ერის ფენომენზე საუბრისას, ქართველებს დიდი სიფრთხილე გვმართებს, რადგან ეროვნულობა, თავისი მახასიათებელი ნიშან-თვისებებით, ადამიანთა ყველა ჯგუფის, ტომისა თუ საზოგადოებისთვის დიდი შენაძენია.
ჩვენ, ქართველები, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ერის შვილები ვართ და ჩვენი ყოფიერებით საჩვენებელი და სანიმუშონი უნდა ვიყოთ პლანეტაზე - მიუხედავად ჩვენი რაოდენობრივი სიმცირისა. გამჩენმა ქართველ ერს უბოძა როგორც ფიზიკური, ისე სულიერი სრულყოფილი მშვენიერება; უწყალობა აზრთა შეჯერების, კვლევა-ძიების მეცნიერული შემოქმედების, თვალსაჩინო ყოფიერებისა და ოჯახური ცხოვრების დიდი მადლი.
ქართველი ადამიანისთვის დაუწერელი კანონი და მორალური ვალდებულებაა, მსოფლიოს თვალთახედვის არეში წარადგინოს ქართველი ერისთვის ისტორიულად და მყარად ჩამოყალიბებული თვისებები, სამეტყველო ენის სიდიადე, სახელმწიფოებრივი განვითარების ტენდენციები, ოჯახური და ეროვნული ტრადიციები, სულიერი ფასეულობები... ჩვენ კი, ჩვენი შიდა უთანხმოებისა და კონფლიქტების საკითხებს ევროპარლამენტისა და ამერიკისა თუ ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელთა განხილვის საგნად ვაქცევთ. ასეთი ქმედებები ქართველებს ნამდვილად არ გვეკადრება! შუა საუკუნეების ეს მავნე ჩვევები უნდა დავივიწყოთ! შევჯერდეთ და მომავალ თაობას ავუხსნათ ქართველი ერის ფენომენი და მისი მისია პლანეტაზე.
ქართველ ერს განვითარების დიდი და სახელოვანი ისტორია აქვს - ახალმა მეცნიერულმა აღმოჩენებმა ცხადყო, რომ ქართველები პირველები ყოფილან მეტალურგიაშიც, მათ დაუწყიათ რკინის დნობის პროცესი, რომლის ტექნოლოგიას საიდუმლოდ ინახავდნენ. დღეს ბავშვებს ზღაპრის დონეზე ასწავლიან ბერძენი იაზონის საქართველოში «ვიზიტს» ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ჩემი ღრმა რწმენით, სტუმრისა და მისი მეფის მთავარი მიზანი ქართული დამწერლობისა და რკინის დნობის საიდუმლო ტექნოლოგიის გაცნობა და მოპოვება იყო!!!
მომავალ თაობებს უნდა ვასწავლოთ, რომ მსოფლიოში პირველი ქრისტიანული სალოცავი საყდარი დიდ აჭარაში აშენდა!
ჩვენი ნაკლი ისაა, რომ ჩვენივე წარსულს ფეხით ვთელავთ და მას არ ვაკავშირებთ მომავალთან. ისტორიული წინსვლა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა იცი, ვინა ხარ, საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ!
ეს თუ არ იცი, მაშინ ეს სვლა ფუჭია დროსა და სივრცეში. ყველა განსწავლული ერი ცდილობდა და ცდილობს, ფაქიზად მოუაროს იმ ხილულ და უხილავ ძაფს, რომელიც აკავშირებს წარსულს არათუ აწმყოსთან, არამედ მომავალთან. წარსულისა და მომავლის უწყვეტობა არის ის დიდი მიზანი, რომელსაც ემსახურება ჩვენი კულტურაც. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ისტორიულ ეროვნულ ფასეულობებს.
ეროვნული ფასეულობების დაცვისა და სახელმწიფოებრივი განვითარების უპირველესი საფუძველია სულიერება. ყველასთვის ცნობილია, რომ ადამიანი არის ორი რაობა _ სული და ხორცი. სული _ ადამიანის უპირველესი და აუცილებელი კომპონენტია, უხილავი, 10-20 გრამის ფარგლებში, რომელიც ადამიანის 100-კგ-იან სხეულს ამოძრავებს და შემოქმედებით უნარს ანიჭებს. მეცნიერებამ დღემდე ვერ დაადგინა ადამიანის სულის ადგილსამყოფელი. სულის ქართველმა არქიტექტორმა ნოდარ დუმბაძემ ადამიანის სულიერებაზე ააგო მარადისობის კანონი და სულის საკაცობრიო განმარტება დაგვიტოვა:
«ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე მისი სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია. ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავვყოთ ერთმანეთის სული: თქვენ _ ჩემი, მე _ სხვისი, სხვამ _ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე» (სამარადისო დიდება ბატონ ნოდარს!).
