ამ ბოლო დღეებში პოლიტიკური ტაიმ-აუტი ავიღე - ჯერ ერთი, წინასაახალწლო დღეებია, მეორეც, მოზარდების სუიციდმა იმდენად გადაფარა ყველაფერი, ადამიანს სურვილიც გეკარგება ამ ფონზე პოლიტიკურ სიბინძურეებზე ისაუბრო. თუმცა, დრო მაინც არ ჩერდება - თან თითოეული დეტალი იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ისინი ქმნიან ერთ მთლიან ჯაჭვს ქართულ რეალობაში.
* * *
რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ ყრილობა გაიმართა. შეიკრიბნენ, ისაუბრეს, დაგვაბოლეს... სხვათაშორის, საკმაოდ პომპეზური თავყრილობაც გამოუვიდათ (ფული იყოს და...), მაგრამ, ეს არ არის მთავარი - მთავარია, რა ძალებით აპირებს „ლელო“ „ოცნებისგან“ საქართველოს ხელისუფლების გაწმენდას და რამდენად არ ყოფილა მოულოდნელი ყრილობაზე „ძველი ახალი“ სახეების გამოჩენა...
არც ის არის გასაკვირი, დღეს პოლიტიკას, როგორც ჯავშანს, ათას „პოლიტიკურ ღობეზე“ გადამხტარი, ან თავის დროზე ანგაჟირებული (ზოგიც „ოცნების“ წყალობით) და დღეს თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ეშურებიან...
პოლიტიკურად ბოლომდე გაკოტრებულ „მემარჯვენეებისგან“ რა უნდა გამიკვირდეს, მაგრამ, ვერ წარმომედგინა, დავით უსუფაშვილი, რომელიც ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი პოლიტიკოსი, თავის „შენების მოძრაობიანად“ იქ აღმოჩნდებოდა. ეტყობა, ფული რას არ გააკეთებინებს ადამიანს!!!
არ ვიცი, ვის ელანდება „ლელო“ „ოცნების“ საპირწონედ, მაგრამ, თავად „ლელო“ „ნაცმოძრაობასთან“ და მის ნარჩენებთან მწყრალად რომ არ არის, ეს აქედანვეც ჩანს... სხვათაშორის, არც „თი-ბი-სი“ ბანკი ყოფილა წინა რეჟიმის დროს თამაშგარე მდგომარეობაში - პირიქით, კარგადაც მოღონიერდა...
ეტყობა, დღეს ასეთია დავალება.
დიახ, დავალება, რადგან, ასეთი წარსულის პერსონები (უპირველესად მამუკა ხაზარაძეს ვგულისხმობ) ქართულ პოლიტიკაში დავალების და განსაკუთრებული გარანტიების გარეშე არც შემოდიან - უბრალოდ, კისერს წაიტეხავენ, რადგან, ერთი ადგილი ყველას „დასვრილი“ აქვს!
* * *
პოლიტიკაში (ყოველ შემთხვევაში, ქართულ პოლიტიკაში) უკვე კარგად ჩახედულმა რამდენიმე პიროვნებამ თავდაჯერებულად მითხრა, რომ ივანიშვილის საქმე დამთავრებულია.
როგორ, რანაირად? - ვიკითხე გაოცებულმა.
- ამერიკა უკვე ღიად აკრიტიკებს და პირდაპირ ანიშნებს, რომ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. ალბათ, მისი შემცვლელიც ნანახია. თან, ძალიან ცუდი მდგომარეობაა უმრავლესობაში - შეიძლება ხუხულასავით დაიშალოს ისედაც მყიფე გაერთიანება... ივანიშვილს, მგონი, არც ვადამდელი არჩევნები უშველის - მაინც ვერ გაიმარჯვებს...
მე არ ვიცი, ვინ გადაწყვიტა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნა, ან რატომ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, როცა ამის არც რეალური წინაპირობები არსებობს და არც არაფერს შეცვლის პოლიტიკური კონფიგურაციის თვალსაზრისით, მაგრამ, ერთი რამ დანამდვილებით ვიცით:
ვინც ივანიშვილი შემოიყვანა პოლიტიკაში, იგივე იზრუნებს სწორედ მაშინ გაიყვანოს, როცა ამის აუცილებლობას იგრძნობს!
მეორეც, მას პოლიტიკაში შემოსვლისას აუცილებლად ექნებოდა ხელშეუხებლობის გარანტია, როგორც ეს თავის დროზე ჰქონდათ მის წინამორბედებს - ედუარდ შევარდნაძეს და მიხეილ სააკაშვილს.
რამდენადაც გვახსოვს, შევარდნაძემ სამთავრობო აგარაკზე გაატარა ცხოვრების დარჩენილი წლები ისე, რომ ბუზიც ვერავინ აუფრინა და სამუდამო განსასვენებელიც იქ ჰპოვა. ხოლო, სააკაშვილი, რომლის რეჟიმის გასამართლებასაც ითხოვდა საზოგადოება 2012 წელს, ჯერ ოდესის გუბერნატორად მოგვევლინა, მერე კი რევოლუციებით იმუქრებოდა... თან მსოფლიო მოქალაქედ იქცა, სადაც უნდა და როგორც უნდა, ისე დასეირნობს - კარგს ჭამს, კარგს სვამს და ისევ საქართველოს ბელადად დაბრუნებაზე ოცნებობს!
რა ხდება ივანიშვილის შემთხვევაში?
ივანიშვილი საჭირო დროს შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ისიც გარკვეული დავალებით და სათანადო გარანტიებით.
მიუხედავად იმისა, რომ ხალხი უკმაყოფილოა დღევანდელი ხელისუფლების „ნაღვაწით“, რაც პირდაპირ აისახება ივანიშვილისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაზე, მაინც ჯერ იქამდე არ მისულა საქმე, რომ „ოღონდ ივანიშვილი არა“ - ლოზუნგები ვაფრიალოთ!
საქმე იმაშია, რომ ხალხი ვერ ხედავს მის საპირწონეს, ჯერჯერობით ვერც „ნაცების“ თუ „ევრონაცების“ და ვერც ეგრეთწოდებული გაერთიანებული ოპოზიციის სახით. ამ თვალსაზრისით, „ლელო“ სათვალავში ჩასაგდებიც არ არის!
დავუშვათ, დღესვე დღის წესრიგში დადგა ივანიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშოების საკითხი და მისმა მფარველებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რა იქნება ამის შემდეგ? ნუთუ ივანიშვილის პოლიტიკიდან გაყვანა (რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს ეს) იქნება უკეთესი მომავლის დასაწყისი ქვეყანაში?
ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ივანიშვილი შეუცვლელია, უბრალოდ, ჩვენ თითიც კი არ გაგვინძრევია, რომ მისი შემცვლელი პოლიტიკური ძალა ვიპოვოთ. აქ ახალ პოლიტიკურ ერთობაზეა საუბარი და არა „ლელოსნაირ“ კონგლომერატზე, რომელიც არანაირ ხეირს არ მოუტანს ქართულ სახელმწიფოს!
მიუხედავად იმისა, რომ ქართული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური ძალის ფორმირებისთვის ადგილი თავისუფალია, ჯერჯერობით ეს აუცილებლობა ცარიელ საუბარს და სურვილს არ გასცილებია.
არადა, დღევანდელი რეალობით უკიდურესი ქაოსისკენ მიექანება ქვეყანა.
P.S. უბედურება იმაშია, რომ უკვე 30 წელია ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული ქვეყანა და ამ მოჯადოებული წრიდან ვერა და ვერ გამოვედით!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი