მხოლოდ ერთი წუთით მომისმინეთ. განსაკუთრებით, იმ ადამიანებმა, ვინც ინგა გრიგოლიასთან მღვდელმმსახურებიდან გადაყენებული სინოდის ერთ-ერთი წევრის ყოვლად უზნეო ბრალდებებმა აღაშფოთა.
დავსვათ რამდენიმე კითხვა და ჩვენვე ვუპასუხოთ:
ვინ არის დღემდე მღვდელმთავრის მანტიაში გახვეული, მიტროპოლიტად წოდებული პეტრე ცაავა?!
თავის დროზე წმინდა სინოდის და იგივე პატრიარქის მიერ აღზევებული ქვაბავაზაკი, რომელიც დღეს ყველაზე საიმედო (დასაყრდენი) იარაღი აღმოჩნდა სატანის ხელში ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად!
შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ მღვდელმთავრად წოდებული, ზედმიწევნით ასრულებს სატანური ძალების დავალებას და მიზანმიმართულად ურტყამს იქ, სადაც ყველაზე სუსტი წერტილია და მცირედმორწმუნე მრევლს პატრიარქისა და ზოგადად, საქართველოს ეკლესიის საწინააღმდეგოდ განაწყობს!
მეტიც, აქრობს მათში მინავლულ რწმენას, ხოლო, ფსევდომორწმუნე მრევლს ეკლესიის დასაცავად „ამზადებს“, რაც თავის თავში ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც არ გამორიცხავს!
ხოლო, რას ემსახურება tv პირველი და მისი მძიმე არტილერიად წოდებული, „მაღალრეიტინგული“ ჟურნალისტი (იმდენი მაგას რა ვუთხარი) ინგა გრიგოლია?!
რა თქმა უნდა, უზნეობის დემონსტრირებას და სატანური იდეების პროპაგანდას, რომელსაც ნოყიერი ნიადაგი გააჩნია პატრიარქის (ეკლესიის) „დამცველი“, სინამდვილეში კი, აგონიაში მყოფი მაყურებლის სახით!
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ:
ყველამ, ვისაც აღიზიანებს პეტრე ცაავას და მღვდლისა თუ მღვდელმთავრის მანტიაში გახვეული სატანის სხვა მოციქულების უზნეო ბრალდებები პატრიარქის წინააღმდეგ, საერთოდ დააიგნოროს ასეთი ბილწი გადაცემები და მსგავს სიბილწეებს უფლისადმი გაძლიერებული სიყვარულით ებრძოლოს?!
ჩემამდე ვერ დადის, როგორ, რა გზითა და საშუალებებით უნდა დავიცვათ ჩვენ პატრიარქი, რომელიც თავად უფალმა დაადგინა ჩვენს უმაღლეს სასულიერო იერარქად?!
ცეცხლითა და მახვილით ამოვშანთოთ ბოროტება?
ჩვენ ხომ ბოროტების ზეობის ეპოქაში მოგვიწია ცხოვრებამ, რომელიც თავად უფალმა დაუშვა ჩვენს გამოსაცდელად და ჩვენგან გაძლიერებულ სიყვარულსა და სულიერ სიმტკიცეს მოითხოვს?!
ჩვენ ხომ წინასწარ ვიცით ბოლო ჟამის გარდუვალობა და ისიც კარგად ვიცით, რომ მხოლოდ სულიერად განმღრთობილები გადარჩებიან?!
არც „შვილების“ „მამის“ წინააღმდეგ ამხედრებაა ახალი და არც ციხის „შიგნიდან გატეხვის“ მცდელობა...
ამდენად, ეკლესიებში არც სატანას დაქვემდებარებული მღვდლებისა და მღვდელმთავრების არსებობა უნდა გვიკვირდეს!
ამის ცოცხალი მაგალითია თავად კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც იობის სიმშვიდით ითმენს ყველაზე ბინძურ ბრალდებებსაც კი - მან ყველაზე კარგად იცის, რატომ აუმხედრდა ერთ დროს მის მიერვე აღზევებული და მღვდელმთავრად ხელდასხმული პეტრე ცაავა!
ეკლესიის გარშემო დარაზმვა და მხცოვანი ერის სულიერი მესაჭის სატანისტებისგან დაცვა, ჩვენგან მხოლოდ სულიერი ერთობითა და სიყვარულის გაძლიერებითაა შესაძლებელი და არა ცარიელი მუშტის მოღერებით.
მე პირადად არ მიკვირს, რაც დღევანდელ საქართველოს ეკლესიაში ხდება. პირიქით, უფრო უარესის მოლოდინშიც ვარ!
P.S. ძალიან ბევრი საყვედურობს წმინდა სინოდს, თუ რატომ არ გადააყენა გუშინდელ სხდომაზე ურჩი მღვდელმთავარი პეტრე ცაავა და რატომ არ მოიკვეთა იგი საქართველოს ეკლესიამ?!
უნებლიედ ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი ოფიცრის ნათქვამი გამახსენდა, რომელიც მან 2012 წლის ოქტომბერში „ნაციონალების“ არჩევნებში დამარცხების შემდეგ მითხრა ერთ-ერთი ტაძრის ეზოში:
„ესენი ასე იოლად არ შეეგუებიან ძალაუფლების დაკარგვას - „ნაციონალებს“ ბინძური კომპრომატები აქვთ შემონახული ეკლესიის მაღალიერარქებზე და როცა დასჭირდებათ, მაშინ ამოატივტივებენ, ან მუდმივი ბრალდებებისა და ზეწოლის ქვეშ ეყოლებათ ეკლესია. ეს ყველაზე დიდი ნაღმია მათ ხელში და უკიდურეს სიტუაციაში ააფეთქებენ კიდეც“!
P.S.S. არ გამოვრიცხავ, ასეც მოხდეს. თუმცა, ჩვენ ეკლესიაში უფალს და არა ზნეობისგან დაცლილ მღვდლებსა და მღვდელმთავრებს უნდა ვეძებდეთ!!!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი