გამომცემლობა „ივერიონმა“ კიდევ ერთი სერიოზული პროექტი დაასრულა - გამოვიდა თანამედროვე უნიჭიერესი ქართველი პოეტის, ლაშა გახარიას ერთტომეული, სახელწოდებით: „პოეტი მაინც ერთი ლექსია!“ (შემდგენლები: როზა ბერიკაშვილი, ზაურ ნაჭყებია).
ერთტომეულში შესულია გამორჩეული ლექსები ლაშა გახარიას შემოქმედებიდან, რომელიც არა მარტო მისი პოეზიის, არამედ, ზოგადად, ჭეშმარიტი ქართული ლექსის თაყვანისმცემლებს სულიერ საზრდოს მიაწვდის.
გთავაზობთ ერთტომეულის რედაქტორ-გამომცემლის წინასიტყვაობას.
„ლაშამ უგემოვნო პოეზიას სილა გაულაწუნა!“
ამ ხუთიოდე წლის წინ, როცა ლაშა გახარიასადმი მიძღვნილ სახელდახელო კრებულზე ვმუშაობდით, წიგნს სათაურად „ლაშა გახარია - ქართულ პოეზიაში მოვარდნილი გრიგალი“ დავარქვი.
ლაშას პოეზიის ასეთი შეფასება, ბევრს ეხამუშა, ბევრმა კი, ვინც სიღრმისეულად იცნობს მის პოეზიას, მომიწონა და მადლიანი სიტყვებიც არ დაიშურა.
გამოვტყდები: მაშინ, ამ დონეზე, ჯერ კიდევ არ მქონდა გაცნობიერებული ლაშას თავანკარა პოეზიის სიდიადე.
ერთტომეულზე მუშაობამ კი, საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ლაშა გახარია თვითნაბადი, ღვთაებრივი ნიჭით დაჯილდოებული პოეტია. მისი „საცერში“ გაცრილი ლექსები კი, ქართული მადლიანი პოეზიის ჭეშმარიტი ნიმუში!
... ლაშასთან ჩემი პირველი შეხვედრა, გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისს უკავშირდება, როცა, თსუ-ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვაბარებდი, ახლობლებმა მირჩიეს, კონსულტაციები გამევლო მასთან, როგორც გამოცდილ ჟურნალისტთან. მაშინ ლაშა, „ახალგაზრდა კომუნისტის“ განყოფილების გამგედ მუშაობდა. მე და კოტე უბირია, იმ წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვაბარებდით, ამიტომაც ლაშას „ახკომში“ ერთად ვესტუმრეთ.
თბილად მიგვიღო, პრაქტიკული რეკომენდაციებიც მოგვცა და სტუდენტობისკენ გზაც დაგვილოცა. პირველივე შეხვედრისთანავე ძალიან მოვიხიბლე მისი, ხალასი ადამიანური ბუნებით - საოცარი სითბო გაგვატანა საგზლად, თან გაგვაფრთხილა: თუ გინდათ, ნაღდი ჟურნალისტები გამოხვიდეთ, საკუთარ თავზე ბევრი უნდა იმუშაოთ, დახვეწოთ ჟურნალისტური გემოვნება და ობიექტურობის განცდამ არასდროს გიღალატოთო! სხვათაშორის, ჩემს ჟურნალისტურ პრაქტიკაში ამ პრინციპისთვის არ მიღალატია...
მაშინ არც ვიცოდი, რომ ლაშა გახარია ლექსებს წერდა - მე მისი ჟურნალისტური ოსტატობით ვიყავი მოხიბლული - „ახკომში“ ყოველთვის ინტერესით ვეცნობოდი მის გამორჩეულ პუბლიცისტურ სტატიებს, თუ რეპორტაჟებს. განსაკუთრებით დამამახსოვრდა რეპორტაჟების ციკლი მოსკოვის ოლიმპიადიდან (1980) და პუბლიცისტური ესსე - „ანნა ლედიანი“, რომელიც ელენე ახვლედიანის განუმეორებელ შინაგან სამყაროს და მის ნატიფ ხელოვნებას ეძღვნებოდა.
ჟურნალისტური ესსე „ახკომში“ გაგრძელებებით იბეჭდებოდა და სულმოუთქმელად ველოდი ყოველი ახალი ნომრის გამოსვლას.
საოცარი პროფესიონალიზმი და ჟურნალისტური ოსტატობა იგრძნობოდა მის თითოეულ რეპორტაჟსა, თუ სტატიებში - წერდა დახვეწილად, ლაღი, ლიტერატურული ქართულით, ყოველგვარი სიყალბისა და მრავალსიტყვაობის გარეშე...
რაც შეეხება ლაშას, როგორც პოეტს, გაცილებით გვიან გავიცანი ქართული პრესის ფურცლებიდან და მართალი გითხრათ, გაოცებულიც დავრჩი...
