ივერიონი / ვის რას უშავებენ მაჟორიტარები?

ვის რას უშავებენ მაჟორიტარები?

საქართველოს „მესიებმა“ თუ „აღმაშენებლებმა“ ქვეყნის გადარჩენისა და აყვავების ახალი უტყუარი მეთოდი იპოვეს - ეს თურმე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაა! 

 

თუმცა, კონკრეტულად რით და როგორ აკნინებენ საქართველოს განვითარებას მაინცდამაინც მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატები - ამის განმარტებით თავს არავინ იკლავს. 

 

ერთადერთი „ლოგიკური“ არგუმენტი, რომელიც პროპორციული სისტემის აპოლოგეტებმა წარმოადგინეს - ასე ჟღერს: - „მაჟორიტარები გადაიქცნენ ადგლობრივ ფეოდალებად, რომლებიც პარაზიტობის მეტს არაფერს აკეთებენ“... და ამ სიტყვებს ისეთი რიხით ამბობენ, თითქოს პროპორციული წესით არჩეული დეპუტატები მხოლოდ სახალხო დემოკრატიის დამყარებისთვის იკლავდნენ თავს!

 

ძალიან ბევრი ადამიანი ისე აჰყვა ამ ისტერიას - არც კი იცის, თუ რით განსხვავდება მაჟორიტარი დეპუტატი პროპორციულისგან, რადგან, მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობა რომელიმე პარტიის სახელით იყრის კენჭს. 

 

მართლაცდა რა მნიშვნელობა აქვს, რა წესით იქნება არჩეული დეპუტატი, თუ ის მაინც რომელიმე პარტიის აპოლოგეტი იქნება?!

 

ზოგადად დიდი არაფერი სხვაობაა, მაგრამ პრაქტიკაში მაჟორიტარული სისტემა საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქმნის პარტაქტივებს და არა ხალხს! 

 

მაჟორიტარი დეპუტატის რეალური დანიშნულება ხომ ის არის, რომ მან წარმოადგინოს საერთო-სახალხო და ეროვნული ინტერესები პარლამენტში? 

 

როგორც ცნობილია, სხვადახვა პარტიული ჯგუფები ცდილობენ, რომ თავიანთი ვიწრო ჯგუფური ინტერესები დაიკმაყოფილონ.. მემარჯვენეები ცდილობენ შეამცირონ გადასახადები და ხელფასები, მემარცხენეები კი პირიქით - ცდილობენ გაუზარდონ გადასახადები მესაკუთრეებს და ამ სახსრებით სოციალური პროგრამები დააფინანსონ. 

 

საქართველოში კი ნებისმიერი პარტია ცდილობს გახდეს უბრალოდ ბიუროკრატიული პარაზიტების ჯოგი!!! 

 

ასეთი გაწევ-გამოწევა და ქვეყნის სიმდიდრის მიტაცების ჯგუფურ-პარტიული მცდელობები იწვევენ ქაოსს, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დისბალანსებს, რაც საბოლოო ჯამში ყველას აზარალებს - მემარჯვენეებსაც, მემარცხენნებსაც, ცენტრისტებსაც და პერიფერისტებსაც...

 

შესაბამისად საჭიროა პოლიტიკურად ნეიტრალური და ისეთი ზეპარტიული ძალა, რომელიც აღნიშნულ პარტიულ გაწამაწიას გარკვეულ ფარგლებში მოაქცევს და არ მისცევს მას საშუალებას, კრიზისამდე მიიყვანონ ქვეყანა. 

 

ასეთი „მომგვარებელ“ ძალას უნდა წარმოადგენდეს მაჟორიტარ დეპუტატთა ერთობა, მიუხედავად იმისა რომ ბევრი მათგანი რომელიმე პარტიის სახელით იყრის კენჭს. მათ, როგორც წესი, ხომ მოსახლელობა მხარს უჭერს როგორც ღირსეულ პიროვნებებს და არა როგორც რომელიმე პარტიის ლიდერისადმი „პოლიქრონიონის“ მომღერლებს?! 

 

ამრიგად, რეგიონალურ ამამრჩეველს აქვს იმედი, რომ კრიტიკულ მომენტებში მაჟორიტარი დეპუტატი საერთო სახალხო ინეტერსებს პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებს და არ მისცემს უფლებას, თუნდაც საკუთარ პარტიას, რომ ქვეყანა გაძარცვოს ან დაანგრიოს! 

 

თუმცა, საქართველოში ყველა კეთილშობილი იდეის გატრიზავება ხდება. 

