ივერიონი / რა აფორიაქებს მაკა კვერენჩხილაძეს და რატომ არის მისი აზრით, ქართველი ერი „გარეკილი“?!

რა აფორიაქებს მაკა კვერენჩხილაძეს და რატომ არის მისი აზრით, ქართველი ერი „გარეკილი“?!

 

 

წუხელ, ერთმა ჩემი დიდი ხნის მეგობარმა, სხვათაშორის, ღრმა ინტელექტითა და ქართული სულით გამორჩეულმა პიროვნებამ დამირეკა და ნიშნისმოგებით მითხრა:

 

„ეგ მაკა კვერენჩხილაძე სულ ეგრე შემოჯირითდება ხოლმე შენს სტატუსზე... ამერიკაში ქმარ-შვილი. აწყობილი ცხოვრება. მენტორობა და იქიდან ქართველების ლანძღვა ეხერხება“.

 

ეტყობოდა, ჩემს ორი დღის წინანდელ სტატუსზე: “თვითცენზორი უნდა დავამარცხოთ...“ მაკა კვერენჩხილაძის ქილიკითა და ნიშნისმოგებით გაჟღენთილი კომენტარები ჰქონდა წაკითხული და ემოციებს ვერ მალავდა!

 

დავაწყნარე - წეროს რაც უნდა, მე ნაკლებად მანერვიულებს, მაგრამ, რაც შეეხება „მენტორობას და იქიდან ქართველების ლანძღვას“, ვერ არის ეს კარგი საქმე-მეთქი!

 

არ ვარ ბუნებით ზედმეტად ცნობისმოყვარე, არც ვინმეს ფეისგვერდებზე დავბორიალობ, მაგრამ, ამჯერად ცდუნებამ მძლია და მაკა კვერენჩხილაძის გვერდზე შევიჭყიტე:

 

არ ტყუოდა ჩემი მეგობარი - უცებ წითელ კვადრატში ჩაწიკწიკებული საკუთარი ერისადმი ღვარძლით გაჟღენთილი „სიბრძნე“ ამოვიკითხე:

 

„ქვეყანაში, სადაც ამდენი „ობაა“ (ეს „ობა“ რას ნიშნავს, მაინც ვერ გავშიფრე) ერთი წლის დღეების რაოდენობა ჰყოფნის... ყოველ წამს რაღაცის დღეს ულოცავს ერი ერთმანეთს, სიყვარულის დღე აღიზიანებთ ადამიანებს.

 

ამაზე მეტი თვით-კონფლიქტური ხასიათი, თვით-კონფლიქტური ერი არსებობს დედამიწაზე კიდე?“

 

კითხვა რიტორიკულია, თან ერისთვის დამცინავი, რომლის უკან იგივე ერის უცხოეთში მცხოვრები ქალბატონი დგას!

 

არ ვიცი, რას ნიშნავს თვით-კონფლიქტური, მაგრამ, იმას აშკარად ვხვდები, რომ მ. კვერენჩხილაძის აზრით, დედამიწაზე ქართველების მსგავსი თვით-კონფლიქტური (რა თქმა უნდა, ცუდ კონტექსტშია ნახსენები) ერი არ არსებობს!

 

რაც შეეხება „ობ“-ებს, მართლმადიდებელ ქვეყანაში ყველა წმინდანის დღესასწაული აღინიშნება და რა გასაკვირია, ერთმანეთს ვულოცავდეთ!

 

აი, სიყვარულის დღე, კვერენჩხილაძისგან განსხვავებით, იმიტომ გვაღიზიანებს, რომ ეს თითიდან გამოწოვილი, ვიღაც ვალენტინის მონაჩხახი „დღესასწაულია“...

 

ვინ , ვინ და „მენტორმა“აუცილებლად უნდა იცოდეს,რომ სიყვარულს განსაკუთრებული (გამორჩეული) დღის დაწესება არ სჭირდება, თუნდაც ეს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას ეხებოდეს.სხვანაირად რა გამოდის - მხოლოდ 14 თებერვალს უნდა უყვარდეს ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი?! სიყვარული ხომ მარადიული მცნებაა, რომელიც არტახებს ვერ ჰგუობს?!

 

თუმცა, ქალბატონისგან, რომელიც ქართველ ერს „გარეკილად“ მოიხსენიებს, ნამდვილად არ მიკვირს ასეთი შეფასება (ვისაც არ გჯერათ, შედით მის გვერდზე და თავად „დატკბებით“ამ ფორმულირებით!).

