- დამცინით? წარმოუდგენელია! - ამ ორი სიტყვით გამოხატა საკუთარი ემოცია ერთმა ემიგრანტმა ქალბატონმა, რომელმაც საკუთარი კრებულის პოლიგრაფიული ხარჯების დაზუსტება მთხოვა.
უცებ ელდა მეცა-ვიფიქრე, ეტყობა ვიღაც არიფმა გამომცემელ-„პოლიგრაფისტმა“ (არაპროფესიონალმა, რომლისთვისაც წიგნის შინაარსობრივ-გარეგნულ მხარეს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, გამოვიდეს!) დაუანგარიშა და თვითღირებულებაზე დაბალი ფასი უთხრა-მეთქი!
შევეცადე ჩემი პროფესიული ღირსება დამეცვა და ვუხსნიდი, რომ ამ თანხაში წიგნის სტილისტურ-კორექტურული დახვეწაც შედიოდა, მაგრამ, ამაზე მთლად გადაირია:
- რას ამბობთ, რა კორექტურა და სტილი, მაგას დღეს რომელი გამომცემლობა აკეთებს. ორი წლის წინ პირველი კრებული გამოვეცი და სულ შეცდომებითაა გატენილი. მრცხვენია მისი გამოჩენა... არც დიზაინით ვარ აღფრთოვანებული...
ჩემთვის უცნობმა ქალბატონმა, რომელსაც საერთო ფეისმეგობარმა უშუამდგომლა, არ დამიმალა, რომ იგივე წიგნში, იგივე ტირაჟში, არც მეტი, არც ნაკლები, იგივე გამომცემობამ 2000 ლარით მეტი უანგარიშა.
ძალიან კოლეგიალური ვარ, მითუმეტეს, როცა კონკრეტული გამომცემლობა დამისახელა, შევეცადე არ დამემძიმებინა სიტუაცია და ავუხსენი, რომ ყველას თავის ტარიფი აქვს და საბაზრო (კონკურენციის) პირობებში არც არის გასაკვირი განსხვავებული ფასები შემოეთავაზებინათ-მეთქი.
ჩემი უპირატესობა კი იმით ვაგრძნობინე, რომ გამომცემლობაში შემოსულ არც ერთ წიგნს რედაქტირება-კორექტირების გარეშე არ ვუშვებ, - ავტორებმა ამ ურთულეს საქმეში ერთი თეთრიც რომ არ გადამიხადონ, რადგან, თავად გამომცემლობის „მუნდირის ღირსებას“ ვუფრთხილდები!
შეიძლება იმ მომენტში წარმოუდგენლად მოეჩვენა ჩემი „ქველმოქმედება“, მაგრამ, საქმიან ურთიერთობაში თანდათან დარწმუნდა, რომ ყველა სიტყვაში გულწრფელი ვიყავი.
თვალებს არ ვუჯერებდი, როცა მისი ოჯახის წევრებმა სხვა გამომცემლობაში „მომზადებული“ და იგივე გამომცემლობის გრიფით გამოცემული მისი პირველი წიგნი მომიტანეს-სტილსა და კორექტურას რომ თავი დავანებოთ, ვორდის ფაილში დაკაბადონებული კრებული ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა - მე შემრცხვა მათ მაგივრად... არადა, ორი წლის წინ ისეთი სოლიდური თანხა გადაუხდიათ, იგივე წიგნი, იგივე მოცულობის, დღეს გაორმაგებული ტირაჟით დაიბეჭდებოდა.
რატომ მოვყევი ახლა ეს?
სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ძალიან ბევრმა ქართველმა ემიგრანტმა, სწორედ ემიგრაციაში „გაუსინჯა“ კალამს (კომპიუტერის კლავიშებს) გემო და ლექსითა თუ სხვა ფორმით ცდილობს, სამშობლოს იძულებითი დატოვებით გამოწვეული საკუთარი ემოცია მკითხველსაც გაუზიაროს. - ჯერ სოციალურ ქსელში ხდება მათი შემოქმედების დემონსტრირება, შემდეგ წიგნად გამოცემის სურვილიც უჩნდებათ. სწორედ აქედან იწყება ემიგრანტებზე „ნადირობა“!
რაღა შორს წავიდე, ერთ-ერთმა შუამავალმა, რომელმაც ემიგრანტი ავტორის წიგნი დაასურათხატა, ჩემს ცდაზე, გამემერტივებინა წიგნის გამოცემის პროცედურა და ავტორს შედარებით ნაკლები ხარჯები გაეწია, უცერემონიოდ მითხრა:შენ რატომ იწუხებ ამაზე თავს, ფულის მეტი რა აქვს, თუ კარგი წიგნი უნდა, ზედმეტიც გადაიხადოს!
როგორც შემდგომ შევიტყვე, თურმე, ე. წ. შუამავლები გარიგებაში შედიან გამომცემლობებთან და ემიგრანტებს წიგნის გამოცემაში არაადექვატურ ფასს ახდევინებენ!
ცალკე საუბრის თემაა წიგნის ხარისხი. ამ შემთხვევაში არა იმდენად გარეგნულ მხარეს ვგულისხმობ, რამდენადაც შინაარსობრივ დატვირთვას-უმეტესწილად ემიგრანტების ავტორობით გამოცემულ წიგნებს არ ჰყავთ რედაქტორი, (თუ აწერია, ისისც ფორმალურ ხასიათს ატარებს) და წიგნი თავიდან ბოლომდე გავსებულია სტილისტურ-კორექტურული უზუსტობებით.
დღეს ვარსკვლავებს ისედაც არავინ წყვეტს და როცა ლიტერატურული ნაშრომი რედაქტორის „საცერში“ არ იცრება, მისი წაკითხვა სასჯელის ტოლფასი ხდება.
ხშირად მიწევს ყოფნა სხვადასხვა სტამბა-გამომცემლობებში და როცა პროფესიული ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე, ბრჭყვიალ-ბრჭყვიალა გარეკანებით დამშვენებულ წიგნებს გადავშლი, სახტად ვრჩები ხოლმე-არანაირი ლიტერატურული ნორმები დაცული არ არის - შინაარსობრივ დახვეწას რომ თავი დავანებოთ, წერტილ-მძიმეც არ არის დასმული თავის ადგილზე... და ეს მარტო ემიგრანტებს არ ეხებათ!!!
თუმცა, უფრო მეტად ემიგრანტ შემოქმედთა კრებულებში იჩენს თავს, რადგან, ისინი ვერ აკონტროლებენ სიტუაციას და წიგნის ავან-ჩავანს შუამავლებს და უნამუსო გამომცემლობებს ანდობენ!
ძალიან ბევრი ემიგრანტის პოეტური და პროზაული კრებულები მაქვს გამოცემული. ყველა მათგანი აქ მეგობრებში მყავს და არც მომცემენ უფლებას, ვიცრუო. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, სათანადო რედაქტირება-კორექტირების გარეშე წიგნი დამებეჭდოს. მეტიც, დაბეჭდვის შემდეგაც ჩემს ავტორებს არ ვამადლი პროფესიულ რჩევა-რეკომენდაციებს, (ამჯერადაც ერთდროულად ორი ემიგრანტის პოეტურ და პროზაულ კრებულზე ვმუშაობ).
როცა ზემოთაღწერილ პრაქტიკაზე კოლეგებთან გულისტკივილით ვსაუბრობ, ნიშნის მოგებით მსაყვედურობენ: მოგცლია ერთი, შენგან რა მიდის, როგორსაც მოგიტანენ (იგულისხმება, გამოგიგზავნიან) ისეთი დაუბეჭდე, რადგან, ამბიციები აქვთ გადაიხადონ კიდეც!
ამ დროს ახსნას, რომ ამბიციები არამარტო ემიგრანტ შემოქმედებს, არამედ, ყოველ მეორეს აქვს დღეს და რომ ემიგრანტები „მეწველი ძროხები“ არ არიან, ანგარიში არ გავუწიოთ, აზრი არა აქვს!
„ნადირობა “ კი გრძელდება!!!
P. S. გუშინ ერთი ერთი ქართველი ემიგრანტი პოეტი, ქალბატონი ხათუნა შავგულიძე მესტუმრა ოფისში. გაცნობის სურვილი მე გამოვთქვი. მიზეზი იმდენად არა მისი პოეზიით დაინტერესება იყო, რამდენადაც მისი პიროვნული თვისებებით-ჩვენ სულ რამდენიმე თვეა ვმეგობრობთ სოციალურ ქსელში. გამიხარდა, ინტუიციამ ამჯერადაც რომ არ მიმტყუნა. მისი სახით თავმდაბალი, შინაგანად გაწონასწორებული და რაც მთავარია, პატრიოტი ქალბატონი წარმომიდგა. ბევრი ვისაუბრეთ. ბევრ საკითხში თანამოაზრენი აღმოვჩდით.
გამიკვირდა, უცხო მიწაზე 25 წლიან ცხოვრებას მისი სული რომ არ გაუუხეშებია და საკუთარი სამშობლოსადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების ნიშან-წყალიც არ ეტყობა - ყველაფერს რეალურად აღიქვამს და არავისზე ნაკლებად არ სტკივა საქართველოს მომავალი.
აწი მისი შემოქმედებითაც დავინტერესდები!
ზაურ ნაჭყებია,
პუბლიცისტი