აუცილებელი განმარტება
ჩემს ფეისბუქსტატიას „რატომ არ მიყვარს ვერლიბრი?!“ https://www.facebook.com/zaur.nachkebia/posts/2542913952488643 ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა გულწრფელად გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება ლიტერატურის ზემოთ ხსენებული ფორმისადმი და სწორადაც გაიგო ჩემი გულისთქმა. ბევრმა კი ისე წარმოაჩინა, თითქოს მე მარინა თექთუმანიძის ლიტერატურულ გემოვნებას ვაკნინებდე ვერლიბრისადმი მისი დამოკიდებულების გამო.
უპირველესად, ბოდიშს ვუხდი ქალბატონ მარინას, რომელმაც ყველაზე კარგად შეაფასა ჩემი დამოკიდებულება მისი შემოქმედებისადმი და ზოგიერთებისგან განსხვავებით, ერთმანეთში არ აურევია ლიტერატურული ფორმისა და თავად შემოქმედის შეფასების ჩემეული ხედვა.
არ მიყვარს, არ ნიშნავს, მაინცდამაინც მძულს!
ასე მაგალითად: მე არ მიყვარს სიგარეტის მოწევა, რადგან, როცა გემო გავუსინჯე, არ მესიამოვნა, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მე მძულს ის ადამიანები, ვინც სიგარეტის გარეშე ვერ ძლებენ!
მე არ მიყვარს ჩიხირთმა - უპირატესობას ბოზბაშს ვანიჭებ!
ახლა კი მოკრძალებით ვიკითხავ: ხომ მაქვს მე უფლება, სხვებისგან განსხვავებით, არ მიყვარდეს ჩიხირთმა და უპირატესობას ბოზბაშს ვანიჭებდე?!
თუმცა, არ მძულს ისინი, ვისაც ჩიხირთმა უყვარს!
მე მძულს ბოროტება, მაგრამ ძალიან მეცოდება ის ადამიანები, ვინც ნებსით თუ უნებლიედ, ბოროტების სამსახურში არიან ჩამდგარნი და ეშმაკის კლანჭებიდან თავი ვერ დაუღწევიათ!!!
ასეთი მაგალითების მოყვანა დაუსრულებლად შეიძლება. თუმცა, ესეც საკმარისია ჩამოვაყალიბო მარტივი ფორმულა: არ მიყვარს, არ ნიშნავს, მაინცდამაინც მძულს!
ასეა ლიტერატურულ ფორმებთან მიმართებაშიც - მე არ მიყვარს ვერლიბრი, რადგან, უპირატესობას კონვენციურ (რითმიან) ლექსს ვანიჭებ, მაგრამ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ ნაფიქრალ-ნააზრევს (სათქმელს) ვერლიბრის ფორმით გამოხატავს...
ასე იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაშიც. მარინა თექთუმანიძის წიგნის პრეზენტაციაზე ვთქვი, რომ ვინაიდან და რადგან, არ მიყვარს ვერლიბრი, ვერ ვიქნები ქალბატონ მარინას ახალგამოცემული კრებულის ობიექტური შემფასებელი-მეთქი!
არ მითქვამს (არც დამიწერია), რომ მარინა თექთუმანიძის შემოქმედება სუსტია, რომ მან არ იცის, რა არის კლასიკური გაგებით ვერლიბრი. პირიქით, მე ვთქვი, რომ იგი რა ფორმითაც წერს, კარგად წერს-მეთქი!!!
აქედან გამომდინარე, ჩემთვის გაუგებარია ის ატეხილი აჟიოტაჟი (ქარიშხალი ჭიქაში) რაც ჩემს სტატია-სტატუსს მოჰყვა.
ეტყობა, ან დაწერილის სწორად წაკითხვა და გაგება გვიჭირს უკვე, ან გამოგვიმუშავდა მანკიერი ჩვევა, რასაც პირდაპირი გაგებით ქლესობა ჰქვია - ოღონდ, ავტორს ასიამოვნონ და შეუძლიათ დაგაბრალონ, რომ კენედი შენ მოკალი, ან ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბი შენი გათხრილია!!!
