(მომზადებულია ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით)
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქრისტიანული ტაძრების ზუსტი რაოდენობა, მგონი, უცნობია, მაგრამ, მარტო თბილისში ასეულობით მათგანი უნდა იყოს. უხეში და მიახლოებითი გათვლით, მთელ საქართველოში, აღდგომის დღესასწაულზე სულ ცოტა 300 ათასი მართლმადიდებელი ქრისტიანი მაინც ეზიარა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა ხდებოდა სხვა ქვეყნებში.
ყველას გვახსოვს, რამხელა ისტერიამ მოიცვა აღდგომის წინა დღეებში მედია, სოციალური ქსელები, საზოგადოება. მედიკოსთა მტკიცებით, ზიარება გამოიწვევდა გარდაუვალ პანდემიურ კოლაფსს! ყველანაირი ლოგიკური პარამეტრებით, ეს ასე ჩანდა. თუმცა, ეზიარა ხსნებული რაოდენობა და მას შემდეგ აგერ, თითქმის სამი კვირა გავიდა.
მაზიარებლებს, კი, ღვთის მადლით, ვირუსი არ შეყრიათ! ყოველ შემთხვევაში, ზიარების მიზეზით მაინც მსგავსი რამ არ მომხდარა. ანტისაზიარო ისტერიას ცალსახად მხოლოდ და მაინცდამაინც ანტიქრისტიანულ „შეთქმულებას“ ვერ მივაკუთვნებთ. ამ ამბებში უფრო მცირედმორწმუნეობა და ლოგიკაზე დამყარებული შიში უნდა ამოვიკითხოთ. თანამედროვე საზოგადოების დიდი ნაწილის აზროვნება ხომ მხოლოდ ლოგიკას ეფუძნება.
ისტორიაში კანონისა და ადამიანთა გადარჩენის, ანუ ჰუმანიზმის სახელით ქრისტიანთა მკვლელობების რიცხვის ზუსტი აღრიცხვა შეუძლებელია. ჰუმანოცენტრისტული, ანუ, ადამიანოცენტრისტული მოტივით მართლდებოდა ეს დანაშაულობები. ქრისტიანთა დევნის ინიციატორი უმრავლეს შემთხვევაში საზოგადოების ერთი ნაწილი იყო.
სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, მომზადდა ეს ერთგვარი კომპილაცია, სადაც ყურადსაღებია ერთი გარემოება: ყველა ჩამოთვლილ ადამიანს დაუმტკიცდა კანონდარღვევა შფოთის ატეხვაში, სახელმწიფოს მიმართ წინააღმდეგობაში, ხელისუფლების ურჩობაში, გადამდები ან რიგითი სნეულებების გავრცელებაში.
ამ მოვლენებს ახლა იმიტომ ვეყრდნობით, რომ ძალიან მარტივად შეგვიძლია წარსული დღევანდელ სიტუაციას მივუსადაგოთ. ჩვენ ახლაც იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც ნამდვილ ქრისტიანთა დევნა-შევიწროება ადამიანური, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, სწორედაც რომ უაღრესად მართებულად და ლეგიტიმურად მიგვაჩნია. ყველა ამ თვალსაზრისით, ქრისტიან მორწმუნეებს, თითქოსდა, არანაირი გამამართლებელი არგუმენტი არ გააჩნიათ. ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი დევნების დროს ზოგჯერ ადვილად ვრცელდებოდა ე.წ. აპოკალიფსური თეორიები. თუმცა, განსწავლული ქრისტიანებისთვის ეს მხოლოდ განსაცდელი იყო.
იყო ცალკეული პერიოდები, როდესაც ქრისტიანთა დევნის საფუძველი და ქრისტიანათა მიმართ ზიზღის გამწვავება საეკლესიო წრეებში, მათ შორის, საეკლესიო იერარქიაში მოკალათებული პირების უპასუხისმგებლობის შედეგიც იყო, როგორც ეს მეტ-ნაკლებად დღესაცაა.
