ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: „მონების ამბოხებიდან“... სახალხო ამბოხებამდე!

ზაურ ნაჭყებია: „მონების ამბოხებიდან“... სახალხო ამბოხებამდე!

„ბიძინამ გადაგვაგდო!“, „ბიძინამ ხალხი მოატყუა!“ ხშირად გვესმის ამ ბოლო დღეებში. სხვათაშორის, გადაგდებაზე არა მარტო ფეისბუქს ჩაფრენილები და ცრუ ანალიტიკოს-პოლიტიკოსები მოთქვამენ, არამედ, ეს თემა სრულიად საქართველოს საჯილდაო ქვად იქცა!

 

გუშინ ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ 14 ნოემბერს, საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში ჩავარდნის დღეს, აღშფოთებულმა ტაქსისტმა დაიმუქრა თურმე, რომ ამ მოტყუება-გადაგდებას ივანიშვილს არ აპატიებს!

 

შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ, იმ ფეხის ხმას აყოლილმა ტაქსისტმა თუ იცოდა, რა ხდება რეალურად ქვეყანაში და რა სარგებლობას ან ზიანს მოგვიტანს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მომავალი არჩევნების წინ, ან რატომ ვთელავთ ყოველდღე სახელმწიფოს უმთავრეს კანონს - საქართველოს კონსტიტუციას, სადაც ხაზგასმით ჩაიწერა, რომ საქართველო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის 2024 წლიდან?

 

რა თქმა უნდა, სიტყვის გატეხვა, ანუ თუ ჟარგონულად ვიტყვით, გადაგდება, ყოველთვის მძაფრ ემოციას იწვევს, მითუმეტეს, თუ ეს ისეთი პერსონისგან მოდის, როგორიც საქართველოს ფორმალური თუ ოფიციალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ, მე პირადად უადგილოდ მეჩვენება საზოგადოების აღტკინება, როცა ხმის ჩახლეჩვამდე გაჰყვირის: `ბიძინამ გადაგვაგდოო“!

 

თქვე კაი ხალხო, 2012 წლიდან დღემდე, ივანიშვილს საკუთარი დაპირებების მინიმუმიც არ შეუსრულებია და რაღა ახლა გამოვფხიზლით, როცა, საქმე ანტიქართულ ინიციატივას ეხება?

 

გააზრებული გვაქვს კი, რას ნიშნავს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა დღევანდელ პირობებში, მითუმეტეს, 0 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერით?!

 

თუ დემოკრატიულ არა, დემოკრაქტიისკენ მიმავალ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, ფორმალურად ივანიშვილი არაფერ შუაშია კენჭისყრის შედეგებთან.სხვა საკითხია, რამდენად გულწრფელნი იყვნენ პროტესტანტი მაჟორიტარები და რამდენად დამოუკიდებლად მიიღეს მათ ეს გადაწყვეტილება!

 

რა შეიძლება მოჰყვეს „მონების ამბოხებას“?

 

„ეს არის მონების ამბოხება“ - ასე ხატოვნად შეაფასა სახალხო პარტიის ლიდერმა, ცნობილმა ანალიტიკოსმა მამუკა გიორგაძემ 14 ნოემბრის საპარლამენტო შოუ.

 

ამ სიტყვებით მან ლაკონურად ჩამოაყალიბა მაჟორიტარების ყალბი პროტესტი, რომ ისინი მონაწილეობას არ მიიღებდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში!

 

ყალბი პროტესტი შემთხვევით არ მითქვამს, რადგან, ისინი ის ხალხია, ვინც „ქართული ოცნების“ (შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის) ზურგს ამოფარებულნი აღმოჩნდნენ პარლამენტარის სავარძელში.

 

თუმცა, თუ მედალს მეორე მხრიდან შევხედავთ, მათი „ამბოხი“ არც უნდა გვიკვირდეს, რადგან, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის შემთხვევაში, ისინი არსებითად კარგავენ პარლამენტში მოხვედრის პერსპექტივას და თავისებურად კუდი მოიქნიეს.თუმცა, თუ უფრო ჩავუღრმავდებით, მაჟორიტართა პროტესტი უსაფუძვლოა, რადგან, იგივე ივანიშვილის მიერ გაცემული „ჯავშნის“! გარეშე მათ მომავალ პარლამენტში მოხვედრის მინიმალური შანსიც არა აქვთ!

 

აქედან დასკვნა მარტივია:მათი „ამბოხი“ წინასწარ გათვლილ პროცესად უნდა ჩაითვალოს, ვიდრე, საკუთარი „ბატონისადმი დაუმორჩილებლობად“.

 

ლოგიკურად ისმება კითხვები: რატომ ჩააგდო კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“, რომლის ინიცირებაც თვითონვე მოახდინა?

 

რამდენად გულწრფელია ბიძინა ივანიშვილის სახელდახელო განცხადება, სადაც ის „განცვიფრებას“ ვერ მალავს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის გამო?

 

თუ ივანიშვილის განცხადებას ჩავუღრმავდებით, დავასკვნით: მისი, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარის ადრინდელი ინიციატივა - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და 0 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწესება, მხოლოდ დროის გაყვანის ტაქტიკა და ქართული დემოკრატობანას თამაში იყო, რომელიც, ლოგიკური შედეგით დასრულდა - თავიდანვე უნდა გვეფიქრა, რომ ივანიშვილი „გემრიელ ლუკმას“, ანუ მაჟორიტარის მანდატებს არ დათმობდა, რადგან, დღითიდღე კლებადი რეიტინგის ფონზე მისი ხელისუფლებაში (უმრავლესობაში) დარჩენის შანსი მინიმალურზე დაბალი იქნებოდა!

 

პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა საქართველოსთვის პანაცეა არ არის!“

 

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ, დღეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საქართველოსთვის უკუსვლის ტოლფასია.იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში კვალიფიციური (პროფესიული) პოლიტიკური პარტიები არ არიან, რომელთაც გამოკვეთილი იდეოლოგია, სახელმწიფოს განვითარების სტრატეგია და ტაქტიკა (პროგრამაზე რომ არაფერი ვთქვათ) არა აქვთ, მაჟორიტარებზე უარის თქმა აზრს უკარგავს ზოგადად არჩევნებს!

 

ის, რომ მაჟრიტარებმა პატარა ფეოდალების სტატუსი დაიმკვიდრეს რეგიონებში და გავლენის სფეროების გასაფართოებლად მუდმივ დაპირისპირებაში არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან, არ არის მყარი არგუმენტი, უარი ვთქვათ არჩევნების შერეულ სისტემაზე.თუ ობიექტურად შევაფასებთ, მათი გაძლიერებული მადა უფრო ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან სრულ უკონტროლობაზე და მათ „საბალახოდ“ მიშვებაზე მეტყველებს.ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლესო, ნათქვამისა არ იყოს, თუ მოქმედი პრაქტიკაა მახინჯი, ეს იმას არ ნიშნავს, საერთოდ უარი ვთქვათ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე - პირიქით, დავხვეწოთ სისტემა და გავაძლიეროთ კონტროლი მაჟორიტარების საქმიანობაზე, რაშიც გადამწყვეტი როლი თავად ამომრჩევლებმაც უნდა ითამაშონ - მათ უნდა მოსთხოვონ საკუთარ „რჩეულს“ - დაიცვას ამომრჩევლის უფლებები სამოქმედო უბანზე.

 

რაც არ უნდა მახინჯ პრაქტიკასთან გვქონდეს საქმე, ისინი ელემენტარულ პასუხისმგებლობას მაინც გრძნობენ ამომრჩევლის წინაშე!

 

რა იქნება, თუ პროპორცილზე გადავალთ?

 

პროპორციულ სიტემაზე გადასვლის შემთხვევაში, მითუმეტეს, 0 პროცენტიან საარჩევნო ბარიერის პირობებში, ნაფტალინიდან ამძვრებიან ბოლომდე დისკრედიტებული თითოკაციანი პარტიები და მივიღებთ სრულ საპარლამენტო ბალაგანს - პარლამენტი გადაიქცევა სავაჭრო კანტორად, სადაც აქცენტი გადატანილი იქნება საკუთარი ინტერესების ლობირებაზე. მინიმუმამდე შემცირდება პარლამენტის პასუხისმგებლობა, რადგან, ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ რეალობას, როცა პიროვნული პასუხისმგებლობა კოლექტიურ პასუხისმგებლობასთან აითქვიფება და საბოლოოდ, არავის იქნება პასუხისმგებელი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ქართული კოალიციური პარლამენტის ეფექტურობაში მე პირადად ეჭვი მეპარება!

 

რაც შეეხება ერთი მთელისგან წარმოქმნილ ორ ამორფულ პოლიტიკურ დაჯგუფებას-ყოფილ და დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობას, „ჭ“ კლასის ე.წ. პოლიტპარტიებზე რომ არაფერი ვთქვათ, არც ისინი აკმაყოფილებენ პროფესიული პარტიებისთვის დამახასიათებელ მოთხოვნებს და უფრო პოლიტიკური სექტის შთაბეჭდილებას ტოვებენ!

