საკომუნიკაციო, ინფრასტრუქტურული, არქიტექტურული, ტექნიკური თუ ტექნოლოგიური მიღწევებისა და ადამიანის ფანტაზიის უსაზღვრობის გაცხადების ტოლუპოვარ ქალაქ უჰანში არტახებაწყვეტილმა ვირუსმა კაცობრიობას თავსატეხი გაუჩინა. რელიგიური და საერო მმართველობა გამოსავალს ეძებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიით გამოწვეულ შედეგებთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებად სოციალური დისტანცირება - „შინ დარჩენა“ აღიარა. ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის, ჯანდაცვის სისტემა „უჩინარ მტერთან“ ფიცხელ ომშია ჩართული.
დიახ, ეს ომია, ომი, რომელშიც უკან დახევა დაუშვებელია. ამ ომში გამარჯვებისთვის, მედიცინის მუშაკების გმირული თავდადების მსგავსად, ყველამ საკუთარი წვლილი უნდა გაიღოს!
ადამის მოდგმამ სხვადასხვა ეპოქაში ყვავილი, კეთრი, შავი ჭირი, მალარია, ქოლერა და ათასი სხვა განსაცდელი გადაიტანა. კორონა ვირუსის მძვინვარებაც, ერთობლივი ძალისხმევით, წარმატებით ჩაივლის. მაგრამ პოსტპანდემური პერიოდისთვის აქედანვე უნდა ვემზადოთ; დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე, ცხოვრების გაგრძელებაზე, ეკონომიკის აღორძინებაზე, სწავლასა და განათლებაზე უნდა ვიზრუნოთ, ჩვენი გასაკეთებელი ვაკეთოთ - ამ ბრძოლაში ეს იქნება ჩვენი წვლილი და ფრონტის წინა ხაზისთვის ზურგის გამაგრება.
...და ამ გაგანია „შეტაკების“ დროს, სოციალურ ქსელში, მედიასა თუ პრივატულ საუბრებში, ზოგი „საქმის მცოდნე“ ახალი კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელ ერთ-ერთ ღონისძიებებად ჩანიშნული დისტანციური სწავლების არაეფექტიანობისა და 2020 წლის „აკადემიურ წლად“ გამოცხადების თემის გააქტიურებას ცდილობს. ნაწილი ამ მოსაზრებას, მართალია, არ იზიარებს, მაგრამ რა გააკეთოს არ იცის; ფაქტობრივად, არავინ მსჯელობს იმაზე, რომ შექმნილი მდგომარეობიდან უკეთესი გამოსავალი მოინახოს.
დისტანციური სწავლება ეს არის ახალი უნარი, რომელიც ყველას არ აღმოაჩნდა დავალდებულ პირებს ახალ გარემოსთან ადაპტირება საგანგებო ვითარებაში მოუწიათ. ზოგმა ეს უნარი ადვილად მიიღო, ზოგს გაუჭირდა, თუმცა მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უმეტესობა აქტიურად ჩაერთო პროცესში და მონდომებას არ აკლებს. გამოხმაურებაც კარგია, და ვისაც სწავლა უნდა, აქტიურობს კიდეც - სიახლეებს და მიწოდებულ მასალას გულმოდგინედ ეხარბება.
აქ სადავო არაფერია - აუდიტორიაში მეცადინეობასთან შედარებით, დისტანციური სწავლება საუკეთესო ფორმა არ არის. საგანგებო მდგომარეობაში კი არა, მშვიდ გარემოშიც მას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება. მის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს ჰარმონიულად თანხვედრი ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები (აპარატურის კლასი, მეხსიერება, სიჩქარე, ინტერნეტზე წვდომა), ლექტორისა და სტუდენტების უნარები და განწყობითი მზაობა, რაც, ცხადია, სასურველისგან ძლიერ შორსაა, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ამ ფორმით მასალის მიწოდება, ახსნა და კონსულტაციის გაწევა დღეის მდგომარეობითაც შეიძლება.
და მინც, სწავლის პროცესი მონდომებაა, თავდაუზოგავ მეცადინეობას მოითხოვს. უშუქობის, სიცივის, შიმშილის პირობებშიც განათლებამიღებული ბევრი იცის ცივილიზაციის ისტორიამ. მით უფრო, დღეს ტექნიკა და ტექნოლოგიები იმის შესაძლებლობებს იძლევა, რომ დაინტერესებულმა პირმა ყველა საინტერესო ინფორმაციაზე წვდომა და განათლება დამოუკიდებლადაც, კომფორტულ ვითარებაში მიიღოს. შინაურ გარემოში არც კითხვაა აკრძალული და არც - წერა.
ჩვენ, შესაძლოა, მოსაზრებები გამოვთქვათ დისტანციური სწავლების პროცესის გაუმჯობესების, მისი უახლოესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით აღჭურვისთვის წყაროების მოძიების, მასში ჩართული პირების ამ შესაძლებლობებით ურუნველყოფის თაობაზე, მაგრამ არამც და არამც 2020 წლის „აკადემიურ წლად“ გამოცხადების მხარდაჭერაზე. ვეჭვობ, ეს ხელს აძლევს მხოლოდ ქვეყნის კეთილდღეობის არაკეთილმოსურნეებსა და ახალ ვითარებაში ადაპტირების უუნარო პერსონებს.
2020 წლის „აკადემიურ წლად“ გამოცხადება, ფაქტობრივად, სწავლის ერთი წლით შეჩერებას, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროგრამის ამავე ვადით გადავადებას, ომში სტრატეგიული მაღლობის დათმობას, უბრძოლველად მტრისთვის დანებებას, უკუსვლას და რეგრესს ნიშნავს; ეს ყველაფერი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, ეროვნულ გამოცდებზე უკვე რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის, უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების დაფინანსების, აკადემიური პერსონალისთვის სახელფასო ანაზღაურების პრობლემების შექმნის მომაკვდინებელი პერსპექტივაა; ეს არის ახალგაზრდების დაუსაქმებლად მიტოვება, დასაქმებულთა უსახსროდ დარჩენა, ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება, უნარ-ჩვევების მოდუნება, უაზრო სუიციდი და, მაშასადამე, კორონავირუსზე არანაკლები საფრთხე.
თუ ეს საჭირო გახდა, მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას უთუოდ მიიღებს, მანამდე კი სასწავლო წლის „აკადემიურ წლად“ გამოცხადებაზე მოწოდება, წუწუნი, ვაი და ვიში, ზაფრავს ისედაც სასოწარკვეთილ მოსახლეობას მაშინ, როდესაც ნუგეში, გამხნევება, იმედის მომცემი სიტყვის შეშველებაა უფრო საჭირო.
დისტანციური სწავლების პროცესის ხარვეზის შევსება, გადავადებულის ან გაცდენილის სანაცვლოდ დამატებითი საათების ჩატარება ყოველთვის მოხერხდება, მაგრამ „აკადემიური წლის“ უარყოფითი შედეგების განეიტრალებას კი რამდენიმე კალენდარული წელიც არ ეყოფა. ამიტომ, მომშთობი ვირუსის გავრცელების შესაზღუდად „დარჩით სახლში“ და ორკეც ენერგიით იღვაწეთ დისტანციურად სწავლებისგან შესაძლო სიკეთის მიღების გასაუმჯობესებლად.
ეს უფრო გონივრულია!
იური პაპასქუა
ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,
სსუ პროფესორი