ქრისტიანებამდე ჰუმანიზმის, საზოგადოების გადარჩენის, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინების მოთხოვნით, უპირველესად, თავად ქრისტე დააპატიმრეს - გაასამართლეს და დასაჯეს, როგორც კანონის დამრღვევი! ამის შემდგომ კი, უმთავრეს შემთხვევაში, საზოგადოება ცდილობდა, რომ ქრისტიანთა მისიონერული საქმიანობის ჩამხშობ ინსტრუმენტად სამოქალაქო ხელისუფლება გამოეყენებინა. ამგვარი მოტივებით დაახლოებით 35 წელს, ქვებით ჩაქოლეს სტეფანე პირველმოწამე იუდეველთა მეფის, ჰეროდე აგრიპას მეფობის დროს მოკლეს მოციქული იაკობი, ქრისტეს ხორციელი ძმა და იერუსალიმის პირველი პატრიარქი, მოციქული იაკობი ქვებით ჩაქოლეს! რომში 64 წლის 19 ივლისს ძლიერი ხანძარი მოხდა, იმ დროინდელმა იმპერატორმა, ნერონმა ეს ქრისტიანებს დააბრალა. ხალხი მასობრივი სიძულვილით განეწყო ქრისტიანთა წინააღმდეგ! ისინი კანონდამრღვევი ქრისტიანების დასჯას ითხოვდნენ. ვინც ქრისტეს ერთგული დარჩა, რომაელები მათ ან დასაგლეჯად უგდებდნენ ცხოველებს და ჯვარს აცვამდნენ, ან ცოცხლად წვავდნენ.
ქრისტეს გამო, როგორც კანონდამრღვევი, პეტრე მოციქული თავდაყირა აცვეს ჯვარს, პავლე მოციქულს, როგორც რომის მოქალაქეს, თავი მოჰკვეთეს იგივე მიზეზებით დაახლოებით 68 წ. აწამეს ქალები ანატოლია, ფოტიდა, პარასკევა, კირიაკია, დომნინა, ვასილისა და ანასტასია. ამ დევნის შემდეგ ქრისტიანებს ან უნდა შეესრულებინათ სახლმწიფოს კანონი და დაეჯერებინათ ჰუმანისტი ადამიანებისთვის, ან არადა, როგორც კანონდამრღვევნი დევნას დაექვემდებარებოდნენ! იმ დროინდელი სახელმწიფოსთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, როგორც დღესაა, გაუგებარი იყო ის, რომ ქრისტიანებს ქრისტე ცოცხლად მიაჩნდათ და რომ ზიარებისას მის სისხლთან და ხორცთან შეერთება ხდებოდა. ქრისტიანებს ისღა დარჩენოდათ, რომ კანონის დარღვევაში ყოფილიყვნენ ბრალდებულნი...
ხალხის უფრო აღსაშფოთებლად მათ აბრალებდნენ ასევე - ჯადოქრობას, სისხლის აღრევას, ბავშვების მოკვლას, რომლებიც ქრისტიანთა წინააღმდეგ მოსახლეობის გულისწყრომას იწვევდა.
ისევე, როგოც დღეს, იმპერატორ დომიციანეს დროსაც, ქრისტიანების დასჯას ითხოვდნენ ჩვეულებრივი ადამიანები. მცირე აზიის ქალაქებში - სმირნაში და პერგამოში მორწმუნე მოწამეების სისხლიანი წარმოდგენები დაიდგა. მოწამეთა შორის იყო პერგამოს ეპისკოპოსი - მღვდელმოწამე ანტიპა.
იმპერატორ ტრაიანეს დროს ქრისტიანებს სჯიდნენ, როგორც ჯიუტებს (ესეც დღევანდელი ტერმინია), რადგან, ისინი არ ეშვებოდნენ რიტუალების ჩატარებას, ზიარებას და ლოცვას! ხალხში ქრისტიანები ითვლებოდნენ ცრუ მორწმუნეებად - ათასგვარი უბედურების წყაროდ (დღევანდელი შეფასება). სწორედ ამ დროს 120 წლის ასაკში წამებით მოკლეს მღვდელმოწამე სვიმეონი, იერუსალიმის ეპისკოპოსის - კლეოპას ვაჟი, ყირიმის ნახევარკუნძულზე გადაასახლეს და ყირიმშივე წამებით მოკლეს მესამე რომის პაპი - კლიმენტი; აწამეს ეგნატე ღმერთშემოსილი.
იმპერატორ ადრიანეს დროს საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვდა ყოველგვარი კანონის დაცვის გარეშე ედევნათ მათთვის უცხო რელიგიის წარმომადგენლები.
ანტონიუს პიუსის დროს, რომში, დაახლოებით 152-155 წლებში, წამებით მოკლეს პრესვიტერი პტოლემეოსი და 2 საერო პირი, ქრისტიანთა სიძულვილით აბუნტებულმა ხალხმა წმ. პოლიკარპე სმირნელი აწამა. II საუკუნის შუა წლებიდან, ქრისტიანების წინააღმდეგ ხდებოდა სახალხო აჯანყებებიც. მათ ისევ აბრალებდნენ ჯადოქრობას, კანიბალიზმს, სიჯიუტეს, დაავადებებს (როგორც ახლა), სისხლის აღრევას და სტიქიურ უბედურებებსაც კი! ხალხი მოითხოვდა ხელისუფლებისგან (როგორც ახლა) და ზოგჯერ აღწევდნენ კიდეც მიზანს, რომ დევნა განახლებულიყო ყოველგვარი ფორმალობების გარეშე...
მარკუს ავრელიუსის მმართველობის დასაწყისში (დაახ. 162 წ.), რომში ეწამნენ - მოწამე ფელიციტა და მასთან ერთად სხვა შვიდი ადამიანი, 165 წელს, წმ. იუსტინე მარტვილთან ერთად, მისი 6 მოწაფეც ეწამა, მათ შორის ერთი ქალბატონი - სახელად ხარიტო. ასევე აწამეს ათენის ეკლესიის წინამძღოლი - პუბლი, ლაოდიკიელი ეპისკოპოსი - საგარისი, ქალაქ ევმენიაში მცხოვრები ორი ადამიანი - გაი და ალექსანდრე, პერგამოში დაახლოებით 164-168 წლებში ეწამნენ კარლოსი, პაპილა და აღათონიკა. დევნები ახლაც ხალხის მხრიდან მტრობის გაძლიერების ფონზე მიმდინარეობდა. აურაცხელი ტანჯვისა და შეურაცხყოფის ატანის შემდგომ, ციხეში აღესრულა ადგილობრივი ეპისკოპოსი - მღვდელმოწამე პოთინოსი. არაადამიანური წამების შედეგად აღესრულნენ: მატური, დიაკონი სანკტი, ბლანდინა (მონა ქალი), მისი მოზარდი ძმა - პონტიკი და სხვა უამრავი ადამიანი...
იმპერატორ კომოდუსის დროს (180-192), სასახლის კარზე კარგი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა ქრისტიანებთან მიმართებით, მაგრამ საზოგადოება არ ისვენებდა და ქრისტიანების დასჯას სთხოვდა ხელისუფლებას. თორმეტმა ქრისტიანმა ნუმიდიაში, პროკონსულ ვიჰელის წინაშე, მტკიცედ აღიარა საკუთარი რწმენა, მათ უარი განაცხადეს, რომ მსხვერპლი შეეწირათ წარმართული ღვთაებებისადმი და დაეფიცათ იმპერატორის კულტისადმი, რისთვისაც გაასამართლეს და თავები მოჰკვეთეს! რომში ეწამა სენატორი აპოლონი. მას პრეტორიის პრეფექტმა ქრისტიანული რწმენის უარყოფა და იმპერატორის კულტის თაყვანისცემა შესთავაზა. აპოლონმა ამაზე უარი განცხადა. პრეფექტი იძულებული გახდა, რომ სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა მისთვის.