 

მაშ, რა სარგებლობა მოაქვს ამ შემთხვევაში „მამალს“, ანუ პროპორციულ არჩევნებს?! არანაირი, პირიქით, უფრო პოლიტიკური ქაოსისკენ მიჰყავს ქვეყანა!

 

ველოდოთ თუ არა რევოლუციას და რატომ გვაძალებენ იმას, რაც ჩვენთვის არ არის სასარგებლო?!

 

ბევრი შიშობს, რომ შესაძლოა რუსთაველზე დაწყებულმა პროცესებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს და რევოლუციით ანუ, სახელმწიფო გადატრიალებით დაგვირგვინდეს, რაშიც პირადად მე ეჭვი მეპარება.

 

ჯერ ერთი, რა ფოქუზებიც დაატრიალა ივანიშვილმა, ის მარტო მის თავში არ მოხარშულა და მის უკან მდგარმა ძალებმა კარგად იციან, რომ დღეს საქართველო არ არის მზად ახალი რევოლუციისთვის. ანუ, ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი სცენარით იმართება და მოსალოდნელი შედეგიც წინასწარვეა ცნობილი.

 

უდავოა ისიც, რომ ამ „გასროლით“ ივანიშვილმა მოკეკლუცე და ნაფტალინიდან ამოყრილი პარტიები საბოლოოდ გააშიშვლა. ყველა ერთის, ანუ ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანების ლოზუნგმაც ვერ გადაფარა „ნაციონალების“ გვერდით დადგომით გამოწვეული უარყოფითი ემოცია - ისინი ეშმაკსაც შეეკვრებიან, ოღონდ, რაღაც „სასუსნავი“ იშოვონ. ასე რომ, რუსთაველზე მიმდინარე აქციები და ცალკეული პოლიტპროსტიტუტკების (მაპატიეთ, ჟარგონისთვის) გაერთიანება მათ არსებით შედეგს ნამდვილად არ მოუტანს-დიდი დიდი შეიძლება ივანიშვილმა ერთი უმწეო „ბარტყი “ გადაუგდოს!

 

ბოლო დღეების ქრონიკამ დაგვანახა, რომ ქართული პოლიტიკური სივრცე პოლიტიკური ნაგვისგან უნდა განთავისუფლდეს - ყველა მათგანი (დიდ-პატარიანად) პოლიტიკურ სანაგვეში უნდა მოვისროლოთ.

 

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მან ბოლოდე უნდა დაშალოს „ქართული ოცნება“, გასაქანი მისცეს ხალხის წიაღიდან გამოსული ახალი პოლიტიკური დაჯგუფების ფორმირებას და რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს პოლიტიკიდან - ეს აუცილებელია მისთვისაც და ქვეყნის პერსპექტივისთვისაც. სხვანაირად, არ გამოვრიცხავ, მოვლენათა განვითარების ლოგიკამ იგი მისთვის კატასტროფულ შედეგამდე მიიყვანოს!!!

 

P.S. როგორც ცნობილია, მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა ჩვენი ე.წ. პარტნიორების და საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნაა, რომელსაც მარიონეტი ხელისუფლება ყოველთვის უსიტყვოდ ასრულებს. პროპორციული სისტემაზე გადასვლისას მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე ზემოთ ვისაუბრე. ახლა მხოლოდ ერთ მოკრძალებულ კითხვას დავსვამ: რატომ არ შეიძლება საქართველოში გვქონდეს ორპალატიანი (ზედა და ქვედა პალატა) საპარლამენტო სისტემა, თუ ასეთი რამ ამერიკაში და სხვა სახელმწიფოებშიც არსებობს, ან რატომ გვაიძულებენ ისეთ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რომელიც ქვეყანას მხოლოდ საპარლამენტო ქაოსში შეიყვანს?

 

P.S.S. გუშინ ამ კითხვის დასმისას ერთმა, ჩემთვის ღრმად პატივსაცემმა მეგობარმა მითხრა, რომ თუ ამ მოთხოვნას (პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას) არ შევასრულებთ, 500 მილიონიან დახმარებას შეგვიწყვეტენ და შიმშილით სული ამოგვხდებაო!

 

პასუხი ლოგიკურია (თუ არ შევასრულებთ დავალებას, დახმარებას შეგვიწყვეტენ), მაგრამ, მისი გამართლება მხოლოდ მონის ფსიქოლოგიით შეიძლება.

 

ვიდრე ამ ფსიქოლოგიიდან ვერ ამოვალთ, უარეს კატაკლიზმებს უნდა ველოდოთ!!!

 

18-11-2019, 09:56
უკან დაბრუნება