ივერიონი / რომელი ილია ჭავჭავაძე მე ვარ, მაგრამ, „გლეხურად" მაინც ვიტყვი...

რომელი ილია ჭავჭავაძე მე ვარ, მაგრამ, „გლეხურად" მაინც ვიტყვი...

 

შენ ან ძალიან მიამიტი და ქარაფშუტა ხარ, თანამედროვე ქართველო, ან ძალიან გონდაბინდული და უპასუხისმგებლო, თორემ, ასე ჰაი-ჰარად არ მოიქცეოდი და საკუთარი ნებით არ ამოყოფდი „გალიაში" თავს, საიდანაც გამოსვლა კარგახანს გაგიჭირდება. ხოლო, თუ ბოქლომი ახსნეს და გამოგიშვეს, ეს მხოლოდ უსიტყვო მორჩილების ფასად იქნება! შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ ეს ისედაც მომხდარიყო, მაგრამ, მანამდე ხომ სათანადო იმუნიტეტს გამოიმუშავებდი და არჩევანის საშუალებაც მოგეცემოდა! შენ კი, იმდენი იკუნტრუშე, ეპიდემიის გამწვავება შენვე გბრალდება და საგანგებო წესების არაადექვატურად (ხშირად არაეფექტური და არამართლზომიერი) გამკაცრებაზე ხმასაც ვერ იღებ!

 

არავინ ამტკიცებს, რომ კორონავირუსიდან მომდინარე საფრთხე რეალური არ არის, მაგრამ, მე უფრო ის მაკვირვებს, რატომ იმშვიდებ თავს იმით, რომ წმინდა მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრობა გიშველის, რადგან, გამორჩეული ერი ხარ დედამიწაზე... სამწუხაროდ, გავიწყდება, რომ ჯერ ერთი, ღვთისმშობლის წილხვედრობა ალიბი არ არის, მეორეც, უფლისგან გამორჩეული ერი გამორჩეულად უნდა იქცეოდეს და ეს უპირველესად, ღვთის რწმენაში და ცხოვრების წესში უნდა გამოიხატებოდეს!

 

ბიბლიის ღრმა ცოდნა და წმინდა წერილებში ჩაღრმავება არ არის საჭირო, რომ მიხვდე, რაც გუშინ იყო, ის ხვალ არ იქნება და ჩვენ გუშინდელი დღის წესრიგს ვერ დავუბრუნდებით - სამყარო არსებითად იცვლება, რაც ჩვენგანაც ადექვატურ ნაბიჯებს მოითხოვს, რაც მონურ მორჩილებას ნამდვილად არ გულისხმობს!

 

თუმცა, ამას ახალი ადამიანი სჭირდება, რომელიც ძველი „ძონძებისგან" განთავისუფლდება და სულიერადაც ავა ახალ სიმაღლეზე! ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ჩვენ დიდხანს დავრჩებით სოციალური დისტანციის პირობებში, დიდხანს ვივლით (ვინც ამ ისტერიას გადაურჩება) ნიღაბაფარებულები, უარს გვათქმევინებენ ტრადიციულ ღირებულებებზე, წარსულს ჩაბარდება ქორწილები და ხალისიანი დაბადების დღეები, კულტურული ღონისძიებები და სხვა ხალხმრავალი თავყრილობები და რაც ყველაზე საგანგაშოა უარს გვათქმევინებენ წმინდა ადამიანურ ურთიერთობებზეც - შეიძლება აკრძალვები აბსურდამდეც კი დავიდეს და ოჯახის წევრებთან დისტანცირებაც მოგვთხოვონ, რაც ადამიანის რობოტად გადაქცევას ნიშნავს! საბოლოო შედეგი კი კაციობრიობაზე (ვინც გადარჩება) ტოტალური კონტროლი და რობოტად ქცეული ადამიანების სრული მორჩილება იქნება!