იმპერატორ სეპტიმუს სევერისუსის დროს დევნა ისევ განახლდა. თავიდან ის შემწყნარებლურად იყო განწყობილი ქრისტიანების მიმართ. ქრისტიანები მისი სასახლის კარზეც მსახურობდნენ, მათგან ერთ-ერთმა იმპერატორი განკურნა. მაგრამ სევერიუსმა იმდენად მოულოდნელად დაიწყო დევნა, რომ ქრისტიანული სამყარო მეორედ მოსვლაზეც კი ალაპარაკდა, როგორც ეს დღესაა. დევნის მსხვერპლი აღმოჩნდნენ ცნობილი მოღვაწე ორიგენე და მისი მოწაფეები, რომელთაც მოწამეობრივად დაასრულეს სიცოცხლე. მათ შორის იყვნენ ქალწული პოტამიანა, რომელიც დედასთან (მარკელასთან) და მის თანმხლებ ჯარისკაცთან, ბასილიდთან ერთად დაწვეს ცოცხლად კართაგენში, აფრიკის პროკონსულის წინაშე ველურ პირუტყვებს მიუგდეს ცნობილი რომაელი ქალბატონი - პერპეტუა, მისი მონა ქალი - ფელიციტატა, სეკუნდი, სატორნილე, მონა რევოკატი და მოხუცი მღვდელი სატირი, ქრისტიანები აწამეს რომში, კორინთოში, კაბადოკიაში და იმპერიის სხვა ადგილებში.
მარკუს ავრელიუს ანტონინუსი ელაგაბალა აპირებდა, რომ ქრისტიანული ღვთისმსახურება დაეშვა რომში, მაგრამ რომის ჰუმანისტი საზოგადოება აღშფოთდა ამის გამო და ის მოკლეს. მას მიაყოლეს რომის პაპი - კალისტეც! იმპერატორი მაქსიმინუსი გახდა და დაიწყო ახალი დევნა - დევნის მსხვერპლს სასულიერო პირები წარმოადგენდნენ, რომელნიც იმპერატორმა „ქრისტიანობის სწავლებაში და გავრცელებაში“ დაადანაშაულა. მთავარი მიზეზი იყო საზოგადოების ანტიქრისტიანული ისტერია, რაც გამოწვეული გახლდათ დამანგრეველი მიწისძვრის გამო.რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, მიწისძვრა ქრისტიანებს დაბრალდათ!
მოწამეობრივად აღესრულნენ ორიგენეს მეგობრები - ამბროსი და მღვდელი პროტოკტი, პაპი პონტიანუსი, მღვდელმოწამე იპოლიტე რომაელი, სიკვდილით დასაჯეს პაპი - ანტეროსი კაბადოკიაში და პონტოში დევნა ყველა ქრისტიანს შეეხო, მაგრამ ეს დევნა არა იმდენად მაქსიმინუსის ედიქტის შედეგს წარმოადგენდა, რამდენადაც საზოგადოებრივი აზრის გამოხატულებას.
იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს, დევნამ მთელი იმპერია მოიცვა, რადგან იგი საყოველთაო ხასიათს ატარებდა. ამჯერადაც დევნის უმთავრესი მიზეზი იყო მოსახლეობის სიძულვილი ქრისტიანებისადმი!
ხელისუფლების მხრიდან დევნის დაწყებას წინ უძღოდა ქრისტიანთა საწინააღმდეგო პროპაგანდა, მათი დაცინვა, მოწოდებები, რომ ღირსნი არიან ამოხოცვის (როგორც ახლაც ისმის)! შედეგად, ალექსანდრიის მაცხოვრებლები ქრისტიან მოსახლეობას არბევდა, ძარცვავდა და ანადგურებდა ქრისტიანთა ქონებას - ხალხს აიძულებდნენ, რომ უარეყოთ ქრისტე და უსისხლო მსხვერპლი - ანუ ზიარება (როგორც ახლა).
