ყველაფერს კორონა ვირუსს ნუ დავაბრალებთ..
გლობალური გამოწვევების პრევენციისა და ეროვნული ეკონომიკის გაჯანსაღების ღონისძიებებზე ვაგრძელებთ საუბარს ცნობილ მეცნიერთან, საზოგადო მოღვაწესთან, საქართველოს მინისტრთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარესთან - ნოდარ ჭითანავასთან.
იური პაპასქუა: ახალმა კორონა ვირუსმა ბევრი ნეგატივი ამოატივტივა. ხელისუფლების გაბედული, მიზანმიმართული გადაწყვეტილებებისა და მედიცინის სფეროს მუშაკთა, მართლაც, გმირული თავდადების ფონზე, როგორც მოსალოდნელი იყო, მორღვეული ზურგი, შეზღუდული ბაზისური რესურსები, წინსვლის გაურკვეველი ორიენტირები გამოჩნდა. ტექნიკური, ტექნოლოგიური, კომუნიკაციური თუ ინფრასტრუქტურული განვითარების ფანტასტიკიკურ გარემოში აღვირაწყვეტილ, დაუნდობელი ეპიდემიის ნიაღვარს „სოციალურად პოლარიზებული საზოგადოება და დემორალიზებული ეკონომიკა“ დახვდა.
საზოგადოებაში დიდი იყო მოლოდინი მთავრობის ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის მიზნობრივ სოციალურ და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ ღონისძებებზე, რაც უდაოდ შთამბეჭდავია, თუმცა ეს მხოლოდ „ხარჯვითი“ ინექციებია და ეკონომიკის ეპიდემიამდელი მდგომარეობის შენარჩუნებას გულისხმობს. სხვა მიზანი მას არც ქონია.
ალბათ დამეთანხმებით, რომ მთელი ძალისხმევა ახლა კორონა ვირუსით გამოწვეული კრიზისის შემდგომი პერიოდის ეკონომიკის განვითარებაზე, გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების ეფექტიანი ღონისძიებების დასახვასა და განხორციელების მექანიზმის სრულყოფაზე უნდა იყოს მიმართული. თქვენ როგორ გაქვთ ეს პროცესი წარმოდგენილი?
ნოდარ ჭითანავა: ყველაფერს კორონა ვირუსს ნუ დავაბრალებთ, ეკონომიკური კრიზისის ფესვები უფრო შორიდან მოდის. საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარირების შემდგომი, თითქმის 30-წლიანი პერიოდის სისტემური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მკვეთრი ჩამორჩენაა, - რაც გვქონდა, იმ დონესაც ვერ მივაღწიეთ; ეროვნული სიმდიდრე უმოწყალოდ გაიფლაგნა; მატერიალური წარმოების ბაზა გაჩანაგდა; დემოგრაფიული მდგომარეობა გაუარესდა; წარმოების ძირითადი ფაქტორები (მიწა, შრომა, კაპიტალი, მეწარმეობრივი უნარი, ინტეგრირებული ცოდნა, ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება და ა.შ.) არაეფექტიანად გამოიყენება; დეინდუსტრიალიზაციის პროცესები სახეზეა; სასურსათო უსაფრთხოება რისკის ქვეშ დადგა; ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციაზე გავხდით დამოკიდებული; მეცნიერების ორგანიზაციული საფუძველი მოშლილია; განათლების სისტემა თანამედროვე მოთხოვნებს ჩამორჩა; სოფელი დაცარიელდა; უმუშევრობა მწვავე პრობლემაა.
ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ტრანსფორმაციული პერიოდის ეკონომიკა, ფართო გაგებით, სისტემურ კრიზისში იყო. ბოლო პერიოდის მოვლენებმა მდგომარეობა უფრო დაამძიმა. ამიტომ აუცილებელია ჩვენი რესურსული პოტენციალის მიზნობრივად გამოყენება და ანტიკრიზისული პოლიტიკის შემუშავება - განხორციელება. გვჭირდება გარღვევის სტრატეგია. ცნება ნუ შეგვაშინებს. იგი გულისხმობს იმას, რომ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად - ეფექტიანი ეკონომიკური სისტემის შესაქმნელად, საჭიროა ქვეყანაში არსებული რესურსების მაქსიმალური კონცენტრაცია და მიზნობრივი პროგრამებით მათი გამოყენება. გარღვევის სტრატეგიაში მიზნის მიღწევის ცენტრალური რგოლი მაღალი ტემპებით ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაა. სხვანაირად ვერ მოხერხდება მთელი საზოგადოების (და არა მხოლოდ მისი მცირე ნაწილის, როგორც დღესაა) მუდმივად მზარდი მატერიალური და კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.
