გუშინ დილით აღმაშენებელზე ერთი შუახნის ნაცნობი მამაკაცი შემხვდა.დამინახა თუ არა, თითქმის ზურგი მაქცია, მხოლოდ თავის დაქნევით მომესალმა და ამით მაგრძნობინა, რომ მიცნო, მაგრამ, ახლოს ვერ მომეკარებოდა!
არადა, ამ ადამიანს კარგა ხანია ვიცნობ - ყველგან, სადაც არ უნდა შევხვედროდი - ჩემთან სამსახურში, ლიტერატურულ თავყრილობებზე თუ დაკრძალვებზე, აღტაცებული მომვარდებოდა და სიხარულისგან ემოციებს ვერ მალავდა...
გუშინ კი... გუშინ სხვათაშორის ჩამიარა, ზრდილობისთვისაც კი არ მომიკითხა. არადა, არაფერი დამიშავებია...
გასაგებია, კორონავირუსისგან დაპანიკებულმა საზოგადოებამ ინსტიქტურად გააცნობიერა, რომ შემხვედრი სიხარულის (სიყვარულის) გამოხატვის ნიშნად არათუ უნდა გადაკოცნო (როგორც ეს დღემდე ხდებოდა ტრადიციულად), არამედ, ხელიც არ უნდა ჩამოართვა... ბევრი ასეც იქცევა. ყველაზე „ყოჩაღები“ (თუმცა, ძალიან მცირე) კი არც ვირუსის პანდემიად გამოცხადებას ეპუებიან და ტრადიციას დღესაც არ არღვევენ.
მართალია, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მაგრამ, გუშინდელმა ფაქტმა არა მარტო ჩამაფიქრა, არამედ, გულიც მატკინა - ჩამაფიქრა, რადგან, ქუჩაში შემხვედრის საქციელში სიფრთხილესთან ერთად სოციალური პასუხისმგებლობაც ამოვიკითხე (სხვა არ დააზიანოს), ხოლო, გული მეტკინა იმდენად, რამდენადაც კორონასვირუსმა ადამიანებში გაუცხოების ელემენტები არა მარტო შემოიტანა... ცოტაც და ერთმანეთთან კონტაქტსაც აგვიკრძალავენ კიდეც!
თავს არ ვდებ ღრმადმორწმუნეობაზე, მაგრამ, მწამს და მჯერა, რომ სამყაროში უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება. ამდენად,პირადად ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რომელმა ზესახელმწიფომ გამოიგონა კაცობრიობის „შესათხელებლად“ და დასაშინებლად ეს მომაკვდინებელი ბიოლოგიური იარაღი. არც იმის სურვილი მაქვს, ყოველ წუთს ვიფიქრო იმაზე, რამდენად იქნება ჩემს მიერ გამოვლენილი სიფრთხილე კორონავირუსისგან თავდაცვის მყარი გარანტია!ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს (კორონავირუსი, რომელმაც ფაქტიურად მთელი სამყარო შეაზანზარა) სწორედ უფალმა დაუშვა ჩვენს კიდევ ერთხელ გამოსაცდელად და დასაფიქრებლად.
ამ ბოლო ხანებში აქტიურად ვსაუბრობთ ბოლო ჟამზე.ფაქტიურად ყველაფრისგან დაუცველი და პანიკაში ჩავარდნილი საზოგადოება კორონავირუსს სწორედ ბოლოჟამის პანდემიად მიიჩნევს და სასოწარკვეთილი ხვალინდელ დღეს შიშითა და უნდობლობით უყურებს. მითუმეტეს, ამ მომაკვდინებელმა ვირუსმა განვითარებულ სახელმწიფოებშიც იფეთქა და ჯერჯერობით შემაკავებელი ბერკეტებიც არ ჩანს...
ამ ფონზე საკმაოდ ნიშანდობლივია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-ვედრება ღვთისმშობლისადმი, სადაც იგი ევედრება ჩვენს უპირველეს მფარველსა და შემწეს, მოგვცეს ძალა „ურთიერთთანადგომისა, რათა მწუხარებასა თანა ვტიროდეთ და შევეწეოდეთ მათ, ხოლო, მხიარულთა თანა ვიხარებდეთ“.