 

დიახ, თუ „გალიიდან" თავის დაღწევას ვერ მოვახერხებთ, ჩვენ თანდათან ან ერთბაშად დავკარგავთ იმ უფლებებსაც კი, რომელსაც დღემდე ველაციცებოდით და „საყოველთაოდ აღიარებული" „ადამიანის უფლებები" ნულს გაუტოლდება. ეს მწარე პერსპექტივა გარდაუვალია, თუ ტვინს არ გავანძრევთ და ეპიდაფეთქების მოტივით ყველა სახის აკრძალვას უსიტყვოდ დავემორჩილებით! თუმცა, აქაც სიფრთხილეა საჭირო...

 

ახლა ეპიდემიოლოგები აღდგომის შემდეგ ორ კვირაში ეპიდაფეთქებას და „კუბოების ცვენას" ვარაუდობენ, თუ მრევლი გონს არ მოუხმობს და აღდგომის ღამეს სახლში არ დარჩება... დავანებოთ თავი იმას, ნამდვილად იქნება თუ არა სააღდგომო ლიტურგიაზე ტაძარში მრევლის მისვლა ეპიდაფეთქების წყარო - უფრო მნიშვნელოვანია მეორე ასპექტი - დავუმტკიცებთ თუ არა ეკლესიაში მასობრივად მისვლით უფალს ერთგულებას და ეს იხსნის თუ არა ერს მოსალოდნელი საფრთხისგან?!

 

მიუხედავად იმისა, უტრალიბერალები და მათ ისტერიას აყოლილი ათეისტ-ძალადმორწმუნენი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს და პირადად ილია მეორეს, მკაცრად აკრიტიკებენ, როგორც ბევრ თქვენგანს, მეც მიმაჩნია, რომ წმინდა სინოდი სწორად მოიქცა, როცა ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვა არ შეწყვიტა და სააღდგომო ლიტურგიასაც წესისა და რიგის მიხედვით ჩაატარებს, მაგრამ, ვინაიდან, მთელი საინფორმაციო პროპაგანდა აგებულია აღდგომის შემდგომ ეპიდემიის შესაძლო გამწვავებაზე, ხომ არ არის ეკლესიის პოზიცია - სააღდგომო ლიტურგია ჩაატაროს მრევლის მონაწილეობით - დიდ ტაძრებში დახურულ სივრცეში დადგენილი დისტანციის დაცვით, ხოლო, მცირე ზომის ტაძრებში ეზოში, ზედმეტი რისკის შემცველი, რადგან, ასეთ დროს ადვილად შესაძლებელია პროვოკაციის მოწყობა (თუნდაც, დაინფიცირებულთა შეგზავნა და შემდგომ ანტიეკლესიური პროპაგანდა, რომ ეკლესიამ შეგნებულად წაიყვანა ხალხი დასახოცად) და ეკლესიის დისკრედიტაცია?! მითუმეტეს, ჩვენი სათაყვანებელი ეპიდემიოლოგებიც გვიმტკიცებენ და გვევედრებიან, დარჩით სახლში და დაიცავით ეკლესიაო!

 

მე ყველაზე მეტად იმნაძისა და გამყრელიძის განცხადებები მაშფოთებს - მათ ან წინასწარ იციან მოსალოდნელ ავანტიურაზე, ან პოლიტიკის მძევლები გახდნენ და შესაძლოა მათი განცხადებები მომავალში სიტუაციის გართულების შემთხვევაში ეკლესიის წინააღმდეგ გამოიყენონ!

 

ვიტყვი გულწრფელად: ყველაზე მეტად არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას ღირსების საქმედ მიიჩნევენ, საკუთარი პოზიციების საჯაროდ დაფიქსირებას არ ერიდებიან და სხვებსაც განიკითხავენ.

 

აქვე მახსენდება ჩემი სულიერი მოძღვრის, მამა გურამ ოთხოზორიას ხატოვანი სიტყვები: „ჩვენ ამპარტავნების ვირუსიც შეგვეყარა". ამ სიტყვებში ზუსტადაა ჩადებული ის საშიშროება, რომელიც დღეს ქართველ მართლმადიდებელ მრევლში იგრძნობა. არადა, ის, ვინც აღდგომის ღამეს ამ ურთულეს პირობებში ეკლესიაში გაათენებს, სულაც არ იქნება სულიერად უფალთან ახლოს, ვუდრე, ის, ვინც სახლში დარჩება და საღმრთო ლიტურგიას ტელევიზიით შეუერთდება!

 

კი მაგრამ, ვის ვუმტკიცებთ ამით ერთგულებას?! ეს შტამი ხელოვნურად შემოგდებულია თუ ბუნებრივად იშვა, მაინც უფლის დაშვებით მოევლინა თანამედროვე კაცობრიობას ჩვენს გამოსაცდელად. იქნებ, ხიბლში გადასული ზედმეტი ამპარტავნება, რომ ჩვენ ეკლესიაში არაფერი მოგვივა (ამ შემთხვევაში ერთი კოვზით ზიარებას არ ვგულისხმობ), უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს თვით ეკლესიისთვის?! ღმერთმა ქნას და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, აი, მაშინ ნახეთ ხიბლი და ამპარტავნება, რომელიც ძალიან ცუდად იქნება მიღებული თვით უფლის მიერ!

 

ჩემთვის ფრიად გაუგებარია საქართველოს მთავრობის პოზიცია აღდგომის ღამესთან დაკავშირებით. ეს მხოლოდ სანახევრო თანხმობაა, რომელიც აბსურდში გადადის. თუ ეკლესიას მრევლის მონაწილეობით სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების უფლებას აძლევ, მაშინ, კეთილ ინებე და კომენდანტის საათის მოთხოვნებიც შეარბილე, რომ მრევლს 9-10 საათი ეკლესიაში დარჩენამ არ მოუწიოს, მითუმეტეს, იმ მრევლს, ვისაც ღია ცის ქვეშ მოუწევს ყოფნა, შეიძლება უამინდობის პირობებშიც.

 

ახლა ძნელია იმის თქმა, ვინ გაიმარჯვა ამ ორთაბრძოლაში - ხელისუფლებამ თუ ეკლესიამ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ეს არ არის ჯანსაღი ურთიერთობა და არც იმის წინაპირობაა, რომ საქართველოს ეკლესიას ხელისუფლებისგან მომავალშიც პრობლემები არ ექნება!

 

P.S. „დარჩი სახლშიო" და ჩვენ ეს მხოლოდ სანახევროდ გავიგეთ - საგანგებო წესებისადმი მორჩილება დაუმორჩილებლობაში ავურიეთ და მთავრობას წესების გამკაცრების და „გალიაში" უფრო დიდხანს გამოკეტვის საშუალება მივეცით. იმაზე არ ვფიქრობთ, რომ „გალიაში" დიდხანს ყოფნა არა მარტო ჩვენს კუჭზე, არამედ, ფსიკიკაზეც აისახება და თან დამანგრევლად. რომ ეთქვათ, „დაეგდეთ სახლშიო“ (ბოდიშს ვიხდი ჟარგონისთვის) ალბათ, ჩვენც დავეგდებოდით და ხელისუფლებას ზომების გამკაცრების წინაპირობებსაც მოვუსპობდით. ახლა ექიმები გვევედრებიან, დარჩით სახლში, თორემ, მძიმე განსაცდელი გველოდებაო და ისევ ჯიბრზე ვართ, თითქოს იმაში ვიყოთ დარწმუნებული, რომ ყველაფრისგან დაცულნი ვართ და ჩვენთვის სხვა გალაქტიკა შექმნა უფალმა. სწორედ ეს არის ამპარტავნების ვირუსი, რომელიც არ იკურნება!

 

P.S.S. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მანქანებით გადაადგილება აიკრძალა, გარდა საგანგებო სიჭიროებისა. ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ ჩატარდება ქართულ ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია -  მრევლის მონაწილეობით, თუ მრევლის გარეშე!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

16-04-2020, 21:09
უკან დაბრუნება