მთავარი რესურსები მართვის გარეშეა დარჩენილი
საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო „ივერიონი“ გლობალური გამოწვევების პრევენციისა და ეროვნული ეკონომიკის გაჯანსაღების ღონისძიებებზე აგრძელებს საუბარს ცნობილ მეცნიერთან, საზოგადო მოღვაწესთან, საქართველოს მინისტრთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარესთან - ნოდარ ჭითანავასთან.
იური პაპასქუა: ბატონო ნოდარ, თქვენი 10 თეზა ერთპოლუსიან მსოფლიოში გლობალურ გამოწვევაზე, უაღესად საინტერესო, საყუადღებო მოსაზრებებთან ერთად, შეიცავს სტრიქონებს შორის ჩაკირულ ზოგად საკაცობრიო მინიშნებებსერთ თარგზე გამოჭრილი პლანეტარული მსოფლხედველობით განსაზღვრული ცხოვრების მოდელის შეცვლის, გლობალურ პროცესებთან ნაციონალური სახელწიფოების ადაპტირების გამრავალფეროვნების, სახელმწიფოს, როგორც სისტემაშემქმნელი ფაქტორის როლის ამაღლების, გარედან ნაკარნახევი ილუზიებით მუდმივად დახშული ეროვნული სულისკვეთების გაღვივების, მაქსიმალური მოგების ამოღებაზე აგებული ეკონომიკური სისტემის გადასინჯვის, სოციალურად პოლარიზირებული და დემორალიზირებული ეკონომიკის პირდაპირი შედეგის - მსოფლიოს 5 უბედურების: სიღარიბის, უმუშევრობის, უწიგნურობის, ავადმყოფობის, უთანასწორობის დაძლევის გადაწყვეტისთვის საერთო ძალისხმევის გაერთიანების, რესურსების ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობის შესახებ.
მოვლენის შეფასება (ავადმყოფისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმის მსგავსად) უაღრესად მნიშვნელოვანია შემდგომი ღონისძიებების განსაზღვრისთვის.
მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, დღეს მთავარ პრიორიტეტად ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა გაჟღერებული, თუმცა პარალელურად, ადამიანის სიცოცხლის მოსპობის (ომის, ტერაქტების, დაპირისპირებების) სამზადისიც მიმდინარეობს. პანდემიის დაძლევისთვის ჩანიშნულ ღონისძიებებში (დარჩი სახლში, საგანგებო მდგომარეობა, კარანტინები, კომენდატის საათი), არანაკლებ საშიში კრიზისების (ეკონომიკის გაჩერების, ინფლაციის, ვალუტის დევალვაციის, შიმშილის, სხვა სახის ავადმყოფობების) მომასწავებელი საფრთხეებიც ილანდება.
საღი აზრი ითხოვს მდგომარეობის არამარტო შეფასებას, არამედ აქედან გამოსვლის ღონისძიებების დასახვას, გაჩერებული ეკონომიკის ძილბურანიდან გამოყვანას, ხელისუფლებისათვის გონივრული რჩევების მიწოდებას. თქვენი აზრით, რა არის მთავარი და გადაუდებლად უპირველესი, რაც აქედანვე უნდა დაისახოს და შესრულდეს?
ნოდარ ჭითანავა: ასეთ რთულ, თანაც გლობალური წარმომავლობის სწრაფად ცვალებად ვითარებაშიც კი, ლოკალური პოზიციებიდანაც შეიძლება მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ნეგატიური და პოზიტიური ფაქტორების დანახვა, აგრეთვე იმის განჭვრეტა თუ როგორი იქნება ეკონომიკური გამოწვევა და მოსალოდნელი შედეგებიც, თუმცა მდგომარეობის სწორად აღქმას ართულებს ორი გარემოება - გლობალური პრესინგი და ეროვნული ეკონომიკის უკიდურესად მძიმე (კრიზისული) მდგომარეობა. პირველის ზეგავლენის შემცირება დამოკიდებულია სხვებზე და ბევრ ფაქტორზე, რომელთა შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს. შედარებით ადვილი ასახსნელია ეროვნული ეკონომიკის მდგომარეობის განმაპირობებელი გარემოებები. შესაძლოა, სხვასდიდ წარმატებად მიაჩნდეს მშპ ზრდის მიღწეული 5,1%, მაგრამ ის კვლავწარმოების მხოლოდ შეკვეცილ ფორმას წარმოადგენს. ამიტომ იგი თანამედროვე მსოფლიოს ფონზე ქმნის გაზვიადებულ წარმოდგენებს. ამ მაჩვენებლის გაზომვის ამოსავალი საწყისი - არა ეროვნული ეკონომიკის განვითარების პიკური დონე (1988 წელი), არამედ, ეკონომიკის ვარდნის ფსკერია, რომელიც 1994 წელს დაფიქსირდა. სწორედ ამ წელს 1988 წელთან შედარებით მშპ-მა შეადგინა - 27,8%, სამრეწველო პროდუქციის წარმოებამ - 15% (ეს დონე მიღწეული იყო 1954 წელს), სასოფლო-სამეურნეო წარმოებამ - 49% (1945 წლის დონე), ინვესტიციების მოცულობამ - 2,8% (1959 წლის დონე), ტვირთბრუნვამ - 33,4% (1940 წლის დონე).
მშპ ზრდის ჯაჭვური ინდექსი 1990 წლის მიმართ 2003 წელს შეადგენდა - 47,1%-ს, 2012 წელს - 80,1%-ს, 2017 წელს - 96,8%-ს (მათ შორის, სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - 42,2%, მრეწველობა - 60%).
2019 წელს მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვით 2018 წელს 1990 წლის მიმართ საქართველოში მშპ-მ შეადგინა 71%. ყველა პოსტსოციალისტურ ქვეყანას (გარდა საქართველოსი და უკრაინისა) გადალახული აქვს 1990 წლის დონე. ეს, რთულ კვანძად ჩამოყალიბებული პრობლემაა.
ანგარიშგასაწევია თვისებრივად ახალი საკუთრებითი ფორმების როლი ეკონომიკაში. კერძო საკუთრება დომინირებადი გახდა (მაგალითად, კერძო სექტორი იძლევა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თითქმის 100%-ს, სამრეწველო პროდუქციის 96%-ზე მეტს, ტრანსპორტზე შექმნილი პროდუქციის 60%-ზე მეტს. ვაჭრობა, რომელიც მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული, 2019 წლის მშპ სტრუქტურაში პირველ პოზიციაზეა (14,4%)); რესურსებთან წვდომის შესაძლებლობები გაფართოვდა; ინტეგრირებული კავშირები გაღრმავდა; განვითარების ზოგიერთი მნიშვნელოვანი ინდექსი საერთაშორისო სტრუქტურების მიერ პოზიტიურად არის შეფასებული. პოზიტიურია ისიც, რომ გაძლიერდა საბაზრო მენტალიტეტი. სიახლეებთან (გლობალურ მოვლენებთან) ადაპტირების პროცესი დინამიურია. მაგრამ რეალობაა ისიც, რომ ეკონომიკაეფექტიანი არ არის; წარმოების ძირითადი ფაქტორები არარაციონალურად გამოიყენება; მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ცხოვრების დონე უკიდურესად დაბალია; საერთო მდგომარეობა კრიზისულია. ეს უნდა გავითვალისწინოთ, როცა ექსტრემალური პირობებისათვის ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების ღონისძიებებს ვამუშავებთ.
საგანგაშოდ უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები, ფაქტობრივად, მართვის გარეშეა დარჩენილი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია, რომ 2018 წელს საქართველოში 1990 წელთან შედარებით ნათესი და მრავალწლიანი ნარგავების ფართობი 600 ათასი ჰექტრით შემცირდა. ხორბალზე მოთხოვნილება მხოლოდ 15%-ით კმაყოფილდება. ასე, რომ მთავარი ყურადღება უნდა გადავიტანოთ არსებული რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე. თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს, მოსახლეობას საკმაო გამოცდილება აქვს. ხაზგასმით ვამბობ, იმპორტჩანაცვლებაზე უნდა ავიღოთ ორიენტაცია. ჯერ კიდევ დრო გვაქვს.