პრაქტიკულმა შეხებამ, მის პოეზიასთან 2002 წელს მომიწია, როცა ლაშას მომცრო პოეტურ კრებულზე: „99 და... ერთი“ ვმუშაობდით, ქალბატონ, ლია ნაროუშვილის რედაქტორობით, რომელმაც თავის დროზე დიდი ამაგი დასდო ლაშას პოეტური მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. წიგნი ჩემს გამომცემლობაში მომზადდა და ჩემივე ხელდასხმით დაიბეჭდა. სწორედ მაშინ გავუგე პირველად „გემო“ ლაშა გახარიას „ობლის ცრემლივით“ პოეზიას!
როცა წიგნი გამოვიდა, ლაშა სარეცელზე იყო მიჯაჭვული. მიხაროდა, რომ სასიგნალო ეგზემპლარები ჩემივე ხელით მივუტანე. არასდროს დამავიწყდება, მისი, უკვე ტკივილებისგან ჩაცვენილი თვალების მადლიერი მზერა!
ლაშას გარდაცვალების შემდეგ, დიდი რუდუნებით ლია ნაროუშვილთან ერთად გამოვეცით კიდევ ერთი კრებული სახელწოდებით: „წაშლილი ღამე“. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ლაშა გახარიას სახით, საქმე გვაქვს, დახვეწილ, რაფინირებულ კალმოსანთან - თვითნაბად პოეტთან, რომელმაც ხანმოკლე სიცოცხლეში ბევრის თქმა მაინც მოასწრო, ბევრი კი, უთქმელი დარჩა, მაგრამ საკუთარი ხელწერა მაინც დატოვა! დარწმუნებული ვარ, მისი, ნაკადულივით მორაკრაკე პოეზია დროის გამოცდას გაუძლებს!
ლაშას პოეზიის სრულყოფილად განხილვას არ ვაპირებ, მაგრამ თავს უფლებას მივცემ ყურადღება გავამახვილო მისი შემოქმედების თავისებურებებზე, რომელიც მას, როგორც თვითნაბად პოეტს, სხვებისგან აშკარად გამოარჩევს.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ლაშას პოეზია შორს დგას სიყალბისგან. როგორც ვთქვი, მისი ლექსები წყაროს წყალივით ანკარაა, ნაკადულივით მორაკრაკებს და პირდაპირ მკითხველის გულისკენ მიიკვლევს გზას - ისე ჩამოქნის პოეტურ სტრიქონებს, გეგონება ქართული ენის ყველა საიდუმლოებას ფლობდეს და სიტყვებიც უპირობოდ ემორჩილებოდეს, ამის უტყუარი ნიმუშია ლექსი „საბაქართული“
„ეს სიტყვა გულში აყვავდა, ვით გულისაბა ─
ყვავილი,
მერმე ხელებში აბალღდა – გულითვე
ამოყვანილი.
ამირანისძედ ვიოცე, როს ჩავამთვარდი
თვალებში,
ავდექ და, დედიშობილა, გავფუთნე ცის
ფართალებში;
ირმის რძე ჩამოვუწველე, არც ხოხბის
დამიკლია და
ჯავრისქვაც გავაკბეჩიე, როგორც კი
დაკბილიანდა!“
ძნელია, ლაშას პოეზიის ბოლომდე გააზრება. მითუმეტეს, გარკვეულ კალაპოტში მოქცევა.
ვეთანხმები, აწ გარდაცვლილ, შესანიშნავ კალმოსანს მურმან ჯგუბურიას, რომ „ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ლაშას პოეზია“, ეს გვავალდებულებს, უფრო სიღრმისეულად მივუდგეთ მისი შემოქმედების შესწავლას, რათა კუთვნილი ადგილი დაიკავოს ქართველი ლექსის ოსტატების გვერდით! თუ ცნობილ ფილოსოფოსს, აწ გარდაცვლილ, პროფესორ ჯანრი კაშიას ვერწმუნებით, „ლაშა გახარია ათ კლასიკოს პოეტს შორის უნდა შევიყვანოთ! სამწუხაროდ, მის შემოქმედებას ჯერჯერობით არ იცნობს მკითხველი, მაგრამ საკმარისია ამ ათი ავტორის წაკითხვა, რომ კონკრეტული ქვეყნის ენობრივ სივრცეში გაერკვეს!“
ლაშას საკუთარი ხელწერა და ჩამოქნილი პოეტური ხმა რომ აქვს ეს აშკარად ჩანს, მის გახმაურებულ ლექსში „წერილი დედას“:
„წუხს მაგიდაზე დარდი-ბარათი ─
ხელისგული და სულგადასმული;
ძლივჩამოღწეულს ძველმისამართით ─
ასდის ქინძის და ომბალოს სუნი.
ღამეა, დედი, ბჟუტავს სანათი,
სიზმრის კვირტები უსკდება თბილისს;
შიმშილს მინაყრებს შენი ბარათი ─
გვიანარეკილ მჭადივით თბილი.