ქვეყნის განვითარების დღევანდელ, უაღრესად საპასუხისმგებლო ეტაპზე, სახელმწიფო (ხელისუფლება), საზოგადოება არჩევანის წინაშე დადგა: მიზნობრივად, მაქსიმალურად და ეტაპობრივად აამოქმედოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების არსებული შესაძლებლობები (გარღვევის სტრატეგია - მობილიზაციური მოდელი) და ამით უზრუნველყოს მაღალეფექტიანი საბაზრო ეკონომიკური სისტემის ფორმირება-ფუნქციონირების ხელშემწყობი გარემოს შექმნა ან ე.წ. კლასიკური, ტრადიციული ფორმით (გზით) დაიწყოს ეკონომიკის სისტემური კრიზისიდან გამოყვანის ღონისძიებათა განხორციელება. ამ უკანასკნელს ხანგრძლივი დრო სჭირდება და დიდი სოციალური დანაკარგებიც ახლავს. მესამე გზა არ არსებობს.
შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალია: სოციალურ-ეკონომიკური პროცესების სახელმწიფოებრივი რეგულირების, როგორც საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორის, სწორად გააზრება და ვითარებაზე მისი ზემოქმედების რეალური მექანიზმების შერჩევა-ამოქმედება. სახელმწიფოს ანტიკრიზისულ პოლიტიკას საფუძვლად უნდა დაედოს ქვეყნის განვითარების პოლიტიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობა, რომელიც, ერთი მხრივ, ქვეყნის ბუნებრივი, საწარმოო, შრომითი რესურსების, ეკონომიკური პოტენციალის, დემოგრაფიული სტრუქტურის, გეოპოლიტიკური მდგომარეობის, აგრეთვე სხვა ფაქტორების გამოყენების ანალიზით და მეორე მხრივ, საუკეთესო პრაქტიკის, ინტეგრაციული პროცესების, ნაციონალურ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო (ზესახელმწიფოებრივ) ინსტიტუტებს შორის არსებული ურთიერთობების თავისებურებების გათვალისწინებით განისაზღვრება.
კრიზისიდან დაჩქარებით გამოსვლისთვის მიზანშეწონილია შესაბამისი ორგანიზაციულ-ეკონომიკური ინსტრუმენტის გამოყენება. ასეთი შეიძლება იყოს 2021–2025 წლების სოციალურ ეკონომიკური განვითარების პროგრამა (გარღვევის სტრატეგია - მობილიზაციური მოდელი).
იური პაპასქუა: პროგრამები ბევრი დაწერილა და გაცხადებულა... მაინც, რით უნდა იყოს ის ასე გამორჩეული?
ნოდარ ჭითანავა: კარგად მესმის თქვენი მინიშნება. ჩვენ ეს გზა გავიარეთ და მწარე გამოცდილება შეგვრჩა. ხაზგასმით ვამბობ, რომ ქვეყანას, გარდაქმნების არც ერთ ეტაპზე, გამოწვევების ადეკვატური ეკონომიკური პოლიტიკა არ ქონია. მხედველობაში მაქვს სახელმწიფო ექსტრემალურ პირობებში ექსკლუზიური ფუნქციებით და არა ვიწრო კლანური ინტერესების გავლენით მოქმედი პოლიტიკური სუბიექტი.
პროგრამაში სამ მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი:
პირველი - განვითარების რომელ სტდადიაზეა ქვეყანა? ამ კითხვაზე სწორი პასუხი საჭიროა იმისთვის, რომ გაცხადდეს, როგორია განვითარების სასტარტო ბაზა, საზოგადოების ქცევის მოტივაცია, გლობალურ პროცესებთან ადაპტირების დონე და სხვა გარემოებები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივის პროგნოზირებას;
მეორე - საით უნდა წავიდეთ (სტრატეგიული მიზანი), რომელი მიმართულებით უნდა განვითარდეს ეკონომიკა? ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების ცოდნა, არამედ აუცილებელია გლობალურ სივრცეებში სხვათა ინტერესების შესწავლა-შეფასება, მათი თანხვედრის თუ დაპირისპირების, მოსალოდნელი გამოწვევებისა და მუქარების განჭვრეტა, რათა განვითარების მთავარი მიმართულებები სწორად განისაზღვროს;
მესამე - როგორ, რომელი რესურსებით და რა პერიოდულობით არის გათვალისწინებული დასახული მიზნის მიღწევა? ამისათვის საჭიროა სწორად შეირჩეს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიისა და ამოცანების განხორციელების ადექვატური ფორმები, მექანიზმები, დაფინანსების წყაროები (საშინაო და საგარეო, გეოეკონომიკური რესურსები, მართველობითი მოდელი და ა.შ.).
იური პაპასქუა: ასეთი პროგრამის შედგენა ხომ არ ეწინააღმდეგება პოლიტიკური და ეკონომიკური დემოკრატიის ფუძემდებლურ პრინციპებს?
ნოდარ ჭითანავა: საზოგადოებამ, სახელმწიფომ ახლა მაინც (მწარე გამოცდილების ფონზე) უნდა გააცნობიეროს, რომ პროგრამული მიდგომები რთული, კრიზისული პროცესების მართვის რეგულირების ოპტიმალური ფორმა და მეთოდია.
დღეს, მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა სტაბილურ წარმატებებს საბაზრო და სახელმწოფო რეგულირების მექანიზმების შეხამებით, სტრატეგიული დაგეგმვის (მართვის) პრინციპებზე დაფუძნებული, ყოველმხრივ გააზრებული, ეტაპობრივი და თანმიმდევრული მოქმედებებით მიაღწიეს.
პროგრამული მიდგომის უპირატესობა ისაა (ადრე ნათქვამს გავიმეორებ), რომ მასში დასახულ მიზანსა და მისი მიღწევის რესურსულ თუ პოლიტიკურ-ორგანიზაციულ ფაქტორებს შორის ლოგიკური კავშირი (პოლიტიკური მიზნის ეკონომიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა) აისახება; რეალურად განისაზღვრება ადგილობრივი ბუნებრივ-საწარმოო პირობებისა და ფაქტორების კომპლექსურად ამოქმედების გზები და საშუალებები. პროგრამას ექნება გამჭირვალობის მაღალი ხარისხი და საზოგადოებისთვის ქვეყნის განვითარების სტრატეგიის (ტაქტიკის) შეფასების საფუძველი გახდება, რაც ბუნებრივია, სახელმწიფოს (ხელისუფლებას) საშუალებას მისცემს, სიტუაციის შესაბამისად, მის განხორციელებაში კორექტივები შეიტანოს, პრაგმატული მოსაზრებით იმოქმედოს.
ტრანსფორმაციული პროცესების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ გრძელვადიანი პროგრამის შედგენას ხელისუფლების ყველა თაობა (გუნდი) გაურბოდა და კონკრეტულ პასუხისმგებლობას არ იღებდა, საზოგადოება კი ამ მოვლენის (რეალობის) მიმართ მიუტევებელ გულგრილობას იჩენდა. ადრე, წინააღმდეგობრივ, სწრაფად ცვალებად პირობებში, კონცეპტუალურად და მეთოდოლოგიურად გაუაზრებელი პროგრამებით (სტრატეგიით) მკვიდრდებოდა ახალი ტიპის ურთიერთობები, რომელიც უმეტესწილად ეწინააღმდეგებოდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ განვითარებული ქვეყნების მიერ განვლილი გზით (კლასიკური კაპიტალიზმის მოდელით) XXI საუკუნის პირველ ნახევარში (როცა გამოცდილი გვაქვს სხვადასხვა, ყოველთვის გარედან შემოთავაზებული დოქტრინების ავკარგიანობა), საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ფაქტობრივად, გამორიცხულია. ეს იმიტომ, რომ ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ გამოყენებული ისტორიული გამოცდილების ფონზე, სულ სხვა იდეები, მიდგომები, ტექნოლოგიები, პრინციპები, თავისებურებანი, ტენდენციები გამოჩნდა.
იური პაპასქუა: როგორი უნდა იყოს პროგრამის ამოსავალი საწყისი, კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური მიდგომები?
ნოდარ ჭითანავა: ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და განვითარების თვისებრივად ახალ ტრაექტორიაზე გასვლისათვის მყარი მატერიალური და ორგანიზაციული საფუძვლის მომზადება ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება-განმტკიცების განმსაზღვრელი პირობა-ფაქტორია.
პროგრამის უმთავრესი დანიშნულების - ეკონომიკის მაღალი ტემპებით ზრდის (განვითარების) ამოცანის გადაწყვეტას უნდა დაექვემდებაროს ქვეყნის რესურსული პოტენციალი.
პროგრამაში უნდა აისახოს მშპ რეალური ზრდის შესაძლებლობები, მოსახლეობის შემოსავლების სტრუქტურის ოპტიმიზაციის, შრომითი რესურსების რაციონალურად გამოყენების, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარების, ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის ფორმირების, ინვესტიციებისა და საგარეო-ეკონომიკური ფაქტორების მიზნობრივად გამოყენების პოტენციალი.
იური პაპასქუა: ცხადია, ეს მარტივი და მოკლე ვადებში შესასრულებელი სამუშაო სულაც არ არის. თანაც მოითხოვს ორგანიზებულობის მაღალ დონეს.
ნოდარ ჭითანავა: სახელმწიფოს, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფუნქცია სწორედ ეს არის. პროგრამის შედგენაში მონაწილეობა უნდა მიიღოს, საბაზრო სუბიექტებთან ერთად, სახელმწიფო სტრუქტურებმა (სოფელი, მუნიციპალიტეტი, მხარე, ავტონომიური რესპუბლიკა, სამინისტროები (უწყებები) და სხვა, სამეცნიერო კოლექტივებმა, არასამთავრობო სტრუქტურებმა, საერთაშორისო ეკონომიკურმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა, დაინტესებულმა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა. მათი ფართო მონაწილეობა პროგრამას შესძენს საზოგადოების დიდი ნაწილის კოლექტიური შრომით შექმნილი დოკუმენტის, ერთიანი სტრატეგიის სტატუსს, რაც დაპირისპირებული ძალების საზოგადოებრივი კონსენსუსის მნიშვნელოვანი ელემენტია.
პროგრამაში უნდა განისაზღვროს ეკონომიკური ზრდის რეალური რაოდენობრივი პარამეტრები (მოცულობები, ტემპები), მათი მიღწევის ეტაპები, პოლიტიკური და ეკონომიკური, ორგანიზაციული, სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას.
ეკონომიკური ზრდის დასახულ მიზანს უნდა მიესადაგოს საბაზრო თვითრეგულირებისა და სახელმწიფო რეგულირების მოცემული სიტუაციისათვის მისაღები ფორმები, მეთოდები, რათა მივაღწიოთ მათ კომპლექსურ, მიზანმიმართულ გამოყენებას. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს სტრატეგიულ მიზანს დაქვემდებარებული ამოცანები: როგორი უნდა იყოს ეკონომიკის ფუნქციონირების საკანონმდებლო ბაზა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ფასწარმოქმნის მექანიზმი, საბიუჯეტო პოლიტიკა, სახელმწიფო ვალების მომსახურების სისტემა, სახელმწიფო დაკვეთის მექანიზმი, საინვესტიციო პოლიტიკა, პროგნოზირებისა და ქვეყნის სტრატეგიული განვითარების დაგეგმვის მექანიზმი, სახელმწიფო მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირების მექანიზმი, რეგიონების განვითარების პრინციპები და სხვა.
პროგრამაში დაცული უნდა იყოს ქვეყნის მეგა, მაკრო, მეზა და მიკრო დონეზე სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ერთიან კონცეპტუალურ საფუძველზე განხორციელების პრინციპი. ეს მოთხოვნა კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის დაჩქარებისა და სუვერენული სახელმწიფოს როლის მოსალოდნელი ზრდის აუცილებლობიდან გამომდინარეობს. მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ მსოფლიოში ნაციონალური სახელმწიფოს ფუნქციები, მომავალში მოსალოდნელი ცვლილებების შესაბამისად ექსკლუზიური ფუნქციებით შეივსება (გეოეკონომიკური სტრატეგიების შემუშავება, საერთაშორისო სტრუქტურებში უფრო აქტიურად ჩართვა, მრავალმხრივი ინტეგრაციული კავშირების გაღრმავება, განვითარების ეროვნული მოდელის ადგილობრივი პირობების შესაბამისად განსაზღვრა, მართვის ტრადიციული ფორმების გათანამედროვებით დროის გამოწვევებთან ადაპტირების ღონისძიებათა დასახვა-განხორციელება).
გარღვევის სტრატეგია-მობილიზაციურ მოდელში სახელმწიფოს მაკროეკონომიკური პოლიტიკა ახალ ფუნქციებს შეიძენს. მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდება არსებული მატერიალური რესურსების, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ორგანიზაციული, ფსიქოლოგიური ფაქტორების მიზანმიმართული გამოყენება, სხვადასხვა დონეზე მათი გადანაწილება და კოორდინაცია.
ამასთან, მიკროდონეზეც, რომელიც საბაზრო მექანიზმების გავლენის სფეროს განეკუთვნება, რეალურად შეფასდება რამდენად ადეკვატურია მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რამდენად რაციონალურია რეგულირების მექანიზმების თანაარსებობა, რამდენად ყაირათიანად გამოიყენება არსებული პოტენციალი.
ეს გარემოება მიკრო დონეზე ეკონომიკური პროცესების რეგულირებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მიკრო დონეზე სწორად გააზრებული მაკროეკონომიკური პოლიტიკით უნდა მომზადდეს დოვლათის შექმნის ხელსაყრელი საწარმოო და ორგანიზაციული პირობები.
ასეთი მიდგომა განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფოს შესახებ დღემდე არსებულ სტერეოტიპს ეწინააღმდეგება. მითუმეტეს, იგი, შესაძლოა, ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელიც აღმოჩნდეს და მიკრო დონეზე სახელმწიფო ზეწოლის ფორმად მიიჩნიონ.
სამწუხაროდ, საქართველოში მიკრო დონე სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა. მიწის რესურსების გამოყენების ფაქტობრივი მდგომარეობა, როცა ასეულ ათასობით ჰექტარი ნაყოფიერი მიწა არ მუშავდება, ამის თვალნათელი მაგალითია. მიკროდონეს ფაქტობრივად „ამშვენებს“ ახლად შეძენილი მენტალიტეტის სიმბოლო - საშოვარზე გადახვეწილი ოჯახის წევრის სიმწრის ოფლით ნაშოვნი ფულის გაფლანგვას შეჩვეულნი ფიზიკურ შრომას თაკილობენ და არც არავინ სთხოვს საკუთარ ოჯახში სარჩო რატომ არ შეაქვს. სწორედ ეს არის ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის მოდუნების, წარსულისადმი ნიჰილიზმის, შრომისადმი ამპარტავნული დამოკიდებულების და ათასი სხვა დაშვებული შეცდომის შედეგად თანდათანობით, ჩვენივე პასიური თუ აქტიური პოზიციით ჩამოყალიბებული რეალობა, რომელშიც სიღარიბე (სიღატაკე) ყველაზე მწვავე სოციალურ პრობლემად ჩამოყალიბდა.
ამ მოვლენასთან ბრძოლის სხვადასხვა დროს გამოყენებული ფორმები (ეკონომიკის სოციალური ორიენტაცია, ერთი მილიონი სამუშაო ადგილის, „საქართველო სიღარიბის გარეშე“ – „სტრატეგიები“, სიღარიბის მაჩვენებლების ხელოვნურად შემცირება და რიტორიკულ ლოზუნგებს ამოფარებული სხვა დაპირებები, საკმარისი არ აღმოჩნდა. ქვეყანაში შეიქმნა საშიში ვაკუუმი - ერთი მხრივ, „ახალი მდიდრები“ (ისინი, სამწუხაროდ, ცოტანი არიან) და მეორე მხრივ, „ახალი ღარიბები“ (სამწუხაროდ, ისინი საზოგადოების დიდი ნაწილია). ეს ორი კატეგორია - „ახალი მდიდრები“ და „ახალი ღარიბები“ აფერხებენ ქვეყნის განვითარებას. ამ დროს კისაშუალო ფენის ჩამოყალიბება ვერ ხერხდება.
დროა გავიგოთ: სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზა გვაქვს - შევქმნათ ეფექტიანი ეკონომიკური სისტემა (ჩვენს შემთხვევაში „გარღვევის სტრატეგია - მობილიზაციური მოდელის“ მიზანიც სწორედ ეს არის).
ყოველივე ეს ამტკიცებს იმას, რომ მაკრო, რეგიონულ, მიკრო დონეზე ახალი ორგანიზაციული და ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირება ერთიან კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ საფუძველზე უნდა მოხდეს.
პროგრამაში გასათვალისწინებელია ის თავისებურებაც, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის თანამედროვე ეტაპს განასხვავებს სამეურნეო სუბიექტის საბაზრო პრინციპებზე გადასვლის დრო, როცა ბაზარი მკაცრად მონოპოლიზებულია და იქ ფეხის მოკიდება გაცილებით რთულია, ვიდრე ამას აღწევდნენ მეწარმეები კლასიკური კაპიტალიზმის პირობებში. ამ თავისებურებამ ახლებურად დააყენა სამეურნეო სუბიექტების (მიკრო დონეზე) მეწარმეობითი, სტრატეგიული და შემოქმედებითი აზროვნების კონცენტრაციის უნარის აუცილებლობა. სწორედ მისი დეფიციტი აფერხებს ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას, რომლის ჩამოყალიბება სახელმწიფოს ექსკლუზიური ფუნქციაა. სამწუხაროდ, ის ამ მისიას ვერ ასრულებს.
გარღვევის სტრატეგიაში უნდა აისახოს მატერიალური წარმოების სფეროში მაღალი ტემპებით ეკონომიკური ზრდის (განვითარების) უპირატესობა. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სტაბილიზაციის ცენტრალური ღერძი მრეწველობაზე გადის. ვხედავთ, რომ დეინდუსტრიალიზაციის პროცესი, თუ იგი არ შევაჩერეთ, ხელს შეუწყობს დეინტელექტუალიზაციის წანამძღვრების მომზადებას. დღევანდელი ეტაპის ეს თავისებურება თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის საფუძველზე მრეწველობის, ენერგეტიკის განვითარებას განსაკუთრებულ აქტუალურობას ანიჭებს. სამრეწველო პოტენციალი უნდა დაედოს საფუძვლად ეკონომიკისადა სოციალური სფეროს კომპლექსურ განვითარებას.
ქვეყნის ეკონომიკაში აგრარული მეურნეობა მუდამ იქნება მისი იერსახის სიმბოლო (არაიმდენად ეკონომიკის განვითარებაში მონაწილეობის დონით, არამედ მისი ყველა დარგისაგან გამორჩეული - ექსკლუზიური როლითა და ფუნქციებით). ამიტომ აგრარული მეურნეობის ეფექტიანი განვითარება ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების უპირობო ფაქტორია, მას განსაკუთრებული მიდგომა უნდა. ჩვენ კი ბარბაროსულად ვექცევით. სამრეწველო საფუძველზე ჩამოყალიბებული დარგის მატერიალური და ორგანიზაციული ბაზა მოვშალეთ (გამწევი ცოცხალი ძალის და კავის ამარად დავტოვეთ). ინტენსიურ მიწებს არ ვამუშავებთ. მიწა გაველურდა, ძირითადად, უცხოეთიდან შემოტანილი პურით ვიკვებებით, ინვენტარიც კი შემოგვაქვს. ეს იმიტომ ხდება, რომ სახელმწიფოც აგრარულ მეურნეობას განიხილავს, როგორც ბიზნესს (მაქსიმალურ მოგებაზე ორიენტაცია). სასოფლო-სამეურნეო წარმოება არაკონკურენტუნარიან ნატურალურ მეურნეობას ეყრდნობა. კოოპერაცია, როგორც ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურად ამოქმედების საიმედო ფორმა, ნელა ვითარდება. ამასთან, უნდა გვსმოდეს, რომ აგრარული მეურნეობა არამარტო რთული ბუნებრივ-საწარმოო, არამედ სოციალურ-ეკონომიკური ფენომენიცაა.