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ექსპორტ-იმპორტის ბალანსი დიდი ხანია დარღვეულია. ან მოცემულობის მკვეთრად უარყოფითი გავლენა ეროვნული ეკონომიკაზე ცნობილია, თუმცა მის ნეიტრალიზებაზე ადექვატური ღონისძიებები არ ტარდება. შორს რომ არ წავიდეთ, უახლოესი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წელს მთლიანად ეკონომიკაში უარყოფითმა სალდომ 5781 მლნ დოლარი შეადგინა. 500 მლნ დოლარით ჭარბობს იმპორტი ექსპორტს სასურსათო პროდუქციის მიხედვით. ცხადია, გარე ფაქტორებზე ასეთი დამოკიდებულება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.
საგანგებო ღონისძიებების შემუშავებისას უნდა გავითვალისწინოთ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების ფუნქციონირების მიზნები, მათი წვლილი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვაში.
უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს, გარდაქმნების პროცესში მონაწილე, საზოგადოებრივ პროგრესზე გავლენის მქონე აქტიური სუბიექტები (სახელმწიფო - პოლიტიკური პარტიები - პროფკავშირები - ბიზნესი - არასამთავრობო ორგანიზაციები - მეცნიერება - საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური სტრუქტურები - ეკლესია) ცალ-ცალკე, ერთმანეთთან შეუთანხმებლად მოქმედებენ და ხშირად ერთმანეთს უპირისპირდებიან. ისევე, როგორც ურთიერთობათა გარკვევის დროს ხდება, მოქმედებს პრინციპი „ყველა ერთის წინააღმდეგ“. სწორედ ის ერთი, უმეტეს წილად, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებია. ეს იმიტომ ხდება, რომ მათი საქმიანობის კოორდინაცია და საქვეყნო მიზნებისათვის კონსოლიდაცია, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, ვერ მოხერხდა. სწორედ ეს არის განვლილ პერიოდში ქვეყნის არასტაბილური, უფრო ზუსტად, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ზნეობრივი და ორგანიზაციულ-მმართველობითი კრიზისების წარმოქმნის, გახანგრძლივებისა და გაღრმავების ხელშემწყობი გარემოს შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
ახალ პირობებში სახელმწიფო, როგორც სისტემაშემქმნელი, პოლიტიკური სუბიექტისა და მესაკუთრის როლს, აგრეთვე პარტნიორობის საფუძველზე კოორდინაციის ფუნქციას უნდა ასრულებდეს (კორონავირუსმა ამის აუცილებლობაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა). სამწუხაროდ, საქართველოში 90-იანი წლებიდან განვითარების ასეთი პრინციპი იგნორირებული აღმოჩნდა. ისიც უნდა გვახსოვდეს, თუ როგორ მოირგეს მაშინ სახელმწიფოს დანაწევრებული ფუნქციები კრიმინალური ცნობიერების საფუძველზე სპონტანურად აღმოცენებულმა ჯგუფებმა, რომლებიც ოლიგარქიის ტრადიციული პრინციპებით შეერწყნენ სახელისუფლებო ინსტიტუტებს და საზოგადოებრივ გარდაქმნებს საკუთარი შეხედულებებით წარმართავდნენ. ეკონომიკური ცხოვრება აღმოჩნდა ბაზრის კრიმინალურ-მაფიოზური რეგულირების სტადიაში, რამაც ეროვნული სიმდიდრის დატაცების ხელსაყრელი გარემო შექმნა. ამას დაემატა ის, რომ მაშინ „ახალი აზროვნებით“ მოსულმა უმრავლესობამ პირად კეთილდღეობას მორგებული ამოცანა შეასრულა და სოციალისტურად აღიარებული ეროვნული ეკონომიკა პირწმინდად დაანგრია. ასეთ შედეგებში განმსაზღვრელი როლი შეასრულა სახელმწიფოს მართვაში პირდაპირ ქუჩიდან მოსულთა არაკომპეტენტურობამ. სამწუხაროდ, ეს პროცესი ჯერაც არ დასრულებულა და სახეშეცვლილი ფორმით ახლაც გრძელდება.
მოკლედ თუ ვიტყვით, გარდაქმნების პერიოდში დაშვებული შეცდომებიდან უმთავრესი (განმსაზღვრელი) იყო ტრანსფორმაციულ პროცესებში სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკური სუბიექტის და მესაკუთრის (ამ თავისებურებას ანგარიშს არ უწევენ) ობიექტური როლის უგულებელყოფა. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფოს მართვა მწირი ცოდნისა და ღარიბი მსოფმხედველობითი (ეროვნული) პოზიციების მქონე შემთხვევითი ადამიანების გატაცებათა და ილუზიების რეალიზაციის ასპარეზი გახდა.