მართლმადიდებლობის ღრმა მორწმუნე და ერთადერთი ქართველი დოქტორი თეოლოგოსი, არქიმანდრიტ-პროფესორი გრიგოლ ფერაძე პარიზში «წმინდა ნინოს» ეკლესიის გახსნაზე ქადაგებისას ბრძანებდა:
«...ყველაფერი ამქვეყნად წარმავალია, ყველაფერი ქრება, ყველაფერს თავისი ფასი აქვს, იყიდება ან გაიყიდება. ერთია განძი, რომელსაც ფასი არ დაედება და უკვდავია, რომლისთვისაც ჩვენმა მაცხოვარმა იესო ქრისტემ სიცოცხლე არ დაიშურა, ეს არის ღირსება ადამიანის სულისა. ამ სულს უნდა ვემსახუროთ, რომ დავიფაროთ ის ათასგვარი განსაცდელისგან... კურთხევა უფლისა ჩვენზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარეობითა ყოვლადვე აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე. ამინ!»
მაშასადამე, რადგან სულია ადამიანის სხეულის მაცოცხლებელი წყარო, რადგან უფლის წყალობა ადამიანზე სულით გადმოდის, მაშინ ყველამ უნდა მიაგოს პატივი სულის ღირსებას. ღირსება მისი სიწმინდე, რწმენა და მოყვასის სიყვარულია. მოყვასის სულთა გარეშე ადამიანის სული ობოლია. ამიტომ, თუ ქვეყნისა და ერის ბედზე ვიზრუნებთ, სულიერად უნდა გავერთიანდეთ, უნდა შევქმნათ ძლიერი სულიერი კავშირი და სუფთა აურა. სუფთა და ძლიერი სულიერი კავშირის დამარცხება შეუძლებელია. მას ვერც ერთი მტერი და პანდემია ვერ ძლევს...
ამიტომ, ქართველები თუ არ გავერთიანდით, მოყვასის სიყვარული არ ვისწავლეთ, დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში ერთმანეთის განსხვავებული აზრების ატანას არ მივეჩვიეთ და იმ კულტურას, რომელიც თავისთავად გულისხმობს კამათს (თუნდაც მწვავეს), მაგრამ ერთმანეთის პატივისცემას, ერი ვერ მივა იქ, სადაც გვინდა მივიდეთ. ცივილიზებული განვითარების კლდოვან ბილიკებზე ვერ ვივლით, თუ ქართველებმა ერთმანეთი სულიერად გზადაგზა ვწამლეთ და ვხოცეთ!!!
დღეს ქართველთა სულიერად გაერთიანება-შეკავშირება ისეა საჭირო, როგორც საარსებოდ ჰაერი, წყალი და პური არსობისა. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქართული ტომები პირველნი იყვნენ კავკასიაში, რომლებზედაც გერმანელი ფილოსოფოსი ჰეგელი ბრძანებდა: «მხოლოდ კავკასიის ხალხში აღწევს სული თავის აბსოლუტურ დამოუკიდებლობას... აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას და ამით წინ მიჰყავს მსოფლიო ისტორია. მსოფლიო ისტორიაში პროგრესი კავკასიის რასის წყალობით ხდება» (მას მხედველობაში ჰყავდა ქართველები და ჩერქეზები). იქნებ, ყველამ ვაღიაროთ სულის სიდიადე და გავერთიანდეთ სულიერად.
სამართლებრივი პრობლემა - ქართველი ერის აქილევსის ქუსლია. თუმცა, იგი ერისა და ქვეყნის განვითარების მორალური, ზნეობრივი და კანონიერი განვითარების საყრდენ-საფუძველია! ძველი რომაელი ფილოსოფოსი და რიტორი მ. ციცერონი წერდა: «თუ ქვეყანა არ დგას სამართლიანობის დედაბოძზე, მას განვითარების პერსპექტივა არა აქვს»-ო.
