ივერიონი / მიხეილ ჯიბუტი: არსებული მდგომარეობა უნდა აღვიქვათ უპანიკოდ, მაგრამ როგორც „მესამე მსოფლიო ომი“ და ვიმოქმედოთ შესაბამისად - საგანგებოდ!

მიხეილ ჯიბუტი: არსებული მდგომარეობა უნდა აღვიქვათ უპანიკოდ, მაგრამ როგორც „მესამე მსოფლიო ომი“ და ვიმოქმედოთ შესაბამისად - საგანგებოდ!

ერთი და იგივე მოვლენის სხვადასხვა აღქმა ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ თუ მოვლენის არსი ყველასთვის უცნობია, მაშინ იქმნება სიტუაცია, როდესაც მნიშვნელოვანი ხდება ყველა აზრი. ასეთი სიტუაციაა  კორონავირუსთან (SARC-Co-2) დაკავშირებით. ზერელე, ცინიკური დამოკიდებულების ეტაპი, ვფიქრობ, ქართულ საზოგადოებაში გავლილია. ეხლა საჭიროა პრობლემის გააზრება და მის წინააღმდეგ ერთიანი ეროვნული კონსესუსის მქონე სამოქმედო გეგმის შემუშავება. ამისთვის ყველამ თავისი ინტუიციური, პროფესიული, თუ თუნდაც ეთიკური, ან  რელიგიური პოზიციებით უნდა შეაფასოს გამოწვევა და შესთავაზოს საზოგადოებას  მოქმედების ზოგადი, თუ კონკრეტული გეგმის საკუთარი ხედვა, რომელთა შეჯერება - სინთეზით უნდა შეიქმნას ქვეყნის სამოქმედო გეგმა.

 

პირველი კითხვა, რაც ლოგიკურად იბადება არის ის, თუ რამ გამოიწვია ეს ვირუსი, საიდან გაჩნდა, ხომ არ არის ის სინთეზირებული რომელიმე სახელმწიფოს მიერ რაღაც მიზნებით და ა.შ.

 

ინფორმაციის ღია წყაროებში ამ საკითხზე უამრავი მასალაა უკვე გამოქვეყნებული და იმათთვის, ვინც ვერ ახერხებს მათ  წაკითხვას, თუ სხვამ არ გააკეთა ეს, მე ცალკე გამოვაქვეყნებ  ამის შესახებ კონცენტრირებულ  და სისტემატიზებულ მასალას.

 

ვიცით რომ ვირუსი წამოვიდა ჩინეთიდან. ჩინეთი „აგრესორია“, თუ „მსხვეპლი“? - ეს შემდგომი და სხვა დონის სარკვევი თემაა. 

 

ჩინეთმა ვირუსის შესახებ განაცხადა 2019 წლის 31 დეკემბერს.

 

თუ როგორ და რატომ  წარმოიშვა ვირუსი, ეს  ეხლა არაა მთავარი საკითხი. რა მიზეზით წაიქცა პირველი დომინო მნიშვნელობა არ აქვს, ამ წუთას, როდესაც დომინოს ეფექტი ამუშავებულია მსოფლიოს მასშტაბით და ერთი მეორეს მიყოლებით დომინის ქვები იქცევა საქართველოშიც!

 

ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ქვათა ცვენა!

 

აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ ფაქტს: პროცესს აქვს მსოფლიო მასშტაბი, ხოლო მასთან ბრძოლას ლოკალური - ცალკეული ქვეყნების მიხედვით - ხასიათი!

 

საქმე გვაქვს გლობალიზაციის პირველ მსოფლიო კრიზისთან: მოვლენა - გლობალური, მოქმედება - ლოკალური!

 

თვით ნატოს ქვეყნებიც კი არ გაერთიანდნენ ამ გლობალური საფრთხის წინაშე?!

მტერი - ვირუსის სახით მთელ მსოფლიოს უტევს.

 

11 მარტს  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა კორონავირუსით გამოწვეული Covid -19 -ის პანდემია მსოფლიოში!

 

მან მოიცვა უკვე იმ დროისთვის 114 ქვეყანა! დღეისათვის ეს ციფრი რამდენიმე ათეულით მეტია (155)!

 

მეორე მსოფლიო ომში ამა თუ იმ ფორმით ჩართული იყო მხოლოდ 57 ქვეყანა!

 

ქვეყნების  მოცვის მიხედვით, ნამდვილად შეიძლება ეწოდოს აღნიშნულს „მესამე მსოფლიო ომი“.

 

მისი სპეციფიკა დღეისათვის იმაში მდგომარეობს, რომ ერთი ვირუსი ებრძვის მსოფლიოს, ერთი ყველას წინააღმდეგაა და ყველა კი - თავ - თავისთვის!

