ივერიონი / გივი იასეშვილი 80 წლისაა!

გივი იასეშვილი 80 წლისაა!

 

 

იუბილე საგანგებო სიტუაციაში

 

 

დღეს, 18 აპრილს, ბატონ გივი იასეშვილს 80 წელი შეუსრულდა და ისიც ამ ასაკს შეხვდა მხნედ და მისთვის დამახასიათებელი მიზანდასახულობით. მისი სამომავლო გეგმები ისევე მრავალმხრივია, როგორც განვლილი ცხოვრება და საქმიანობა.

 

ბატონი გივის ცხოვრება, როგორც მისი თაობისა საერთოდ, წარიმართა ორ სხვადასხვა პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემაში - საბჭოთა კავშირსა და დამოუკიდებელ საქართველოში.

 


 

გივი იოსების ძე იასეშვილი დაიბადა 1940 წლის 18 აპრილს. 1958 წელს, ოქროს მედალზე, ქ.თბილისის 31-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1963 წელს, წარჩინებით, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი დაამთავრა. 1963-67 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დასწრებულ ასპირანტურაში, სადაც შეასრულა სადისერტაციო ნაშრომი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მაგალითზე საზღვაო ტრანსპორტის მართვაში ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდების და გამომთვლელი მანქანების გამოყენებას შესახებ. შემდეგ ის იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის თეორიული განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (განყოფილების ხელმძღვანელი, ინსტიტუტის დირექტორი აკადემიკოსი ვლადიმერ ჭავჭანიძე - მსოფლიო დონის მეცნიერი რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა იუბილარის საკვლევ მიმართულებად კიბერუსაფრთხოების სფეროს არჩევაში), მშენებლობის სამინისტროს მართვის ავტომატიზირებული სისტემების განყოფილების უფროსი ინჟინერი, საწარმოო-ტექნიკური გაერთიანება „ავტოტრანსტექნიკის“ განყოფილების გამგე, საკავშირო დაქვემდებარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ „რადიანის“ დამოუკიდებელი სექტორის გამგე, სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ისარის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ოპტიკური და ოპტიკო-ფიზიკური კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი. 1985-1992 წლებში შეასრულა მეორე სადისერტაციო ნაშრომი „სპეციალური დანიშნულების მართვის ავტომატიზებულ სისტემებში ინფორმაციის დაცვის თავისებურებები“.

 

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემგედ, ბატონი გივი მოღვაწეობს საქართველოს სამხედრო სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე სადაც ის ცდილობს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სფეროში მიღებული ცოდნისა და პრაქტიკის გამოყენაბას დამოუკიდებელი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის სისტემის შესაქმნელად. განსაკუთრებით დიდი ენერგია მოახმარა ბატონმა გივიმ საქართველოში სამხედრო მეცნიერების განვითარების ინსტიტუციურ უზრუნველყოფას. მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს სამხედრო მეცნიერების აკადემია, რომლის უცვლელი პრეზიდენტიც თვითონაა.

 

დამოუკიდებელ საქართველოში მოხდა გივი იასეშვილის საქმიანობის გამორჩეული შეფასება - მას მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის უმაღლესი სამხედრო წოდება, ის არის ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის, სხვა დარგობრივი აკადემიების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, რაც კორპორატიული მოსაზრებებიდან გამომდინარე უაღრესად და განსაკუთრებულად ვაფასებთ.

 

ერთი შეხედვით, ასეთი მრავალმხრიობა სინამდვილეში მისი მონო - თავდაცვის სფეროში სხვადასხვა ასპექტითა და მიმართულებით, პრობლემათა გადაკვეთის წერტილებში განხორციელებული სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობაა. ამის დასტურია მისი პუბლიკაციები: „საქართველოს სამხედრო მეცნიერების აკადემია“ (2009),”გლობალიზაცია და კიბერნეტიკული ომის ხელოვნება“, „ეკონომიკა, კიბერომი და კიბერუსაფრთხოება“ ნაწ.I., ნაწ.II.(2015),“ინფორმაციული ბრძოლის ხელოვნებაში: საქართველოს შეიარაღებული ძალების და ქვეყნის თავდაცვის სისტემის მოწყობა“ (2015) და სხვ.