მიწის და სხვა ბუნებრივი რესურსული პოტენციალის თანამედროვე მეცნიერული მიდგომებით შეფასების საფუძველზე უნდა განისაზღვროს მათი ეკონომიკური ზრდის პროცესში ეტაპობრივად ჩართვის ღონისძიებანი.
ამრიგად, ახალ პირობებში ეროვნული ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის ფორმირებაში ამოსავალი უნდა იყოს მატერიალური წარმოების სფერო. აქ შექმნილი დოვლათის ზრდა - განაპირობებს ეკონომიკის სხვა დარგების, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის განვითარებას და ეფექტიან ფუნქციონირებას.
ახლებურ გააზრებას მოითხოვს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები.
რეგიონი (ჩვენს შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკა და მხარეები) ასრულებს „ხიდის“ ფუნქციას, თანაც ორმხრივი მოძრაობის პრინციპით - ზევიდან ქვემოთ და, პირიქით. ამასთან რეგიონი თავადაც კომპლექსია, ქვეყნის ტერიტორიის კონკრეტულ ნაწილში განვითარების ბუნებრივი, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და სხვა პირობების ერთიანობაა, რომელიც არსებითად ადგილობრივ გარემო ფაქტორების გავლენით ყალიბდება. ეს თავისებურება განსაკუთრებულ აქტუალობას ანიჭებს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას. „ცენტრი-რეგიონის“ ურთიერთობებში მთავარია მათი კომპლექსურობა (ერთმთლიანობა), ორმხრივი ინტერესების დაბალანსებას დაეფუძვნოს.
საქართველოს ეკონომიკა რეგიონულ ეკონომიკათა ერთიანი მთლიანობითი სისტემაა, რეგიონების ბუნებრივ-ისტორიული განვითარების შედეგია, მათი თავისებურებების, ტენდენციების, კანონზომიერებათა, სამეურნეო ორგანიზაციული პრინციპების ერთობლიობაა. ამიტომ ქვეყნის შიდა რეგიონულ მრავალფეროვნებას, როგორც განვითარების სტრატეგიულ რესურსს, განმსაზღვრელი მნიშვნელობა ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება.
ქართული სოფელი (თემი), რომელსაც დღეს სტატუსიც არ აქვს, დაბა, ქალაქი, რაიონი (ახლა მუნიციპალიტეტი), მხარე, ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც მთელის (ქვეყნის) ნაწილი და თავადაც მთელი მათი შემადგენელი ნაწილების მიმართ ერთიანი გენეტიკური ფესვებით, ტრადიციებისა და მეურნეობრიობის მრავალფეროვნებით, ის ნიშანსვეტია, რომელიც ინდიკატორის ფუნქციას ასრულებს. სწორედ ამ თავისებურებაში უნდა ვეძებოთ ქართული რეგიონალიზმის ფუძემდებლური პრინციპების განსაზღვრის ფილოსოფიური, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური საწყისი.
გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში ცხოვრების ბუნებრივი და საწარმოო პირობები არათანაბრადაა განაწილებული. ამიტომ რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის გამოთანაბრების ამოცანა ისტორიულიც არის და საგანგებოც.
ადგილობრივი მმართველობა უნდა ჩამოყალიბდეს მართვის მოქმედ ინსტიტუტად, სოფელს, თემს უნდა განესაზღვროს სტატუსი, გაემიჯნოს სახელმწიფოსა და ადგილობრივ მმართველობას შორის საკუთრება, შესაბამისად, კომპეტენციები.
დიდი რეზერვებია რეგიონთაშორისი კოოპერაციის განვითარებისათვის.
რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება უნდა წარიმართოს კომპლექსური პროგრამით, რომელიც წარმოადგენს ტერიტორიის განვითარების სტრატეგიას, ეფუძნება სახელმწოფოს პოლიტიკურ მიზანს, სამართლებრივ ბაზას, რესურსულ პოტენციალს და სრულად გამოხატავს ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ქვეყნის რეგიონები ინტენსიურად უნდა ჩაერთონ საგარეო-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტერიტორიული (სასაზღვრო) თავისებურებების გათვალისწინება. საგანგებო ყურადღებას მოითხოვს მთის რეგიონების განვითარება.
პერსპექტივაში გვმართებს მთის ფენომენის ისტორიული დანიშნულების (ფუნქციების) სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სწორად გაცნობიერება.
ქვეყნის განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს მსოფლიოში მიმდინარე გლობალური ცვლილებების მიმართ ეროვნული ეკონომიკის ადაპტირების პრინციპები (როგორ გეოეკონომიკურ სივრცეში მოუწევს ფუნქციონირება), თავიდან უნდა ავიცდინოთ ახლო პერიოდში მოსალოდნელი საფრთხე, - კრიზისიდან გამოსვლის საბაბით, ამჯერადაც თავს არ მოგვახვიონ ქვეყნის რესურსული პოტენციალის უცხოურ კაპიტალზე დამოკიდებულების ხელშემწყობი გარიგებები.
