2021 წლის 18 თებერვალს გიორგი გახარიას გადადგომამ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ყველანაირი განვითარების შესაძლებლობის მქონე დაპირისპირება განმუხტა და პოლიტიკური სიტუაცია დაამშვიდა.
ოპოზიციამ მიიღო თავისი „ბრძოლისთვის“ საზღაური: „დაბადა“ ლიდერი - ნიკანორ (ნიკა) მელია და თანაც გაიხსნა გზა დიალოგისათვის ხელისუფლებასთან.
გაჩნდა შეგრძნება, რომ ხელისუფლებისგან ვადამდელ არჩევნებზე თანხმობის მიღება, დღეების თუ არა, კვირეების საკითხია. გახარიას გადადგომიდან რამოდენიმე საათში მემკვიდრედ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელებამ, გიორგი გახარიას გადადგომის პოლიტიკური ეფექტი ფაქტობრივად გაანულა - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთდამოკიდებულების სტატუს-კვო რეალურად აღადგინა.
გახარიას გადადგომით ქვეყანამ თავიდან აიშორა პოლიტიკური დაპირისპირების ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდის უდიდესი საშიშროება. ოპოზიციის აქტივში დარჩა „გამარჯვების“ შეგრძნება და დასავლეთის პარტნიორების პოზიციებში გაჩენილი ბზარი ვადამდელი არჩევნების მხარდაჭერის თვალსაზრისით (ამ შემთხვევამდე, როგორც ცნობილია,დასავლეთელების პოზიცია იყო არჩევნების შედეგად მიღებული პარლამენტის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მასში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მონაწილეობის გზით). ოპოზიციას იმის მოლოდინიც ექნება, რომ ღარიბაშვილის დანიშვნა ქართულ ოცნებაში არსებულ შიდა ჯგუფურ, თუ პიროვნულ წინააღმდეგობებს გამოიწვევს.
გიორგი გახარიას გადადგომამ, ნამდვილად იხსნა ქვეყანა 18 თებერვალს განსაცდელისგან. მანაც გადადგომა სწორედ ამ მიზეზით ახსნა. პიროვნულად, ეს გადაწყვეტილება გიორგი გახარიასათვის ალბათ, მნიშვნელოვანია ემოციურად, გადაწყვეტილების თავისუფლებას (ასე გამოჩნდა) ახლავს ბედნიერების შეგძნება. თუ გახარიას პრემიერ - მინისტრად დანიშვნა (2019 წლის 8 სექტემბერი) 2019 წლის 20 ივნისის „გავრილოვის ღამეს“ მის მიერ სახელმწიფო წესრიგის დაცვის ხელმძღვანელობის დროს არაპროპორციული ძალისა და ახალგაზრების ფიზიკური დასახიჩრების გამო, ქართული საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ (დიდის, თუ მცირე ნაწილის არ აქვს მნიშვნელობა, ფაქტია რომ ასეთი აზრი არსებობდა) მოხდა, 2021 წლის 18 თებერვალს, მისი გადადგომა, უკვე ქართული საზოგადოებრივი აზრის მიერ პოზიტიურად შეფასდა!
რაც შეეხება გადადგომის პოლიტიკურ მხარეს, აქ კვლავ საქმე გვაქვს, როგორც პრემიერების ყველა წინა გადადგომის დროს, არა პოლიტკორექტურულ ქცევასთან მრავალი მიზეზით:
ჯერ ერთი, თუ კონსენსუსს ვერ მიაღწია გუნდში აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში არსებულ საკითხებზე და ჰქონდა პოზიცია, თუ რა იყო სწორი - უნდა განეხორციელებინა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში - რა გარანტია იყო, რომ გადადგომა გამორიცხავდა რაიმე უბედურებას? ასეთ შემთხვევაში, ის ააშორებდა საზოგადოებას საფრთხეს და მზად იქნებოდა ამისთვის გუნდს დაესაჯა, ან ამის შემდეგ გადამდგარიყო.
მეორე, თუ 20 ივნისს თვითონ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ხელმძღვანელობდა ოპერაციას და არ ეკითხებოდა პრემიერ-მინისტრს, ახალ სიტუაციაში რატომ წყდებოდა ეს საკითხი პრემიერის დონეზე? ეტყობა, გუნდურ-პარტიული თანხმობა მთავრობის აღმასრულებელ საკითხებში მიღებული პრაქტიკაა (ყოვლად გაუმართლებელი!). ასეთ შემთხვევაშიც არ ჩანს, რომ გახარიამ დააზღვია თავისი სურვილი, რაიმე უბედურება არ მომხდარიყო, იმავე გუნდში. სხვა შემთხვევაში დასვამდა საკითხს: თუ არ დამიჯერებთ - გადავდგებიო! ეს ასე რომ არ მომხდარა თავისი თანაგუნდელებისთვის გადადგომის ფაქტის მოულოდნელობითაც დასტურდება. გახარიამ „ქართულ ოცნებას“ სერიოზული ორგანიზაციულ-მორალური ზიანი მიაყენა. ამას ახსნა აქვს ერთ შემთხვევაში: თუ 20 ივნისს მომიტინგეებისთვის სროლის ბრძანება მას არ გაუცია და სხვის ნაცვლად ატარებს ამ პასუხისმგებლობას!
