ისტორია ადასტურებს, რომ ძალადობით მოსული ხელისუფლება ყოველთვის საშიშია ხალხისთვის - იგი ხელს უწყობს დიქტატურის დამკვიდრებას და საზოგადოებაზე ძალმომრეობის გაძლიერებას ხელისუფლების მხრიდან!
მითუმეტეს, ერთია, სახალხო აჯანყება არსებული რეჟიმის წინააღმდეგ და გაცილებით სხვაა, ერთი მუჭა, პოლიტიკური ავანტიურისტების მიერ გაბრიყვებული მასის მცდელობა - სიცრუის ტირაჟირებითა და აკრძალული ხერხებით ხელი შეუწყონ ძალმომრეობაზე დაგეშილი პოლიტიკური მეძავების უმრავლესობაზე გაბატონებას.
სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზეც კი და დანაშაულებრივი პასიურობით ხელს ვუწყობთ დრამატული, ხელოვნურად აგორებული პროცესების აზვირთებას!
თუ პროტესტის მიზეზი გაყალბებული არჩევნებია, არსებობს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ „ამბოხებულთა“ და სხვადასხვა ნეიტრალური (სპეციფიკური) ორგანიზაციების მონაწილეობით ხელახლა გადაითვალონ ბიულეტენები და დადგინდეს გაყალბების მასშტაბები!
თუმცა,როგორც ჩანს, ეს მავანთა ინტერესებში არ შედის, რადგან, მათი მიზანი უფრო შორს მიდის, ვიდრე, ობიექტურობის დადგენაა.
მიუხედავად, მმართველი გუნდისადმი საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულებისა, ე.წ. აგრესიულმა ოპოზიციამ, რომელმაც საკუთარ ავანტიურაში ჩაითრია ერთპროცენტიანი და ზოგადად ურეიტინგო პარტიებიც, კარგად იცის, რომ არჩევნებით ვერ დაბრუნდება (ვერ მოვა) ხელისუფლებაში და დესტრუქციული ქმედებებით, ცდილობს საპროტესტო მუხტის აგორებას, რომელსაც გაქანებული პანდემიის პირობებში, მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია.
მივესალმები სიტყვისა და საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ, როცა პროტესტი ძალადობრივ ქმედებებს შეიცავს, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ წყლის ჭავლით გაგიმასპინძლდნენ!
აბა რა უნდა გაეკეთებინა პოლიციას: იობის სიმშვიდით ეცქირა, როგორ შეცვივდებოდნენ ეგზალტირებული ახალგაზრდები ცესკოს შენობაში და როგორ მოახდენდნენ მის ბლოკირებას?!
კი ბატონო, არ მოგვწონს თამარ ჟვანიას საარჩევნო ადმინისტრაცია, მაგრამ, ხომ შეგიძლია, შენივე მონაწილეობით, შექმნა კომპეტენტური კომისია და ხელახლა გადათვალო ბიულეტენები?
თუ ტოტალური გაყალბების ნიშნები გამოიკვეთა, მაშინ, არა მარტო ჟვანია უნდა შეეწიროს არჩევნების გაყალბებას, არამედ, „ქართულმა ოცნებამაც“ უნდა აიკრას გუდა-ნაბადი და კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაში უნდა ჩატარდეს რიგგარეშე და არა განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები.
ვინც საქართველოში ცხოვრობს და ელემენტარულად აზროვნებს, დამეთანხმება, რომ „ნაციონალებისთვის“ და დანარჩენი ოპოზიციისთვის დაწერილი პროცენტები გაცილებით იმაზე მეტია, ვიდრე, შეიძლებოდა ჩვენ წარმოგვედგინა, რადგან, პროფესიული და კონსტრუქციულო ოპოზიცია, როგორც ასეთი, ქვეყანაში არ არსებობს. ერთადერთი, დაეჭვების საფუძველს გვაძლევს „პატრიოტთა ალიანსისთვის“ გამეტებული პროცენტები, რომელთა სასარგებლოდ ჩაგდებული ბიულეტენები, ადვილად შესაძლებელია ქუჩაში გამოსული ოპოზიციის ყულაბაში აღმოჩენილიყო. აკი წამოცდა კიდეც ირაკლი კობახიძეს: არჩევნები ოპოზიციამ გააყალბაო!
საზოგადოებას აქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, სოციალურ ქსელში ცარიელი მუშტი იქნიოს და ელოდოს, ავანტიურისტთა თავხედობით როდის ჩამოიშლება ისედაც მოყანყალებული სახელმწიფო!!!
არა, შურისძიებით შეპყრობილთა და შუბლისძარღვგაწყვეტილთა ძალადობას!
და ბოლოს:
თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მაშინ, მუჰამედი უნდა მივიდეს მთასთან, გამოთქმისა არ იყოს - „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო ინსტიტუტების შენარჩუნების შნო თუ არ ექნება, ჩვენ, დღეს შორიდან მაცქერალმა, ნეიტრალურმა თუ პირობითად ხელისუფლების მხარდამჭერმა უმრავლესობამ, უნდა ვაიძულოთ იგივე ხელისუფლება, დანიშნოს არა განმეორებითი, არამედ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ე.წ. პოზიცია -ოპოზიციის კუკუდამალობანას თამაში!
ძალით თავს მოხვეული კოჰაბიტაცია ისტორიის სანაგვეში უნდა მოვისროლოთ!