ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: „ცოტა გამაბედინე“, ანუ დანებდება თუ არა ეშმაკებს ეკლესია?!

ზაურ ნაჭყებია: „ცოტა გამაბედინე“, ანუ დანებდება თუ არა ეშმაკებს ეკლესია?!

 

- მიყიდე მამი, სიცოცხლე“ - ევედრებოდა იმ დროისთვის „ყოვლისშემძლე“ მამას 28 წლის ვაჟკაცი გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს მოსკოვის ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში.

 

როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, ამ სიტყვების გაგონებაზე მამას ლოყაზე ცრემლები გადმოუგორდა - იცოდა, რომ მისი შვილის დღეები დათვლილი იყო და სიცოცხლეს ვერ უყიდიდა...

 

დიახ, სიცოცხლის ყიდვა შეუძლებელია - უფალმა თვითონ იცის, ვინ როდის გაიყვანოს ამ ქვეყნიდან. აქედან გამომდინარე, ის კითხვის ნიშნებიც უადგილოა, ხანდახან რომ აღმოგვხვდება ხოლმე, როცა ჩვილის ან ახალგაზრდის იმ სამყაროში გადასახლებას შევიტყობთ!

 

როგორც წუთისოფლის სტუმრები, ერთ დროს ყველა იმ „სოფელში“ მივდივართ - ზოგი, ჩვენი გაგებით, ადრე, ზოგიც გვიან. თუმცა, ეს არ არის მთავარი - მთავარია, რა საუნჯეს ვაგროვებთ ამ წუთისოფელში და როგორ წარვსდგებით სამყაროს შემოქმედის წინაშე!

 

ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ უფალი მხოლოდ განსაცდელის ჟამს გვახსენდება. სხვა დროს კი, ამქვეყნიური სიამტკბილობის მორევში ვიძირებით!!!

 

ამბობენ, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი „საჩუქარია“ დღევანდელი მსოფლიოსთვის. თუმცა, ასეც რომ იყოს, რა შეღავათია ჩვენთვის - უფლის დაშვების გარეშე სამყაროში ხომ არაფერი ხდება და ესეც მორიგ განსაცდელად უნდა მივიღოთ...

 

დიახ, ეს არის მორიგი განსაცდელი ჩვენს დასაფიქრებლად და გამოსაღვიძებლად, რადგან, კაცობრიობა ისე დაშორდა უფალს, თუ ძალიან არ მოინდომა, მასთან მისასვლელ გზასაც ვერ გაიგნებს!!!

 

როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიოში აგორებულ პანიკას საქართველომაც აუბა მხარი - ქართული მედია იმდენად აღმოჩნდა „მოწოდების“ სიმაღლეზე, რომ მცირედ მორწმუნე მასაში ბოლო ჟამის (უფლის მეორედ მოსვლის) რეალური სურათი დახატა - მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ვირუსის გავრცელებას ქვეყანაში მასობრივი ხასიათი არა აქვს, ხალხი დაპანიკებულია! პანიკას კიდევ უფრო ამძაფრებს კვების პროდუქტებზე და მედიკამენტებზე კატასტროფულად გაზრდილი ფასები, რომელიც იმ უნამუსოების სინდისზეა, ვინც ამ კრიტიკულ სიტუაციაში ცდილობს დაპანიკებული თანამოქალაქეების ხარჯზე მოითბოს ხელი. თუმცა, ეს უნამუსოები იმაზე ნაკლებად ფიქრობენ, რომ ასეთი საქციელით ღვთის რისხვას ვერ გადაურჩებიან.

 

მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლება ახერხებს სიტუაციის რეგულირებას და ვირუსის გავრცელების წყარო მეტ-ნაკლებად განეიტრალებულია. თუმცა, დღევანდელმა განსაცდელმა (ჩვენდა სავალალოდ), კიდევ ერთხელ გამოაჩინა ქართული და ზოგადად, ადამიანურ ბუნებაში ღრმადჩაკირული ეგოიზმი - ხალხი მხოლოდ საკუთარი თავის ფიზიკურ (და არა სულიერ) გადარჩენაზე ფიქრობს. ამის დასტური, თუნდაც თვითიზოლაციის წესების დარღვევა და სუპერ და ჰიპერ მარკეტებში გაჩაღებული ზედახორაა.

 

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების მცირედმორწმუნეობაზე მეტყველებს. სხვანაირად, რა მნიშვნელობა აქვს, მარტო საკუთარი თავის ფიზიკურ გადარჩენაზე იფიქრო, თუ შენს გვერდით შენი ახლობლები არ იქნებიან. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წლით მეტხანს იარსებებ (დიახ, იარსებებ და არა იცხოვრებ) ამ აყროლებულ (მომიტევეთ, ასეთი შეფასება) წუთისოფელში, თუ უფალთან მისასვლელი პირი არ გექნება?!

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკუთარ სამწყსოს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა. საქართველოს საპატრიარქომ სპეციალური მიმართვაც გაავრცელა, სადაც მკაფიოდაა ჩამოყალიბებული, თუ რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ ამ განსაცდელის ჟამს და როგორ უნდა მოიქცეს მრევლი.

 

საპატრიარქოს მიმართვაში ყურადღება გამახვილებულია ერთ რიტუალზე, რომელიც ზიარების შემდგომ აღესრულება, კერძოდ, „სიტკბოების“ მიღების წესზე.