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმეორედ პრემიერად გახდომის მოკლევადიანი ეფექტის შესახებ ზემოთ ითქვა. როგორი იყო მისი საქმიანობა, ქვეყანას ახსოვს. თუ როგორი იქნება მისი საქმიანობა საშუალო და,თუ უწერია, უფრო ხანგძლივი დროით, გამოჩნდება. შედეგი უკეთესი იქნება, თუ წინა პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც ის სრული 100%-ით იყო ბიძინა ივანიშვილის „ნდობით აღჭურვილი პირი“, ახლა ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი პოლიტიკური კარიერის პერსპექტივები მუქ ფერებში ჩანს. თუ, მას ექნება, სახელმწიფო მმართველობაში მაღალი ხარისხის ავტონომიურობა, შედეგის მიღწევა შესაძლებელია დიდი შრომითა და სწორი მოქმედებებით, არსებული გამოწვევების დასაძლევად ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის კონსოლიდირებით, ოპოზიციასთან დიალოგის გზით, პარტნიორებთან და ხალხთან ხელისუფლების ნდობის გაძლიერებით.
წარმატება შესაძლებელია საზოგადოების მაქსიმალური გაერთიანებით შექმნილი სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად, რომელთა შორის უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ისეთი საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის ტალღა, რომელიც COVID-19-ის პირველ და მეორე ტალღებს გადაფარავს!
უმნიშვნელოვანესი საკითხია, თუ როგორ ფუნქციონირებენ ინსტიტუტები, საჯარო სამსახურები, მათი ზედა და საშუალო რგოლები, საჯარო მოხელეები...
საქართველოში 30 წლის განმავლობაში მმართველობის თავში რაც გასაფუჭებელი იყო, თითქმის ყველაფერი გაფუჭებულია. ხალხი ხელისუფლების მხრივ არაა პატივში. ახლა სახელმწიფოს ცუდი მმართველობის ავადმყოფობის გენერაცია მმართველობის საშუალო და ქვედა რგოლებში მიმდინარეობს. სახელმწიფო მანქანა არ მუშაობს ავტომატურ რეჟიმში. ის ხელით მართვას ითხოვს. ამიტომ, ყველა ახალ/ახლად დანიშნული პოლიტიკური თანამდებობის პირები ეფლობიან რუტინაში და ბიუროკრატიულ-ჩინოვნიკური ამქარი, როგორც ობობა, ისე ახვევენ გადაუჭრელი საქმეების ქსელში. შედეგად, ქვეყანა იმართება არა ტენდენციებისა და ფაქტების მიხედვით შემდგარი პროგრამებით, არამედ, აჟიოტაჟით, სენსაციებითა და სკანდალებით.
ირაკლი ღარიბაშვილის ასეთ ბიუროკრატიულ ქსელში გახვევა უკვე დაიწყო.
ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველოს პარლამენტში 19.02.2021 წ. ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი სამთავრობო პროგრამა 2021 – 2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ იდენტურია, იგივეა, არც ერთი სიტყვით და არც ერთი პუნქტუაციის ნიშნითაც კი, არ განსხვავდება 18.12.2020წ. გიორგი გახარიას, როგორც საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი სამთავრობო პროგრამისგან - 2021 – 2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
იხილეთ, შესაბამისად:
(ბოლო შემოწმება 21.02.2021წ.).
(ბოლო შემოწმება 21.02.2021წ.).
ეს კატასტროფაა.
გახარიასა და ღარიბაშვილის მიერ პროგრამის წარდგენებს შორის გასულია ორ თვეზე ოდნავ მეტი, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენებით, რომლის პროგნოზირება შეუძლებელი იყო ორი თვის წინ: დაწყებული ბიძინა ივანიშვილის მიერ ყველა ფორმალური თანამდებობის დატოვებით, შეზღუდული შესაძლებლობების პარლამენტით და ყველა პროგნოზირებული მაჩვენებლის დარღვევით (როგორც 2020, ისე 2021 წლისათვის) დამთავრებული.
ახალი პრემიერ-მინისტრი სწორედ პროგრამით აკეთებს განაცხადს, რომლის საფუძველზეც მტერიც და მოყვარეც იგებს, თუ რა მოქმედებას უნდა ელოდოს სახემწიფოსგან. კარგად ჩამოყალიბებული გზავნილები - ორიენტირია მოსახლეობისა და ბიზნესისთვის. ვთქვათ, უცვლელი პროგრამა შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც დეკემბერში მიღებული პროგრამის ერთგულება და გახარიას საქმიანობის მემკვიდრეობითობის დაცვა.
მაგრამ, სად ჩანს არსებული სიტუაციის შეფასება? თუნდაც იმ პროცესის, რამაც გამოიწვია მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადებისა და პრემიერ-მინისტრის შეცვლის აუცილებლობა?!