 

სირთულეს ქმნის ის, რომ არც მტერი და არც ფრონტის ხაზი არ ჩანს - ყველა შეიარაღება - ატომისა და წყალბადის ბომბები, რაკეტები და ავიაცია, მსოფლიო ლიდერები -ტრამპით დაწყებული და პუტინით დამთავრებული, მილიარდერები, თითოეული ჩვენთაგანი - სასაცილოდ უსუსური ვართ ამ უხილავი ნაძირალა მიკროარსების წინაშე

 

იარაღად გამოყენებულია ადამიანი - უცებ თითოეული ჩვენთაგანი შეიძლება გადაიქცეს ადამიან - ვირუსად, ვირუსულ იარაღად! და ასე იქნება მანამ, სანამ არ შეიქმნება პრეპარატი, რომელიც თავიდან აგვაშორებს, ან განკურნავს ამ ვირუსით გამოწვეულ  მოცემულ ავადმყოფობას. დღეისათვის ასეთი პრეპარატი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით -არ არსებობს!

(https://www.who.int/ru/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/advice-for-public/q-a-coronaviruses)

 

ფრონტის ხაზი რომ დაენახათ, სახელმწიფოებმა ინსტიქტურად ჩაკეტეს საზღვრები, მტერი რომ შეემჩნიათ თავისი მოქალაქეები გამოჰყვეს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან - ეს უდიდესი შეცდომაა და უფრო შიშით, ვიდრე გონებით მოქმედებას ჰგავს!

 

ჩემი აზრით, ეხლა უნდა შეკრებილიყო გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და შეემუშავებინა საერთო მტრის წინააღმდეგ საერთო მოქმედებათა გეგმა - თუნდაც იგივე საზღვრის ჩაკეტვა ყველა სახელმწიფოს გამოეცხადებინათ ერთ და იმავე დროს, რამოდენიმე დღეს - მოეხდინათ ავადმყოფების იდენტიფიცირება და ავადმყოფობის ლოკალიზება! 

 

ეს საბოლოო ჯამში მაინც ასე მოხდება, მანამდე კი საქართველო უნდა ამოვიდეს იმ მოცემულობიდან, რაც არის.  არც ერთი პრო-ისტობა არ მოქმედებს. ქართველებმა უნდა მივხედოთ ჩვენ თავს!

 

ამისათვის საჭიროა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომლის შექმნისა და განხორციელების შესაძლებლობა მხოლოდ ხელისუფლებას გააჩნია - ევალება და მან უნდა განახორციელოს!

 

პირველი პარამეტრი დროითია, თუ რამდენხანს შეიძლება გაიწელოს ვაქცინის შემუშავება? უნდა ავიღოთ მრავალვარიანტიანი სცენარი -  3 თვე, 6 თვე და 12 თვე. შემდეგ უნდა დაიგეგმოს მოსახლეობის დაინფექცირების მასშტაბები, ზღვარი რომელზეც ქვეყანა შეძლებს ეპიდემიის შეჩერებას  - მოსახლეობის 0,5 %, 1%, მეტი  თუ მეტი.

 

დაუყონებლივ  უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა - როდესაც კრიზისის მართვა განხორციელდება ერთი ცენტრიდან, მოქნილი გახდება გადაწყვეტილებების მიღება და რეალიზება, რეკომენდაციები გადაიქცევა სავალდებულო ნორმებად, ინფექციის გავრცელების ხელშეწყობა გახდება მკაცრად დასჯადი, გაადვილდება უბედურებაზე ხელის მომთბობთა - თაღლითების, სპეკულანტების, ხაზინის ქურდების - გამომჟღავნება და დასჯა, მოტივირებული გახდება მოსახლეობის ერთიანობა „საერთო ნიადაგზე“ - დეპოლიტიზებულ ნიადაგზე და სხვა.

 

საგანგებო მდგომარეობის ირველ ეტაპად უნდა განისაზღვროს დაავადების გავრცელების შეჩერება, როდესაც მოხდება ავადმყოფთა რიცხვის  ზრდის შეჩერება, შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გაგრძელებით ან სხვა გზით - ავადმყოფობის შემცირება და ბოლოს, პანდემიის დასრულება.

 

ამასთან, მე ვთავაზობ საზოგადოებასა და ხელისუფლებას, Covid -19 -ის პანდემია განიხილოს, ვიდრე არ იქნება შესაბამისი ვაქცინა, როგორც ბიოლოგიური იარაღისა და ბიოლოგიური შეტევის შედეგი!

 

თანაც ყველაზე ამაზრზენი ფორმით, როდესაც  მომსპობი ბიოლოგიური ქობინის მატარებელი ჩვენ/ჩვენი უახლოესი ადამიანები არიან! 

 

მალარიის დროს იცი რომ მისი გადამტანი კოღოა და ამოცანა მარტივია - უნდა გაანადგურო კოღო! მოცემულ შემთხვევაში ხომ მსგავსი რამის გაფიქრებაც შემზარავია!  დაავადებული ადამიანი უნდა გადარჩეს! სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არაა პასუხი იმაზე, ავადმყოფობა გადატანილი პიროვნება იძენს იმუნიტეტს თუ არა და შეიძლება თუ არა დაავადდეს ხელმეორედ, არც ცხოველებზე ვირუსის გადასვლის საკითხია გარკვეული!

 

საომარი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ქმედებების გარდა, არ ჩანს ერთი ქვეყნის მაშტაბით მოცემული პანდემიის ლოკალიზებისა და მოხსნის ამოცანის გადაწყვეტის შესაძლებლობა!