ამრიგად, ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესმა, როგორც ბუნებრივად ობიექტურმა მოვლენამ, მთლიანობაში სისტემის ფორმა და შინაარსი ვერ შეინარჩუნა და ახალ თვისებრიობაში გადასვლის ობიექტური პროცესი დამანგრეველ ფაქტორად გადააქცია. მოგეხსენებათ, ინერცია საკუთარ ხელწერას დიდხანს ინარჩუნებს.
ასეთია მწარე რეალობა. ახალი გამოწვევების პირისპირ ვდგავართ. ერთად-ერთი გზა გვაქვს - ნებისმიერი გამოწვევა უნდა მივიღოთ და ორგანიზებულად უნდა ვიმოქმედოთ.
იური პაპასქუა: ორგანიზებულად მომედებაში რას გულისხმობთ?
ნოდარ ჭითანავა: ცხადია, სამოქმედო გეგმის მუხლობრივ დეტალებზე აქ ვერ ვიმსჯელებთ. მაგრამ განსახორციელებელ ღონისძიებათა კომპლექსის რამდენიმე ძირითად მიმართულებას შევეხები:
პირველი. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით რეალურად უნდა განისაზღვროს კრიზისიდან გამოსვლის მთავარი მიმართულებები, ეტაპები, ტემპები, ტაქტიკურად სწორად უნდა დავსვათ ამოცანა. აუცილებელია ოპერატიული პროგრამა-გეგმის შემუშავება. ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა სამეურნეო სუბიექტს, დაწესებულებას, ორგანიზაციას (საკუთრების ფორმის მიუხედავად), სამინისტროს, მხარეს უნდა ჰქონდეს ეკონომიკური ზრდის საკუთარი პროგრამა-გეგმა, რომელიც წინასწარ იქნება შეჯერებული რესურსულ, საწარმოო-შრომით პოტენციალთან და შესაბამისად უნდა ჩამოყალიბდეს მექანიზმი დასახული მიზნების შესრულების კონტროლისათვის.
მეორე. ადგილებიდან მიღებული პროგრამა-გეგმის საფუძველზე, საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებული რესურსების მოზიდვის გათვალისწინებით შესდგეს საერთო პროგრამა, რომელშიც კონკრეტული პერიოდების მიხედვით განისაზღროს ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შენარჩუნების, ახლის შექმნის და სხვა ღონისძიებები. პროგრამა უნდა დაამტკიცოს მთავრობამ. ამ პროგრამის განხორციელების ერთ-ერთ დიდ რეზერვად უნდა მივიჩნიოთ ქვეყანაში შემოსული და ადგილზე არსებული ფინანსური რესურსების კონცენტრაცია (ანტიკრიზისული ფონდი) და აკუმულირებული სახსრების მიზნობრივად გამოყენება.
მესამე. არ დავუშვათ უხეში შეცდომები ეკონომიკის განვითარებაში, ოპერატიულ პროგრამა-გეგმის რეალიზაციასთან ერთად, აუცილებელია პოლიტიკოსების, თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსების ერთობლივი ძალისხმევა წარიმართოს მომავალში ეკონომიკის განვითარების სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავებისათვის. ამ მიზნით დეპუტატების, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების, მეცნიერების, პრაქტიკოსების მონაწილეობით ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფები, რომელიც უახლოეს 2-3 თვეში მოამზადებენ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტს და შესაბამისი პროცედურების გავლით დაამტკიცოს პარლამენტმა. მიღებული დოკუმენტით (პირობითად შეიძლება ვუწოდოთ მას „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ - გარღვევის სტრატეგია 2021-2025 წლებისათვის“) განსაზღვრული ამოცანების განხორციელებაში აქტიურად უნდა ჩაერთონ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სტრუქტურები, სამეცნიერო ორგანიზაციები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები (ასევე გასათვალისწინებელია საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა).
ასეთი პოზიცია შეიძლება მავანმა ეკონომიკაში უხეშ ჩარევად და დემოკრატიულ ფასეულობათა იგნორირების მცდელობად მიიჩნიოს. მოვალენი ვართ ქვეყნის განვითარების დღევანდელი ეტაპის სერიოზულობა, არაწინასწარ აკვიატებული აზრებით, არამედ გონებით, ზნეობით, ქვეყნის მომავლის ინტერესებით განვსაზღვროთ.