ქართველმა ერმა ვერა და ვერ მოიშორა უსამართლობის მძიმე ავადმყოფობა. ჩემი აზრით, მიზეზი ის გახლავთ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ერი კი _ ლმობიერი და მიმტევებელი! სამართლიანობის დარღვევის შემთხვევაში «გახურდება» ნათესაობა, მეგობრობა, ძმა-ბიჭობა, ძღვენთ მირთმევა, ფულისადმი თაყვანისცემა და ა.შ. საბოლოოდ კი ვიმკით იმას, რომ ძღვენის (თუ ქრთამის) მიმცემნიც და ამღებნიც ლახავენ მორალურ და ზნეობრივ დაუწერელ კანონებს _ ადამიანურ ღირსებებს. «რაღაცის» (თუ «ვიღაცის») გამო გამომძიებელი ცოტა «შელამაზებულად» იძიებს, პროკურორი საკითხს «სასურველი» მხრიდან იხილავს, მოსამართლე ზეწოლას განიცდის და გამოაქვს არასრულყოფილი (მრუდე) განაჩენი (გადაწყვეტილება), ხელმოცარული ადვოკატი კი გაჰკივის: მოსამართლემ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინაო!
ჩვენ არ გვინდა რომელიმე დროის, რომელიღაც სფეროს რომელიმე მუშაკი შეურაცხვყოთ, რადგან ამაში სისტემა და ხელისუფლებაა დამნაშავე, რადგან გამომძიებელსაც, პროკურორსაც და მოსამართლესაც ისეთი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ, რომ დამატებით შხამიან «შემოსავალზე» არ იფიქრონ! წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგის სახით ვიღებთ იმას, რომ პრეზიდენტი იწყალებს ყაჩაღს, მკვლელს, მილიონების გამფლანგველს, გამოსცემს ფინანსურ ამნისტიას და ა.შ. სიტყვით კი ვაშენებთ ცივილიზებულ საზოგადოებას.
დიდი ქართველი მწერალი, ფილოსოფოსი, მოაზროვნე და მეჭურჭლეთუხუცესი - შოთა რუსთაველი ჯერ კიდევ XII საუკუნეში მოძღვრავდა ერს: «რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია!»
ქართველ ერს თუ უნდა, შექმნას ცივილიზებული ქვეყანა, უნდა უზრუნველყოს კანონის უზენაესობა. ყველა კანონი უნდა მივიღოთ საზოგადოების ფართო წრის ჩართულობით, აზრთა შეჯერებისა და სამომავლო დანიშნულების განსჯის შედეგად. ქვეყანას უნდა მართავდეს კანონთა კრებული, როგორც «ცოცხალი» სახელმწიფო მანქანა. თითოეული კანონი კონკრეტულ სამართალდამრღვევ ფაქტებზე უნდა იყოს აგებული. მომავალ თაობას სკოლის დაწყებითი კლასებიდანვე უნდა ვასწავლოთ სამართალმცოდნეობის დისციპლინა, რათა ბავშვმა თავის ფაქიზ ფსიქიკაში გაითავისოს კანონის სიდიადე, პატივისცემა და სიყვარული.
იქნებ, ხელისუფლებასთან ერთად, მთელმა ერმა იზრუნოს ამ მეტად საჭირო ფენომენზე?!
ეკონომიკური პრობლემის სიდიადე! - ჩემთვის გაუგებარია, თუ სადღეისოდ რომელ საზოგადოებრივ ეკონომიკურ ფორმაციაში ცხოვრობს ქართველი ერი - უმრეწველო კაპიტალიზმში, ფეოდალურში, ველურ კაპიტალიზმში თუ ბაზრის ფორმაციაში?! ყველა სავაჭრო ობიექტს «მარკეტი» (ინგლისური სიტყვაა და ბაზარს ნიშნავს) დავარქვით, დიდ მარკეტებს _ «მოლი» და სანამ ხოჯის გალერეას შევქმნიდეთ, იქნებ დაფიქრდნენ ხელისუფლება და ერი, როგორ მოაწესრიგონ ეს სასიცოცხლო დანიშნულების სისტემა.
სირცხვილია, ქართველი ხალხი იკვებებოდეს უცხოური წარმოების პროდუქტით _ ხორბლით, გენმოდიფიცირებული კარტოფილით, კიტრით, პომიდვრით, ბოსტნეულით, ხილით და ა.შ. ერს არა აქვს მრავალპროფილიანი შემოწმებისა და კვლევის ლაბორატორია, რომელიც დაადგენს იმპორტირებული პროდუქციის ავკარგიანობას. მოსაწესრიგებელია ფასები ენერგორესურსებსა და კვების პროდუქტებზე. შესაქმნელია ფასების რეგულირების ორგანო, ასევე, ფერმერთა და მეწარმეთა სახელმწიფო-კომერციული ბანკი.
ჩემი აზრით, საქართველოში არაჯანსაღი ბიზნესგარემოა შექმნილი. ქვეყანაში ფერმერთა და მეწარმეთა რაოდენობა თითებზეა ჩამოსათვლელი. დღეს ერი ცხოვრობს ქაოსური ბაზრის ეპოქაში. ამ თვალსაზრისით, მხოლოდ ერთ ფაქტს მოვიყვან: ბალტიისპირეთის რესპუბლიკები ხილის, განსაკუთრებით ვაშლის მოსავლის სიმცირეს განიცდიან, მაგრამ ლიეტუვას რესპუბლიკაში, როგორც კი ვაშლი მწიფობას იწყებს, 30 აგვისტოს ამ ქვეყნის პარლამენტი იღებს დროებით დადგენილებას ვაშლის იმპორტზე საბაჟო გადასახადის გაორმაგების შესახებ, ვიდრე ქვეყანაში მოწეული მოსავლის სრული რეალიზაცია არ მოხდება. ამით საკანონმდებლო ორგანო ეხმარება ყველა ფერმერსა და მეწარმეს მოსავლის რეალიზაციაში! ჩვენთან კი...
არცთუ დიდი ხნის წინათ დეტალურად გავეცანი ქართველი ერის ღირსეული შვილის, პროფესორის, ბატონი ნოდარ ჭითანავას აკადემიურ ნაშრომს, «საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია», რომლის გაცნობით აღფრთოვანებული დავრჩი. ერი, რომელსაც ასეთი ღირსეული, გამოცდილი და რეფორმათა იდეების ავტორი ჰყავს, ისევე, როგორც პროფესორები: ვლადიმერ პაპავა, მიხეილ ჯიბუტი, იური პაპასქუა, მიხეილ თოქმაზიშვილი, იოსებ არჩვაძე და სხვა მრავალი.
უხერხული და სირცხვილია, ქართველი ერი ეკონომიკურ სიდუხჭირეში ცხოვრობდეს და სანახევროდ შიმშილობდეს!!! ჩემი აზრით, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან (პარლამენტთან) 20 კვალიფიციური და ეროვნული იდეებით აღჭურვილი სპეციალისტისგან უნდა შეიქმნას «ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისა და ქვეყნის ფინანსური მეურნეობის რეგულირების ეროვნული საბჭო». საბჭოს გადაწყვეტილებებს უნდა ჰქონდეს მაღალი ხარისხის სარეკომენდაციო ხასიათი. საბჭოს ხელმძღვანელი უნდა შედიოდეს, როგორც პარლამენტის ბიუროს, ისე საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში. ეს იქნება მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელი გადაწყვეტილება, რადგან რუსეთიდან მოწვეული რეფორმატორის მიერ შემოღებულმა «ეკონომიკის მდგრადი განვითარების» იდეამ, ფაქტობრივად, «ეკონომიკის მდგრადი დგომის» შედეგი მოიტანა; ქვეყანაში პროდუქციაზე თუ ფასები 4-5 წელიწადში გაიზარდა 150-200 პროცენტით, პენსიები გაიზარდა მხოლოდ 40-50 %-ით. მოსაწესრიგებელია ეროვნული ვალუტის სიმყარე (რით უნდა იყოს იგი უზრუნველყოფილი), გასატარებელია ქმედითი, რეალური რეფორმები, რაც ეროვნული წინსვლის შედეგს მოიტანს და ა.შ. აღარაფერს ვამბობ მრეწველობაზე და ახალ ტექნოლოგიებზე, რომელთა სფეროშიც სრული «ყამირია». ქვეყანამ, ფაქტობრივად დაკარგა ლიდერის პოზიცია კავკასიაში...
ყველამ ერთად, ერთსულოვნად, სამართლიანად და ეფექტურად ვიფიქროთ ქართველ ერსა და საქართველოზე!
ვაჟა ბერიძე,
ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს მეცნიერთა,
მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია
«ქალდეას» აკადემიკოსი,
ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე