ივერიონი / გამოძახილი გამოცდილი კაცის ნააზრევზე

გამოძახილი გამოცდილი კაცის ნააზრევზე

 

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო

„ივერიონის” მთავარ რედაქტორს,

ბ-ნ ზაურ ნაჭყებიას 

 

საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი - ბერიძეთა გვარის საგვარეულო დარბაზის სახელით მსურს მოგილოცოთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა, გისურვოთ ჯანმრთელობა და მშვიდობა, ასევე პიროვნული, ოჯახური გვაროვნული და ეროვნული აღორძინება, გარჯა, სულიერი ამაღლება და ცხოვრებისეული ბედნიერება. ამასთან, მადლობა მინდა მოგახსენოთ ეროვნული ღირსებებით შემკული ერისკაცის, დიდად პატივცემულ ნოდარ ჭითანავას ნააზრევსა და ერისადმი მეცნიერულ თეზისებად ჩამოყალიბებული რეკომენდაციების პუბლიკაციებზე, რამეთუ მისი შრომები შეეხება ქართველი ერის დღევანდელ და მომავალ ყოფიერებას, მოტივირებულია დღევანდელი ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ერისადმი თანადგომით, გამხნევებით, სიდინჯითა და შემოქმედებითი მიდგომით. დასახულია მომავლის სტრატეგიული ხედვადა მისი განხორციელების გზები, აგებულია წარსულის დიდ გამოცდილებასა და ეროვნულ ტრადიციებზე, ღრმა ანალიზსა და აუცილებელ განხორციელებაზე. 

 

თქვენი სააგენტოს მეშვეობით მინდა, ბატონ ნოდარს მივესალმო და მივულოცო ქრისტეს მიერ სიკვდილის უძლეველობის დამარცხება და სიცოცხლის სიდიადე. მარადიული სიცოცხლე მის ჯიშსა და ეროვნულ გენს!

 

მადლობა, ბატონო ნოდარ, თქვენ, რომ ამ გაჭირვების ჟამს ერს ამხნევებთ. გზას უკვალავთ, გონიერებისაკენ მოუწოდებთ და საკუთარი სულის ნაწილს უზიარებთ. მადლობა, რომ ერის სასიცოცხლო და გადასარჩენი ინტერესებით ცხოვრობთ, სამშობლოსა და ეროვნული ტრადიციების გადარჩენაზე უფრო მეტს ფიქრობთ და აკეთებთ, ვიდრე საკუთარ ოჯახზე. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თქვენი მრავალგზისი პუბლიკაციები და თქვენი აკადემიური 380-გვერდიანი წიგნი „საქართველოს ეკონომიკის გამოწვეევბი და სტრატეგია” (თბ., 2018 წ.), რომლის შექმნაზე თქვენმა ფიქრმა, აზრთა ჭიდილმა, გონივრულმა ანალიზმა, წერითმა თქმამ გადაწონა და დაჩრდილა თქვენი ოჯახური ყოველდღიური მოთხოვნილებები და უცილო ზრუნვა! ნათელია, რომ თვეებისა და წლების ნაფიქრალ-ნააზრევით ერთ ცოდნით „კიდობანში” მოქცევა, ანალიზი, სისტემატიზაცია და ქვეყნის განვითარების გზებზე ფიქრი უდიდეს გონებრივ და ფიზიკურ შრომას (გამძლეობას) მოიცავს.

 

ზემოაღნიშნული ნაშრომი სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს ხელისუფლების ყველა შტოში, ყველა ოჯახში და ყველა ადამიანისთვის, რათა ყველამ შეისისხლხორცოს ქვეყნის უახლესი ისტორია, ერის სულიერი განწყობა და მისი შესაძლებლობები, იურიდიული და ეკონომიკური აზროვნება, სტატისტიკური ანალიზი, დაზღვევით უზრუნველყოფა; თითოეულმა ადამიანმა განსაზღვროს თავისი ვალი სამშობლოს წინაშე და ამქვეყნიური მისია! ამ მოტივით საზოგადოების გამხნევება მხოლოდ რჩეულ ადამიანებს შეუძლიათ და თქვენ, ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი ბრძანდებით!

 

ბატონო ნოდარ, საყურადღებო და გამაფრთხილებელია თქვენი წერილი კორონავირუსთან დაკავშირებით. ამ მსოფლიო დიდი განსაცდელის ჟამს, ეიფორიისა და დეპრესიის პირობებში, მნიშვნელოვანია ერისადმი თქვენი შეგონება სიდინჯისა და გონივრული მოქმედების შესახებ. თქვენს მიერ წერილში მითითებული ეკონომიკური სიხარბის გამო, მსოფლიოში, ბოლო დროს, წამოიწია და პრივილეგირებულია ქირურგია, როგორც მედიცინის ერთჯერადი, მოკლევადიანი და მომგებიანი ქვედარგი. უკანა პლანზე დარჩა „ვირუსოლოგია” და სწორედ ამით დაუპირისპირდა განგება გლობალიზაციის „ფესვმდგრადობას”. მსოფლიო ერთობას დაუპირისპირდა ოჯახის ფენომენი, ბუნებრივ და გენობრივ (რასობრივ) კანონებზე აგებული განსჯა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნაცვლად, ჩრდილოეთის ყინულოვან დიდ აისბერგს დაუპირისპირდა თითქოსდა უმტკივნეულო, უგულებელყოფილი სამხრეთის (ანტარქტიდის) ბასრი აისბერგი. ცეცხლისა და სიკვდილის პირველი ხაზი კორონაა... საინტერესოა, იქნება თუ არა მეორე და მესამე ხაზები? შესაძლებელია, დადგეს თუნდაც დიდი ქვეყნებისა და ერების განადგურების საკითხი!!!

 

დღევანდელმა ქართველებმა ქართველი ერი და საქართველო უნდა გადავარჩინოთ, რადგან ჩვენი ერის განადგურება ყველაზე დიდი დანაკლისი იქნება მსოფლიო ცივილიზაციისათვის!

 

ცეცხლის პირველ ხაზზე ბრძოლას მიჩვეული ქართველები დღევანდელ მსოფლიო „თეთრ” ომში (ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომში) არ უნდა ჩაერთონ! დღეს ჯო ბაიდენისა და ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნების მლიქვნელური რეკლამის დრო არაა! ის ტვინნაღრძობებიც (მრავლად რომ გვყავს ქვეყანაში) უნდა გადარჩნენ! ერი უნდა გადარჩეს!

 

კარგია მარნეულის კარტოფილი და ბოლოკი, მაგრამ სამშობლო, ერი, მომავალი და კანონი ყველასათვის უზენაესი უნდა იყოს! კანონს წაღმა-უკუღმა არ უნდა ვატრიალებდეთ, მას უნდა ვემორჩილებოდეთ და ვასრულებდეთ! ქართველი ერის გადარჩენის მისია დღეს დღევანდელ ქართველებს გვაკისრია და ყველამ ერთსულოვნად უნდა მივიღოთ თქვენი შეგონება და დავერმორჩილოთ ჩვენს ღირსეულ ექიმებს (ერისათვის თავი რომ აქვთ გაწირული) და ხელისუფლების გონივრულ და აუცილებელ რეკომენდაციებს!

 

ქართველი ერი გადარჩება, რადგან კაცთა მოდგმიდან მას მამაზეციერის დიდება და ლოცვა-კურთხევა მოსავს და ერთი ბრძენი კაცის არ იყოს: 

 

„ქარტეხილების ხარაჩოებზე მუდმივად მოჩანს, 

ვინ არ შეაჭრა კვირტი ყვავილის, ტოტი ნაყოფის,

გასხეპილ ხედაც ხშირად რჩენილა,

მაგრამ ფესვები თან შერჩენია!”

 

ქართული გენი უკვდავია და ამქვეყნიური ყოფიერების მშვენებაა თავისი სილამაზით, ხმოვანობით, გალობით, სიმღერით, სათნოებითა და, რაც მთავარია, ერთა სიყვარულით. კაცობრიობას დღეს კაცთა შორის სიყვარული გადაარჩენს!

 

ბატონო ნოდარ, განსაკუთრებული ყურადღებითა და ინტერესით ვეცნობი თქვენს წერილებს, წიგნებს, იდეებსა და რეკომენდაციებს. ისინი ეროვნული დანიშნულებისაა! მათში მითითებულია ფართო შარაგზა, რომლითაც ქართველმა ერმა აღმასვლით უნდა იაროს სულიერების ამაღლების, კულტურული და ეკონომიკური აღორძინების, ქვეყნის აღმშენებლობისა და დიდებისაკენ.

 

სამომავლო გეგმების შედგენაში, პირველ რიგში, უნდა ჩაიდოს წმინდა სულიერება და შრომითი გარჯა, უნდა გავთავისუფლდეთ ყოველგვარი ფუჭი აზროვნებისაგან. მხედველობაში მაქვს ნატო, ევროკავშირი, ევროპარლამენტი, მსოფლიო სეიმი და ა.შ. უნდა უკუვაგდოთ ის ტყუილები, რომლებითაც ერს „გულიანად” ვმოძღვრავთ: „რუმინეთის სამიტზე არ მიგვიღეს ნატო-ში და არ მოგვცეს მაპი, მაგრამ უფრო მეტი მოგვცეს!” (საინტერესოა, რა მოგვცეს? - გრენლანდია?! რომლის ჩამოტანაც ვერ ხერხდება!). გავიგოთ და ვაღიაროთ, რომ საქართველოს ნატო-ში არასოდეს მიიღებენ! და რომც მიიღონ, მერე რა? ნატო-ს ჯარი შემოვა და დაგვიცავს მცოცავი ანექსიისგან? მას ხომ რჩენა უნდა (ჭამა-სმა, ქეიფი, სიამოვნება) და საწევრო გადასახადი (მინიმუმი წარმოებული მშპ-ს 2%) უნდა მივართვათ! ისიც ვაღიაროთ, რომ მტერს სუფრის დანა-ჩანგლით ვერ დავხვდებით და არც წითელი ხიდისკენ სირბილს აქვს აზრი, არც მიწაზე ფორთხიალს და არც ძვირფასი საათების კოლექციას! ვისწავლოთ დროის ფასი და ვესწრაფოთ მის მაქსიმალურ გამოყენებას.

 

მეცნიერთა შთაგონებით, ხელისუფლების ინიციატივითა და ყველა ღირსეული მსურველის მონაწილეობით შემუშავდეს ქვეყნის აღორძინებისა და შემდგომი განვითარების ეტაპობრივი სტრატეგიული გეგმები! რომელთა საერთო-საყოველთაო განხილვა მოხდება საზოგადოების მოწონების შემდეგ მას დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, რომელიც ყველასათვის კანონი იქნება. ამ გეგმების უპირველესი დედაბოძი ერის ერთსულოვნება უნდა იყოს! როგორც ბატონი ნოდარი სთავაზობს საზოგადოებას,  ეროვნული მეურნეობიდან წინ გამოკვეთილად წამოიწევა სოფლის მეურნეობა, მადლიანი ქართული მიწის ფენომენი, ბუნებრივი რესურსები, მიზანდასახული შრომა. მას მოჰყვება სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი სამრეწველო პროდუქციის წარმოება, ტექნიკური დარგების აღორძინება, ტურიზმი (ამ დარგს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან იგი საფრთხის მატარებელია ეროვნულობის კუთხით), განათლების სისტემის რადიკალური ცვლილება, სამედიცინო დარგის სრულყოფა (განსაკუთრებით ვირუსოლოგიის პრიორიტეტული განვითარებით). დღეს მსოფლიოში, სამხედრო ტექნიკის კუთხით, კოსმოსური კვლევის პარალელურად, უაღრესად დიდ მნიშვნელობს ანიჭებენ ვირუსებისა და სპეციალური მწერების შექმნას!!!).

