ივერიონი / მიხეილ ჯიბუტი: „დაუბალანსირებლობა“

მიხეილ ჯიბუტი: „დაუბალანსირებლობა“

სიტყვა „ბალანსი“, „ბალანსირება“, განმარტებითი ლექსიკონების მიხედვით, ქართულში ფრანგული ენიდანაა შემოსული და გაწონასწორებას ნიშნავს. მნიშვნელობა აქვს. ჯამბაზი თოკზე წონასწორობას რომ ჭოკით იცავს, იმას „ბალანსირი“ ეწოდება. აღნიშნული მნიშვნელობით ამ სიტყვის გამოყენება დღეს მინელებულია. ადამიანის სულიერი მდგომარეობის გამოსახატავად უფრო იტყვიან „გაწონასწორებული“-„გაუწონასწორებელი“, ვიდრე, „დაბალანსებულ-დაუბალანსებელი“.

 

ეკონომიკაში საქმე პირიქითაა: ფინანსები, ბუღალტერია, აღებ-მიცემობა ბალანსზეა ორიენტირებული და სულ მის გამოყენებაშია. თუმცა, საპარლამენტო არჩევნების პროცესში „ბალანსი“ მთავარი სიტყვა გამხდარიყოს, ასეთი მხოლოდ საქართველოში მოხდა... 

 

3 დეკემბერს გამოცხადდა საპარლამენტო არჩევნების შედეგები... (http://parliament.ge/ge/ajax/downloadFile/142733/1-14376_auditi). 

ვინც საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, ვუერთდები პერსონალურ სიხარულში, რომლის უკან რამდენ რამეზე წასვლა, რამდენი ფული, რამდენი ვალდებულება, რამდენი იმედია, ვინ მოთვლის?  იმათგან, ვინც ვერ მოხვდა „გამარჯვებულებში“ და გული წყდებათ, რომ მათი იდეების რეალიზებას ვერ მოახერხებენ - გაძლიერებას და პრინციპებისადმი ერთგულებას ვუსურვებ. იდეა - უკვდავია!  ხოლო, ვინც დიდი ფული დახარჯა და „საპარლამენტო დოღის ცხენმა“ არ გაუმართლა, მეცოდება, მაგრამ არ ვუთანაგრძნობ - ახია მათზე! მადლობელი იყვნენ გამჩენის, რომ პარლამენტის წევრად არ გახადა  და იქ მოხვედრილი მისნაირებისადმი გაგზავნილი  წყევლა-გინებისგან გადაარჩინა!

 

არჩევნების შედეგების „ბალანსის“ ამბავი „ბავშვმაც კი იცის“ საქართველოში თავისი  კულმინაციური 120,130, თუ 160%-იანი შედეგებით.

 

ჯერ არ დამთავრებულა იმის გარკვევა, გაყალბდა, თუ არა არჩევნები!

 

მე ვამტკიცებ, რომ არჩევნების  ჩასატარებელი ბაზა საქართველოში - კანონმდებლობა, ამომრჩეველთა სიები - გამორიცხავს არაფალსიფიცირებული არჩევნების ჩატარებას, რამეთუ, მათი დამოკიდებულება არჩევნების შედეგებისადმი  მიზეზ-შედეგობრივია ისე, როგორც მზის ამოსვლა და გათენება!

 

ამის შესახებ, მე ჩემი პოზიცია მრავალგზის გამოვხატე (მაგ., იხ. საქართველოში არჩევნების გაყალბება კანონიერი და სავალდებულოა (http://iverioni.com.ge/16827-mikheil-jibuti-saqarthveloshi-archevnebis-gayalbeba-kanonieri-da-savaldebuloa.html).

 

საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩემი აზრის სისწორე და რაც მთავარია, „ბალანსის“ მეშვეობით!

 

ცესკოს მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო - 3 511 853.

 

ხმის უფლება საქართველოში, კონსტიტუციის მიხედვით,  18 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებს გააჩნიათ.

 

საქართველოს სტატისტიკის  ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2020 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ცხოვრობდა 3 761 900 ადამიანი.

მოსახლეობის მთლიან რაოდენობას თუ გამოვაკლებთ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, დაგვრჩება 18 წლამდე ასაკის პირთა რაოდენობა.

 

3 761 900 – 3 511 853=250 317

 

ე.ი. საქართველოში 18 წლამდე 250 317 პირია საარჩევნო სიების მონაცემების გამოყენების შემთხვევაში.

 

საქართველოს სტატისტიკის  ეროვნული სამსახურის მიხედვით კი - 2020 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში 18 წლამდე იყო 880 375 სული! (https://www.geostat.ge/ka/modules/categories/41/mosakhleoba).

 

250 317 არ უდრის  880 375!

 

სხვაობა არის  630 058!

 

ანუ, არჩევნებში 630 058 „არარსებული ამომრჩეველი“ მონაწილეობს! 

 

სანამ ეს ასეა, ფაქტია დაუბალანსება, თუ დაუბალანსირებულობა ჭირს საქართველოს არჩევნებს და ის იქნება ფალსიფიცირებული!

 

4-12-2020, 15:29
უკან დაბრუნება