ივერიონი / კორონას ვნებანი, ანუ ნიღაბაფარებულები და ნიღაბ ჩამოსხსნილები!

კორონას ვნებანი, ანუ ნიღაბაფარებულები და ნიღაბ ჩამოსხსნილები!

მიუხედავად იმისა, რომ, წამდაუწუმ გვაფრთხილებენ, ეკლესიაში სიარული საშიშია, რადგან, შეიძლება მრევლი დაინფიცირდეს, მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ტაძრებში სიცარიელე არ იგრძნობა.

 

მართალია, მრევლი შეცოტავდა, მაგრამ, ეს ნაკლებად საგანგაშოა, რადგან, სწორედ ამ განსაცდელის ჟამს გამოჩნდება - ვინ დადის ტაძარში უფალთან შესახვედრად, ვისთვის არის ზიარების საიდუმლო ღვთიური მადლი და ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარება, ხოლო, ვისთვის უბრალოდ პური და ღვინო!

 

სახარებასა და წმინდა წერილებში ჩაღრმავება არ არის აუცილებელი ირწმუნო, რომ ვინც ეკლესიაში დადის და წირვა-ლოცვებს არ აცდენს, ყველა ჭეშმარიტი მორწმუნეა და თავისი ცხოვრების წესით ზედმიწევნით ასრულებს ქრისტეს მცნებებს - დიახ, მხოლოდ ეკლესიაში სიარული, ხატებზე მთხვევა და წირვა-ლოცვაზე საათობით დგომა განღმრთობის პირდაპირპროპორციული არ არის!

 

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ტელეეკრანებიდან და სოციალური ქსელებიდან წამოსულმა ფსიქოლოგიურმა ტერორმა, რომ ზიარების წესი უნდა შეიცვალოს, რადგან, ერთი კოვზით ზიარებისას შეიძლება მრევლი დაინფიცირდეს, რომ ათეულობით ადამიანის ერთად შეკრება საშიშია და ეკლესიაც, როგორც სახელმწიფოში არსებული ერთ-ერთი ინსტიტუცია, უნდა დაემორჩილოს საგანგებო წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მრევლშიც დაბნეულობა გამოიწვია.

 

ბევრი ადვილად წამოეგო ანკესზე და რისკზე წასვლას სახლში ყოფნას ამჯობინებს. დანარჩენი კი, ვინც ამ კრიტიკულ მომენტში ხსნას მხოლოდ ეკლესიაში და უფალთან მყოფობაში ეძებს, მართალია, „წესების დაცვით“ (სრული „ეკიპირებით“), მაგრამ, რწმენით დგას ისევ წირვა-ლოცვაზე!

 

დღეს, ხარების სადღესაწაულო ლიტურგიის შემდეგ ჩვენს ტაძარში შვიდგზის ზეთის ცხების რიტუალი ჩატარდა. სხვათაშორის, მრევლის ნაკლებობა არ იგრძნობოდა, მაგრამ, ყველაფერი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით მიმდინარეობდა - მაქსიმალურად იყო დაცული დისტანცია, მრევლი აღჭურვილი გახლდათ პირბადეებით და ხელთათმანებით, შეგნებულად არ ემთხვეოდნენ ხატებს (ეს რიტუალი ხატების წინ მუხლმოდრეკით სრულდებოდა) და ზედმიწევნით იცავდნენ ტაძრის მსახურთა მითითებებს. უნდა გენახათ, როგორი რწმენითა და სასოებით მოდიოდნენ ზეთის საცხებლად და როგორი მადლიერებით ტოვებდნენ ეკლესიას!

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ზეთისცხების რიტუალი ერთჯერადი ჯოხებით ჩატარდა - არა იმიტომ, რომ ვინმეს დაინფიცირების ეშინოდა, არამედ, ულტრალიბერასტებს არ მიეცეთ ეკლესიაზე თითის ქნევისა და მრევლის დაინფიცირებაში ეკლესიის დადანაშაულების დამატებითი საშუალება, რომლის გაგრძელება, ეკლესიის, როგორც „დაუმორჩილებელი“ ინსტიტუციის დახურვის მოთხოვნა იქნება!

 

მართლმადიდებლობის დაუძინებელ მტრებს (ულტრალიბერასტები, ენჯეოები) და სულწაწყმედილ ტელემედიას ვინ ჩივის, უკვე გესლიანი შხამის ნიაღვარი წამოვიდა იმ ადამიანებისგანაც, ვინც ეკლესიაში მხოლოდ სანთლის დასანთებად თუ შედის, ან საერთოდ შორს დგას ეკლესიური დოგმატებისგან (სწავლებისგან) და თავისი უღმერთო ცხოვრების წესის შეფუთვას ასეთი კაკაფონიით ცდილობს!

 

სამწუხაროდ, ასეთი ადამიანების რიცხვი საქართველოში არც თუ ისე ცოტაა. თუმცა, ეს სულაც არ არის ტრაგედია. პირიქით, კორონავირუსმა გააშიშვლა (მომავალშიც კიდევ ბევრს გააშიშვლებს) ვინ ვინ არის - ვინ არის მართლმადიდებელი ეკლესიის (უფლის) ერთგული და ვინ ეკლესიის წიაღს ამოფარებული ფარისეველი.

 

მართალია, კორონამ ყველა ჩვენთაგანს იძულებით ნიღაბი მოარგო, მაგრამ, ძალიან ბევრს პირიქით, სულიერი ნიღაბი ჩამოგლიჯა და გააშიშვლა!

 

რაც არ უნდა უტიფრად მოიხსენიონ საქართველოს ეკლესია, რაც არ უნდა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით გაიშვირონ ხელი წმინდა სინოდისკენ და საპატრიარქოსკენ, როგორც რიგითმა მრევლმა შემიძლია გულწრფელად ვთქვა, რომ ის სწორედ ისე მოიქცა, როგორც წმინდა მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესია უნდა მოქცეულიყო!

 

დიახ, ამ კრიტიკულ მომენტში, როცა სამყაროს ფიზიკურად მომაკვდინებელმა ჭირმა გადაუარა, ეკლესია არ უნდა დაიკეტოს, დიახ, წირვა-ლოცვები უნდა ჩატარდეს და უფალს სულიერი გაბრწყინება უნდა შევღაღადოთ. არა ვართ დაზღვეული, ეშმაკმა თავისი ბინძური ხელით აჟიოტაჟი შეიტანოს ტაძარში, მაგრამ, არც ამან უნდა დაგვაბრკოლოს - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მებრძოლი ეკლესიაა და მოსალოდნელ განსაცდელებსაც გაუძლებს! ჩვენ კი, ვისაც გვწამს, რომ სიცოცხლე მარადიულია, სულის გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ!

 

უფალო, შეგვიწყალენ!!!

 

P.S. კიდევ ერთხელ გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს. ბედნიერი ბზობა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გაგითენოთ უფალმა!

 

P.S.S. სამწუხაროდ, ბევრს რწმენა და რელიგიური ფანატიზმი ერთმანეთში ერევა და ხშირად იშველიებს უფლის სიტყვებს სახარებიდან: „არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი“.

 

ვისაც მიაჩნია, რომ დღეს ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე მისვლა და თუნდაც ერთი კოვზით ზიარება უფლის გამოცდაა, ძალიან ცდება! პირიქით, ეს ჩვენი გამოცდაა, რამდენად ახლოს ვართ უფალთან და რამდენად მაცოცხლებელია ჩვენთვის უფლის სიტყვა!!!

 

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

 

11-04-2020, 13:32
უკან დაბრუნება