ჰუმანისტი საზოგადოებისგან დევნის შემდეგ დეკიუსმა 2 ედიქტი გამოსცა. პირველი მათგანი სამღვდელოების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხოლო, მეორეში გაცემული იყო ბრძანება, რომ იმპერიაში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს უარი უნდა ეთქვა უსისხლო ქრისტიანულ მსვერპლშეწირვაზე (ზიარებაზე) და ერთობლივი მსხვერპლი უნდა შეეწირა წარმართული ღვთაებებისადმი, რაც იქნებოდა იმპერიის კეთილდღეობის მომტანი, სნეულებებისგან გადამრჩენი, სიმდიდრის საფუძველი და ა.შ.
ედიქტის საფუძველზე დააპატიმრეს, ხოლო შემდგომ აწამეს მრავალი გამოჩენილი ეპისკოპოსი. თუკი რომელიმე ქრისტიანი წარმართულ მსხვერპლშეწირვაში მიიღებდა მონაწილეობას, იგი ამით დაამტკიცებდა, რომ ზიარებაზე უარი თქვა.
ედიქტის შედეგად იმ ქრისტიანთა ნაწილი არ აღმოჩნდა მზად, რომ კომფორტზე ეთქვათ უარი და გაჭირვება გადაეტანათ.
დევნას შეეწირა, რომის პაპი ფაბიანე. რომის ეკლესიის რამდენიმე იერარქი და ერისკაცთა დიდი ნაწილი დააპატიმრეს და საბოლოოდ ისინიც მოკლეს! კუნძულ სიცილიაზე წამებით მოკლეს ეპისკოპოსი ნიკონი და მისი 199 მოწაფე. კატანიაში აღესრულა მოწამე აღათეა, რომელიც პალერმოდან იყო. ესპანეთში, ეპისკოპოსები - ბასილიდა და მარციალე. სმირნაში აღესრულა ეპისკოპოსი ევდემონი, ასევე, პრესვიტერი პიონი, რომელიც მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე და ამის გამო იგი ცოცხლად დაწვეს! აღმოსავლეთის გამორჩეულ კათედრებზე მყოფი რამდენიმე ეპისკოპოსი სიკვდილით დასაჯეს - ზოგი მათგანი კი პატიმრობაში აღესრულა! მათ შორის იყვნენ მღვდელმოწამეები: ბაბილა ანტიოქიელი და ალექსანდრე იერუსალიმელი.
იმპერატორ დეკიუსის დევნის დროს, მოწამეთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა: კარპოს თიატირელი (პერგამელი) ეპისკოპოსი, აღათოდორესთან, დიაკონ პაპილასთან და მოწამე აღათონიკასთან ერთად, პრესვიტერი ფავსტოსი, დიაკონი აბიბო, კვირიაკე ალექსანდრიელი და მათთან ერთად 11 მოწამე; პაპიუსი, კლავდიანე და დიოდორე, ატალიელები ტერნეტი და ნეონილა აფრიკელები, მათი მრავალრიცხოვანი შვილებითურთ თვირსოსი, ლევკიოსი, კორონატი და კალინიკე ნიკომიდიელები, კრეტელი მოწამეები, მოწამე პარამონი 370 ბითინიელ მოწამესთან ერთად. იმპერატორ დეკიუსის დევნას, ასევე უკავშირდება გადმოცემა 7 ეფესელი ყრმის შესახებ.
ტრებონიანუს გალუსმა (251-253) დევნა განაახლა. ეს იმპერატორი ქრისტიანებს სახელმწიფოსთვის საშიშ პირებად მიიჩნევდა და ამავდროულად იძულებული იყო, რომ დაეთმო ხალხის ნებისთვის. სწორედ ამ დროს იმპერიაში გაჩნდა შავი ჭირი. ეს ქრისტიანებს, როგორც ჩანს, იმიტომ დაბრალდა, რომ ისინი ევქარისტისა და ზიარებით ხელს უწყობდნენ შავი ჭირის გადადებას. საზოგადოების გააფთრებული თხოვნით, დაიწყო სასულიერო პირთა დევნა. რომში პაპი კორნილუისი დააპატიმრეს.
