ივერიონი / რატომ მძულს დღევანდელი პარლამენტი?! ანუ, როცა ქვეყანას ვერაფერს არგებ, მაგრამ, საკუთარ კომფორტს კი მოიწყობ!

რატომ მძულს დღევანდელი პარლამენტი?! ანუ, როცა ქვეყანას ვერაფერს არგებ, მაგრამ, საკუთარ კომფორტს კი მოიწყობ!

როგორც „წესი“, არჩევნების წინ ჩემი თანამოაზრეები და გულშემატკივრები მეკითხებიან:

 

რატომ არ მივდივარ პოლიტიკაში, რატომ არ „შევეკარი“ რომელიმე პოლიტიკურ ძალას, როგორ არ გამოჩნდა საქართველოში ისეთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც მე მხარს დავუჭერდი?!

 

სამწუხაროდ, ხშირად მიწევს ერთი და იმავეს განმეორება, რომელიც ლამის თავის მართლებაში გადადის, მაგრამ, პასუხი ყოველთვის უცვლელია:

 

დიახ, სხვადასხვა მიზეზების გათვალისწინებით(უპირველესად, სახელმწიფოს კრიზისიდან გამოყვანის კონკრეტული პროგრამისა და სტრატეგიის არქონა და უცხო ძალებისადმი უსიტყვო მორჩილება), მე ვერ ვხედავ საქართველოში ისეთ პოლიტიკურ ძალას, სადაც საკუთარ თავს მოვიაზრებ!

 

თუმცა, ამასაც ყურადღება რომ არ მივაქციო და საკუთარ თავს „გადავახტე“, თანამოაზრეების გარეშე რა უნდა აკეთო პარლამენტში?! დიდი, დიდი, იწივლებ, იკივლებ, ორთქლს გამოუშვებ, გულსაც მოიფხან, მაგრამ, შედეგი ნული - გადაწყვეტილებას მაინც უმრავლესობა იღებს, რომელიც დირექტივებს ყოველთვის საკუთარი პატრონებისგან ელოდება!

 

ამით იმის თქმასკი არ ვაპირებ, რომ ცუდია დღეს პარლამენტარობა. პირიქით, მაქსიმალურ კომფორტს მოიწყობ, სათანადო პრივილეგიით ისარგებლებ, 4 წლის მანძილზე პარლამენტარის იმუნიტეტიც გიცავს, მერე, თუ ხელახლა არ შეგაბრუნეს, ქუჩაში მაინც არ დაგტოვებენ!

 

კი, მაგრამ, ამით რა ხეირი ქვეყანას და საზოგადოებას?!

 

არც არაფერი, რადგან, შენ პარლამენტში თანამოაზრეების გარეშე, არათუ შეგიძლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტები გაიტანო, არამედ, ელემენტარულად ხელს ვერ შეუშლი იმ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ ინიციატივებსაც, რომლითაც მუდმივად გვანებივრებენ ჩვენი ბედოვლათი კანონმდებლები!

...

რამდენიმე დღის წინ ერთმა ახალგაზრდა გოგონამ რუსთაველზეგამაჩერა .ბლიც-გამოკითხვას ატარებდა არჩევნებთან დაკავშირებით.გულწრფელად ვუპასუხე ყველა კითხვაზე, მაგრამ, სახე ისე აელეწა, ვატყობდი, ჩემი პასუხით კმაყოფილი არ ჩანდა!

რას იზამთ, დავალება დავალებაა...

...

რამდენიმე დღის წინ შევიტყვე, რომ ცნობილი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე მაჟორიტარად კენჭს იყრის დიდუბის რაიონში.ჩინებული არჩევანია -ასეთი მაღალპროფესიონალები უნდა გვყავდეს სწორედ პარლამენტში, ოღონდ, არა ერთი და ორი, არამედ, იმდენი, რამდენსაც შეეძლება გავლენა მოახდინოს კენჭისყრისას გადაწყვეტილებაზე.