ამასთან, უწმინდესი და უნეტარესი სთხოვს ღვთისმშობელს მთავრობა, მხედრობა და ეკლესია სულიერად შეკრას და „აღდგენილსა მამულსა შინა ჩვენსა განუყოფელ სამწყსოდ ღვთისა“ დაადგინოს!
საკმაოდ გულისამაჩუყებელია პატრიარქის ვედრების ის ნაწილი, სადაც იგი მუხლმოდრეკით შესთხოვს ღვთისმშობელს, მოხედოს თავის წილხვედრ იბერიას „არ განგვშორდე არც ჟამსა მას მეორედ მოსვლისა ძისა შენისასა სრულიად საქართველოს და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მრჯვენით დაადგინე“.
პატრიარქის ლოცვა-ვედრება ღვთისმსობლისადმი, როცა ეკლესიებში ზიარების საიდუმლოს წესის გადახედვაზე ქირქილებენ და ბოროტი ძალები ცდილობენ უფლის სახლს მრევლი დააშორონ, ძალიან ბევრ რამეზე მიგვანიშნებს. ამით ხაზი ესმება იმას, რომ ერთჯერად კოვზებში, ეკლესიების დეზინფექცირებაში, ერთმანეთისგან დისტანცირებაში კი არ არის ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოსავალი, არამედ, ქართველი ერის უფლისადმი გაძლიერებულ ლოცვა-ვედრებაში!
თუ არ ვცდები, მამა პეტრე (კვარაცხელია) წერდა და სამართლიანადაც, რომ კორონავირუსმა და ხელოვნურად აგორებულმა პანიკამ ეკლესიები კი არ დააცარიელა, ნამდვილი ჭეშმარიტი მორწმუნენი გამოაჩინა.
არავინ იცის, კონკრეტულად როდის დადგება ბოლო ჟამი - მოახლოებული ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ხვალ დამთავრდება სამყარო და ამის მთავარი მიზეზი კორონავირუსის პანდემია იქნება.
კაცობრიობას დღემდე მრავალი ომი, შიმშილი და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები გადაუტანია, მათ შორის, მომაკვდინებელი ეპიდემიებიც (ასე მაგალითად, „ისპანკამ“ მე -20 საუკუნის დასაწყისში 50 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა), მაგრამ, აქამდე არავის უთქვამს, რომ ეს იყო უფლის მეორედ მოსვლის ჟამი (აპოკალიფსისი), ანუ, სამყაროს დასასრული!
სხვათაშორის, ასეთი პანიკა არც „ებოლას“ , „ქათმისა“ და „ღორის გრიპის“ ეპიდემიის დროს არ ყოფილა. არადა, მაშინაც ძალიან გვაშინებდნენ!!!
ამით იმის თქმა მინდა, რომ, რაც ბიბლიაშია და წმინდა წერილებითაც დასტურდება, კაცობრიობა იმ საშინელ ხვედრს ვერ გადაურჩება, მაგრამ, როდის დადგება საბოლოო განკითხვის ჟამი, დანამდვილებით არავინ იცის - როგორც უფალი იესო ქრისტე ბრძანებს, თვით მამის გარდა!
ასე რომ, ხელოვნურად აგორებული პანიკა ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსია. ცხოვრება გრძელდება. უფლისადმი რწმენის გაძლიერებას და გულწრფელ ლოცვას ყველა ვირუსისგან დაცვა შეუძლია...
ერთი რამეც უნდა გავითვალისწინოთ: დღევანდელ მთავრობებს თავიანთი ვალდებულებები აქვთ „პატრონების“ წინაშე და ისინი სწორედ ისე იქცევიან, როგორ დავალებებსაც ღებულობენ. აბა თანმიმდევრულად დააკვირდით მათ ინიციატივებს და მიხვდებით, თუ საით მიჰყავთ ყველაფერი - დათესონ პანიკური შიში ადამიანებში, გააუცხოონ ურთიერთობები, დააშორონ მცირედმორწმუნე მრევლი ეკლესიას...
დანარჩენს დრო გვიჩვენებს!
და ბოლოს: მხოლოდ გულმხურვალე ლოცვა და უფლის რწმენა გვიხსნის ეშმაკის მიერ მოვლენილი მომაკვდინებელი ეპიდემიისგან!