ერთი პირობა ვიფიქრე, ყველა ქლესა და ზეამბიციური პიროვნებისთვის კუთვნილი ხურდა დამებრუნებინა, მაგრამ კომენტარებს გულდასმით რომ გავეცანი, ამის ყოველგვარი სურვილი გამიქრა. რადგან: თუ ერთნი უაზროდ მიმტკიცებდნენ, რომ მარინა კარგი ვერლიბრისტია, ძალიან უყვართ მისი შემოქმედება (როდის მითქვამს, ცუდი შემოქმედია-მეთქი), თან არაჩვეულებრივი პიროვნებაა (როდის მითქვამს, ცუდი პიროვნებაა-მეთქი, პირიქით, ყოველთვის ხაზს ვუხვამ მის გამორჩეულობას), მეორენი ბრალს მდებდნენ, რომ მე არ მესმის რა არის ვერლიბრი, ანუ ჩემი ლიტერატურული გემოვნება ვერ წვდება ვერლიბრის ლაბირინთებს...
ახლა მოდით, ცოტა დავფიქრდეთ:
ის, რომ არ მიყვარს, არ ნიშნავს, რომ მე არ წამიკითხავს, თუნდაც, ვერლიბრის მამამთავრად აღიარებული უიტმენი.
ის, რომ არ მიყვარს, არ ნიშნავს, რომ არ ვკითხულობ ქართული ვერლიბრის მეტრებად აღიარებულ ბესიკ ხარანაულს და ლია სტურუას.
თუმცა, ვინც ლიტერატურის ამ ფორმას „ეთამაშება“, არ ნიშნავს, რომ ყველა ქართველი უიტმენები არიან (ეს მარინა თექთუმანიძეს არ ეხება, რადგან, კიდევ ვიმეორებ, ის რასაც წერს, კარგად წერს)!
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ უილიამ შექსპირის სონეტები თითოეული ჩვენთაგანის გულამდე მიდის, არ ნიშნავს იმას, რომ ვინც სონეტებს წერს, ყველა ქართველი შექსპირია! ანუ, ამით იმის თქმა მინდა, ფორმას კი არა აქვს არსებითი მნიშვნელობა - მთავარია, როგორ წერ, გაქვს თუ არა ბოლომდე გათავისებული ის ლიტერატურული ფორმა, რომელსაც ემსახურები და რაც მთავარია, „ნიჭი, ძამიკო, ნიჭი“!
როცა კონვენციური (რითმიანი) ლექსის უპირატესობაზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს ლიტერატურის ამ ფორმის კიდევ ერთი უპირატესი თვისება ვერლიბრთან შედარებით - რაც არ უნდა სრულყოფილად გადმოცემული იყოს სათქმელი, ვერლიბრს ქართულ მელოდიად ვერ აქცევ!
ცოტაა ეს ქართული ტრადიციული კულტურისთვის?!
რა თქმა უნდა, არა.
სასაცილოა, როცა ჩემს „გასანეიტრალებლად“ ქართული საგალობლები მოჰყავთ. საგალობელი საგალობელია და არა ლექსი. მას სხვა დატვირთვა აქვს ქართულ სიმღერასთან შედარებით. ასე რომ, ძვირფასო ოპონენტებო, როცა კამათში შემოდიხართ და ლიტერატურულ გემოვნებას მიწუნებთ, ცოტა დაფიქრდით: რას ვამბობ მე და როგორ გესმით ეს თქვენ?!
როგორც ვატყობ, თქვენ ისე გესმით, როგორც გსურთ და არა ისე, როგორც სინამდვილეშია...
და კიდევ ერთი: რაც არ უნდა მიმტკიცოთ, რაც არ უნდა მაგალითები მომიყვანოთ უცხოური ლიტერატურიდან, ვერ დამარწმუნებთ, რომ ვერლიბრი ჩვეულებრივი ლექსია _ ვერლიბრი ვერლიბრია. სხვა საკითხია, არის თუ არა მასში პოეზია!
სამწუხაროდ, საკუთარი უნიჭობის შესაფუთად ბევრი ამ ფორმას იყენებს, თუმცა, ბევრ მათგანში პოეზიის ნიშანწყალი არ ჩანს!!!
P.S. ამ ბოლო დღეებში მარინა თექთუმანიძემ სოციალურ ქსელში რითმიანი ლექსების „გამოფენა“ მოაწყო.
ვერ ვიტყვი, რომ ცუდად გამოსდის... ეტყობა, ძალიან გავაბრაზე!
ვისურვებდი ამ თვალსაზრისით მარინა თექთუმანიძის წყალი სხვა ქართველ ვერლიბრისტებსაც გადასხმოდეს!
მე კი ამით ვუსვამ წერტილს ჩემს დამოკიდებულებას ვერლიბრისადმი.