ივერიონი / კოოპერატივების გარეშე სოფელი ვერ გადარჩება!

კოოპერატივების გარეშე სოფელი ვერ გადარჩება!

 

საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბ-ნ გიორგი გახარიას

 

 

ბატონო პრემიერ მინისტრო,

დღეს ქართული სოფლის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უკიდურეს გაჭირვებაშია - არ გააჩნია არათუ სამეწარმეო პროექტების დაფინანსების ან თანადაფინანსების შესაძლებლობა, არამედ გაჭირვებით ახერხებენ ყოველდღიურად თავის გატანას. ამ გარემოებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს აგრარული სექტორისადმი არასისტემური მიდგომები, დარგების უკუშედეგების მომტანი ორგანიზაციული მოწყობა და მცირემიწიანობის პრობლემა. 

 

სოფლის მეურნეობის განვითარების დაბალი დონე გახდა ქვეყანაში სიღარიბის განმპირობებელი და მაღალი სოციალური პოლარიზაციის საფუძველი! სწორედ ასეთი სოციალურ-ეკონომიკური გარემო განაპირობებს სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაციის მაღალ დონეს (2002 წელთან შედარებით მოსახლეობა 36%-ით არის შემცირებული). სიღარიბე სასურსათო უშიშროების განუხორციებლობის ძირითადი მიზეზია. 

 

არსებული რეალობიდან გამომდინარე, საქართველოში, სხვა განვითარებული ქვეყნების მსგავსად, სწორედ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და იკისროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესის ძირითადი მაკოორდინირებელი, მაორგანიზებელი და ხელშემწყობი ფუნქცია! 

 

სახელმწიფომ უნდა გაითვლისწინოს ეს ძალა, როგორც ძლიერი და სანდო პარტნიორი სოფლად რთული ეკონომიკური, ორგანიზაციული პრობლემების მოგვარებისას და ცალსახად განსაზღვროს, რომ არსებულ სიტუაციაში, მცირემიწიანი მოსახლეობისთვის, მხოლოდ კოოპერაციული, ანუ სოციალური სოლიდარობისა და სამართლიანობის სისტემის ხელშეწყობითაა შესაძლებელი, აგროპროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი საწარმოო ციკლის შექმნა და კოოპერატივის ფარგლებში დამატებული ღირებულების გენერირება, სოფლად მოსახლეობის მასობრივი დასაქმება, მოთხოვნადი პროდუქციის მასშტაბური წარმოება, სიღარიბის დაძლევის, მიგრაციის შეჩერების და ჯანსაღი საშუალო ფენის ჩამოყალიბების რთული პროცესის განხორციელება.

 

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირიც, რაც გამოიხატა თუნდაც იმაში, რომ მან მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის მიზნით განახორციელა პროგრამა ENPARD-1, რომელმაც რეკომენდაციები სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ ინსტიტუციური გაძლიერების შესახებ ასახა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების კონცეფციაში.

 

ამდენად, სრულიად გაუგებარია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიცია: იმის მაგივრად, რომ ქვეყნის ფორსირებულ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში კოოპერაციის პროცესის მნიშვნელობის ადეკვატურად გაზრდილიყო მხარდაჭერა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად, მომხდარიყო მისი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, მიღებული იქნა სრულიად არაადეკვატური და არაკვალიფიციური გადაწყვეტილება, ქვეყანაში კოოპერაციული სისტემის ერთადერთი მაორგანიზებელი და მაკოორდინირებელი უწყების - სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ გაუქმებისა და მისი ფუნქციების სხვა უწყების მიერ შეთავსების შესახებ.

 

აგრარულ სექტორში კოოპერაციის პროცესის სტიმულირებისგან თავის შეკავება, ნეგატიურად აისახება მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე და კიდევ უფრო დაამძიმებს არსებულ პრობლემებს. 

 

კოოპერაციის მხარდაჭერის პრიორიტეტულობას უკვე აღიარებენ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტებიც. არ არის რთული იმის შეფასება, თუ რამდენად „მომგებიანი“ იქნება წინასაარჩევნოდ აღნიშნული სააგენტოს გაუქმების გადაწყვეტილება პოლიტიკური თვალსაზრისით.

 

კოოპერაციის პროცესის განვითარებისთვის აუცილებელია, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში შეიქმნას კოოპერაციული ინფრასტრუქტურა. მისი შექმნა, უპირველეს ყოვლისა, მოითხოვს ნორმატიული-საკანონმდებლო საფუძვლების და შესაბამისი პროგრამების მომზადებას, რაც სხვა ქვეყნებში ხორციელდება სპეციალიზებული ინსტიტუტების მიერ.

 

დღეს საქართველოში გარდა სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსი“ არ არსებობს არც ერთი კვალიფიციური ინსტიტუტი, რომელიც აღჭურვილი იქნება კოოპერაციული შიგასაწარმოო ურთიერთობების და სისტემის განვითარების გამოცდილების სპეციფიკური ცოდნით, რაც სააგენტოს პერსონალმა შეიძინა მისი არსებობის 6 წლის განმავლობაში. 

 

ამიტომ, ყოვლად გაუმართლებელია ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ მიერ კოოპერაციის პროცესის სამართლებრივი რეგულირების და მისი მართვის ფუნქციების შეთავსება, სადაც არც მმართველ პირებს და არც პერსონალს ამ სფეროში არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნია, თუნდაც ამ უწყებაში არსებობდეს ქვედანაყოფი, კოოპერაციის პროცესის მართვის ნარჩენი ფუნქციებით.

 

სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ გაუქმება ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის მთავრობას არა აქვს საკმარისად გაცნობიერებული ამ პროცესის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობა და კვლავ არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ არასწორი კონცეპტუალური მიდგომების გამო, აგრარულ სექტორზე გაწეული სოლიდური ფინანსური დახმარების შედეგები იქნება დაბალქმედითუნარიანი, ან სულაც უკუშედეგის მომტანიც კი, როგორც ეს ხდებოდა განვლილი ორი ათეული წლის განმავლობაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია:

 

1. მოხდეს სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ სამართლებრივი სტატუსის შეცვლა და მის ბაზაზე ჩამოყალიბდეს არასამეწარმეო იურიდიული პირი ა(ა)იპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“, რომელსაც ექნება უფლება პარტნიორის სტატუსით შევიდეს მის მიერ დაფინანსებულ კოოპერატივებში და უშუალო მონაწილეობა მიიღოს მის მართვაში, საიდანაც გაუჩნდება საკუთარი შემოსავლები დივიდენდების სახით; ამ გზით ეტაპობრივად შემცირდება მისი სახელმწიფო დაფინანსება და 2-3 წელიწადში იგი სრულ ეკონომიკურ თვითმმართველობაზე გადავა;

 

2. ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად, მოხდეს სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება, როგორც სტრუქტურული, ასევე საკადრო კუთხით.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულია ცვლილებები და დამატებები კანონში „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“, რომლის უმეტესი ნაწილის მიღება დაუშვებელია. იგი კიდევ უფრო გართულებს კოოპერაციის პროცესს და მის განვითარებას. სოფლის მოსახლეობის გადარჩენა კოოპერირების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. საქმეს სჭირდება პირველი - აკადემიური დონე. მეორე - კოოპერაციული ინფრასტრუქტურის შექმნა სახელმწიფო ძალისხმევით. სხვა ყველა შემთხვევაში, ვიმეორებ, კატასტროფა გველის. 

 

 საკითხი ეხება აგრარულ სექტორში მრავალმხრივი და კომპლექსური ხასიათის მქონე სისტემური ცვლილებების და ახალი საინვესტიციო პოლიტიკის გატარებას. ამ პროცესის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენთან საკითხის განხილვის გარეშე არ მიეცეს მსვლელობა ზემოაღნიშნულ ცვლილებებს. 

 

პაატა კოღუაშვილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა 

აკადემიის აკადემიკოსი 

 

 

26-11-2019, 11:45
უკან დაბრუნება