 

ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში და რასაც თვალს ვადევნებთ - ხელისუფლების ერთი შტოს - მთავრობის აქტივობები და სამედიცინო პერსონალის თავდადება ( ტაში მათ!), აგრეთვე ცალკეული პირების უმოწყალო ექსპლოატაცია (მაგალითად ამირან გამყრელიძის!). რას აკეთებს ამ დროს საქართველოს პარლამენტი, სასამართლო, პრეზიდენტი? ნახეთ მათი ვებ-გვერდები და გაიგებთ - მათი დღის წესრიგი სრულებით არაა დაძაბული! რატომ? - არ აქვთ განსაკუთრებული მოქმედების გეგმა!

 

მოსახლეობას მთავრობის მიმართ გაუჩნდა დადებითი იმპულსები. ამ ხელისუფლების ჩემს ახლობლობაში ყველაზე მხარდამჭერმა აქტივისტმა - ზურაბ თოიძემ გახარებულმა აღნიშნა: „არაერთხელ მითქვამს და დამიწერია, რაშიც კიდევ უფრო დავრწმუნდი ბოლო დღეებში... ამ ხელისუფლებას აქვს საკმაო რესურსი, პატრიოტიზმიც, ინტელექტიც, ცოდნაც, უკვე გამოცდილებაც და რაც მთავარია, საკუთარი მოსახლეობის პატივისცემა, იმისათვის, რომ უკეთ იმოღვაწეოს და ყველა დარგში უკეთესი შედეგები ჰქონდეს“ (https://www.facebook.com/zurab.toidze.9).

 

ვთქვი და გავიმეორებ:

 

ჯერ ერთი გამოწვევა უნდა დასრულდეს და შემდეგ უნდა მივხედოთ მეორეს და ა.შ. ეს მიდგომა ოჯახის დონეზე შეიძლება კიდევ გამოდგეს, მაგრამ სახელმწიფოსთან მიმართებაში აბსოლუტურად მცდარი და მავნებელია. პირიქით, სწორედ რთული გამოწვევების დროს სახელმწიფომ, ხელისუფლების სახით, უნდა მოახდინოს სისტემური და კომპლექსური მოქმედების დემონსტრირება, უნდა შეზღუდოს და დააკორექტიროს საბაზრო მექანიზმების ქცევები ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ...

 

ჩინური კორონავირუსის შედეგად ევროპული გაგებით ოთხი - საქონლის, მომსახურების, სამუშაო ძალისა და კაპიტალის - გადაადგილების თავისუფლებიდან, ყველაზე შეზღუდული - სამუშაო ძალის გადაადგილება კიდევ უფრო მეტად და მთელ რიგ შემთხვევაში აბსოლუტურად შეიზღუდა.ერთმანეთის თანმიმდევრობით ქვეყნები, მართალია საკარანტინო მიზნებით და გარკვეული დროით, მაგრამ რეალურად დაიხურა/დაიკეტა სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მართალია, აქ რაიმე წესრიგი არ არსებობს და ყველა ქვეყანა მოქმედებს თავისი სამრეკლოდან დანახული პრობლემის აღქმის მიხედვით.“ (http://iverioni.com.ge/16742-mikheil-jibuti-koronaze-uaresi-virusis-epidemiis-safrthkhe-saqarthveloshi.html)

 

აუცილებელია საგანგებო მდგომარეობა ბიოლოგიური ომის კონტექსტით და შესაბამისი მოქმედების გეგმა!

 

საგანგებო მდგომარეობის ელემენტები ქვეყანაში ე.წ. უწყებათაშორისი კომისიის მიერ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შემოტანილია და  მათი არასისტემური და არაკომპლექსური ხასიათის გამო  გარკვეული დროის შემდეგ ბევრი ნეგატიური სოციალურ -ეკონომიკური შედეგის მიზეზი შეიძლება გახდეს!

 

თუ პანდემიაა, მაშინ მასთან ბრძოლას უნდა ხელმძღვანელობდეს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც ამისთვის ინსტიტუციურად და კანონმდებლობითაა მოწოდებული. 

 

მაგრამ საზღვრის ჩაკეტვა, ტრანსპორტის შეზღუდვა, ხომ შორდება ამ სამინისტროს კომპეტენციას? და ხომ წარმოადგენს საგანგებო ღონისძიებებს?

 

თუ ეს ღონისძიებები დაკავშირებულია ბიოლოგიურ იარაღთან, ან თუნდაც უფრო კორექტულად ბიოლოგიური იარაღის ტოლფას ვირუსთან, მაშინ მასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს  კომპეტენცია ხომ განსაზღვრულია 2018 წლის 19 აპრილის საქართველოს მთავრობის დადგენილებითა   „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“  და მას უნდა უხელმძღვანელოს თანამდებობრივად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ.

(https://matsne.gov.ge/ka/document/view/4725908?publication=0).

 

ე.ი. აქაც არის ღობნისძიებათა ელემენტები, რომელიც შორდება სუს-ის კომპეტენციის ფარგლებს და წარმოადგენს საგანგებო ღონისძიებებს?

 

და თუ ადგილი აქვს შერჩევით საგანგებო ღონისძიებებს და ისინი არ ატარებენ კომპლექსურ და სისტემურ ხასიათს, მაშინ დადებითი შედეგის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.  უფრო მეტიც, ადრე თუ გვიან, მაინც მივა ხელისუფლება და ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე და უკვე დიდი ეკონომიკური და სოციალური დანახარჯებით.

 

საქმე იმაშია, რომ კორონავირუსით დაავადებათა გავრცელება იმდენად ნეიტრალური იყო საქართველოს ეკონომიკაზე თავიდან, ვიდრე ის არ დაფიქსირდა საქართველოში, რომ საქართველოს ხელისუფლებას ფაქტობრივად პრევენციისათვის 28 იანვრამდე  სერიოზული აქტივობა არ ჰქონია“.

 

მაგალითად,პრემიერ-მინისტრი 21-24 იანვარს  შვეიცარიაში დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა და კორონავირუსის გამოწვევა საქართველოსთვის არ ჰქონდა დღის წესრიგში ჩანიშნული.

 

მხოლოდ 30 იანვრის - მთავრობის პრესსამსახურის ცნობით: „პრემიერმა მთავრობის სხდომაზე კორონავირუსთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის ქვეყანაში შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით ეფექტური ნაბიჯები გადადგა.

 

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის განკარგულებაზე, რომლის საფუძველზე, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდა.

 

„ჩვენ მივიღეთ პირველ რიგში გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს დროებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტას და შესაბამისად, ეს იყო ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რომელიც დღეს შეგვეძლო გადაგვედგა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ამასთან, პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში გამოვლინდება მსგავსი ვირუსი, ჯანდაცვის სისტემა დღეს სრულად არის მზად,  შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას.

 

„ჯანდაცვის სამინისტრო არის ამ მიმართულებით მაკოორდინირებელი ორგანო, სხვა უწყებებიც და შესაბამის უწყებებს მინდა ვთხოვო, რომ სრულად კოორდინირებული შესაბამისი ქმედებები ჰქონდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.“ (http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=544&info_id=75035).

 

პრემიერ-მინისტრი  ფიქრობდა 27 თებერვლამდე, რომ „ჯანდაცვის სამინისტრო“ (ასეთი სამინისტრო ქვეყანაში არაა, არის  „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“) იქნებოდა კოორდინატორი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში, თუმცა როდესაც 26 თებერვალს პირველი Covid -19 - ით დაავადებული შემოვიდა ქვეყანაში ირანიდან, მან 27 თებერვალს მთავრობის სხდომაზე, ისაუბრა საკოორდინაციო უწყებათშორისო საბჭოს შესახებ, რომელიც - მისი თქმით, 28 იანვარს შეიქმნა.

(https://www.youtube.com/watch?time_continue=5&v=KzZnZc48oWA&feature=emb_logo).

 

ასეთი საბჭოს შექმნის შესახებ დოკუმენტი, მისი დებულება, შემადგენლობა საჯარო საინფორმაციო სივრცეში ვერ მოვიძიე. 

 

ბედნიერი ვიქნები თუ მხოლოდ ჩემი „მოუხერხებლობის“ ბრალი იქნება ასეთი დოკუმენტის მიუგნებლობა.

 

თუმც, ეჭვის ჭია იმანაც გააღვივა, რომ უკვე 13 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით „პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობამ პირველივე დღიდან შექმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მოქმედებს ყოველდღიურ რეჟიმში“ (http://government.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=541&info_id=75561): რომელი „პირველი დღიდან?“. ინტუიტიურად, მე მგონი აქ, თუ საბჭოს 28 იანვარს შექმნის დოკუმენტი არ არსებობს, ადგილი აქვს მთავრობის მხრივ თავის დაზღვევას: ვინმემ რეაგირების დაგვიანებაში ბრალი არ დაგვდოსო!

 

ჩემი გამოცდილებით, მათ შორის საგანგებო სიტუაციების დროს,  ყველაზე დიდი ფინანსური და ეკონომიკური დანაკარგები არასაჯარო, არაფორმალიზებული და კოლექტიური პასუხისმგებლობის (რეალურად „კოლექტიური უპასუხისმგებლობის“) საბჭოებითა და კომისიებით ხელმძღვანელობის დროს ხდებოდა. არ უნდა გამოვრიცხოთ ასეთი რამ დღეისათვის?

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, 13 მარტს  მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად „ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა“ წარადგინა.

(http://government.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=541&info_id=75561). 

 

ამის შესახებ ინფორმაციაში წერია „მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველას კარგად გვესმის, რომ კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვუპასუხოთ.“(იქვე). ამ გამონათქვამში თითქოს ყველაფერი სწორია, მაგრამ კონკრეტული ქმედებისათვის მეთოდოლოგიური და ფაქტობრივი შეცდომაა. კორონავირუსი კი არის გლობალური გამოწვევა, მაგრამ საქართველოსათვის ის საქართველოს გამოწვევაა ამჟამინდელი ფაქტოლოგიური მდგომარეობით და საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი გეგმა , ვიდრე მსოფლიო გაერთიანდება ამ ბრძოლაში. 