იმპერატორ ვალერიანეს დროს, პირველმა წლებმა მშვიდად ჩაიარეს ეკლესიისთვის. როგორც უამრავი ადამიანი მიიჩნევდა, იმპერატორი კეთილგანწყობილიც კი იყო ქრისტიანებისადმი მიმართებით და სწყალობდა მათ, რომელნიც სასახლის კარზეც კი მსახურობდნენ. თუმცა 257 წელს ვალერიანეს ედიქტი გამოიცა ქრისტიანების საწინააღმდეგოდ. უმაღლესი იერარქიის წინააღმდეგ აღნიშნული ედიქტის თანახმად, უარი უნდა ეთქვათ ევქარისტიაზე. გარდა ამისა, სიკვდილით დასჯის მუქარით, აიკრძალა წირვა-ლოცვები. ამას მოყვა რომის პაპ სტეფანე პირველის წამება. მალე გამოიცა მეორე ედიქტი, რომელიც ერისკაც ქრისტიანებსაც შეეხო. მათ დაუმორჩილებლობისას სიკვდილით დასჯა ელოდათ, ხოლო სენატორული წოდების დიდგვაროვან და გავლენიან ერისკაცებს - წოდების ჩამორთმევა და ქონების კონფისკაცია, სიჯიუტის შემთხვევაში კი სიკვდილით დასჯა. რაც შეეხება მათ მეუღლეებს, ასევე ქონების ჩამორთმევა და გადასახლება ელოდებოდათ. შედეგად პაპი სიქსტუს II დიაკონ ლავრენტისთან, ფელიკისიმესთან და აღაპიტესთან ერთად აწამეს რომში; აწამეს დიაკონები: იპოლიტე, ირინეოსი, აბუნდი და კონკორდია ევგენია, პროტიოსი, იაკინთე და კლავდია.
აფრიკელი ეპისკოპოსები, რომელნიც ერთი წლის წინ გადაასახლეს, გამოიძახეს და სიკვდილით დასაჯეს. მათ შორის იყვნენ: თეოგენე; ეპისკოპოსები: აღაპი და სეკუნდინი, დიაკონი იაკობი და მარიანა. წამება რამოდენიმე დღის მანძილზე გრძელდებოდა. უტიქში უამრავი ადამიანი აწამეს, მათ შორის, ეპისკოპოსი კოდრატი, დიაკონ ავგურთან და დიაკონ ევლოგისთან ერთად, ესპანეთში ცოცხლად დაწვეს ტარაგონის ეპისკოპოსი ფრუქტუოზი. დევნას შეეწირნენ ეპისკოპოსები, მარკიანე სირაკუზელი და ლიბერტინ აგრიჯენტელი.
იმპერატორ ვალერიანეს ვაჟის რესკრიპტით, ქრისტიანებს მიეცათ უფლება დაუბრკოლებელად აღესრულებინათ ღვთისმსახურება. თუმცა, ამ პერიოდის მოწამეთა რიცხვიც საკმაოდ დიდია. იმპერატორ აურელიანეს დროს განეკუთვნებიან ბიზანტიელი მოწამენი: ლუკილიანე, კლავდიოსი, იპატიოსი, პავლე, დიონისე და პავლა ქალწული, პავლე და იულიანა პტოლემაიდელები, ასევე სინეზი რომაელი ფილუმენ ანკვირელი.