 

რადგან, ქალბატონ მაკას ჩემს სტატუსზე შემოჯირითება (მას ძალიან უყვარს ეს სიტყვა) ლიტერატურული კრიტიკის აუცილებლობაზე მიძღვნილ თემას შეეხებოდა, მე ყოველი შემთხვევისთვის გადავათვალიერე მისი რამდენიმე ლექსი და მივხვდი, რატომ აყენებს ქალბატონი მაკა საკუთარ პერსონას მენტორის როლში - გაღმა შეედავე, გამოღმა შეგჩებაო, ეტყობა კარგად იცის ეს ანდაზა და იყენებს კიდეც!

 

თუმცა, ვიდრე ქალბატონ მაკას რამდენიმე „შედევრს“ გაგაცნობდეთ, აქვე გაუწყებთ, თუ რას მედავება მე, როგორც ზემოთხსენებული სტატუსის ავტორს.

 

ქალბატონი მაკა მსაყვედურობს,რატომ არ მაქვს დაზუსტებული „კრიტიკის დროს რა კრიტერიუმებით, ნორმებით იქნება ლექსი განხილული? რის მიხედვით შეფასდება ლექსის ღირებულება?“

 

პოეტობაზე პრეტენზიის მქონე ქალბატონი ასეთ უხერხულ (უსუსურ) კითხვას არ უნდა სვამდეს!ლიტერატურული კრიტიკის ნორმები და კრიტერიუმები საყოველთაოდ ცნობილია და „ახალი ველოსიპედის“ გამოგონებას იდეაში არსებული კრიტიკოსთა და ლიტერატორთა ასოციაცია ვერც დააპირებს!

 

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, „თუ როგორ შეფასდება ლექსის ღირებულება“აქ უკვე საეჭვო ლიტერატურული გემოვნების ადრესატთან გვაქვს საქმე. როგორც წესი, ლექსის ღირებულება მისი ხარისხით იზომება და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ჭეშმარიტი პოეზიისთვის დამახასიათებელ მოთხოვნებს. თუმცა, ისიც აშკარაა, ყველა ლექსი ერთნაირი ხარისხის ვერ იქნება!

 

ახალი ვთქვი რამე?

 

იმდენი აბსურდული და ურთიერთგამომრიცხავი სიტყვებია მის კომენტარებში, არ გამოვეკიდები. უბრალოდ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას ბოლომდე არ წაუკითხავს სტატუსი, ან ვერ გაუგია, რა არის მასში არსებითი, ან კიდევ უმისამართოდ ისვრის „ბრალდებებს“და ჰგონია, ამით ჩემს „განიარაღებას“ შეძლებს!

 

რაც შეეხება მის სიტყვებს: „ასეთი მიდგომა თქვენს კომპეტენტურობას წყალს უყენებს“, ხუმრობის ხასიათზე მაყენებს - მე არასდროს მითქვამს და არც დამიწერია, რომ ლიტერატურული კრიტიკის მეტრი ვარ-მეთქი.თუმცა, ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, თეთრის და შავის ერთმანეთისგან გარჩევას ადვილად ვახერხებ... ხოლო, როცა კრიტიკის აუცილებლობაზე ვამახვილებ ყურადღებას, ამით ხაზს ვუსვამ, რომ ღვთის მადლით ჯერ კიდევ შემოგვრჩნენ პროფესიონალი კრიტიკოსები და ლიტერატორები, რომლებიც სამწუხაროდ დუმილს ამჯობინებენ იმ მოტივით, რომ არავინ გადაიმტერონ.

 

ადამიანურად მესმის, რომ ასეთ ქაოტურ სიტუაციაში, როცა, უნიჭობა აღზევებულია და ცალკეულ სექტებადაა დაყოფილი, პირველი „გალაშქრება“მტკივნეულია, მაგრამ, თუ ყინული გალღვა და კრიტიკოსთა და პროფესიონალ ლიტერატორთა ერთობა შეიქმნა, ბევრს წყალ-წყალა წიგნების გამოცემის სურვილი გაუქრება და არ გამოვრიცხავ, უნიჭოთა აღზევებასაც თანდათან წერტილიც დაესვას. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, ვინმეს კომპიუტერის კლავიშზე „ვარჯიში“ და საკუთარი გრძნობების ლექსად ან პროზად გადმოცემა აეკრძალოს!

