ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: შორია ევროპამდე?!

ზაურ ნაჭყებია: შორია ევროპამდე?!

 

14 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე ჩატარებულ აქციას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი ინტერპრეტაცია მოჰყვა.

 

 

თუ „ნაციონალები“ და ე.წ. გაერთიანებული (გაკოტრებული) ოპოზიცია, მოედანზე მდგარ ხალხს „ძალით მირეკილ ნახირს“ უწოდებს, „ქართული ოცნება“ მხარდამჭერთა სიმრავლეს „ნაციონალებისადმი“ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ზიზღით ხსნის და თან აქციას ქართველი ხალხის ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით ფუთავს!

 

ერთი სიტყვით, ყველას თავის სიმართლე აქვს, თუმცა, სიმართლე ერთია.

კერძოდ:

 

1. „ნაციონალების“ მტკიცება, რომ ხალხი ძალით ჩამორეკეს რეგიონებიდან, სიმართლეს მოკლებულია. ყველა წინა ხელისუფლების ზეობისას საჯარო მოხელეები ანალოგიურად იქცეოდნენ და ამას სამსახურის დაკარგვის შიშით ხსნიდნენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან აშკარა ზეწოლა არ ყოფილა, ისინი სწორედ იგივე მიზეზმა ჩამოიყვანა თბილისში. თან თუ გულწრფელად ვიტყვი,  ხალხს ისედაც უკვე ყელში ამოუვიდა აიწონა-დაიწონას თამაში და ქვეყნის მუდმივ ქაოტურ სიტუაციაში გადაყვანა, რაც, თავის მხრივ, სტრესს იწვევს და მასაში დაუცველობის განცდასაც ბადებს!

 

2. ამ ერთი შეხედვით უწყინარი „გასროლით“, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა „ნაცშპანას“ და მისი ქუდის ქვეშ ამოფარებულ ბოლომდე გაკოტრებულ ოპოზიციას, რომ მათგან განსხვავებით, ჯერ კიდევ აქვს ხალხის მხარდაჭერა - ნებისმიერ დროს შეუძლია თბილისში კრიტიკული მასის ჩამოყვანა და საკუთარი ძალის დემონსტრირება!!!

 

3. ნიშანდობლივია, ისიც, რომ გარდა საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირებისა, რეგიონებიდან ჩამოვიდნენ რიგითი მოქალაქეებიც, რომლებსაც გზაში უფასო „კაი ჭამა, კაი სმა“ და რუსთაველის გამზირზე გასეირნება მოენატრათ! მე პირადად ვესაუბრე სამაგრელოდან ჩამოსულ რამდენიმე ნაცნობს და გულწრფელად დაადასტურეს, რომ მათთვის არავის დაუძალებია, მხოლოდ საკუთარი სურვილით ჩამოვიდნენ.

 

4. ის, რომ აქცია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ არჩევის გამო საზეიმო ელფერით შეიფუთა, ქართული საზოგადოების სრულ უმწიფრობაზე მეტყველებს.

 

ჯერ ერთი, ეს მისია რიგითობით გვერგო და ამაში არაფერია დღევანდელი ხელისუფლების დამსახურება.

 

მეორეც, ლოზუნგები: „ევროპა ჩვენი არჩევანია“, „წინ ევროპისკენ“, ცოტა არ იყოს, ძალიან სასაცილოდ ჟღერს: რომელ ევროპაზე გვაქვს ორიენტაცია - იმ ევროპაზე, რომელიც, კავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ვალდებულებების შესრულებას გვაკისრებს (გვაიძულებს), თუ იმ ევროპაზე, რომელიც უკვე ხრწნადობის პროცესშია და თვითონაც არ იცის, თავი როგორ გადაირჩინოს!

 

ან, თუნდაც, იმ ევროკავშირზე, საიდანაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები კავშირის დატოვებით იმუქრებიან?!

 

ჩემი ღრმა რწმენით, ისე დაიშლება ევროკავშირი, საქართველო ვერც მოესწრება გაწევრიანებას, ვინაიდან, სანამ გაგვაწევრიანებენ, ახალ-ახალი ვალდებულებების შესრულებას მოგვთხოვენ, რომ ადვილად შეძლონ ქვეყნის მოსახლეობის ილუზორულ სიტუაციაში დატოვება - ერთიც და ევროპის კარიც გაიღება!