 

საქმე იმაშია, რომ  „COVID -19-თან ბრძოლის გლობალური ღონისძიებები იმყოფება კრიტიკულ ფაზაში“ (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს ადხანომ გებრეიესუსის შეფასებით - https://www.who.int/ru/news-room/detail/13-03-2020-who-un-foundation-and-partners-launch-first-of-its-kind-covid-19-solidarity-response-fund) და ამ ბრძოლისათვის ფონდის ჩამოყალიბება გაეროს ფონდის, Swiss Philanthropy Foundation და ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. (შესაწირავი მისამართი: https://www.covid19responsefund.org). ამ ფონდში პირველი შენატანები შევიდა. მაგალითად  აზერბაიჯანმა  5 მლნ., გერმანიამ -27 მლნ.,ჩინეთმა - 20 მლნ., აშშ -მ -7,287მლნ. აშშ დოლარი შეიტანეს (https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/donors-and-partners/funding), მაგრამ ჯამში მისი სიდიდე მხოლოდ ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორი-სამი თვის აქტივობებისთვისაა საკმარისი.

 

თითქოს ყველაფერი სწორია, როდესაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ „ვირუსის ზემოქმედება ეკონომიკაზე გლობალურად იქნება საკმაოდ დიდი და მთავრობა სრულად უნდა იყოს მზად, რომ ეკონომიკას და ბიზნესს მიეხმაროს, რათა შერბილდეს დარტყმა ეკონომიკაზე, ნეგატიური ზეგავლენები იყოს პროგნოზირებადი და მათზე რეაქცია იყოს დაგეგმილი“ (http://government.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=541&info_id=75561), მაგრამ არაფერს ნიშნავს საქართველოს შიგნით გასატარებელი ღონისძიების განსაზღვრისათვის. მსოფლიო ეკონომიკის ზრდა   საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით მესამედით შემცირდება. 

 

რამდენით შემცირდება საქართველოს ეკონომიკის ზრდა? საერთოდ შეძლებს საქართველო ეკონომიკის ზრდის შენარჩუნებას?

 

ყველა შემთხვევაში კორონაპრობლემების დაწყებამდე არსებული საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზის შეცვლას და პროგნოზირებული ლარის კურსის ცვლილებას (14,15,16,17 მარტს ლარის კურსის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმის დროს 1 აშშ დოლარი ღირდა შესაბამისად 2,9992ლარი  პირველ სამ დღეს და 3,0118ლარი 17 მარტს) არ უნდა მოჰყვეს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ცვლილება?

 

ადამიანები იმედის თვალით შეხვდნენ მთავრობის „თანაგრძნობას“ რასაც მოკლებულები არიან, მაგრამ გაოცებას იწვევს ზოგიერთი პროფესიონალი ეკონომისტის აღფრთოვანება, ანალიზის ნაცვლად იმ ეკონომიკური სტიმულებისა და მოქმედებების გამო, რომელსაც ხელისუფლება აცხადებს და ახორციელებს მისი აზრით „ეკონომიკაზე მოსალოდნელი დარტყმების შესამსუბუქებლად“:

 

-„ყველა კომპანიისთვის, ობიექტური საჭიროების შემთხვევაში, საბანკო სექტორი გარანტირებულად უზრუნველყოფს სესხების რესტრუქტურიზაციას უახლოესი 3-4 თვის განმავლობაში....მხოლოდ ამ საშუალებით, ტურიზმის სექტორში ჩვენ დავტოვებთ დაახლოებით 100 მილიონი ლარის ფინანსურ რესურსს.“

 

 -„ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ფიზიკური პირები, აუცილებლობის შემთხვევაში, 3 თვის განმავლობაში გათავისუფლდებიან სასესხო მომსახურების ვალდებულებისგან.“

 

- „მთავრობის მიერ... ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნესსუბიექტებს (სასტუმროები და რესტორნები, ტურისტული სააგენტოები, სატრანსპორტო კომპანიები, ასევე საექსკურსიო საქმიანობით დაკავებული კომპანიები - მ.ჯ.)  მომდევნო 4 თვის ქონების და  საშემოსავლო გადასახადები 1-ელ ნოემბრამდე გადაუვადდებათ“.

 

- სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად, ეს თანხა გაორმაგდება და ეკონომიკას, კომპანიებს დამატებით 600 მილიონი ლარი დაუბრუნდებათ... აღნიშნული ინიციატივა  ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკას დღგ-ს საშუალებით 1,2 მილიარდი ლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს დაუბრუნებს.“

 

გადავადება, დაბრუნება, გათავისუფლება მოცემული პირობებით - „ობიექტური საჭიროების“, “აუცილებლობის“ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების აღსრულებას რეალურად გაართულებს, თუმცა ერთ კითხვაზე პასუხს მაინც მოითხოვს: ხელისუფლება გეგმავს ეკონომიკაში კორონაკრიზისის შექმნამდე სტატუს-ქვოს აღდგენას 3 თვეში? საერთოდ თავის გადაწყვეტილებებში რას ეყრდნობა მთავრობა?

 

მით უმეტეს, თუ საბიუჯეტო შემოსავლების გამსაზღვრელი მაჩვენებლების გაუარესების არსებული ტენდენცია იქნება შენარჩუნებული, მაშინ ქვემოთ მოცემული დაპირებული საბიუჯეტო ხარჯების წყარო რა იქნება?

 

- „ამოქმედდება სასესხო მომსახურების კომპონენტის საპროცენტო განაკვეთის დაფინანსების უკვე ძალზე კარგად აპრობირებული მექანიზმი. აქ გავზარდეთ სასტუმროების ზომა და 4-დან 30 ნომრამდე სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთს მოემსახურება სახელმწიფო, სახელმწიფო რესურსიდან. ეს შეეხება დაახლოებით 2 000 სასტუმროს.“

 

 - „მთავრობის გადაწყვეტილებით, კაპიტალურ ხარჯებში და ინფრასტრუქტურულ პროექტებში წლის ბოლომდე დამატებით ინვესტირებული იქნება 300 მილიონი ლარი“. 

 (http://government.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=541&info_id=75561

 

აღნიშნული „დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ოდენობის რესურსის ეკონომიკაში მიმართვა ან დატოვება კომპანიებისთვის“ მოითხოვს სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებს. თუმცა, როდესაც პროცესები ვითარდება დღეების მიხედვით, საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისი სამოქმედო გეგმა გაწერილი ხარჯებში-აუცილებელია!

 

ხელისუფლება კი - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას რაღაც მიზეზის გამო გაურბის! 16 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც კვლავ აღინიშნა, რომ „...დღეს არ დგას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა, თუმცა საქართველოს მთავრობა პირველივე დღიდან მიჰყვება კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და გადაწყვეტილებებს მოვლენების განვითარების შესაბამისად მიიღებს“.

(http://government.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=541&info_id=75599). 

 

მთელი ჩემი პოზიცია საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობის შესახებ სწორედ იმას ეფუძნება, რომ გადაწყვეტილებების მიღება ოპერატიულად, მოვლენების განვითარების შესაბამისად მოხდეს, როდესაც ამისათვის შემცირებულია გადაწყვეტილების მიღების პროცედურული ჯაჭვი და მისთვის საჭირო ფინანსები მობილიზებულია. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ამის ოპერატიულად გაკეთება ბიუროკრატიული მექანიზმებისა და კანონმდებლობის ნორმების უგულველყოფისა და დარღვევის გარეშე შეუძლებელია, ამასთან შეიძლება შეიქმნას გადაულახავი ფინანსური პრობლემები.

 

გამორიცხული არაა ხელისუფლების ფრაგმენტულმა გადაწყვეტილებებს შეექმნას აღსრულების პრობლემები. მაგალითად,მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, 17 მარტს „კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის“ (აშკარად  ორი სათაურის პრობლემაა - რა ჰქვია სინამდვილეში ამ საბჭოს და მისი შექმნის დოკუმენტი ნეტავ არსებობს?) მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება.“ „შესაბამისად, ქალაქში დარჩება მერიის ტრანსპორტი, ისევე, როგორც მეტრო, მაგრამ, მათ დაევალათ და ექნებათ ვალდებულება, ყოველდღიურად მოახდინონ ტრანსპორტის დეზინფექცია, შესაბამისად, აქ ჩვენ რისკების მართვა უკეთ შეგვიძლია, - განაცხადა გიორგი გახარიამ“.     

(http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=541&info_id=75612).

 

ძალიან საეჭვო გადაწყვეტილებაა. ეს ეხება სამარშრუტო ტაქსებს ქვეყნის მაშტაბით, თუ მარტო თბილისში და სხვა ქალაქებს არა? თბილისის გარდა ალტერნატივა მეტრო სხვაგან ხომ ვერ იქნება? აქ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი - პრემიერ-მინისტრი აღიარებს განსხვავებას მერიისა და კერძო ტრანსპორტის რისკების მართვაში. საგანგებო მდგომარეობა სწორედ ის მექანიზმია, როდესაც დადგენილ წესრიგს ერთნაირად ექვემდებარება ყველა იურიდიული თუ ფიზიკური პირი, მიუხედავად საკუთრების ფორმისა და დასაქმების სფეროს განსხვავებისა.

 

სამარშრუტო ტაქსების ნაცვლად თუ გადატენილი იქნება მსუბუქი ტაქსები, ან კერძო მანქანები? - სიტუაცია შეიცვლება?