სხვათა შორის, ზოგიერთი ცნობით, ქრისტიანებისთვის მშვიდობიანი პერიოდი იყო იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის ძირითად წლებში. წყაროებით ცნობილია, რომ ამ პერიოდში ქრისტიანებს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ სახელმწიფოში - არ ევალდებულებოდათ რომ მსხვერპლი შეეწირათ წარმართული ღვთაებებისადმი. დიოკლიტიანეს მეუღლე და მათი ქალიშვილი, ქრისტიანული რჯულის აღმსარებელნიც კი ყოფილან! თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, 303 წლის 24 თებერვალს გამოქვეყნდა ედიქტი, რომელიც ქრისტიანთა დევნას ეხებოდა. ედიქტის მიხედვით, ყველა ქრისტიანული ტაძარი და საღვთისმსახურო წიგნები უნდა განადგურებულიყო, ქრისტიანებისთვის წოდებები უნდა ჩამოერთვათ და პატივი აეყარათ! ამ ამბიდან ძალიან მალე, ნიკომიდიის საიმპერატორო სასახლეში, 2 ჯერ გაჩნდა ხანძარი. დიოკლიტიანე დაარწმუნეს, რომ ხანძრის გამჩენები ქრისტიანთა შორის მოეძებნა. ამის შედეგად იმპერატორი ყველა ქრისტიანს, როგორც საკუთარ მტერს, ისე უყურებდა. მან აიძულა თავისი მეუღლე და ქალიშვილი, რომ ევქარისტიას ჩამოშორებოდნენ! დაიწყო დევნა. დევნის დროს პირველად, ნიკომიდიის ეკლესიის წინამძღოლი - წმ. ანთიმოზი და მასთან ერთად, ამ ქალაქში მოღვაწე, უამრავი სამღვდელო და საერო პირი აწამეს! მათ შორის, ქალები და ბავშვებიც იყვნენ. იტალიაში, ესპანეთში და აფრიკაში, სადაც მაქსიმიანე (ჰერაკლე) მმართველობდა და ასევე აღმოსავლეთშიც, დიოკლიტიანესა და გალერიუსის ბრძანებით, დაანგრიეს ქრისტიანული ტაძრები და დაწვეს საეკლესიო წიგნები. დიოკლიტიანეს დევნისას ეწამნენ: რომის პაპი - მარკელინი, დიდმოწამე ანასტასია მწვალებლობათა დამხსნელი, დიდმოწამე გიორგი, მოწამე ანდრია სტრატილატი, იოანე მხედარი, წმინდანი უვერცხლონი კოზმა და დამიანე, კვირიკე და ივლიტა, კვიროსი და იოანე, ევპოლოს არქიდიაკონი, დიდმოწამე პანტელეიმონ ნიკომიდიელი, თეოდოტე, მოკიოს ბიზანტიელი, სებასტიანე რომაელი, ასევე ეპისკოპოსი იანუარიუს ლაოდიკიელი და მასთან ერთად პროკულე, სოსიოს და ფავსტოს დიაკონები პრესვიტერები ტროფიმე და თალასი ლაოდიკიელები მელეტინელი მოწამენი, მოწამე თეოდოტე და 7 ანკვირელი ქალწული, მოწამენი თეოდულია, მაკარი, ელადი და ევაგრე ანაზარელები, მავრიკიოს აპამეელი და 70 მოწამე, მოწამენი ისააკი, აპოლოსი და კოდრატე ესპანელები, მოწამენი ვალერია, კირიაკია და მარიამ კესარიელები, ლუკი რომაელი ქალწული და მასთან ერთად სხვანი, მოწამენი ბიქტორი, სოსთენესი და დიდმოწამე ეფემია ქალკედონელები, მოწამენი კაპიტოლინა და ერორიდა კესარია-კაბადოკიელები და სხვანი მრავალნი.
303 წლის გაზაფხულზე, სომხეთსა და სირიაში აჯანყებებმა იფეთქეს. დიოკლიტიანემ ამაში ქრისტიანები დაადანაშაულა, რასაც უამრავი ახალი ედიქტის გამოსვლა მოჰყვა: ერთი ედიქტის თანახმად, ყოველი თემის წინამძღოლი უნდა დაეჭირათ.
დიოკლიტიანეს გადადგომის შემდეგ, გალერიუსის დროს ღვთისმსახურების გამო მოწამე ფილორომს და თმუისის ეპისკოპოს - ფილეოსს თავები მოჰკვეთეს. გალერიუსის დროს აღსრულებულ მოწამეთა შორის ცნობილნი არიან: დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, ადრიანე და ნატალია ნიკომიდიელები, კიროს და იოანე უვერცხლონი, დიდმოწამე ეკატერინე ალექსანდრიელი, დიდმოწამე თეოდორე ტირონი, 156 ტირსელი მოწამე, რომელთაც ეპისკოპოსები - პელისი და ნილოსი ედგნენ სათავეში, ნიკომიდიელი მღვდლები: ერმოლაოსი, ერმიპე და ერმოკრატე, ეგვიპტელი მოწამენი: მარკიანე, ნიკანდრო, იპერექი, აპოლონი და სხვები, მელიტინელი მოწამენი: ევდუქსე, ზენონი და მაკარი, ამასიელი მოწამე დედები: ალექსანდრა, კლავდია, ევფრასია, მატრონა და სხვანი, ბითინიელი მოწამენი: მინადორა, მიტრადორა, ნიმფადორა, კესარიელი მოწამენი: ანტონინე, ნიკიფორე და გერმანე, ენათა, ვალენტინა და პავლა.
გალერიუსის სიკვდილის შემდეგ, მაქსიმინე დაზამ კვლავ განაახლა ქრისტიანთა დევნა. დაზას ბრძანებით, „პილატეს ნაწყალობევი აქტები“ გავრცელდა, რომლებშიც უამრავი ცილისწამება იყო დაფიქსირებული ქრისტეს მისამართით. იმპერატორმა წააქეზა მოქალაქეები, რათა მათ ქალაქებიდან ქრისტიანთა გაძევება მოეთხოვათ. ამას შეეწირნენ ხანში შესული ემესელი ეპისკოპოსი - სილუანე, დიაკონი ლუკა და წიგნის მკითხველი მოკიოსი. ისინი მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად აწამეს ეპისკოპოსი მეთოდე პატარელი მთავარეპისკოპოსი პეტრე ალექსანდრიელი და ეგვიპტეში მოღვაწე სხვა ეპისკოპოსები; ნიკომიდიაში აწამეს ანტიოქიის ეკლესიის განსწავლული პრესვიტერი - ლუკიანე. ეპისკოპოსი კლიმენტი ანკვირელი, პორფირი სტრატილატი 200 მხედართან ერთად, ევსტათი და ანატოლი ნიკეელები, იულიანე, კელსი, ანტონი, ანასტასი, ბასილისა, მარიონილა, ანტიოქიაში მცხოვრები 7 ყრმა და 20 მხედარი, ასევე, ალექსანდრიელი მოწამენი: მინა, ერმოგენი, ევგრაფი და სხვანი.
აღმოსავლეთ რომის იმპერიაში დევნა მიმდინარეობდა 313 წლამდე, ხოლო, 313 წლის შემდეგ, კონსტანტინე დიდის მოთხოვნით, მაქსიმინე დაზა იძულებული გახდა შეეწყვიტა დევნა.
დევნა გაგრძელდა კონსტანტინე დიდის თანაიმპერატორის ლიცინიუსს მხარდაჭერითაც, მის საგამგებლო ტერიტორიაზე დასავლეთ რომში. მის დევნას შეეწირნენ: დიდმოწამე თეოდორე სტრატილატი ევსტათი ანკვირელი ეპისკოპოსი ბასილი, ამასიელი ფოკა მემტილე, სინოპელი ეპისკოპოსი, 40 სებასტიელი მოწამე; სებასტიელი მოწამენი: ატიკე, აღაპი, ევდოქსი და სხვანი; ასევე მოწამენი: ელია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე.
უკანასკნელ მსხვილმასშტაბიან დევნას კი მიაწერენ იმპერატორ იულიანე განდგომილს. იულიანემ აუკრძალა ქრისტიანებს პედაგოგიური საქმიანობა. მართლმადიდებლური ძირითადი ხაზის მიმდევრების წინააღმდეგ მხარს უჭერდა ერეტიკოს არიანელებს.
ზემოჩამოთვლილი ეს იყო ქრისტიანთა მასშტაბური დევნის ადრეული ეტაპები. როგორც ვხედავთ, მასში საზოგადოებას, რიგით ადამიანებს, ელიტარულ ფენას უდიდესი წვლილი მიუძღვის. ქრისტიანთა მდევნელები არ ფიქრობდნენ, რომ სასტიკი და აგრესიულნი იყვნენ. მათი ქმედება გამართლებული იყო საზოგადოებრივი ინტერესით და საზოგადოების დაკვეთით!