„ცოდნის ჩარხზე გალესილი ჭკუით“ მოქმედება გვმართებს!
მეოთხე. ქვეყნის კრიზისიდანგამოსვლას, საჭირო სტაბილიზაციის უზრუნველყოფას, მხოლოდ ორგანიზაციულ-სამეურნეო ღონისძიებებით (რაოდენ მობილურიც არ უნდა იყოს მათი მექანიზმი) ვერ მივაღწევთ. საჭიროა შესაბამისი პოლიტიკურ-სამართლებრივი უზრუნველყოფა. უმთავრესია, სახელმწიფომ (მთავრობამ) ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებით, თამამად და დროულად იმოქმედოს. არ უნდა გამოვრიცხოთ კრიზისის დაძლევისათვის გამოვიყენოთ დროებითი ფუნქციების შესრულებისთვის შესაბამისი სტრუქტურებიც. კარგ შედეგს იძლევა კონკრეტული მიმართულებებით პასუხისმგებელ პირებზე ფუნქციების მინიჭების პრაქტიკა. ოპერატიული და სტრატეგიული პროგრამების განხორციელებაში აქტიურად უნდა იყონ ჩართული ყველა, ვისაც შესაბამისი უნარი აქვს. ახლა არ არის ძალების დაქსაქსვის დრო. ეროვნული ენერგიის კონცენტრაციის შესაძლებლობა მაქსიმალურად და სწორად უნდა გამოვიყენოთ. როგორც ინფექციებთან, ასევე ეკონომიკურ კრიზისებთან ბრძოლის ღონისძიებებში უნდა აისახოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებთა ინტერესები. მიზანშეწონილად მიმაჩნია განვიხილოთ ინგირი-გალის მონაკვეთზე (სივრცეში) განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის (ქართულ-აფხაზური ადმინისტრაციით) ფორმირების საკითხი. მისი სწორად გამოყენებით ბევრი სასიკეთო საქმის გადაწყვეტა შეიძლება.
მეხუთე. კრიზისულ მოვლენებთან ბრძოლაში უდაოდ თავს იჩენს მეცნიერების მიმართ თავის დროზე სახელმწიფოს მიერ დაშვებული შეცდომების შედეგები. დღეს ქვეყანაში არც ერთი სამეცნიერო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურა სრულყოფილად არ მუშაობს პროგნოზირებისა და სტრატეგიული განვითარების პრობლემებზე. ეს პირველ რიგში სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე აისახა. განვითარების ე.წ. სტრატეგიები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით იქმნება, მდგომარეობის თვისებრივად შეცვლას ვერ უზრუნველყოფს. დროს უაზრო დისკუსიებში ვკარგავთ.
უნდა შეიქმნას ანალიტიკური ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარების კომპლექსურ ანალიზს, მოამზადებს შესაბამის პროგნოზებსა და რეკომენდაციებს და შესთავაზებს ხელისუფლებას. ასეთი ცენტრი დღევანდელ პირობებში პრემიერ-მინისტრთან უნდა ფუნქციონირებდეს.
დაბოლოს, ილუზიებიდან უნდა გამოვიდეთ. თავს მომავლის წარმატებული პეიზაჟებით ნუ ვინუგეშებთ. ეს წარსულის მწარე გამოცდილებიდან მუდამ უნდა გვახსოვდეს. საზოგადოება ბევრჯერ მოტყუვდა. პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.
დღეს მდგომარეობა მძიმეა. დასკვნების გაკეთება გვმართებს.
ვაშინერს, ბატონებო, მომავალშიც პოლიტიკურ ამბიციებსა და უზნეობაზე დამყარებულ დილეტანტიზმს ქვეყნის მართვა ვანდოთ.
იური პაპასქუა, მადლობა ბატონო ნოდარ, თქვენი აქცენტები ახალ კითხვებს ბადებს. უფლებას დავიტოვებთ, დაზუსტებებისთვის კიდევ მომავალშიც მოგმართოთ.
საუბარს უძღვებოდა
იური პაპასქუა
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სსუ პროფესორი