(აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით)
„ჩვენ, აფხაზები, ავითქვიფებით სხვა ხალხებში
და დავკარგავთ ჩვენს ქვეყანას. აი, რა გველოდება.“
გიორგი შერვაშიძე
მყობადში მიმდინარე ყველა მოვლენა გენეტიკურად წარსულთან არის დაკავშირებული. ამიტომ დღევანდელობის სწორი შეფასებისთვის საჭიროა, გავიხსენოთ მსოფლიოს ხალხთა ისტორიის ცალკეული მომენტები, რომლებიც სწორი ანალიზი გაკეთების საშუალებას იძლევა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყოველთვის მძიმე იყო რიცხობრივად პატარა ერების ხვედრი. ბევრი მათგანი წაიშალა კიდეც მსოფლიო ისტორიის რუკიდან. ისინი ვერ უძლებენ დიდი სახელმწიფოების დამპყრობლურ მადას, არ შესწევთ ძალა გაუმასპინძლდნენ მათ აგრესიულ შემოტევებს, ან ითქვიფებიან დიდი სახელმწიფოების მოსახლეობაში, ცხოვრობენ მათი პოლიტიკური მრწამსით ან ნადგურდებიან.
საქართველო მოფლიომ უკვე გაიცნო, როგორც უძველესი ცივილიზაციისა და კულტურის ქვეყანა. ისიც გასაოცარია მუდმივ ბრძოლებსა და ომებში ჩართულმა ხალხმა როგორ შექმნა ამდენი. ათასეული წლებიდან გვიმზერს ისტორიის სისხლმდინარე ფურცლები, ყველა დიდმა დამპყრობელმა გადათელა მისი ღვთიური მიწა. იჯდა ქართველი მემატიანე და წერდა, აღნუსხავდა ყოველივეს, რათა მომავალი თაობებისთვის არ დაეკარგა ისტორია იმ ბილიკებისა, საიდანაც მოვდივართ. საკვირველი ისაა, რომ წიგნს, რომლიდანაც ტკივილისა და გმინვის ხმა მოისმის, „ქართლის ცხოვრება“ უწოდა. ეს არაა შემთხვევითი, ეს მართლაც, ჩვენი ერის ცხოვრება იყო!
მსოფლიო ვერ ივიწყებს „ოქროს საწმისს“, რა იყო ის, რაც ძლიერმა საბერძნეთმა არ შეგვარჩინა, მართლა ოქრო, თუ უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის საიდუმლოებანი. მოკლეს მეფის ერთადერთი მემკვიდრე, სიყვარულში გაცვალა ულამაზესმა მედეამ სამშობლო, მამა, ძმა, გასცა საიდუმლოება და თან გაჰყვა უცხო ქვეყნის შვილს. აყვავებული კოლხეთის დიდებაც დაეცა. არ შეიძლება არ დაგვაფიქროს ჰეგელის ასეთმა შეფასებამ: „კოლხეთის უძველესი მიწიდან იწყება კაცობრიობის პროგრესი.“
პატარა ერების სულიერი განწყობილება ყოველთვის იყო თვისუფლების მოპოვება, საკუთარი თავის „კუთვნების“ სურვილი. ბრძოლა მხოლოდ მისი მოპოვებისთვის არაა საჭირო, მისი შენარჩუნებაც ძალიან რთულია. ერს შეუძლია მოუწიოს ილუზიური თავისუფლებით ცხოვრება. ჰგონია, რომ თავისუფალია, მაგრამ მაინც სხვა განაგებს მის ბედს. „ყველაზე ნაკლებ სახარბიელო სხვის ხელში მაცქერალი არსების მდგომარეობაა, პატარა ხალხი კი დღეს ხშირად იმყოფება ასეთ მდგომარეობაში. მის ბედს სხვები განაგებენ, სხვები უკარნახებენ ბრძოლაში ჩარევას თუ თავის შეკავებას, სხვები ანგარიშობენ გამოსაღები მსხვერპლისა და მოსალოდნელი სანაზღაუროს რაოდენობას. რარიგ არ უნდა დამთვრდეს დიდი საერთშორისო შეჯიბრება, ლომის კერძი რომელიმე დიდ სახელმწიფოს ერგება, უეჭველია, პატარა ერები იძულებულნი იქნებიან ნამცეცებს დაკმაყოფილდნენ“ (გერონტი ქიქოძე).