 

მნიშვნელოვანია გ. იასეშვილის მთარგმნელობითი საქმიანობა. გენერალური შტაბის კავშირგაბმულობის სამმართველოსთვის რუსულიდან ქართულად თარგმნა 6 სპეციალური წიგნი, ხოლო სამხედრო სამეცნიერო ცენტრში სამსახუროებრივი მოვალეობის შესრულებისას სისტემატიურად თარგმნიდა სამეცნიერო-ტექნიკურ ტექსტებს.

 

ბატონი გივი მრავალმხრივი პიროვნებაა. ნახევარი ცხოვრება აქვს ნამუშევარი გასაიდუმლოებულ ინსტიტუტებში და მეორე ნახევარი ცდილობს იყოს საჯარო პიროვნება, მუშაობდა სამხედრო უწყებებში და პარალელურად ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას, გაიზარდა თბილისში და კავშირი არასდროს გაუწყვეტია მიწასთან - სასოფლო-სამეურნეო მეურნეობასთან და ბუდე-ადგილთან. ამის დასტურია გურჯაანის საპატიო მოქალაქის წოდებაც.

 

ბატონ გივის დიდი გზა აქვს გავლილი და მის სრულ აღწერის ცდისაგან თავს ვიკავებ - სათქმელსაც ვერ მოვერევი ამის თაობაზე.

 

თუმცააუცილებლად უნდა ავღნიშნო თანამედროვე საქართველოში გავრცელებულ სენზე - ჩვენს ირგვლივ არსებული ადამიანების ინტელექტუალური პოტენციალის გამოუყენებლობის შესახებ და განვაზოგადო ეს საკითხი ბატონი გივის მაგალითზე.

 

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ბატონი გივის ნაშრომების დამკვეთი იყო მოსკოვის (საბჭოთა კავშირის) სამხედრო უწყებები. იმ სისტემისათვის იქნა მის მიერ შემუშავებული ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ ნაშრომები. ერთი ასეთი მაგალითია 1992-1994 წწ. შექმნილი შრომების ციკლი: „საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მათემატიკური, ტექნიკური, კრიპტოგრაფიული და ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოდელები, საშუალებები, მეთოდები და ღონისძიებები“ („სპეციალური დანიშნულების მართვის ავტომატიზებული სისტემის და მისი ინფორმაციის დაცვის კომპლექსური სისტემის ერთდროული დამუშავების მათემატიკური და ქსელური მოდელები“, (1992, მოსკოვი); „საერთო სარგებლობის კომუტირებადი სატელეფონო ხაზების გამოყენების შემთხვევაში პერსონალური გამომთვლელი მანქანების ქსელში ინფორმაციის დაცვის თავისებურებები“ (1992, მოსკოვი); „ინფორმაციის დაცვის ინტელექტუალური სისტემა“ (1992,მოსკოვი); „ინფორმაციის დაცულობის მათემატიკური მოდელები და კრიტერიუმები (1994, მოსკოვი); „ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივი საფუძვლები საზოგადოების ინფორმატიზაციის პროცესში“ (1994, მოსკოვი).

 

ბატონი გივი არის უშუალო მონაწილე იმ პროცესებისა გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირში მუშავდებოდა ინფორმაციული ომის კონცეფციები და ტექნოლოგიები და რომლის განვითარებული სისტემის მემკვიდრეა დღეს რუსეთის ფედერაცია.

 

სწორედ ამ ქვეყნიდან განხორციელდა საქართველოზე ყველაზე დიდი კიბერშეტევები. ჯერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს და სულ ბოლოს, 2019 წლის 28 ოქტომბერს. უკვე დადგენილია, მათ შორის აშშ სპეციალური ორგანოების მიერ, რომ ამ დღეს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. სამიზნედ აჩეული იყო სახელმწიფო სექტორი.მოხდა ორი ათასი GOV დაბოლოების სამთავრობო, არასამთავრობო და სამომხმარებლო ვებ-გვერდების პარალიზება. გატყდა proservice.ge ჰოსტინგ პროვაიდერის სრული სერვერი! 

 

ეს ნიშნავს რომ ამ დროისათვის აღნიშნულ მისამართებზე არსებული სახელმწიფო და სხვა საიდუმლო ინფორმაცია აღარ იყო საიდუმლო და რამოდენიმე წამში ხელმისაწვდომი გახდა არაკეთილგანწყობილი მეზობელი სახელმწიფოსათვის.

 

სულ ახლახან განხორციელდა, გაუგონარი მაშტაბით, საქართველოს მოქალაქეების პირადი ინფორმაციის „გაჟონვა“. ჰაკერების მიერ საქართველოს მოქალაქეების (ამომრჩევლების) 4,9 მილიონი პერსონალური მონაცები გასაჯაროვდა. ჯერ არ არის დადგენილი ვის მიერ მოხდა აღნიშნული, მაგრამ ფაქტია რომ საიფორმაციო უსაფრთხოება საქართველოში არაა უზრუნველყოფილი.

 

ჯერ კიდევ 1996 წლის ერთ-ერთ პუბლიკაციაში ბატონი გივი აცხადებს, რომ „ცუდი „შემნახავი“ მტერზე უარესია“! მას აქვს უმნიშვნელოვანესი კვლევები ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით მათ შორის საქართველოს კონტექსტში, რომელშიც ასახულია რუსეთ-საქართველოს ომის გაკვეთილები. დღესაც აქტუალურია მისი თეორიული, თუ მეთოდოლოგიური მიდგომები ინფორმაციული ომების საკითხების შესწავლისას, როდესაც ერთდროულად გამოყენებულია მათემატიკური, ქსელური და ექსპერტული მოდელირებ უახლესი მიღწევები. საქართველოსათვის პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავების დროს ბატონი გივი ეყრდნობა იმ პრინციპულ მიდგომას, რომ ინფორმაციული სისტემების მდგრადობისათვის აუცილებელია ის იყოს ეროვნული პროდუქტი. ხშირად იმეორებს ცნობილი ქართველი მეცნიერის, ქართული სამხედრო ისტორიის ფუძემდებლის აკადემიკოსი ირაკლი ჯორჯაძის სიტყვებს, რომ „ქართველებს მუდამ გააჩნდათ შრომის ორგანიზაციის და სამხედრო ხელოვნების ეროვნული მოდელი, ეს თაობადინ თაობას გადაეცემოდა.“ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქვეყანა ყიდულობს კიბერუსაფრთხოების უზრუნველმყოფელ სისტემებს მეგობარი ქვეყნისგანაც კი, ის მაინც „დაუცველია“ თვით ამ ქვეყნისაგან. მოცემული მეგობარი ქვეყანა პირდაპირი ჩართვით ადევნებს თვალს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, პოიტიკურ, კულტურულ, თუ პირად ცხოვრებას.

 

გამოსავალი ერთია: საქართველოს უნდა ჰქონდეს მონაცემთა ბაზების, საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების ან მათი მონაცემების. თავისი, ეროვნული დაცვის პროდუქტები! მან შეიძლება იყიდოს პროგრამები, ტექნოლოგიები, მაგრამ მათი დაცვის სისტემები უნდა აწარმოოს თვითონ!!!

 

ბატონი გივის უამრავი წინადადება და რეკომენდაცია რეალიზებულია, თუმცა მთავარი ისაა, რომ ბევრი მისი რეკომენდაცია დღემდე აქტუალურია და ელოდება განხორციელებას, მათ შორის საინფორმაციო უსაფრთხოების - პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, სამხედრო, მოქალაქეთა პირადი და სხვა ინფორმაციის პატრონთა უფლებების დაცვის ერთიანი სახელმწიფოებრივი სისტემის,  მისი ფუნქციონირების სრული სამართლებრივი საფუძვლების და მაკოორდინებელი სახელმწიფო ორგანოს შექმნის შესახებ.

 

თავდაცვისუნარიანობის სფეროში საქართველოს დღევანდელი სტრატეგია,- ოც წელზე მეტია გვახსენებს ბატონი გივი - ინფორმაციული უსაფრთხოების (იუ) მთავარ მოდელზე უნდა აიგოს. იუ ინფორმაციულ სფეროში ეროვნული ინტერესების დაცულობის მდგომარეობაა, რომელიც განისაზღვრება პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაბალანსებული ინტერესების ერთობლიობით. მისი უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების რეალიზაცია საინფორმაციო მოღვაწეობის სფეროში. ქვეყნის სამხედრო მშენებლობის სტრატეგიული კურსის განმსაზღვრელი უნდა გახდეს ინფორმაციული იარაღი და ინფორმაციული ომის წარმოების ტექნოლოგია. სტრატეგიული ინფორმაციული ურთიერთბრძოლის წარმოების მეორე თაობის მიდგომების მეცნიერული განვითარება და შემდგომი სრულყოფა პერსპექტივაში მიგვიყვანს სამხედრო ძალების გამოყენების მაქსიმალურ შეზღუდვამდე, რადგან კოორდინირებული ინფორმაციული აქციები მოგვცემს დასახული მიზნის _ მოწინააღმდეგეზე გამარჯვების მიღწევის შესაძლებლობას.