საინვესტიციო პოლიტიკაში წინასწარ შედგენილი პროექტების მიხედვით (ინვესტიციების მოზიდვის სფეროების შერჩევით) განისაზღვროს სად და რა მოცულობით, როგორი წინაპირობებით და მოსალოდნელი შედეგებით დაბანდდეს ინვესტიციები, რომ შექმნილი აქტივები ქვეყნის განვითარების სტრატეგიის განხორციელებას მაქსიმალურად ხელს უწყობდეს. ყოველმხრივ წახალისებას საჭიროებს ქვეყნის მოქალაქეთა კაპიტალის ეროვნულ ეკონომიკაში განთავსების პროცესი. ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტიულ ფორმებად, როგორც ადრე აღვნიშნე, მიგვაჩნია ერთობლივი საწარმოების, თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა, ლიზინგის გამოყენება და სხვა. ამ კონტექსტში, მიზანშეწონილია ინგირი - გალის მონაკვეთზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის (ქართულ - აფხაზური ადმინისტრაციით) შექმნა.
ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებაში პროგნოზირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის როლის გაძლიერებისა და რესურსული პოტენციალის რაციონალურად გამოყენების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შეიქმნას პროგნოზირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი (ან სხვა ფორმით). მას უნდა განესაზღვროს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატიური გეგმის შედგენის ფუნქცია (შესაბამის საკანონმდებლო ბაზის შექმნით).
თანამედროვე პირობებში ინდიკატიური დაგეგმვის უპირატესობა ისაა, რომ ეკონომიკის განვითარების დაგეგმვა ხდება „ქვევიდან“ და ეფუძვნება კონსულტაციების, შეთანხმებების პრინციპს და ითვალისწინებს საზოგადოების სხვადასხვა ფენის (საკუთრების ფორმის მიუხედავად) ინტერესებს. ამასთან, ასრულებს საზოგადოებისათვის აუცილებელი და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდების ფუნქციას. ინდიკატიური დაგეგმვის ამოცანაა მთავრობის მიმდინარე და საშუალო ვადიანი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის და სტრატეგიის ჩამოყალიბება, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და მათი მიღწევის გზების ძიება, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, დარგის და სოციალური ჯგუფის ინტერესების კოორდინაცია.
საქართველოში 2006 წელს კანონის „საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ“ გაუქმებით ქვეყანაში უფრო გაღრმავდა სოციალურ-ეკონომიკური განვითარებიდან სახელწიფოს თანდათანობით ჩამოცილების პროცესი.
კარგად გვახსოვს, ქვეყანა ცალკეულ პირთა თუ ჯგუფთა სუბიექტური (აკვიატებული) ამბიციების ექსპერიმენტულად გამოცდის ასპარეზად როგორ იქცა (მხედველობაში მაქვს სხვადასხვა თარგზე გამოჭრილი „მოდელების“ დამკვიდრების მცდელობები).
ინდიკატიური დაგეგმვის ამოსავალი საწყისი (ორიენტირი) უნდა იყოს ბაზარი (როგორც წარმოებითი ურთიერთობის მექანიზმი) და კონკურენცია („უხილავი ხელი“), როცა ეკონომიკური პროცესის მოქმედების სივრცე განისაზღვრება „ხილული ხელის“ (ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება) მონაწილეობით და მათ შორის, კოორდინაციის ფუნქციები ეკონომიკური მიზანშეწონილობის (საბაზრო ლოგიკა) საფუძველზეა განაწილებული.
ი. პაპასქუა: როგორ გაქვთ წარმოდგენილი გარღვევის სტრატეგიაზე მუშაობა, ეს ხომ განვლილი პერიოდის სიღრმისეულ ანალიზს, შესაბამის დასკვნებს, პრობლემების გადაწყვეტის ვარიანტულ მიდგომებს, საერთაშორისო ეკონომიკურ და ფინანსურ სტრუქტურებთან შეთანხმებას მოითხოვს, ამასთან, რაც მთავარია, ხელისუფლება და ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი ამისთვის მზად არის ან საზოგადოება მხარს დაუჭერს? მითუმეტეს, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების დღემდე ცნობილ სტრატეგიებში, რომლებიც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით დამუშავდა, ასეთი მიდგომები, განსაკუთრებით სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრაში ეკონომიკის განვითარების რაოდენობრივი პარამეტრები არ გამოყენებულა.
ნოდარ ჭითანავა: საქართველოს ეკონომიკის განვითარების სხვა გზა არა აქვს. მან 5 წელიწადში უნდა შეძლოს ეფექტიანი (დაბალანსებული) ეკონომიკური სისტემის ფორმირება. ამისათვის წინაპირობები, ფაქტობრივად, შექმნილია. სამეწარმეო სფეროში რეგისტრირებულ საწარმოთა 99,8%, წარმოებული პროდუქციის 95,6%, ძირითადი კაპიტალის 80%-მდე არასახელმწიფო სექტორშია. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თითქმის 100%, სამრეწველო პროდუქციის 96%, სატრანსპორტო პროდუქციის 60%-მეტი, სამშენებლო პროდუქციის 95-%-ზე მეტი კერძო სექტორში იწარმოება. ასეა მომსახურების სფეროც.