* * *
ჩამოდი, კიდევ ერთხელ ჩამოდი!
ნუ შემატოვებ სიზმრის ყვავ-ყორნებს;
წელს ნუ მოიწყვეტ მძიმე ჩემოდნით
ნურც ხელს ნურაფერს გამოაყოლებ“...
* * *
... ჩამოვალ, დედი, და დარდს გადაგშლი,
ზურგში მიბერავს სულს მუზის ქარ!
და სტიპენდიით ნაყიდ კაბაში
გამომიქვითე ყველა სიზმარი.“
უდავოა ისიც, რომ ლაშა გახარია რითმებისა და მეტაფორების დიდოსტატია, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოჩუქურთმებული პოეზია, ამ „სამკაულებით“ გამორჩეულად გიზიდავს, დახვავებულ მეტაფორებს, სათქმელი არასოდეს ეწირება. მდიდარია მისი პოეტური ლექსიკა, ორიგინალურია ლექსის ფორმაც, რომელიც სხვა პოეტებისგან აშკარად გამოარჩევს. მაგალითისთვის „წაშლილი ღამე“-ც გამოდგება:
„ღრუბლის ორწოხებს დაუძვრა მთვარე,
ვით სხვისი ხელით ჩაკრული ─ ჩვილი
და მეტაფორას თავად ამთავრებს
ცა ─ ბროწეულად გადახლეჩილი.
ლექსის წყურვილი, თორემ ამ სურათს
ბარტყის ფრთასაც არ შეახებს კაცი
და ცერერამაც აქ გაასრულა ─
გადამიშალა თვალები ცარცით.“
ვეცნობი მის პოეზიას და ვრწმუნდები, რომ ავტორი ბოლომდე ლექსად იღვენთებოდა, ლექსით სუნთქავდა...
უსაზღვრო იყო მისი პოეტური ენერგიაც, რაც მთავარია, თრთოლვითა და მისეული პასუხისმგებლობით დაჰფოფინებდა თითოეულ სტრიქონს და გაურანდავ, „საცერში გაუცრელ“ ლექსს მკითხველამდე არ უშვებდა! ძალიან მოსწრებულად თქვა ლაშას მეგობარმა, ცნობილმა ენათმეცნიერმა, აკადემიკოსმა, მიხეილ ქურდიანმა, რომ „ლაშამ უგემოვნო პოეზიას სილა გაუ-ლაწუნა“.
... შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ იგი იწვოდა და იფერფლებოდა ქართული პოეზიის ნაღვერდალში და მისი პოეზიის მხურვალება, მკითხველისთვისაც გადამდები იყო. ლაშა, როგორც პოეტი, შინაგანად თავისუფალი იყო, ამასთან დაუდეგარიც - ძნელი იყო მისი არტახებში მოქცევა!
ზოგიერთებივით არ ჩქარობდა, რომ მისი გულის სიღრმიდან ამოხეთქილი სტრიქონები წიგნად აეკინძა და ამით თავი მოეწონებინა...
სწორედ, ამიტომაც, იგი, როგორც ორიგინალური ხელწერის ლირიკოსი, საზოგადოებამ მხოლოდ სიცოცხლის ბოლო წლებში გაიცნო. სამწუხაროა, რომ იგი სიცოცხლეში მხოლოდ ორად-ორი, სახელდახელოდ აკინძული კრებულის გამოცემას მოესწრო.
ნიშანდობლივია, რომ ლაშა გახარია, გამორჩეული დეკლამატორიც იყო - იგი სცენაზე იდგა, თუ ლექსს კითხულობდა შინაურ წრეში, მასში ახალი ლაშა იბადებოდა!
დიახ, ლაშა დაუდევარი აღმოჩნდა საკუთარი შემოქმედების მიმართ. რომ არა მისი მეუღლის - ქალბატონ როზა ბერიკაშვილისა და უახლოესი მეგობრების ძალისხმევა, საკუთარ სიცოცხლეში წიგნსაც ვერ მოესწრებოდა და ადვილად შესაძლებელია მისი შემოქმედებაც გაფანტულიყო. რაც შეეხება ერთტომეულის გამოცემას, ეს ახალგაზრდა მუხურელი ქალბატონის ელენე ახალაიას იდეაა (ერთტომეულიც მისი დაფინანსებით გამოდის), რომელსაც ქალბატონ როზა ბერიკაშვილის აქტიური მხარდაჭერით ხორცი შევასხით.
საგულისხმოა, რომ კრებულში თავმოყრილია ლაშას შემოქმედებითი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ამდენად, იგი ძვირფასი საჩუქარია არა მარტო მისი პოეზიით დაინტერესებული მკითხველისთვის, არამედ, ფართო საზო-გადოებისთვისაც.
ზაურ ნაჭყებია
პუბლიცისტი, რედაქტორ გამომცემელი