ივერიონი / მიხეილ ჯიბუტი: 14 ნოემბრის ხელისუფლების „ტყუილი“ სხვა მრავალისგან რით განსხვავდება?!

მიხეილ ჯიბუტი: 14 ნოემბრის ხელისუფლების „ტყუილი“ სხვა მრავალისგან რით განსხვავდება?!

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხის ჩაგდების შემდეგ განვითარებული მოვლენების განხილვისას ბევრი, მათ შორის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული, პიროვნება სვამს კითხვას: „რა დაგემართათ, რამ გადაგრიათ, პირველი შემთხვევა ხომ არაა ხელისუფლებამ რომ მოგვატყუა /„გადაგვაგდო“?“.

 

ეტყობა ,აბსოლუტურად იგივე აზრის არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით საჯაროდ გამოდიან. მათ „შუბლზე აწერიათ“ გაოცება იმის გამო, რომ სხვა შემთხვევაში სახელისუფლებო ტყუილზე მათი „მეხამრიდი“ კომენტარები და რაღაც ინიციატივები ეხლა თუ რატომ არ ასრულებენ „პოლიტიკური   ანტიდოტის“ ფუნქციას.

 

წინასაარჩევნო, თუ სხვა დაპირებების შეუსრულებლობისას, ხელისუფლება ატყუებდა საკუთარ მოსახლეობას, მაგრამ ამ ტყუილებით არ ეხებოდა საპარტნიორო ურთიერთობებს. შესაბამისად, ამ უკანასკნელთა მხრიდან, ის განიხილებოდა ქვეყნის საშინაო საქმედ.

 

ეხლა, საკითხი შეეხო საერთაშორისო არენაზე საქართველოს, როგორც ქვეყნის არასაიმედო პარტნიორად წარმოჩენას. 

 

მეგობრებისა და პარტნიორების აზრით: ქვეყანა თუ არღვევს ერთ პირობას, მას შეუძლია დაარღვიოს მეორეც, მესამეც და ა.შ., რაც საფრთხეს უქმნის ყველა იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც ქვეყანას აღებული აქვს სხვადასხვა ფორმით.

 

14 ნოემბერს ხელისუფლებას უნდა შეესრულებინა 20 ივნისის „გავრილოვის ღამის“ პროტესტით მიღებული გადაწყეტილება, რაც ხელისუფლების სისუსტის კი არა , არამედ სიძლიერის გამოხატულება იქნებოდა! 

 

ხელისუფლება აჩვენებდა თავის ერთგულებას დემოკრატიისადმი და მოახდენდა თავისი ძალებისადმი რწმენის დემონსტრაციას, ხოლო, მის მომხრეებს დაუტოვებდა საკუთარი სიმართლის შეგრძნებას. 

 

დასავლეთი, ბუნებრივია, პროპორციულ არჩევნებში, ხედავს აგრეთვე, ხელისუფლების „დიქტატორული“ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლის შესაძლებლობას. 

 

14 ნოემბერს ხელისუფლების ქცევაში პარტნიორებმა დაინახეს, რომ ხელისუფლება ამ დაპირებულ „შესაძლებლობაზე“ უარს ამბობს და ფიქრობს არსებული რეალობის შენარჩუნებას (ამიტომაც ეს ტყუილი ბევრის მიერ შეფასდა „ღალატად“).

 

დასავლეთს არასდროს არც ერთი ფორმის მმართველობასთან ურთიერთობაზე უარი არ უთქვამს, თუ ეს მის ინტერესებს ემთხვეოდა, მაგრამ ასევე არასდროს არავისგან არ მოუთმენია „გადაგდება“.

 

15-20 ნოემბერს მომხდართან დაკავშირებით კიდევ შეიძლებოდა გამოხმაურებათა თვალის მიდევნება, 21-22 ნოემბერს ეს ფიზიკურად შეუძლებელია. 

 

თუ კი ვინმეს შეეძლო აზრი გამოეთქვა (გარდა რუსეთის პოლიტიკური წრეებისა) ყველა საქართველოს პარლამენტის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებას აფასებს უარყოფითად, როგორც ქვეყნის შიგნით , ისე მის გარეთ, გარდა საქართველოს პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა.

 

23  ნოემბერს, სიწყნარეა, მაგრამ, ჩემი აზრით, არა მარტო იმის გამო, რომ  გიორგობა (კიდევ ერთხელ გილოცავთ!) და შაბათ -კვირაა!

 

ეტყობა, საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, საქართველოს მეგობრებმა სხვადასხვა ქვეყნებში დაამთავრეს შეფასების, რჩევისა და სიტყვის პერიოდი და აპირებენ საქმეზე გადასვლას, რაც აუცილებლად საერთაშორისო იზოლაციის რაღაც ფორმით იჩენს თავს!

 

ხელისუფლებამ თუ გააგრძელა ხისტი პოლიტიკა , მაშინ ასეთი  იზოლაციის ზომამ და სიმძიმემ შეიძლება საგარეო ურთიერთობების შინაარსსა და ვექტორებზეც მოახდინოს გავლენა.

 

ბურთი ხელისუფლების მოედანზეა! 

 

მას შეუძლია ერთდროულად, განმუხტოს პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყნის შიგნით და დაუბრუნდეს საქმიან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ.

 

ისტორიის საათი ცვლილებებისთვის ჩართულია!

 

25-11-2019, 15:29
უკან დაბრუნება