 

ახლა რაც შეეხება ქალბატონ მაკა კვერენჩხილაძის პოეტურ „შედევრებს“. რამდენადაც ვიცი, მას პოეტური კრებული თუ კრებულებიც აქვს გამოცემული, რომელზეც მე ხელი არ მიმიწვდება, მაგრამ, მის ფეისბუქგვერდზე რამდენიმე ლექსს გავეცანი. ბევრი დრო რომ არ დაგაკარგინოთ, ამჯერად მხოლოდ ორით შემოვიფარგლები:

 

„ერკინებოდა სული

მხსნელის ნიღბიან ურჩხულს

მიღვრია ბევრი ოფლი

ურჩხული უვლიდა ფერხულს.

ანგელოზები მუდამ

დამტრიალებდნენ თავს...

მომხვიეს ბევრჯერ ფრთები,

ბევრჯერ მაფრინეს მთას.

 

ვკითხულობ ამ სტრიქონებს და ერთი პროლეტარული მწერლის სიტყვები მახსენდება: „გავიქნიე, ხელი, ფეხი“.

 

მეტაფორას რომ თავი დავანებოთ, სად არის აქ რითმა, რიტმი, მელოდიურობა, რაც აუცილებელია პოეზიისთვის. როგორ მოგწონთ ურჩხულის და ფერხულის გარითმვა-გადაჯვარედინება?! იგივე „იაღლიშებია“ მეორე სტროფშიც და საერთოდ, ვერც მიხვდები, რისი თქმა უნდა ავტორს.სათქმელის გარეშე კი ლექსი ისედაც ლექსი არ არის!

 

ახლა მეორე „შედევრს“ შემოგთავაზებთ:

 

„მე ვირტუალურს ვაშენებ ხიდებს

უშორეს მანძილს შევჭიდებივარ,

კონტინენტსა და კონტინენტს შორის

ფესვების ძახილს გავკიდებივარ.

...მინდა ანკესი გადმოვისროლო,

ანკესის ბოლოს სტრიქონს მოვაბამ,

ჩემი სულიდან მე შენს სულამდე

ამ სიყვარულის ძალას მოვყავარ.

 

ასე უსუსურად რითმებისა და მთელი სტრიქონების მითვისებაში დახელოვნებული ლექსიპარიებიც არ წერენ. როცა ავტორი „შევჭიდებივარ“ და „გავკიდებივარ“-ს და „მოვაბამ “ და „მოვყავარ“-ს გარითმავს, მას როგორ უნდა ჰქონდეს პრეტენზია არა მარტო პოეტობაზე, არამედ, სხვის გაქილიკებასა და განქიქებაზე?!

 

შეიძლებოდა უფრო მწარედაც მეთქვა, მაგრამ, აქ გავჩერდები.მითუმეტეს, პიროვნების შეურაცხყოფა ჩემი სტილი არ არის!

 

აქვე გულწრფელად ვიტყვი:რამდენჯერმე გავაფრთხილე ქალბატონი მაკა: იმდენ ტვირთს ნუ წაეპოტინები, რისი აწევაც არ შეგიძლია-მეთქი.

 

არ დამიჯერა!

 

მე ზოგადად ამ თემას ცალკე დავუბრუნდები და ყველა იმ კთხვებზე თუ „ბრალდებებზე“ გავცემ პასუხს და განვაზოგადებ კიდეც.

 

P.S. ყოველთვის ვცდილობ პიროვნებებს არ შევეხო და პრობლემის (ტენდენციის) განზოგადებით შემოვიფარგლო.ამჯერადაც არ დავარღვევდი ტრადიციას, ქ-ნ მაკა კვერენჩხილაძის გვერდზე ქართველების ლანძღვა და ქართველების მიმართ ქილიკი რომ არ წამეკითხა.

 

მეც ხშირად ვწერ თანამედროვე ქართველთა სუსტ მხარეებზე, მაგრამ, არასდროს ვიკადრებ ქართველ ერს „გარეკილი “ ვუწოდო, როგორც ეს ქალბატონმა მაკამ იკადრა და „ხურდაც“ დაიბრუნა.

 

P.S.S. ეს ნახევარი ძალით დაწერილი სტატუსია.ქალი მაინც ქალია და უფრო გამწვავებას მოვერიდე.

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

15-02-2020, 22:02
უკან დაბრუნება