 

სახელს და გვარს ვერ ვიხსენებ, მაგრამ, ერთ-ერთი ჩემი ფეისმეგობარი გუშინწინ მოუწოდებდა დიდუბელებს, მხარი დაეჭირათ დიმა ლორთქიფანიძისთვის, რადგან, ის ყველაზე საუკეთესო არჩევანია დასახელებულ კანდიდატებს შორის!

 

დასტურ! ის მართლაც ღირსეული კანდიდატია, სწორედ ისეთი, საქართველოს დღევანდელ პარლამენტს რომ სჭირდება, მაგრამ... ჯერ ერთი, ხომ ვიცით, რომ არ გაიყვანენ (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) და არც ამომრჩეველი მოიკლავს თავს, რომ ბატონმა დიმამ მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღოს!

 

ოპონენტებიც, სხვა თუ არაფერი, „რუსულ ნარატივებს“ (სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!) ამოუქექავენ და ამით შეეცდებიან მის „გაშავებას“.

 

ერთი სიტყვით, მე პირადად დიდი იმედი არ მაქვს, რომ ბატონ დიმიტრი ლორტქიფაქნიძეს პარლამენტში ვიხილავთ! თუმცა, გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს.

 

ანალოგიურად შეიძლება ითქვას ჩემს კოლეგაზე, ჟურნალ „ქვაკუთხედის“ მთავარ რედაქტორზე, ქალბატონ ხათუნა საგინაშვილზე, რომელიც „კონსერვატიული“ პარტიის მხარდაჭერით კენჭს იყრის ვაკის რაიონში.

 

ქალბატონი ხათუნაც საკმაოდ ერუდირებული და პრიციპულია, რომელსაც ყველა წინაპირობა გააჩნია პარლამენტში მოსახვედრად, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც არა მგონია ვაკელებს გული აუჩუყდეთ და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღონ - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით რომ გადიოდეს, კიდევ ვიფიქრებდი, რომ თავი ქუდში აქვს .თუმცა, მასაც წარმატებას ვუსურვებ.

 

არის კიდევ ერთი პიროვნება - მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, ჯამბულ ნაჭყებია.უაღრესად ინტლექტუალური, პოლიტოლოგიის დოქტორი, ფართო დიაპაზონის მეცნიერ-მკვრევარი, რაც მთავარია მართალი და პრინციპული კაცი. ერთი სიტყვით, ბატონ ჯამბულსაც ყველა წინაპირობა აქვს იმისთვის, რომ ღირსეული კანონმდებელი იყოს, მაგრამ, აქაც იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე - გვინდა კი პროფესიონალი და პრინციპული კანონმდებლები, რომლებიც წინ აღუდგებიან ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ გადაწყვეტილებებს და არსებითად სახელმწიფოს (საზოგადოების) ინტერესების გამომხატველნი იქნებიან?!

სამწუხაროდ, არა!

 

რეზიუმეს სახით კი ვიტყვი: ვიდრე ქვეყანაში მოთხოვნა არ იქნება ახალ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პროფესიონალთა არმიაზე, სანამ საზოგადოება თავისივე წიაღიდან არ შობს ამ ძალას და თვითონვე არ დაუჭერს მხარს პროფესიონალთა გუნდის პარლამენტში მოსვლას, მანამ, სულ მოჯადოებულ წრეზე ვივლით და აიწონა-დაიწონას თამაშით გაგვართობენ...

 

რაც შეეხება ზემოთმოყვანილ მაჟორიტარობის სამ კანდიდატს, მივესალმები მათ ყოფნას საკანონმდებლო ორგანოში - სხვა თუ არაფერი, სამი ქლესა (უსიტყვოდ მორჩილი) და სახელმწიფოს ინტერესების საკუთარ კომფოტზე გამცვლელი ადამიანით ნაკლები მაინც გვეყოლება!!!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

18-09-2020, 12:27
უკან დაბრუნება