აფხაზეთში შექმნილი ვითარება არ შეიძლება, რომ არ აფიქრებდეს ნებისმიერ ქართველს. ამ დღეებში გაიგონებთ ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებს. ზოგს ჰგონია, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ბრალია და მას აწყობს ასეთი დაპირისპირებები, ზოგი აფხაზებს ადანაშაულებს, ზოგისგან იმასაც კი გაიგონებთ, რომ მათ ჩვენი ცოდო მოეწიათ. თუმცა, დროის დიდი მასწავლებლის - ისტორიის ცოდნა არ აწყენდათ აფხაზებსაც. საქართველოში 1812 წლის ქართლ-კახეთის აჯანყება რუსების წინააღმდეგ სწორედ იმ დამპყრობლური და ცინიზმით აღსავსე ქმედებებით იყო განპირობებული, რომელსაც დღეს უფრო „ცივილური“ ფორმით ანხორციელებს რუსეთი. ისე, აფხაზები, რომ დროულად დაფიქრებულიყვნენ, იქნებ არ ეოცნებათ „ზღვაში დახრჩობის“ სინდრომზე აქცენტის გაკეთებაზე. აფხაზეთში უმაღლესი საბჭოს სხდომებზე აფხაზთა დეპუტაცია ხშირად გვესაუბრებოდნენ ნიშნის მოგებით, რომ მათ საქართველო რატომღაც პატარა მდინარედ ჰქონდათ წარმოდგენილი და აქ დახრჩობას ზღვაში დახრჩობა ანუ რუსეთთან ყოფნა ერჩივნათ...
ძნელია დღეს, რომ აფხაზეთის ბედი დარდ-ფიქრად არ გვექცეს, სწორი პოლიტიკური შეფასება არ მივცეთ მათ ემოციურ და აგრესიულ გამოსვლებს. დამეთანხმებით, რომ ეს არ არის ერთი არჩევნების შედეგად გამოწვეული უკმაყოფილება. ეს წლების განმავლობაში დაგროვილი იმედგაცრუების შედეგია. მიუხედავად ამ მცირერიცხოვანი ერის (სულ 90 ათასამდეა!) ყოველმხრივ შევიწროებისა და მისი სულიერი და ფიზიკური დეგრადაციისა, ერთეულები მაინც არიან, რომლებიც გრძნობენ იმ გლობალურ საშიშროებებს, რომელთა წინაშეც ისინი დგანან. ასეთი საშიშროებები უამრავია. პირველი, რაც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია მათ თავზე არის სამი რუსული სამხედრო ბაზის არსებობა იმ პატარა ტერიტორიაზე. აფხაზებს რატომღაც დღესაც ჰგონიათ ისინი მათი „სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების“ გარანტორი, რაც საკუთარი თავის მოტყუება და სიყალბეა. ქართული მხარის მიერ არაერთხელ დაანონსებული ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენა, მათი სურვილის მიღმა რჩება. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც არავითარ რეგულირებას არ ექვემდებარება, სომხური დიასპორის უკონტროლო მომრავლება აფხაზეთის ტერიტორიაზე და დროდადრო მათ მიერ სამი რაიონის ხარჯზე სომხური კულტურული ავტონომიის მოთხოვნაა. დროთა ვითარებაში, ძნელი წარმოსადგენია ამ მოვლენის პერსპექტივა და მისი სავალალო შედეგები. მესამე, კრემლის ყველაზე სანუკვარი საუკუნოვანი ოცნების განხორციელების რეალური საფრთხე - აფხაზეთში უძრავი ქონებისა და მიწების გაყიდვის დაკანონება აფხაზთა ხელით.
ამის გარდა, მრავალი სხვა დამალული საფრთხეები უკვე მეოთხედი საუკუნეა მწიფდება აფხაზთა ქვეცნობიერში. ისინი იწვევენ შიშნარევ პროტესტის გრძნობას. სამწუხაროდ, აფხაზები აღმოჩნდნენ დიდი დილემის წინაშე. ამ პრობლემების რადიკალური გარღვევის პერსპექტივა ნულოვანია!
აფხაზეთის გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჩაკეტილ სივრცეში ტრიალებს. იქით რუსეთი, აქეთ „მტრულად განწყობილი“ საქართველო. მესამე, უბრალოდ, არ არსებობს, მიუხედავად რუსეთის მხრიდან დიდი მცდელობისა, აფხაზეთის საერთაშორისო აღიარება მაინც არ მოხდა.
მინდა ერთი მოვლენა გავიხსენო გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან. ქართველთა დიდ მეგობართან, სულმნათ რაულ ეშბასთან მუშაობის პერიოდში, მას ეწვია რამდენიმეკაციანი დელეგაცია ევროპის განვითარებული ქვეყნიდან. მხვდა ბედნიერება წილად რაულ ეშბას სახელით მემასპინძლა მათთვის. ერთად მოვიარეთ ბიჭვინთა, ცისფერი ტბა და რიწის ზღაპრული მიდამოები. შუა ტრაპეზის დროს დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც აღფრთოვანებული და მოხიბლული იყო ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეში წელიწადის სამი დროის ხილვით - ბიჭვინთაში სიცხიანი ზაფხულით, ცისფერ ტბაზე ხეებზე გაყვითლებული ფოთლებითა და შემოდგომის სურნელით, რიწაზე ზამთრის იმიტაციით მარადიული თოვლის სახით, ყველას გასაგონად თქვა:"ბატონებო, თქვენ ისეთი მშვენიერი ქვეყანა გაქვთ, არა მგონია, ეს შეგარჩინოთ ამა ქვეყნის ძლიერთა ძალამ!“ ყველა გაოგნდა! გავიდა სულ რაღაც 4-5 წელიწადი და ეს სამწუხარო წინასწარმეტყველება რეალობად იქცა! ახლა ვფიქრობ, თუკი ეს ჩვენ, ქართველებს, შეგვეხო, არსებობს კი რაიმე გარანტია იმ მცირერიცხოვანი აფხაზებისთვის, რომ ეს არ შეეხოს და მათთვისაც არ დაიკარგოს ეს „აღთქმული ქვეყანა“. ჩემი ღრმა რწმენით, აფხაზეთის ირგვლივ განვითრებული 25 წლიანი პროცესები აქეთკენ მიდის. ამისთვის, ჩვენდა საუბედუროდ, ყველანაირი წინაპირობა არსებობს.
მაგრამ, ცნობილი სენტენციისა არ იყოს, „ყველა გზა რომისკენ მიდის“. აფხაზების დღევანდელ ტკივილს ჩვენზე უკეთესად ვერავინ გაიგებს. ისინიც ჩვენნაირად მცირერიცხოვანნი არიან, უწევთ დიდი რუსეთის მხოლოდ ნამცეცებით დაკმაყოფილება. ვერ მიიღეს ის, რასაც ელოდნენ, ომის შედეგად დანგრეული აყვავებული აფხაზეთი ისევ ისე გამოიყურება, სამწუხაროდ ვერ გახდა პატარა შვეიცარია. თანდათან აფხაზები დემოგრაფიული კატასტროფისკენ მიდიან, როგორც სულმნათი ლორიკ მარშანია წერდა: „ორმოცდაათი წლის შემდეგ აფხაზური ეთნოსი შეიძლება გადაშენების პირას მისული ერების რიცხვში მოხვდეს“. აფხაზები კარგად ხედავენ სომხების თვხედურ გამოხტომებს, რუსების მიერ ყველა სადავეების ხელში აღებას, რაც აფხაზთა უფლებების შეზღუდვით ხდება.
მე ჩემს წიგნში „ო, აფხაზეთო!“ უკვე აღვნიშნე, რომ იმ ომში, რომელიც ჩვენსა და აფხაზებს შორის მოხდა, ორივე დამარცხებული აღმოვჩნდით! ამ ომს დღეს გამარჯვებული არა ჰყავს. ამას, ალბათ, ახლა მიხვდნენ აფხაზები. ჩვენთან მათ ჰქონდათ კეთილმეზობლური, კეთილმეგობრული, რელიგიური და ნათესაური ურთიერთობები. უამრავი საერთო ოჯახი იქმნებოდა. ყოველივე ამას ვერ გავუფრთხილდით, ეს იყო პოლიტიკური დაუდევრობა ორივეს მხრიდან.
აფხაზეთის დაკარგვით ჩვენ მხოლოდ ტერიტორია არ დაგვიკარგავს, მას ჰქონდა ძლიერი პოლიტიკურ-სარწმუნოებრივი და სტრატეგიული მნიშვნელობა. იქ ჩვენი დიდი ისტორიაა. აფხაზეთის მატერიალური კულტურის თითქმის ყველა ძეგლი ქართულია. ბედიის მონასტერში განისვენებს გაერთიანებული საქართველოს მეფე ბაგრატ მესამე.
აფხაზეთი საქართველოს დიდი სულიერი ნაწილია. როგორც არ უნდა გააყალბონ მისი ისტორია (ამის აშკარა სინდრომი არსებობს უკვე რუსეთის გარკვეული წრეების ხელშეწყობითა და მონაწილეობით), როგორც არ უნდა შეღებონ კულტურის ძეგლები (სახეზეა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის მაგალითი!), დაუკარგონ პირვანდელი სახე, მაინც ვერ წაშლიან იმ ისტორიულ სინამდვილეს, რომ აფხაზეთი საქართველოს უძველესი ნაწილია. ამის დასტურად აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ეს სიტყვებიც კმარა, რომელიც სიმართლეს დაგვანახვებს: „როგორც ფეოდალური ქვეყანა, აფხაზეთი ისეთივე საქართველო იყო და აფხაზი ისეთივე ქართველი იყო, როგორც ეგრისი და მეგრელი, როგორც ჰერეთი და ჰერი, როგორც ქართლი და ქართლელი“.
მუხედავად ბევრი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებისა, ჩვენ სულაც არ გვინდა აფხაზი ეთნოსის განადგურება, მათი შველა კი მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ. ომითა და ძალმომრეობით დანგრეულს კვლავ ომის ცეცხლი ვერ ააშენებს. დაფიქრებისთვის მეოთხედი საუკუნე გვქონდა. დროა გადავდგათ ერთმანეთისკენ მშვიდობიანი ნაბიჯები, გავუწოდოთ სამოყვროდ და სამეგობროდ ხელი, უახლესი ისტორიის მწარე ფურცლები წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ამის სიგნალები უკვე მოდის აფხაზებიდან, თუმცა რამდენად ჯანსაღია ეს აზრები, დრო გვიჩვენებს. ამის მოგვარებაში, რა თქმა უნდა, დიდია რუსეთის ფაქტორი. უნდა მოვაგვაროთ რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობა, არც აფხაზები და არც ქართველები არ უნდა დავეცეთ შინაგანად, ვიცოდეთ სამშობლოს ჭეშმარიტი ფასი, გამოვნახოთ გზები მის გადასარჩენად.
აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტას მრავალი გარეგანი და შიდა ფაქტორები უშლის ხელს. მთავარია მათი გათვალისწინება და შესაბამისი სწორი და ისტორიისთვის შესაფერისი დასკვნის გაკეთება.
გამაგრდით აფხაზებო! იფიქრეთ ეპოქალური გადაწყვეტილების მისაღებად. ნამდვილი გამარჯვების გზა ჭეშმარიტებით უნდა სუნთქავდეს...
მურმან კვარაცხელია
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი,
პროფესორი.