მაკიაველისა და პლუტარქეს შრომებზე მუშაობამ გარკვეული საკუთარი შეხედულებები გამიჩინა სახელისუფლო ძალაუფლებასთან მიმართებაში. ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში?! აი კითხვა, რომელზეც ბოლო 4-5 წელიწადია გამუდმებით ვფიქრობ.
ერთი საოცარი ნაშრომი მაქვს წაკითხული, რომლის შეხედულებების უმთავრეს იდეას ნამდვილად ვიზიარებ და თუ ჯემალ ქარჩხაძის ერთი მოსაზრების ჩემეულ ინტერპრეტაციასაც გავიხსენებთ, რომ - ღმერთმა ძირითადი პროგრამები შექმნა, ხოლო მათი რეალიზება შემთხვევითობათა უსასრულო ჯაჭვს გადაულოცა. სწორედ ამიტომაც არის, რომ ადამიანები გონებრივი შესაძლებლობების მიხედვით, როგორც წესი, სამ ძირითად ჯგუფად იყოფა. ყოველი სტატისტიკურად აღებული 100 კაციდან, სამოცდაათი პირველ ჯგუფს განეკუთვნება, რომელთაც, როგორც მაკიაველის იდეებით შთაგონებული და ჯემალ ქარჩხაძის მიერ სიტყვიერად დიდებულად ჩამოქნილი მეტაფორით, - მათი გონების ლამპარი ოდნავ თუ ბჟუტავს და ვერც ვერანაირი იდეით და ვერც სხვისი იდეის რეალიზებით გაგვაოცებენ.
მეორე ჯგუფში, რომელთა რაოდენობა, ქვეყნების მიხედვით 20-დან 25-მდე იცვლება, გაერთიანებული არიან ადამიანები, რომელთა გონების ლამპარი ანათებს და თუმცა იდეების სიმრავლით ვერ გაგვაკვირვებს, მაგრამ სხვისი იდეების გაგება და მისი ხორცშესხმა შეუძლიათ.
და ბოლოს, მესამე ჯგუფში ის გენიალური პიროვნებები არიან, რომელთა გონების ლამპარი გიზგიზებს და მათ იდეების გენერირება და მისი ხორცშესხმაც შეუძლიათ.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამის თქმა მკრეხელობად აღიქმება, მე ცალსახად ვიზიარებ ამ შეხედულებას. ეს ბოლო ჯგუფი, ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეა და მას ისევე უნდა გაფრთხილება, როგორც ნებისმიერი ერის უდიდეს საგანძურს!
ეს შესავალი კი იმისთვის გავაკეთე, რომ ის სინანულნარევი სიხარული გაგიზიაროთ, რომელიც მაგისტრანტებთან შუალედური გამოცდისას განვიცადე.
70-მდე მაგისტრანტს ვასწავლი და 35-მდე ბაკალავრს. ამ უკანასკნელთა შესახებ არაფერს ვიტყვი, რადგან დიდად არ ვიცნობ. არც იმ სამარცხვინო ანაზღაურებაზე ვიტყვი, რასაც ამ შრომაში ვიღებ, მაგრამ ეს არაფერია იმ სიამაყესთან შედარებით, რაც ამ გამოცდებისას განვიცადე.
70 მაგისტრანტიდან ძალიან ბევრია ნიჭიერი, მაგრამ ქართველებისთვის ამ ასაკში დამახასიათებელი სიზარმაცის გამო, სწავლაზე დიდად არ იწუხებენ თავს!
ამ დროს, შემოდის ერთი დიდებული ქართველი, რომელიც გრიგოლ რობაქიძის არჩიბალდ მაყაშვილის (მეკეში) მსგავსად, ქართული ჯიშის და გენის ცოცხალი განსახიერებაა, სახელად იასონ ონიანი, რომელიც მხოლოდ პირველ ლექციას დაესწრო და შემდეგ თვალითაც არ მინახავს, ჯდება ჩემს წინ და ჰოი, საოცრებავ, საერთოდ არ აუწევია თავი, არ გაუხედია არსაით, ექვსივე საკითხი დაწერა და გავიდა!
რომ ვნახე ნაშრომი, სიხარულის ბურთი ყელში გამეჩხირა. ცხადია მაქსიმალური ქულა დავუწერე. მეორე დიდებული ქართველი ლერი შაინიძეა, რომელიც პირველის ანტიპოდია იმ გაგებით, რომ ბოლნისიდან დადის, ლექცია არ გაუცდენია, ყურადღებით მისმენს და, რაც ყველაზე სასიხარულოა, აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობაში, - უვლის მსხვილფეხა პირუტყვს, აქვს ვენახი (თუ რამე გამეგება, ბოლნისის ღვინო ფანტასტიურია) და სხვა სასოფლო სამეურნეო კულტურების გაშენებასაც არ აკლებს ხელს. მანაც ისევე დაწერა შუალედურის საკითხები, რომ ერთი არ გაუხედია არსად.
სულ ბოლოს კი მეკითხება, - ანრი ფაიოლის (გენიალური ფრანგი მენეჯერის) მართვის პრინციპებიდან მეთოთხმეტეს ვერ ვიხსენებო, - და, - კორპორატიული სული მეთქი! ცხადია, მასაც მაქსილალური შეფასება დავუწერე. მათ გარდა დაახლოებით ათი მაგისტრანტია, რომლებიც მართლა დიდებული შესაძლებლობების არიან, - სიფრაშვილი, გიგაური, ქებურია, რაზმაძე, გოგია, თაბაგარი...
პ.ს. ანუ, ხვალინდელი დღე დიდებული მოდის, მაგრამ ერთი პირობით, - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ერის ინტელექტუალური პოტენციალი, ეს, ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე ქვეყანაში დარჩეს. ჩემი წიგნები სწორედ ამათთვის არის დაწერილი და ბ-ნი იასონი დამპირდა, რომ ოთხშაბათს მოვიდოდა და ჩემს წიგნებს აიღებდა და აუცილებლად წაიკითხავდა.