მიმდინარე წლის 13 დეკემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორის, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძისა და ამავე უნივერსიტეტის თანამშრომლის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ იური პაპასქუას ინიციატივით გაიმართა შემოქმედებითი საღამო თემაზე: „ცნობიერების ნაკადი“ გური ოტობაიას ნაწარმოებებში“.
მიუხედავად იმისა, რომ იუწყებოდა გემოვნებით გაფორმებული აფიშა, საღამო თავისი არსით არ იყო ვიწრო სპეცალიზაციით დააქცენტებული ღონისძიება, რომელიც თითქოსდა XX საუკუნის რევოლუციური ლირტერატურული მეთოდის - „ცნობიერების ნაკადის“, სტილისტიკაზე მსჯელობით უნდა შემოფარგლულიყო.
შეხვედრა გახლდათ შვიდ ათეულ წელიწადს მიტანებული გური ოტობაიას შემოქმედების შემაჯამებელი პირველი სერიოზული შეკრება მის ცხოვრებაში.
გური ოტობაიას ნიჭისა და შემოქმედების სხვა თაყვანისმცემლებთან ერთად ღონიძიებს ესწრებოდნენ მისი თაობის კოლეგები: ნომადი ბართაია, ზაურ კალანდია, პაატა ნაცვლიშვილი, ტიტე მოსია, ვახტანგ ხარჩილავა, ზაურ მოლაშხია, გია ხუბუა, ბესო ლაგვილავა... ახლო მეგობრები: როსტომ შამუგია, ავთანდილ არაბული, მამა გურამ (ოთხოზორია), მამა მიქაელ (ბუკია) გიორგი ფარულავა, მამა-შვილი ზურაბ და დავით ზურაბაშვილები, ლევან მებონია, მერაბ ნაჭყებია, მიხეილ ჯიბუტი, მერაბ ჩუხუა, ნუგზარ ანთელავა, მანანა სოტკილავა, მურმან კვარაცხელია, იური მაკალათია, ირანდა კალანდაძე, თამაზ ხუბუა, დავით სართანია, ნუგზარ ტიბუა, სხვანი და სხვანი.
ღონისძიებას უძღვებოდა ლიტერატორი, გამომცემლობა „რაე“-ს დამფუძნებელი, მზია ხაჩიძე.
შეხვედრა მუსიკალურ-ვიზუალურად გააფორმა გური ოტობაიას ვაჟიშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა, კომპოზიტორმა კოკა მარგალმა (ფეტელავა).
გური ოტობაიას შემოქმედება შთამბეჭდავად წარმოადგინეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორებმა, პროფესორებმა:
ნანა კუციამ (რომანი „სიცოცხლემისჯილი“). მან ყურადღება გაამახვილა მწერლის თვითმყოფად ხელწერაზე. რომ იგი ზედმიწევნით დახვეწილი სტილით ეგრევე მოქმედების შუაგულში გადაისვრის გმირებს და გხიბლავს წარუშლელი ადამიანური დრამებით;
მარინა ტურავამ ისაუბრა (რომანი „როკი“) ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილი ამ ნაწარმოების თავისებურებებზე, რომ მისი პროტოტიპი შაქრო ჭითანავა გასაოცარი გამძლეობით თრგუნავს ადამიანების გასასრესად აღძრულ სახელმწიფო მანქანას.
სოსო სიგუამ ჩვეული პროფესიონალიზმით წარმოაჩინა XX საუკუნის რევოლუციური ლიტერატურული მეთოდის _ „ცნობიერების ნაკადის“ არსი და ამ ჭრილში საინტერესოდ წარმოაჩინა გური ოტობაიას ბელეტრისტული პალიტრა.
გური ოტობაიას პუბლიცისტურ ხელწერას გამოეხმაურნენ პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ კვესელავა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი იური პაპასქუა, საღამოს სტუმრის ძუძუმტე ოთარ ხუფენია, გური ოტობაიას მეუღლე, რეჟისორი ნანა ხუფენია, ნომინანტის თანაკურსელ-თანასოფლელი მანანა სოტკილავა, კომპოზიტორი, ვაჟიშვილი კოკა მარგალი (ფეტელავა).
გური ოტობაიას მეგრულ ლექსებს ავტორისეული თუ კობა ჭუმბურიძის თარგმანითურთ პერმანენტულად კითხულობდნენ _ ახალგაზრდა მეცნიერი გიორგი სანეთაშვილი, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, ახმეტელის თეატრის მსახიობი, მალხაზ მიქავა თუ სკოლოს მოსწავლე დენის ზალდატანიშვილი.
წლების განმავლობაში გური ოტობაიას სიტყვით და საქმით ნაღვაწი სათანადოდ დაუფასა მშობელმა ხალხმა:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჯემალ გამახარიამ გულშიჩამწვდომი სიტყვით მიმართა სტუმარს და აფხაზურ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზაციაში გაწეული ამაგისთვის გადასცა უმაღლესი ჯილდო _ საპატიო სიგელი.
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ, პოეტმა მაყვალა გონაშვილმა ტერენტი გრანელის პრემიით აღნიშნა გური ოტობაიას თვითმყოფადი პოეზია.
საკმაოდ ამაღელვებელი იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ ზურაბ ხონელიძის გამოსვლა. მან ამაღელვებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. საკმაოდ ამაღელვებელი იყო მისი გამოსვლის ფინალი - გური ოტობაიას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად არჩევა.
მხცოვანი სახელმწიფო მოღვაწისა და მეცნიერის, თავად სახუმის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, ბატონ ნოდარ ჭითანავას მიერ სათანადო რეგალიებით შემოსილმა გური ოტობაიამ, მღელვარებისგან წინასწარ დაწერილი სიტყვის წაკითხვა ვერაფრით შეძლო. მან მადლობა მოუხადა საღამოს ყველა მონაწილეს და დადო პირობა, რომ მომავალშიც ხელდამშვენებული წარსდგება მკითხველის წინაშე.
საღამოს მონაწილენი გაამხიარულა თავად გური ოტობაიას მიერ გაჟღერებულმა იუმორმა: ერთ პიროვნებას, ხოტბას რომ ასხამდნენ სადღეგრძელოში, სამადლობელი სიტყვა ამნაირად წარმოუთქვამს: ძმებო და მეგობრებო, მე ის კი არ მიკვირს, თქვენ ამდენს რომ მაქებდით და მადიდებდით, არამედ _ მეც რომ თავს გიქნევდით ეს უფრო მიკვირსო!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი