ივერიონი / კოლხებს, ბრძოლის ველიდან გაქცევა არ სჩვევიათ!

კოლხებს, ბრძოლის ველიდან გაქცევა არ სჩვევიათ!

 

ღია ბარათი საქართველოს ექს პრემიერ-მინისტრს,

ბატონ გიორგი გახარიას

 

ბატონო გიორგი, 

 

გუშინწინ, როცა მოულოდნელად საზოგადოებას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის თაობაზე აუწყეთ, 15 წუთი არ იყო გასული, სოციალურ ქსელში სტატუსი დავდე სათაურით: „გახარია წავიდა თუ მოდის?!“

 

სტატუსში დადებითად შევაფასე თქვენი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანაში შექმნილი კრიტიკული სიტუაციის ობიექტურად გაანალიზებით იყო განპირობებული. 

 

განსაკუთრებით, ჩემზე ემოციურად იმოქმედა თქვენს მიერ მოხმობილმა არგუმენტმა, რომ „მიუღებელია ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ნებისმიერი, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად“. 

 

ეს იყო ხელოვნურად გამწვავებული სიტუაციის ობიექტური შეფასება, ხოლო, თქვენი თამამი გადაწყვეტილება ჭეშმარიტი მამულიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომელმაც მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებას ააცილა ქვეყანა. 

 

ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურად პოლიტიკიდან წასვლის პირველი დღეებიდანვე ჩანდა, რომ, თქვენ თქვენივე დინჯი და გაწონასწორებული პოლიტიკით, არათუ მარგინალიზებული ოპოზიციისთვის, არამედ, თვით მმართველი პოლიტიკური პარტიის - „ქართული ოცნების“ მესვეურებისთვის იყავით არასასურველი პოლიტიკური ფიგურა, რაც ყველაზე მეტად გამოჩნდა „ქართული ოცნების“ ბოლო ყრილობაზე, როცა, პოლიტსაბჭოს წევრობა ძლივს გაღირსეს!

 

ეტყობა, უმადურობას არა აქვს საზღვარი, თორემ, ვინც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმა „ქართული ოცნებას “მისცა, ამაში ლომის წილი, თქვენი, როგორც პარტიული სიის პირველი ნომრის, დამსახურებაა! ამაზე საზოგადოება დღესაც ხმამაღლა საუბრობს და თქვენმა ყოფილმა ვაითანაპარტიელებმაც შესანიშნავად იციან!

 

რომ იციან, ამიტომაც აპირებდნენ თქვენი პოლიტიკური იმიჯის დასამარებას და მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებაზე ხელსაც შეგახოცავდნენ. 

 

უკვე ხმამაღლა საუბრობენ, რომ ე.წ. „გავრილოვის ღამე“-ც სწორედ სახელისუფლებო ვერტიკალიდან გაგიჩალიჩეს, მაგრამ, მაშინ გარკვეული მოსაზრებით არ გაგიპროტესტებიათ, რასაც სისუსტედ არ ჩაგითვლით!

 

პრემიერობიდან გადადგომაში, ანუ, შიდა ინტრიგების ოსტატურად გაშიშვლებაში, ჩანს სწორედ თქვენი პოლიტიკური აღღო და სიმწიფე, რაც თანამდროვე რეალობაში იშვიათი მოვლენაა.

 

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როცა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლაზე ოფიციალურად განაცხადა და თავის პოლიტიკურ მემკვიდრედ ირაკლი კობახიძე დაასახელა, ხაზგასმით ვწერდი, რომ ამას ორი ახსნა მოეპოვებოდა;

 

ან საკუთარი პარტიიის საბოლოო მარგინალიზება, ან თქვენი, როგორც პრემიერ-მინისტრის, სათანადო მხარდაჭერისა და მართვის ბერკეტების გარეშე დატოვება, რაც ფაქტიურად გაწირვას ნიშნავდა!

 

თუმცა, მაშინ ერთ ვერსიასაც ვუშვებდი: შესაძლოა ეს მისი მხრიდან წინასწარ გათვლილი ნაბიჯი ყოფილიყო, რომ თქვენ ოპოზიციაში გადასულიყავით და საზოგადოებაში მომწიფებული აზრი ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებაზე, განგეხორციელებინათ. მითუმეტეს, ამ შესაძლო გადაწყვეტილებას ზურგს თქვენი, როგორც მოქნილი პოლიტიკოსის, იმიჯიც უმაგრებდა!

 

ახლა ნამდვილად არ ვიცი, რა ჩანაფიქრი ჰქონდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ, ჩემი ინტუიცია გამართლდა-დარწმუნებული ვიყავი, რომ თქვენ გაიძულებდნენ დაგეტოვებინათ თანამდებობა... 

 

მადლობა ღმერთს, ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა და თქვენც სწორი და დროული გადაწყვეტილება მიიღეთ-ასე მხოლოდ წინდახედული და ღირსეული ადამიანები იქცევიან!

 

ბატონო გიორგი, 

 

ღია ბარათის მიწერა თქვენმა გამოსამშვიდობებელმა „სელფმა“ გადამაწყვეტინა, რომელსაც ათეულ ათასობით მოწონება და კომენტარები მოჰყვა. ეს არის სიგნალი იმისა, რომ, საზოგადოება თქვენ გაფასებდათ და მმართველ გუნდში(სიტყვა „მმართველი“პირობითია, რადგან, თალნათლივ გამოჩნდა, რომ როგორც მთავრობის მეთაურს, საკუთარი გუნდი არ გყოლიათ, მითუმეტეს, მხარდამჭერები არ გყოლიათ მმართველ პარტიაში)ერთადერთ ნათელ წერტილად და ჩამოყალიბებულ პოლიტიკოსად მიაჩნდით, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

 

მე დიდი ინტერესით წავიკითხე ზემოთხსენებული „სელფის“ გარშემო დაწერილი ათასობით კომენტარები და დავწმუნდი, რომ ხალხს ჯერ კიდევ შერჩა ცუდისა და კარგის, ყალბისა და ჭეშმარიტის გარჩევის უნარი-თქვენგან ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერს ელოდებიან!მ

მათი გულწრფელი ემოციები მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჯანსაღი საზოგადოების მხარდაჭერა გარანტირებული გაქვთ. მითუმეტეს, ხალხი ძალიან დაიღალა საკუთარ კომფორტზე დახარბებულ ფარისეველ პოლიტიკანთა თარეშით!

 

მითუმეტეს, თქვენ უკვე სარგებლობთ გაწონასწორებული, ობიექტური და ზომიერად მკაცრი პოლიტიკოსის იმიჯით. 

 

მითუმეტეს, პრემიერად ყოფნის დაახლოებით წელიწადნახევრის მანძილზე, რომელიც ყველაზე მძიმე გამოდგა სამყაროსთვის (ბუნებრივია, საქართველოსთვისაც) თქვენ არსებითი ხასიათის შეცდომა არ დაგიშვიათ და ეს ყველაფერი შესძელით, როგორც მთავრობის მეთაურმა, რომელსაც საკუთარი გუნდი არ გყოლიათ, რომელსაც არასასურველი მინისტრების გადაყენების უფლებაც არ მოგცეს!

 

შორს ვარ ადამიანის გაფეტიშებისგან, ამდენად, არც თქვენს გაფეტიშებას ვაპირებ, მაგრამ, ვხედავ, რომ ხალხი თქვენგან გაბედულ ნაბიჯს ელოდება. მითუმეტეს, „ნაციონალებისთვის მიცემული დაპირება - „მე თქვენ დაგასრულებთო“ - უნდა შეასრულოთ! 

 

აქვე ამასწინანდელი დაპირებაც უნდა შეგახსენოთ, ჟურნალისტებს რომ უთხარით: მე კი არ მივდივარ, მე მოვდივარო!

 

გელოდებით. ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ხალხის და მშობლიური ქვეყნის მიტოვება არ შეიძლება. 

 

კოლხებს ბრძოლის ველიდან გაქცევა არ სჩვევიათ!

 

პატივისცემით, 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

22-02-2021, 10:16
უკან დაბრუნება