ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: იბადება თუ არა „ახალი ადამიანი“?!

ზაურ ნაჭყებია: იბადება თუ არა „ახალი ადამიანი“?!

ხშირად მესმის, რომ კორონავირუსმა არა მარტო შეაზანზარა დედამიწა, არამედ, სათავე დაუდო „ახალი ადამიანის“ დაბადებას!

 

სამყარო რომ იცვლება და სამყაროს თამაშის წესებიც, ეს საკამათო უკვე არ არის, მაგრამ, საითკენ გადაიხრება ცვალებადობის ისარი, ჯერჯერობით არავინ იცის - ისიც არ ვიცით, საყოველთაო პანდემიით გამოწვეული პანიკით შეშინებული საზოგადოება, საბოლოოდ „მოთვინიერდება“, ან „ახალი წესრიგის“ უსიტყვო მორჩილი გახდება, თუ მისი შინაგანი თავისუფლების ამპლიტუდა სასიკეთო ნიშნულს მიაღწევს და ახალი, დღემდე მისთვის უჩვეულო მოთხოვნები გაუჩნდება, რომელიც არსებით ზეგავლენას მოახდენს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი (საკუთარი უფლება-მოვალეობებისადმი) მის დამოკიდებულებაზე.

 

ამბობენ, განსაცდელი ადამიანებს დაფიქრებისკენ და სულიერი თვითგანწმენდისკენ უბიძგებსო!

 

რომ დაფიქრდე, ფიქრის, თვითჩაღრმავების უნარი უნდა გაგაჩნდეს, რასაც, სამწუხაროდ, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში ჯერჯერობით ვერ ვატყობ! ხოლო, სულიერად რომ განიწმინდო, საკუთარი წარსულისკენ უნდა მოიხედო და განწმენდის, „ახალ ადამიანად“ დაბადების ნება უნდა გქონდეს!

 

სამწუხაროდ, ადამიანებში ჯერჯერობით არც ეს იგრძნობა - პირიქით, ვინც შენიღბულად მალავდა ფარისევლობას, დღეს საკუთარი თავი თვითონვე გააშიშვლა, ხოლო, ვინც ისედაც მამონას ემსახურებოდა, თავისი ვნებები კვადრატში აიყვანა და ჰაერში „მძაღე სუნი“ დააყენა...

 

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში სულიერი მეტამორფოზა ჯერ არ დაწყებულა, კორონავირუსმა მაინც შვა პანიკური შიში - ოღონდ, შიში არა უფლის მიმართ - საკუთარი დამძიმებული ცოდვების გამო, არამედ, ვირუსის შესაძლო აფეთქებით გამოწვეული მოსალოდნელი დაჩქარებული სიკვდილის გამო, რაც მას ისევ ძველ „ნაჭუჭში“ ტოვებს!

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ქართველებს თანამოაზრეობისა და კამათის კულტურა ყოველთვის გვაკლდა, მაგრამ, დღეს ამ ფენომენმა მეტადრე საშიში ხასიათი მიიღო - „არ გეთანხმები“ (შენს პოზიციას არ ვიზიარებ) არ არის საკმარისი, რომ კამათი დასრულებულად ჩაითვალოს - როგორც იტყვიან, აუცილებლად უნდა „ჩაიხვიონ“ და მანამდე არ მოგეშვებიან, სანამ უკანასკნელი სიტყვებით არ გაგანადგურებენ!

 

ამ შემთხვევაში მხედველობაში არა მაქვს „ნაცები“, მათი ჯიბის ტელევიზიები, მასთან დაკავშირებული ენჯეოები და ასევე მათი ბრმა (ტვინგადაბრუნებული) მხარდამჭერები, არამედ, საზოგადოების ჩვეულებრივი ნაწილი, რომელთაც ვერ უპოვიათ საკუთარი ადგილი დღევანდელ ვითარებაში და კატეგორიული ტონითა და უხამსი ლექსიკით ცდილობენ ყურადღების მიქცევას!

 

ეს შეფასება არა მარტო სენსიტიურ (ფაქიზ, მგრძნობიარე), არამედ, ჩვეულებრივ, ე.წ. საყოფაცხოვრებო თემებსა ეხება - თუ ყველაფერი გულთან მიიტანე და ყველას აყევი, კორონავირუსის ნაცვლად, სოციალურ ქსელში დაღვრილი შხამები მოგიღებს ბოლოს!

 

სიტყვა „მგრძნობიარე“ ვახსენე. აქ უპირველესად, ეკლესიასთან დაკავშირებულ კაკაფონიას ვგულისხმობ - ჯერ ერთი კოვზით ზიარება გახდა ეკლესიის, უკვე სამზეოზე გამოსული მტრებისა და მათი იდეოლოგიური და-ძმების ისტერიის (რბილად ნათქვამია) საგანი, ხოლო, შემდეგ, თვით ეკლესიაში სიარულზე აიწყვიტეს - აქაოდა, ეკლესია დაინფიცირების ყველაზე დიდი წყარო შეიძლება გახდესო!

 

და ამას ვინ ამტკიცებს?!

 

ვინც საერთოდ არ დადის ეკლესიაში, ან თავის „ეკლესიურობას“ - „უფალი გულში მყავს“ ფორმულით გიმტკიცებს!

 

კი, ბატონო, შენ ნუ ივლი ეკლესიაში, თუ დაინფიცირების გეშინია, მაგრამ, მე რატომ მიშლი სიარულს, თუ მწამს, რომ არაფერი არ მოხდება, რადგან, ეკლესია ყველაზე უკეთ იცავს იმ მოთხოვნებს, რასაც ქართველი ეპიდემიოლოგები გვიჩიჩინებენ?

 

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეკრების საგანგებო წესებით განსაზღვრული მოთხოვნები ირღვევა?! შენ ნუ შეწუხდები, ამაზე ხელისუფლებამ და ეკლესიამ (საპატრიარქომ) მოილაპარაკონ! მე კი, როგორც მრევლი, საპატრიარქოს კურთხევას დავემორჩილები!!!

 

თუმცა, ასეთ მგრძნობიარე თემებს ვინ ჩივის, ჩვეულებრივ მოსაზრებებზეც შეუძლიათ არა მარტო გეკამათონ, არამედ, თუ მათ გემოვნებაში არ ჩაჯექი, ღვარძლიანი კომენტარებით სული აგიფორიაქონ (არადა, ჩვენს სულებს ფორიაქი ისედაც არ აკლია)!

 

შე მამაცხონებულო, თუ არ მეთანხმები და საერთო აზრამდე ვერ მივდივართ, თავი შეიკავე გამწვავებისგან და შეურაცხყოფებისგან, წადი შენს გზაზე და შენი აზრებით იარე!!!

 

ახლა, შინაპატიმრობამ უფრო მეტი დრო მომცა, დაკვირვებისა და ანალიზისთვის. სამწუხაროდ, მივედი არასახარბიელო დასკვნამდე: როგორც ჩანს, ჩვენს დანაგვიანებულ სულს და დასახიჩრებულ გონებას ჯერჯერობით კორონაც ვერ შველის - ისევ იგივე „ვარდო“ დავრჩით, რაც აქამდე ვიყავით!!!

 

P.S. ადრე მტკივნეულად განვიცდიდი უხამს და უარგუმენტო კომენტარებს და ყველას „ხურდას“ ვუბრუნებდი. ამ ბოლო დროს ჭკუა ვისწავლე: ან საერთოდ ვაიგნორებ, ან, თუ ყოველგვარი ეთიკის ზღვარი დაარღვია, ე.წ. „ბლოკი“ და მისი ჯანი! მეც ვისვენებ და ისიც... თქვენც ამას გირჩევთ.

 

11-04-2020, 13:20
უკან დაბრუნება