის ხელს (ბატონ ზვიადის სიტყვები: „შევაკვდებით და ამას არ დავუშვებთ“, ზედმეტად ემოციური მგონია.ისე, საინტერესოა, ვინ იგულისხმენა „ჩვენში“), ეს არ გააკეთოს, მაგრამ, მიჩნდება ერთი ლოგიკური კითხვა: რა პოლიტიკურ ორბიტაზეა დღეს საქართველო და რა მოხდება მაშინ, თუ ჩვენ ისევ რუსულ ორბიტას დავუბრუნდებით?!

 

ეს კითხვა მითუმეტეს აქტუალურია ბატონ ზვიადის სიტყვებიდან გამომდინარე, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: თუ ეს ზემოთ გადაწყვეტილია, ჩვენ არავინ გვეკითხება. თუ არავინ გვეკითხება და არც იმის უნარი და ძალა გვაქვს - ხელი შევუშალოთ მავანს და მავანს საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაში, მაშინ საერთოდ რატომ ვიშლით ნერვებს?!

 

ხოლო, თუ საქართველო რეალურად (და არა მოჩვენებითად)დაბრუნდა რუსულ ორბიტაზე, რატომ იქნება ეს ჩვენთვის კატასტროფა, მითუმეტეს, მაშინ, როცა სამყაროს (დედამიწაზე) ერთი ძალა მართავს და დღეს დასავლეთი და ჩრდილოეთი მხოლოდ პირობითი მცნებებია?!

 

მეორეც, სადაც სამართალია, უნდა ითქვას: სწორედ რუსული ორბიტიდან ოფიციალურად გასვლის შემდეგ დაიწყო საქართველოში ისეთი კანონების ინიცირება და მიღება, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქართულ იდენტობას!

 

p.s. ხატი, რჯული, არასდროს ვყოფილვარ რუსეთის აპოლოგეტი, ისიც ძალიან კარგად მესმის, რაც დანაშაული აქვს რუსეთს საქართველოს წინაშე, მაგრამ, ჩვენ რეალობის შეგრძნების უნარი არ უნდა დავკარგოთ.

 

და კიდევ: ჩვენი მთავარი მტერი არც რუსეთი და არც ევრო-ამერიკაა - ისინი თავიანთ მისიას ასრულებენ. საქართველოს მთავარი მტერი ისევ ჩვენ ვართ: ყველაფერს ადვილად რომ ვეგუებით, ბრძოლის და თეთრის და შავის გარჩევის უნარი რომ დავკარგეთ და ღირსებაც ზედ მივაყოლეთ!

 

თუ ეს არ გავითავისეთ და ჩვენს ცნობიერებაში მენტალური რევოლუცია არ მოვახდინეთ, ჭირსაც წაუღია ნებისმიერი არჩევნები - მაინც არაფერი გვეშველება!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

11-11-2019, 11:40
უკან დაბრუნება