ამრიგად, კერძო საკუთრება ეროვნული ეკონომიკის განვითარების განმსაზღვრელი პირობა გახდა. გაძლიერდა საბაზრო მენტალიტეტი. მაგრამ ეკონომიკური სისტემა მაინც არაეფექტიანია.
იური პაპასქუა: ერთი წუთით, ბოდიში, გაგაწყვეტინებთ. საკითხის დაზუსტება მინდა.
თქვენს მიერ დამოწმებული დინამიკა ადასტურებს, რომ მიზანი მიღწეულია - ეკონომიკური ბაზისი საბაზრო ურთიერთობებს დაეფუძნა, რაც ყველაზე დიდი მონაპოვარია.
ბატონო ნოდარ, თუ ეს იყო მთავარი, მაშინ ახლა, როცა კერძო საკუთრება და საბაზრო ურთიერთობა „ჭარბად“ გვაქვს, რატომ ვერ ვაღწევთ ეკონომიკის ეფექტიანობას?
ნოდარ ჭითანავა: სწორედ ამის გაცნობიერებაა აქ მთავარი.
მითები საბაზრო მექანიზმების გაფეტიშებაზე დიდი ხანია დაიმსხვრა. განვითარებულ ქვეყნებშიც ღიად საუბრობენ და ჩვენთანაც თითქმის ყველა დარწმუნდა იმაში, რომ სახელმწიფოსთან პარტნიორობის გარეშე ეკონომიკა ეფექტიანი არ იქნება. ძლიერი ეკონომიკის გარეშე პოლიტიკური სუვერენიტეტიც კი ფიქციაა. კერძო სექტორის, ბაზრის და სახელმწიფოს თანაარსებობა, პარტნიორული თანამშრომლობა, ინტერესთა თანხვედრა არის ეფექტიანი ეკონომიკის ფუნქციონირების გარანტი. აი, მთავარი დასკვნა, რომელიც გამომდინარეობს ჩვენივე რეალობიდან.
დღეს საქართველოს სამი სტრატეგიული რესურსი აქვს: მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები; გეოეკონომიკური უპირატესობა; ინტელექტუალური პოტენციალი. ამ რესურსების კომპლექსურად გამოყენების გარეშე, წინსვლა წარმოუდგენელია.
ამრიგად, თანამედროვე საბაზრო და ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმების გონივრულ შეხამებაშია გამოსავალი. სწორედ ეს მიგვაჩნია გარღვევის სტრატეგიის - მობილიზაციური მოდელის განხორციელების განმსაზღვრელ პირობად.
იური პაპასქუა: როგორ წარმოგიდგენიათ პროგრამის ფორმირების ორგანიზაცია?
ნოდარ ჭითანავა: პროგრამის შედგენა უნდა დაიწყოს ქვემოდან (მიკროდონიდან) მუნიციპალიტეტების, მხარეების, სამინისტროების დონეზე უნდა განისაზღვროს ეკონომიკური ზრდის როგორი შესაძლებლობა არსებობს, სახელმწიფოსგან რაა აუცილებელი მისი ამოქმედებისთვის, რა დახმარებაა საჭირო? ამ მონაცემების საფუძველზე მაკრო დონეზე სახელმწიფო, რეგიონული და საბაზრო სუბიექტების ინტერესების გათვალისწინებით უნდა შედგეს პროგრამის პროექტი.
მიზანშეწონილია პროგრამის შედგენის კოორდინაცია განახორციელოს პრემიერთან არსებულმა ანტიკრიზისულმა საბჭომ. აქვე გავიმეორებ ადრე ნათქვამს, პრემიერთან უნდა შეიქნას ანალიტიკური ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარების კომპლექსურ ანალიზს, მოამზადებს შესაბამის პროგნოზებსა და რეკომენდაციებს.
ამრიგად, პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, ეტაპობრივი ჩამორჩენის შედარებით მოკლე დროში დაძლევას, წარმოებისა და შრომის ორგანიზაციის თანამედროვე ფორმების დანერგვას, საბაზრო მექანიზმების სრულყოფას, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სისტემის თვითრეგულირების რეჟიმში გადაყვანის საფუძვლების მომზადებას, ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებას. ამით მომზადდება საზოგადოებაში სოციალური თანხმობის (კონსენსუსის) საფუძვლები, რაც შემდგომში მოგვცემს საშუალებას სწორად განვსაზღვროთ როგორი უნდა იყოს სოციალურად ორიენტირებული ეროვნული ეკონომიკის მოდელი, რომელიც დაეფუძნება სახელმწიფოს, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების ინტერესების ერთიანობას და გლობალურ პროცესებთან ადაპტირების პრინციპებს.
იური პაპასქუა: მადლობა ბატონო ნოდარ. ჩვენ ერთგვარი შემაჯამებელი, ამასთან, პოსტკრიზისული ეკონომიკის განვითარების კონცეპტუალურ წახნაგებზე ვრცელი საუბარი გამოგვივიდა. იმედი მაქვს, თქვენს მოსაზრებებსა და წინადადებებს განიხილავენ და გამოხმაურებებიც ადეკვატური იქნება.
საუბარს უძღვებოდა
იური პაპასქუა
ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, სსუ პროფესორი