 

5. კრიტიკას ვერ უძლებს აქციაზე გამომსვლელთა რეალობის ობიექტურ განცდას (შეფასებას) აცდენილი რიტორიკა... ცალკე საუბრის თემაა „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის აღტკინებული ლექსიკა, რომელსაც ვერც თავს გაუგებს კაცი და ვერც ბოლოს! ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, აქაც ან „რასაც მინდა, იმას ვიტყვი...“ ან მრჩეველთა შეგნებულ ავანტიურასთან გვაქვს საქმე. არა მგონია, მათ გარემოცვაში ერთი ადამანიც არ მოიძებნება, რომელსაც შეუძლია საკუთარ ბოსს სწორი ორიენტირები დაუსახოს!

 

6. ხალხი რომ სრულ ეიფორიაშია და კომპასდაკარგული, 14-მა დეკემბერმაც დაადასტურა:

 

არ გინდა „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება, არ ნიშნავს პრეტენზიები არ წაუყენო მოქმედ ხელისუფლებას, რომელმაც აქამდე მიიყვანა ქვეყანა.

 

არ გინდა „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება, არ ნიშნავს, ულტიმატუმი არ წაუყენო მმრთველ ძალას - დაასრულოს კატა-თაგვობანას თამაში და დაიწყოს ყოფილი რეჟიმის გასამართლება მისი პოლიტიკური სივრციდან საბოლოოდ გაქრობის მიზნით!

 

არადა, აქციაზე არ აღმოჩნდა ერთი ადამიანიც კი, ვინც ამ მოთხოვნას გააჟღერებდა.

 

არ მინდა „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება, არ ნიშნავს სრული კარტბლანში მისცე მოქმედ ხელისუფლებას - „ნაციონალების“ დაბრუნების შიშით მუდმივად დაუჭირო მხარი მის ხელისუფლებაში ყოფნას!

 

7. 14 დეკემბრის აქციამ და ამ აქციის გარშემო გამოთქმულმა კომენტარებმაც დაადასტურა, რომ ხალხი ეგუება სტატუს-კვოს და არ ფიქრობს ახალი, ოპოზიციური ძალის ფორმირებაზე, ურომლისოდაც კატა-თაგვობანას თამაში, ღმერთმა იცის როდემდე გაგრძელდება, რასაც ბოლომდე შეეწირება კიდეც სახელმწიფოს ინტერესები.

 

8. 14 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ ხალხი მას მხარს უჭერს და არც 2020 წლის არჩევნების ეშინია. მართალია, აქციაზე გამომსვლელთა რაოდენობა ყოველთვის არ არის  არჩევნებში მიღებული ხმების პირდაპირპროპორციული, მაგრამ, თუ „ნაციონალებისა“ და ე.წ. ოპოზიციისადმი ხალხის განწყობით ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ „ქართულ ოცნებას“ თავი ქუდში აქვს! ყოველ შემთხვევაში, თუ არჩევნებამდე გამოუსწორებელი შეცდომები არ დაუშვეს, ჯერჯერობით სერიოზული ოპონენტი არ ჩანს.

 

რეზიუმე: არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ, პირადად ჩემთვის 14 დეკემბრის აქცია თავსუფლებაზე, კიდევ ერთი ცოცხალი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ დავკარგეთ რეალობის ობიექტურად შეფასებისა და ადექვატური ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობის განცდა, როგორ ვიქეცით უღირსებო ბრბოდ, რომელსაც საითაც მოეპრიანებათიქით გარეკავენ! როგორ გვაქციეს დაპირისპირებულ ჯგუფებად, რის გამოც მზად ვართ დავკორტნოთ ერთმანეთი, როგორც კი ამის საშუალება მოგვეცემა!

 

და რაც ყველაზე საშიშია: როგორ დაგვაკარგინეს სამშობლოს განცდა, რომელიც წარსულით ტკბობას, გაურკვეველი სულისკვეთების აწმყოზე შეგუებას და მომავლისადმი სრულ უპასუხისმგებლობას გულისხმობს!

 

16-12-2019, 13:09
უკან დაბრუნება