 

შექმნილი გეგმების ხორცშესხმაზე და განხორციელებაზე იმუშავებს სპეციალური დაგეგმვის (პროგნოზირების), კოორდინაციისა და მონიტორინგის ეროვნული საბჭო, რომელიც იმოქმედებს (ამავდროულად ქვეყნის მართვაში ხალხის ჩაბმისა და მონაწილეობის, ანუ მსოფლიო დევიზის - „დემოკრატიის” - სიმბოლოც იქნება! ამით თავსაც მოვიწონებთ მსოფლიოში) იმ ფუნქციათა ერთობლივი და ეფექტური გამოყენებით, როგორც საფრანგეთში - დაგეგმვის გენერალური კომისარიატი, კანადაში - ეკონომიკური საბჭო, იაპონიაში - ეკონომიკური საკონსულტაციო საბჭო, ჰოლანდიაში - ცენტრალური (საგეგმო) ბიურო, აშშ-ში - ნაციონალური საგეგმო ასოციაცია, გერმანიაში - ეკონომიკური ექსპერტების საბჭო, ინგლისში - ეკონომიკური განვითარების ნაციონალური საბჭო და ა.შ.

 

მეცნიერი და პრაქტიკოსი პირველ ეტაპზე გვთავაზობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში „პროგნოზირებისა და სტრატეგიული დეპარტამენტის” შექმნას. საფუძვლიანია მისი მოსაზრება სოფლის მეურნეობის კუთხით - საადგილმამულო ბანკის ან აგროსაკრედიტო სისტემის, კადრების მომზადების, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი სამსახურების შექმნის თაობაზე. ვფიქრობ, დიდად სასარგებლო იქნება, სადაზღვევო სისტემის თანამედროვე აუცილებლობიდან გამომდინარე, სადაზღვევო სისტემის ახლებურად ჩამოყალიბება. განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, ბუნებრივი სტიქიური მოვლენების პირობებში, აუცილებელია ფერმერთა (სასურველია სრულვყოთ ეს ინსტიტუტიც) შრომის დაზღვევა! ფერმერის სიცოცხლიდან დაწყებული, მისი ნაკვეთი, მოსავალი, ტექნიკური საშუალებები, ინტელექტუალური პოტენციალი აუცილებლად უნდა დაიზღვეს, რათა მეურნეობის განვითარების უწყვეტობა და შეუფერხებლობა უზრუნველყოს: დაიზღვეს აგრეთვე თვით თესლიც, გუთანიც და გუთნისდედაც, ასევე: წვიმა, სეტყვა, გვალვა და თვით მორწყვის პროცესიც. დაზღვევის გარეშე ფერმერი ნაბიჯს არ უნდა დგამდეს. ასე უნდა იყოს სხვა დარგებშიც. ბოლო უნდა მოეღოს სიტყვა „დაზღვევის” გამოყენებით მხოლოდ ფულის შოვნას!

 

ბატონ ნოდარ ჭითანავას მეცნიერულ ანალიზსა და რეკომენდაციებს ადამიანი სრულად ვერ ჩასწვდება, თუ საამისო გამოცდილება და მეცნიერული ხედვის უნარი არ ექნება, რადგან დაწერილის მიღმაც ბევრი რამ იგულისხმება. სადღეისოდ ბატონობს პრინციპი: ადამიანთა უმრავლესობამ (განსაკუთრებით კრიტიკოსებმა და ე.წ. პოლიტიკოსებმა, ფაქტობრივად „პოლიტიკანებმა”) ყველაფერი იციან, რეალურად და სიღრმისეულად კი არაფერს ფლობენ. 

 

ქვეყანა წალეკა მხოლოდ უსაფუძვლო კრიტიკამ, ტაკიმასხარა შოუებმა და ადამიანის ფსიქიკის მომშლელმა სატელევიზიო გადაცემებმა. დაეცა ქართველი კაცის ინტელექტი და ქართველი მანდილოსნის სათნოება, დიდება! აყვავდა და დიდად გაიფურჩქნა დაუსჯელობის სინდრომი! გამოსავალი? სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სწავლულ კაცთა დარბაზი - ეკონომისტთა, იურისტთა და ფილოსოფოსთა კავშირი; ასევე მეტად საჭიროა საზოგადო მოღვაწეთა საბჭოს შექმნა, რომელთაც ექნებათ ერთი საერთო ტელეარხი, გაზეთი, საიტი და ა.შ., რათა ქართველ ადამიანს ჩაესახოს იმედი! - იმედი შინაარსიანი მომავალი ცხოვრებისა. მიზანდასახულობის, იმედისა და სტიმულის გარეშე ფუჭია ადამიანის ყოფიერება.

 

ეროვნული და სტრატეგიული გეგმების შედგენის გვერდით უნდა აღიმართოს სამართლიანობის, ანუ ყოვლად გაცვეთილი „კანონის უზენაესობის პრინციპის” ჭეშმარიტებად აღიარება და მოქმედებაში მოყვანა. ბნელ წარსულს უნდა ჩავაბაროთ ქრთამი, ძღვენი, კეისი - როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ კონგრესმენებისათვის, რადგან სპეტაკი და ჭეშმარიტი მამულიშვილი აკაკი გაწერელია სამარადისოდ გვმოძღვრავს: „...მექრთამე (როგორც გამღები, ისე ამღები) ეროვნული კულტურისათვის მკვდარია და მორალურ ლეშს წარმოადგენს!”

 

სტრატეგიული გეგმების შედგენის შემდეგ (მანამდეც) უნდა მივაღწიოთ ეროვნული სულიერების სრულყოფას. თუ სიტყვა და საქმე სულიდან არ მოდის, იგი ფუჭია. ერს გვყავს სულიერი მამა და დამრიგებელი, ჩვენი პატრიარქი, რომელმაც უმეტესობას დაგვკიდა ხის ჯვარი და მისი ვერტიკალით ღმერთთან ვსაუბრობთ, ხოლო ჰორიზონტალურად კი - მოყვასთან სათნოებასა და სიყვარულზე იმ ენით, რომელიც ფარნავაზმა უფლის წყალობით გადმოგვცა! უნდა გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ მას, მის თითოეულ ასოს და სიტყვას. დავივიწყოთ ლანძღვა, ქილიკი, გინება, წყევლა, შეურაცხყოფა, სხვათა მხოლოდ კრიტიკა, დამცირება, ქედმაღლობა, ამპარტავნობა... ქართული ენა ერის ყოფიერების მასაზრდოებელი ძუძუა! ეს ის ენაა, რომელიც, როგორც იოანე ზოსიმე X საუკუნეში წერდა, უფლის მეორედ მოსვლისას დიდ მისიას შეიძენს („ღმერთმან ამხილოს ამ ენითა”): „და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაÁთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვისა უფლისასა და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც-და-ათოთხმეტი წელი უმეტეს სხუათა ენათა ქრისტეს მოსლვისგან დღესამომდე”.

 

ყოველივე ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ამ ენაზე და ამ ენის მადლით უნდა შეიქმნას ეროვნული აღორძინების გეგმა თუ პროგრამა და საქმედ უნდა იქცეს! და, როგორც ბატონი ნოდარი წიგნში წერს: „საზოგადოება რაც შეიძლება ფართოდ უნდა ჩაებას ქვეყნის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში. განსხვავებული აზრების შეჯერება-შეთანხმებით ხელი შევუწყოთ ერის ინტელექტუალური ძალების (მათ შორის „მთვლემარე” პოტენციალის) სრულ ამოქმედებას, მათი ნააზრევის განზოგადებას, დროსთან მიმართებაში იმ „ბალავრის ქვის” შერჩევას, რომელიც საფუძვლად დაედება ქვეყნის განვითარების სტრატეგიას.

 

სახელმწიფომ, საზოგადოებამ, მთელმა ერმა (როგორც „კრებულმა ისტორიით შედუღებულ ერთ-სულ და ერთ-ხორც მკვიდრთა”) უნდა გამოავლინოს ეროვნული ენერგიის, გაფანტული სიბრძნის, დანაწევრებული პასუხისმგებლობის კონცენტრაციის უნარი და გააცნობიეროს - „გვეყო, ბატონებო, ჩვენი აწმყოსი და მომავლის ბედის სხვაზე მიგდება. ჩვენი გაჭირვების, გულისტკივილის და წადილის პატრონნი ჩვენვე უნდა ვიყვნეთ” (ილია).

 

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი საქართველოს ამ საგანგებო და ისტორიული მნიშვნელობის ამოცანის შესრულება შეუძლია და ევალება კიდეც!”

 

ეს სრული ჭეშმარიტებაა, ბატონებო.

 

ამასთან ერთად, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს და შემოიღოს ერისკაცის, გვარისკაცის, ოჯახის (პირველ რიგში - მრავალშვილიანის) კაცის, ქართველი მანდილოსნისა და ქართველთა დედის (მრავალშვილიანის) წოდებები, ყოველთვიური სოლიდური ანაზღაურებით. თორემ, დიდი ვაჟასი არ იყოს: „...ძნელია ისე ცხოვრება, თუ რამე არ გიხარია”. თორემ, უ. შექსპირის ქადაგებაში (ცდუნებაში) ჩავარდება ქართველი კაცი:

 

„ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა!

რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,

რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება!

რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,

რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,

მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო (ქართველთათვის საქართველო) ობლად რომ დარჩეს!”

 

ბატონო ნოდარ, ჩემი ერის კაცო, გონიერებისა და საქმის სიმბოლოვ, დღეს მეც უსირცხვილოდ ვღალატობ მშობლიური ენის წერისა და მართლწერის კულტურას და მესამე პირის ნაცვლად პირველ პირში ვწერ წინამდებარეს, რადგან თქვენმა ნააზრევმა და რეკომენდებულმა წინადადებებმა ჭეშმარიტ აზრთა კორიანტელში შემაგდო, პირადად თანაზიარი და მონაწილე მსურს გავხდე თქვენი ნააზრევის განხორციელების და ენთუზიაზმით ვეძებ ჩემს ფუნქციას, რომელი საამშენებლო აგური სად და როდის მივიტანო, როგორ მოვიხადო ჩემი ამქვეყნიური ვალი, როგორ ვუთხრა გამჩენს სანეტარო მადლობა! მადლობა, რომ ამაფორიაქე და დამაფიქრე ჩემს დიდ მორალურ ვალზე, რომელიც ჩემი მშობლიური ერის წინაშე გვაქვს მე და ჩემს ოჯახს, მე და ჩემს დიდ გვარს - ბერისა და ერის ძეთ - ბერიძეებს!

 

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ღრმად დამაფიქრე ჩემს ამქვეყნიურ მისიაზე და ჩემს სანეტარო ვალზე გამჩენისადმი!

 

დიდი პატივისცემით,

 

ვაჟა ბერიძე

რიგითი მამულიშვილი, მართლმადიდებელი,

ბერიძეთა გვარის წინამძღოლი,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

 

ტელ.: 599-33-53-60

 

2-05-2020, 15:30
უკან დაბრუნება