 

პოლიტიკური პარტიები ცდილობენ რომ მათ მაჟორიტარი დეპუტატებიც მიიტაცონ. ამისთვის კი ბევრი „შრომაა“ საჭირო - ჯერ უნდა იპოვონ ისეთი ავტორიტეტული პიროვნება, ვისაც ხალხი იცნობს და პატივს სცემს, შემდეგ მას უნდა ეფოფინონ (ეხვეწონ), რომ მათ დაუჭიროს მხარი და შემდეგ საკმაოდ ბევრი ფული დახარჯოს მის საარჩევნო კომპანიაზე. მეტიც, მისი პირადი კაპრიზების დაკმაყოფილებაზე. 

 

უფრო ადვილი არ არის პარტაქტივებისთვის, რომ რომელიმე ქარიზმატულ ლიდერს აეკიდონ, რომელსაც ხალხი ხან „მესიად“ მიიჩნევს, ხან „წმინდა გიორგის რაინდად“ და მას ჯგროდ შეჰყვნენ პარლამენტში? 

 

ამ უსახო და უპიროვნო პარტაქტივის წევრებს არც ავტორიტეტი სჭირებათ, არც ხალხში ელემენტარული ცნობადობაც კი - მთავარია, რომ რომელიმე „გიორგი ბრწყინვალის“ განმადიდებელნი და მის სახელზე „პოლიხრონიონის“ მომღერალნი იყონ ენის გადაქლეთვამდე. 

 

აღარ იქნება საჭირო ადგილობრივი, რაიონული მასშტაბის „კოლორიტებისადმი“ ლაქუცი და ფინანსური „მაღარიჩები“ - არიქა მაჟორიტარ დეპუტატად დაგვიდექი და რეგიონალური „გიორგი ბრწყინვალის“ როლი შეგვისრულეო. 

 

ამრიგად, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს არა ხალხი, არამედ, პარტიული სიების მეორე ეშელონის ის აქტივისტები, რომლებსაც არ აქვთ შანსი რომ თავიანთ რაიონებში „კოლორიტები“ გახდნენ და ხალხის პატივისცემა დაიმსახურონ. 

 

რას უშავებენ მაჟორიტარი დეპუტატები თვითონ ხალხს? თუ ვინმეს ჰკითხავ - მხოლოდ დადებით ამბავს თუ გაიხსენებენ, რომ დეპუტატი მას რამე პრობლემის გადაჭრაში დაეხმარა. 

 

მაგალითად, ერთი ბიზნესმენი წერდა, რომ ის სიკვდილს ერთ-ერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა გადაარჩინა, რადგან, მისი საპარლამენტო კონტროლის გარეშე პოლიცია არ იძიებდა ამ ბიზნესმენისადმი მუქარისა და გამოძალვის ფაქტებს!

 

თვითონ დეპუტატებს არა აქვთ არანაირი იურიდიული თუ ფაქტიური ბერკეტი რომ ხალხს ფული გამოსძალონ, თორემ ბევრი მაჟორიტარი ნამდვილად ისარგებლებდა ამ შესაძლებლობით და მართლა დაუკარგავდა ავტორიტეტს თავის სტატუსს. 

 

ამდენად, თვითონ ამომრჩევლებს არ აქვთ არანაირი საფუძველი რომ უკმაყოფილო იყონ მაინცდამაინც მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატებით რადგან ისინიც ზუსტად ისეთივე „უსაქმურები“ და „პარაზიტები“ არიან როგორც პარტიული სიით არჩეული სხვა დეპუტატები. 

 

ისე, სადაც გამართული საარჩევნო სისტემა და საარჩევნო გარემოა, მაჟორიტარი დეპუტატი ზუსტად ისეთი წარმომადგენელია, რომელსაც ხალხი უშუალოდ ირჩევს ამომრჩეველი მისი პიროვნული თვისებების საფუძველზე.

 

პროპორციულ დეპუტატების არჩევის უფლებას კი იმ პარტიის ლიდერს ანდობს, რომლის პროგრამა და მმართველობითი შესაძლებლობები ყველაზე მეტად ხიბლავს. 

 

ამრიგად, მაჟორიტარი დეპუტატი დემოკრატიის უშუალო განმახორციელებელია, საქართველოს „გადამრჩენები“ კი ამტკიცებენ, რომ მაჟორიტარული სისტემის არგაუქმებით ხელისუფლება ხალხს არჩევანის უფლებას ართმევსო! 

 

არადა, მაჟორიტარი დეპუტატი უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს ხალხის მიმართ, რადგან ის იძულებულია იმ თავის პირად ავტორიტეტს მოუფრთხილდეს, რის საფუძველზეც ის აირჩიეს. 

 

პარტიულ სიაში მე-20 ნომრად განთესილ ვინმე იაკინთე ქიბროწაშვილს კი საკუთარი პირადი ავტორიტეტი არც აქვს რომ მოუფრთხილდეს - ის უბრალოდ პარტიის ლიდერის ყურმოჭრილი მონაა და არა ხალხის. 

 

მაჟორიტარ დეპუტატს შეუძლია რომ დაუპირისპირდეს პარტიის ლიდერს და გააპროტესტოს მისი მავნებლური მოქმედებები, რადგან, მისი სტატუსი მის პირად ავტორიტეტს ეფუძნება და არა პარტიის ლიდერის კეთილგანწყობას. შესაბამისად, მაჟორიტარი დეპუტატების ერთობა - ეს არის ყველაზე ქმედითუნარიანი ძალა პარტიის ლიდერის და მისი დამქაშების დიქატატურის წინააღმდეგ. 

 

ამრიგად მაჟორიტარული სისტემის გაუქმება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოში არსებულ პარტიული პარაზიტიზმის და ხლისტური ავტორიტარიზმის სისტემას, რადგან უსახო და უპიროვნო პარტაქტივების ჯოგებს არ ეყოლებათ ღირსეული საპირწონე არც პარლამენტში და არც ზოგადად პოლიტიკურ სისტემაში. 

 

შესაბამისად, ქართველი ხალხი რომ პოლიტიკურად შეგნებული იყოს, გაიძვერა პარტაქტივებს კი არ დაუჭერდა მხარს, არამედ, პირიქით, მასობრივი მიტინგებით მოითხოვდა მაჟორიტარული სისტემის კიდევ უფრო დახვეწას და გაძლიერებას! 

 

კონკრეტულად - მოითხოვდნენ რომ მაჟორიტარ დეპუტატი მომავალში არ იყოს რომელიმე პარტიის წევრი. 

 

რა ხდება რეალობაში?

 

სამწუხაროდ, ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს არა რომელიმე იდეას, ან ელემენტარულად საღ აზრს, არამედ, ისეთ ქარიზმატული „ლიდერის“ ომახიან ლოზუნგებს, რომელიც ყველაზე მეტ ისტერიკას ქმნის. 

 

მთავარია, რომ ლოზუნგი ითვალისწინებდეს ვინმეს გალანძღვას, გაძარცვას, „ციმბირში გადასახლებას“ და ა.შ. და მხარდაჭერების მთელი არმია ყოველთვის მზად არის რომ ინდაურების ჯოგივით აჰყვეს ახალი „მესიის“ თუ „აღმაშენებლის“ გინებას და წყევლა-კრულვას... 

 

არადა, არც კი აკვირდებიან რამდენად აზრიანია და არსებითია ქარიზმატული არქიფოს მიერ წამსროლილი ლოზუნგები. 

 

მაგალითად, არსებული არეულობის ძირითადი ლაიტმოტივია ის აზრი, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი დასაყრდენი არის მაჟორიტარი დეპუტატების კორპუსი რადგან „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა რეიტინგი და 2020 წლის არჩევნებში ეს პარტია უმრავლესობით ვერ მოვა. თუ შერეული სისტემა დარჩება, მაჟორიტარები ისევ პირადად ივანიშვილს დაუჭერენ მხარს, რითაც დააკნინებენ ხალხის რჩეულ სხვა პარტიების გავლენას. 

 

პირიქით კი მოხდა - ზუსტად მაჟორიტარმა დეპუტატებმა არ მისცეს საშუალება ბიძინა ივანიშვილს, რომ მას დანაპირები შეესრულებინა და ამით თავისი პოლიტიკური რეიტინგი აემაღლებინა! 

 

ბევრი ამბობს, რომ ეს დადგმული თამაში იყო, მაგრამ თუ ბატონ ბიძინას შეუძლია მაჟორიტარი დეპუტატების „ყიდვა“, მაშინ სხვა პატარა პარტიების ყიდვასაც შეძლებს, რომლებიც ნულოვანი ბარიერის შედეგად გავლენ პარლამენტში. და ეს პატარა პარტიები უფრო მეტ დეპუტატებს გაიყვანენ, ვიდრე სახელგადარქმეული თუ მოქმედი „ნაცები“ - მათი რეიტინგებიც ხომ სტაბილურად დაბალ დონეზეა და ამაღლების არანაირი შანსები არ გააჩნიათ!

 

ასე რომ, არსებული სიტუაციიდან ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ ხალხმა თვითონ ისწავლოს თავიანთი დეპუტატების კონტროლი ოლიგარქების თუ გაიძვერა პარტაქტივების ნაცვლად... 

 

არა მხოლოდ მაჟორიტარები, თვით პროპორციული წესით არჩეული დეპუტატებიც უნდა კონტროლდებოდეს საზოგადოების მიერ. 

 

 

კობა ბიწაძე, ანალიტიკოსი

 

19-11-2019, 15:55
უკან დაბრუნება