 

პირველი და მეორე თაობის ინფორმაციული იარაღს შორის განსხვავება ის არის, რომ პირველი თაობის ინფორმაციული იარაღის გამოყენების დროს მის პარალელურად გამოყენებადია შეიარაღებული ბრძოლის ჩვეულებრივი საშუალებებიც, ხოლო ინფორმაციული დაპირისპირების მეორე თაობის იარაღის გამოყენების დროს ჩვეულებრივი შეიარაღებული ბრძოლა და მისი შესაბამისი საბრძოლო საშუალებები შეზღუდულია, არ გამოიყენება. ინფორმაციული აქციების გამოყენების საშუალებით ხდება მოწინააღმდეგეზე გამარჯვება.

 

ამასთან, მეორე თაობის შესაბამისი ინფორმაციული იარაღის დამზადება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე, მაგალითად, ბირთული ან თუნდაც ეკოლოგიური იარაღი, ან მაღალი სიზუსტის საბრძოლო საშუალებები., ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ინფორმაციული ომის მოგება უფრო ძნელია, ვიდრე, მაგალითად, საავიაციო, ან საზღვაო ბრძოლისა. აქ გამარჯვების საწინდარი ინტელექტუალური უზრუნველყოფაა. სწორედ ისეთი უპირატესობების გამოყენებაა, რომელიც ბატონი გივისა და და მსგავსი პიროვნებების სახით ჰყავს საქართველოს.

 

მიუხედავად დამოუკიდებელ საქართველოში მეცნიერებისა და მეცნიერებებისადმი ქრონიკულად ჩამოყალიბებული უყურადღებო დამოკიდებულებისა, ბატონი გივი მიეკუთვნება მეცნიერთა ჩვენ წრეს, რომელიც აღნიშნულის გამო ხელებს არ უშვებს და ყოველდღიურად სთავაზობს თავს ქვეყანას, ხალხს- სამსახურისათვის, დარწმუნებული იმაში, რომ იდეას, სიტყვას დიდი ძალა აქვს და ის აუცილებლად ნახავს მომხმარებელს.

 

ასეთი პოზიტიური განწყობის ადამიანთა კრებულს - საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიას აქვს მორიდებული, მაგრამ სასიამოვნო ღონისძიებების ტრადიცია  თავისი წევრების ცხოვრებაში  იუბილეების აღსანიშნავად. ბატონ გივის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებათა დღის წესრიგიდან საზეიმო სხდომა, საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის №1 დეკრეტით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, მოიხსნა. სამწუხაროდ ვერ ვახორციელებთ დღის წესრიგის მეორე პუნქტსაც, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის №204 დადგენილებით განსაზღვრული საკარანტინო პირობების, სამ კაცზე მეტის ერთად შეკრების, კომენდანტის საათისა და გადაადგილების ასაკობრივი შეზღუდვის (?) ნორმის გამო, რითაც აეკრძალათ „70 წლისა და მეტი ასაკის პირებს ფაქტობრივი/რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის დატოვება“ (მუხლი 5, პუნქტი 1). თუმცა, დღის წესრიგის არც ერთი პუნქტი არ გაუქმებულა - მოიხსნა შესაბამისი პირობების დადგომამდე. ისიც სათქმელია, რომ ბატონი გივის მიერ დაწურული ღვინის თვისებები, ასაკთან ერთად, მხოლოდ კარგისკენ იცვლება.

 

რაც შეეხება დაბადების დღეს - საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრთა სახელით ვულოცავთ ბატონ გივის, ვუსურვებთ იმრავალჟამიეროს და გადავცემთ ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის უმაღლეს ჯილდოს - საპატიო სიგელს „ქართული ეკონომიკური აზრის განვითარებაში, ეკონომიკურ მეცნიერებათა პოპულარიზაციასა და სწავლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“.

 

 

მიხეილ ჯიბუტი,

 

საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდენტი, პროფესორი                                     

 

 

17-04-2020, 18:12
უკან დაბრუნება