 

საპატრიარქო დასაშვებად, მიიჩნევს ზიარების შემდგომ, სასმელის („სიტკბოების“) მიღება მოხდეს „საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით“. თუმცა, იქვე მინიშნებულია, რომ ზიარების წესი (ანუ, მრევლის ერთი კოვზიდან ზიარება) არ იცვლება.

 

სხვათაშორის, მორწმუნე მრევლისგან ამის (საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით „სიტკბოების“ მიღების) აუცილებლობა ადრე არ მსმენია, თუმცა, „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“ გამონათქვამმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით მცირედმორწმუნე მრევლშიც იჩინა თავი! როგორც ჩანს, საპატრიარქომაც ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და მთავრობის რეკომენდაცია გაითვალისწინა.

 

ადრე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: ეკლესია არასდროს ყოფილა მრევლის დაინფიცირების (მომაკვდინებელი ვირუსების) წყარო - პირიქით, როგორც საპატრიარქოს ზემოხსენებულ მიმართვაშია ნათქვამი, იგი თავად არის „წყარო სიცოცხლის და მშვიდობისა“.

 

საქართველოს მთავრობა და ურწმუნო მრევლი (ეკლესიის დაუძინებელ მტრებთან ერთად) ამას ჰიგიენის დაცვის მოტივით ხსნიან.

 

თუმცა, ამ ერთი შეხედვით უწყინარი ცვლილების (რეკომენდაციის) მიღმა სხვა ჩანაფიქრი იმალება, რომელსაც ეკლესიის მტრები არც მალავენ.

 

უკვე აქტიურად მიდის საუბარი ზიარების საიდუმლოს (ერთი კოვზიდან ზიარება) შეცვლის აუცილებლობაზეც (ზიარება მოხდეს ერთჯერადი კოვზებით).

 

შეიძლება ესეც ერთი შეხედვით უწყინარ (ჰიგიენის, ვირუსისგან დაცვის) მოთხოვნად  ჩაითვალოს, რომ არა ეშმაკეულთა შორს მიმავალი გეგმები!..

 

ორიოდე დღის წინ, საქართველოს პარლამენტის წევრმა „ნაციონალებიდან“, რომან გოცირიძემ სოცქსელში რამდენიმესიტყვიანი სტატუსი გამოაქვეყნა: „ქების ღირსია საქართველოს საპატრიარქო. პირველი სწორი ნაბიჯი გადადგა და დაუშვა ერთჯერადი ან საკუთარი ჭიქების გამოყენება“... ტროლებმა და ურწმუნოებმა სტატუსი საჯილდაო ქვად აქციეს და არაორაზროვნად აღნიშნეს, რომ აუცილებელი იყო ზიარების წესის შეცვლაც, ანუ ერთჯერადი კოვზით ზიარება, რასაც გოცირიძის პასუხიც მოჰყვა: „მაგის დროც მოჰყვა!“

 

სტატუსს საკუთარი კომეტარით გამოვეხმაურე და მივანიშნე, რომ ავტორის სიტყვებში გარკვეული სარკაზმი და ჭეშმარიტი მართლმადიდებლებისთვის მიუღებელი პერსპექტივაც იკითხებოდა, რასაც გოცირიძის „ღრმაშინაარსიანი“ პასუხი მოჰყვა: „საპატრიარქო უფრო პროგრესულია, ვიდრე მრევლის ბნელი, ფარისევლური და ფანატიკური ნაწილი“.

 

იქაც ვუთხარი და ახლაც ვიმეორებ: ბნელი და ფარისეველი ერშიცაა და ბერშიც და ამაში არაფერია უჩვეულო, მაგრამ, რატომ მიდის ასე აქტიურად საუბარი ზიარების წესის შეცვლაზე ეკლესიის დაუძინებელი მტრებისგან?!

 

ხომ არ არის ეს „ცოტა გამაბედინეს“ სინდრომი, რომ მცირედი დათმობით უფრო მეტი მოითხოვონ და თუ ეკლესია და მრევლი არ აღმოჩნდება მოწოდების სიმაღლეზე, მიაღწიონ კიდეც?!

 

მეტი არა ჩემი მტერი, მათ (უკვე იატაკქვეშეთიდან გამოსულ საშიშ სექტას) თანამოქალაქეთა მომაკვდინებელ ვირუსისგან დაცვა აინტერესებდეს. მათი მიზანია უწესრიგობა შეიტანონ რწმენის ციტადელში - საქართველოს ეკლესიაში და მორწმუნე მრევლი უფლის მადლს განაშორონ.

 

თუმცა, ვფიქრობ, ეკლესიის მტერთა მეცადინეობა ამით არ დამთავრდება - მალე, ალბათ, ეკლესიიდან ხატების გატანის მოთხოვნაც წამოვა, რადგან, მათი აზრით, ხატს უამრავი ადამიანი ემთხვევა და რეალურად არსებობს „საშიშროება“, რომ მრევლი დაინფიცირდეს!

 

ღრმადმორწმუნეობა არ არის აუცილებელი იფიქრო, რომ კაცობრიობა, უპირველესად მორწმუნე მართლმადიდებელი მრევლი მკაცრი გამოცდის წინაშეა. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ჩავაბარებთ ამ გამოცდას და დანებდება თუ არა ეშმაკებს ეკლესია.

17-03-2020, 14:44
უკან დაბრუნება