 

სამწუხაროა, რომ საზოგადოებრივი აქტივობა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ცოტაა. კონკრეტული რეკომენდაციები წამოაყენეს პარლამენტარებმა გია ჟორჟოლიანმა და ბექა ნაცვლიშვილმა. http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/factions/patriotta-aliansi-social-demokratebi/axali-ambebi/gia-jorjoliani-mxolod-samtavrobo-uwyebebis-efeqtur-urtiertqmedebas-da-komunikacias-sazogadoebastan-sheudzlia-dagvicvas-riskebisa-da-panikisgan.page.  ეს რჩევები საინტერესოა, (მაგალითად მოსაზრება, რომ „მარტოხელა პენსიონრებისა და რისკ ჯგუფის ადამიანების დასახმარებლად მთავრობამ უნდა შექმნას სპეციალური სამსახური, სადაც ის ადამიანები დასაქმდებიან, ვინც შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გამო უმუშევრები დარჩნენ“), თუმცა   ფრაგმენტულია, წარმოდგენილია ჩამონათვლის პრინციპით და მათში არაა ანტიკრიზისული პროგრამის რეკომენდაცია. http://parliament.ge/ge/parlamentarebi/news1/beqa-nacvlishvili-xelisuflebas-rekomendaciebit-mimartavs.page

 

“დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ სწორად შეაფასა შექმნილი მდგომარეობა. მან დაადასტურა, რომ  „საქართველოში არის საგანგებო მდგომარეობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე“. https://info9.ge/sazogadoeba/220977-saqarthvelo-msoflioshi-iqneba-erth-erthi-pirveli-qveyana-romelic-giliardisgan-koronavirusis-samkurnalo-preparats-miighebs.html?lang=ka-GE

 

ახელმწიფოს მართვაში არ არის იმაზე დამაზიანებელი, ვიდრე ის, რაც რეალურად არის არ მოაქციო სამართლებრივ ნორმებში. ეს არის კვლავ და კვლავ წესრიგის პრობლემა. ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ ილუზია, რომ ვირუსის შიდა გავრცელება გასავლელი ეტაპია, მაგრამ, როგორც ჩანს ფიქრობენ, რომ საგანგებო მდგომარეობა საჭირო არაა, რადგანაც სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ან არსებობს ყველა რესურსი, რომ მომავალშიც დაექვემდებარება. ეს , ჩემი აზრით, პრობლემისადმი ცალმხრივი მიდგომაა. ვირუსოკრიზისმა თავისი უარყოფითი როლი შეასრულა და აამოძრავა ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკის ფუნქციონირების შემაფერხებელი ფაქტორები. ამიტომ, უნდა განისაზღვროს კორონავირუსთან ბრძოლის გვერდით უკვე ეკონომიკური მდგრადობის პრობლემები. საფრთხე იმაშია, რომ ეკონომიკური პროცესები არ გავიდეს კონტროლს გარეთ! ყველა ის საგანგებო ღონისძიებები, რომლითაც ხელისუფლება ერევა საბაზრო პრინციპებზე მოწყობილ ეკონომიკურ ცხოვრებაში, იძლევა ეკონომიკაში არასწორ იმპულსებს. თუ არ გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა, მაშინ ეკონომიკა ვერ იგებს, რა უფლებებით ერევა სახელმწიფო იქ, სადაც არსებული წესრიგით არ უნდა ერეოდეს! სახელშეკულებო სამართალზე მოწყობილი ეკონომიკური წესრიგის დარღვევა გაუგებარი ხდება კონტრჰაგენტებისთვის.  საბაზრო ეკონომიკის აქტიორებს ჭირდებათ  გამოკვეთილი, გარკვეული მინიშნება, რომ მიმდინარე სახელისუფლებო ჩარევები გამოწვეულია საგანგებო სიტუაციით, ანუ ფორს - მაჟორული სიტუაციით. ვერავინ ვერ დაასაბუთებს პარტნიორთან ფორს-მაჟორულ სიტუაციას ამჟამად არსებულ სამართლებრივ ჩარჩოებში!

(ამის დასაბუთება იხ. http://www.barristers.ge/ge/page/news_item/1519)

 

ასეთი ცვლილებების ფონზე  უცვლელი რჩება  ყველა გეგმა და სტრატეგია? არ უნდა განახლდეს   საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 თებერვლის № 164 დადგენილებით დამტკიცებულია „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია (http://gov.ge/files/382_40792_816495_164-1.pdf)? თუ რაღაც დროის შემდეგ ყველა გაწეულ ხარჯს შევიტანთ საბიუჯეტო ცვლილებებში და დავხურავთ ისტორია? პერეფრაზით თუ ვიტყვით : „პანდემია ყველაფერს ჩამოწერს!“

 

საგანგებო მდგომარეობა - ესაა წესრიგი სქემით: გეგმა - აქტივობები - პასუხისმგებლები - ფული. თუ ეს ყველაფერი რეალურად შეცვლილია, მაშინ ახალი წესრიგი ყოფილა დამყარებული! მაგრამ ის რეგულირდება ძველი წესრიგით! ეს ფილოსოფიური შეუსაბამობა არაა!  მე უნდა ვიყვირო! ამასთან, ისიც უნდა ვთქვა, რომ დღეს საგანგებო სიტუაციის გამოუცხადებლობა თითქოს ეკონომიკაში საელმწიფო ჩარევის შედეგებს ამსუბუქებს - არაა სწორი. პირიქით, საგანგებო სიტუაცია გასაგებს და პროგნოზირებადს ქმნის ასეთ ჩარევას, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის. უფრო მეტიც, ეს ჩარევები საბაზრო პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს, დღევანდელი სუბიექტური, იმპერატიული გადაწყვეტილებების ნაცვლად. მაგალითად, ფასების ნაწილში უნდა გამოცხადდეს, რომ საგანგებო პერიოდში დადგენილია ბიზნესსუბიექტებისათვის რენტაბელობის ზომა არ იყოს 30, 50, ან რაღაც %-ზე მეტი (ეს შეეხება ყველა სეგმენტს, მათ შორის განათლებისას დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პერიოდში), რესტორნები და კვების ობიექტები მიიღებენ სახელმწიფო დაკვეთას უფასო სასადილოების ბენეფიციართა სახლში  მომსახურებისთვის, პურისა და პურპროდუქტების ბიზნესს, რომელსაც გააჩნიათ თავისუფალი საწყობები და მოცულობები ელევატორებში მიეცემათ სახელმწიფოს მიერ თანხა ამ სიმძლავრეების ფქვილითა და მარცვლეულით შესავსებად, და ა.შ.

 

საგანგებო გეგმის შედგენის შემთხვევაში უპირველესი რეკომენდაცია ისაა, რომ სასწრაფოდ მოხდეს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სცენარების კორექტირება 2020 წლისათვის, განხორციელდეს საბიუჯეტო პოლიტიკის რაციონალიზება და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირეული გარდაქმნა, ხარჯების ოპტიმიზება და მათი მობილიზება ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის და მისი გავრცელების შედეგად პირდაპირი და ირიბი სოციალურ-ეკონომიკური უარყოფითი შედეგების სალიკვიდაციოდ.  ჩემი ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა  სასურსათო და კიბერ - უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ერთმა უნდა უზრუნველყოს რეალური არსებობა, მეორემ ვირტუალურ სივრცეში გადატანილი  თითქმის მთელი სახელმწიფო, ბიზნეს და ადამიანური ურთიერთობების  უწყვეტობა.

 

გაზაფხული ეხლა შედის ხვნის პერიოდში და ეხლაა დრო სახელმწიფომ განახორციელოს ხვნა-თესვის პროგრამა, რომელსაც გამოიყენებს ერთი მხრივ, საზოგადოებრივი დასაქმების მექანიზმად და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის დაცვას სასურსათო დეფიციტისა და შიმშილისგან.

 

ხელისუფლების ქცევაში ბევრი რამ მეთოდოლოგიური და თეორიული ცოდნის დეფიციტითაა გამოწვეული. ხელისუფლება არ წყალობს მეცნიერებას, თუმცა, არც მეცნიერება აღარ უმტვრევს მას კარებს. საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემია კანონმდებლობით დაკისრებული მთავრობის მრჩევლის ფუნქციის შესრულების ნაცვლად კოლექტიურ თვითიზოლაციაშია. არადა, გამოსავალი მხოლოდ სწორ, არგუმენტირებულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ხედვაშია. მიმდინარე პროცესებმა კორონავირუსთან დაკავშირებით მთავარ პრობლემად დააყენა ადამიანის ჯამრთელობა და  მოიცვა ადამიანთა ურთიერთობები, შეზღუდა მათი გადაადგილება ქვეყნებს შორის, შემდეგ ქვეყნის შიგნით, გააუქმა ლხინისა და ჭირის შეკრებები, დაშალა საჯარო და კერძო დაწესებულებათა კოლექტივები, ყველა სფეროს ადამიანები დაფანტა და ჩაკეტა ოჯახებში, არია უამრავი გეგმა და ბედი და შეუმჩნევლად, მაგრამ დაიწყო ცხოვრების ყველა სფეროზე ზემოქმედება, მათ შორის ეკონომიკაზე. წარმოშვა საბაზრო ეკონომიკისათვის წარმოუდგენელი მოვლენა - დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა წამალზე (მისი არ არსებობის გამო) და დეფიციტი (სადენზიფექციო საშუალებებზე, პირბადეებზე და ა.შ.). პანდემიამ შეამცირა ჩინეთის ეკონომიკური ზრდა და დაეცა მოთხოვნა ნავთობზე, რასაც მოჰყვა აშშ დოლარის კურსის აწევა. ამ უკანასკნელმა გამოიწვია ლარის კურსის დაცემა საქართველოში. ნავთობის ფასის დაცემა საქართველოსათვის პოზიტიური ფაქტორია, მაგრამ ის ვერ ანეიტრალებს ინვესტორების თავშეკავებულობას და საერთოდ ინვესტიციების ქვეყნიდან გატანის ტენდენციებს, საქართველოს სასურსათო დამოკიდებულებას იმპორტზე.  სწორედ აღწერილი ტენდენცია - არაეკონომიკური ფაქტორებით -ბიოლოგიური იარაღის გამოყენებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ზრდის ხარისხის განსაზღვრის საფუძველზე უნდა შედგეს საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების საგანგებო გეგმა  სხვადასხვა სცენარითა და პერიოდისთვის, რომლის განხორციელების პირველი ეტაპი მოითხოვს ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას. 

 

 

18-03-2020, 13:08
უკან დაბრუნება