ახალი პრემიერმინისტრის მიერ სადაა გახარიას საქმიანობის შეფასება, სადაც ნაჩვენები იქნებოდა მისი წარმატება და წარუმატებლობა, შესაბამისი დასკვნებითა და მოქმედების გეგმით.
თუ ღარიბაშვილი უაპელაციოდ იღებს გახარიას მთავრობის ყველა შედეგს?
2019 წლის 26 ნოემბერს გიორგი გახარიამ გამოაცხადა პანდემიასთან ბრძოლის ორთვიანი "როგორმე თებერვლამდე მიღწევის პროგრამა". როგორია ამ პროგრამის შედეგი? ამ პროგრამის ქვეშ დაიხარჯა ასობით მილიონი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის შემოწირული 100 მილიონი ლარი.
გახარიას მთავრობას მოწვეული ჰყავდა "მსოფლიო დონის ექსპერტები" და მათი ქართველი 19 "ასისტენტი ექსპერტი". როგორია ამ ჯგუფის მუშაობის შედეგები და შეაფასეს თუ არა „თებერვლამდე მიღწევის პროგრამა,"და რა მოსაზრებები გააჩნიათ მიმდინარე პროცესებზე? მათ არ წარმოუდგენიათ, თუ არ ასახულა მათი მოსაზრებები სამთავრობო პროგრამაში?
პრემიერ-მინისტრობის პერიოდში გიორგი გახარიას ჰქონდა ორი თვე - 2020 წლის მარტი და აპრილი, როდესაც სიტუაციამ პანდემიასთან დაკავშირებით, ის გახადა ფაქტობრივი სუვენერი საქართველოს სახელმწიფოში. მან ფსიქოლოგიურად კარგად გაართვა თავი ამ უზარმაზარ გამოცდას. თუმცა, შემდგომში არ ეყო მეცნიერების, სისტემური მიდგომის ერთგულება და პანდემიის პირველ ტალღასთან წარმატებული 2020 წლის პირველ ნახევარის აქტივობები, კერძოდ, ეკონომიკაში „ფულის ჩასხმის“ პოლიტიკა (რაც ნასესხები ფულით განხორციელდა), გაიმეორა მეორე ტალღისთვის, რაც აისახა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. ბიუჯეტი შედგა მიდგომით - ვისესხოთ ფული და არავის არ ვაწყენინოთ, ვინც რამდენს იღებდა, იმდენი მიიღოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ მიზნის მისაღწევად გაკეთდა ყოველგვარ ობიექტურ საფუძველს მოკლებული, გაუმართლებლად ოპტიმისტური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.
გახარიას მთავრობა, საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაში შევა როგორც მთავრობა, რომელმაც ვალებში ჩაფლო ქვეყანა და დააყენა ის დეფოლტის საშიშროების წინაშე. ამის მთავარი შემოქმედი საქართველოს ფინანსთა სამინისტროა, რომლის მინისტრიც - ივანე მაჭავარიანი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაშიცაა წარმოდგენილი. ივანე მაჭავარიანისა და მისი გუნდის წყალობით საქართველოს უახლოეს მომავალში 5-7 წელი და თუ კიდევ ის დარჩა მინისტრად, მაშინ 7-12 წელი მაინც, საქართველოს საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი საკითხი იქნება საგარეო ვალებისა და მისი პროცენტების გადახდა (მომსახურება), შემდეგ სხვა დანარჩენი. ასეთი არ ყოფილა საქართველოში!
ამ მინისტრით მთავრობისადმი ნდობის აღდგენა -გაძლიერება წარმოუდგენელია.
ფინანსთა მინისტრი, რომელიც, აცხადებდა რომ საწვავზე დაბალი ფასები უბედურებაო. ის ალბათ ბედნიერია, საწვავზე ფასების ზრდით, მაგრამ არავინაა, რომ ჰკითხოს.
საქართველოს პარლამენტს ევალება ასეთი კითხვების დასმა, მაგრამ ის ჯერ დაბნეულია მელიას დაჭერის უფლების გაცემის „პოლიტიკური ნათლობით“.
ამ დროს, საქართველოს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს ფაქტობრივად მთავრობის იმ შემადგენლობას და საქართველოს იმ ფინანსთა მინისტრს, რომელთაც დაარღვიეს საქართველოს ორგანული კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ მოთხოვნა საქართველოს მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობის 60%-იანი ზედა ზღვარის თაობაზე ისე, რომ დეკლარირების გარდა არც მიზეზებია წარდგენილი საქართველოს პარლამენტისთვის და არც აღნიშნულ პარამეტრში დაბრუნების 3 წლიანი გაწერილი გეგმა.
საქართველოს პარლამენტს არ უჩნდება კითხვა: რატომ? რატომ არ შეიძლება ამ 60 %-ანი ზღვარის დაცვა? რა ალტერნატივები არსებობს ამისთვის?
ალტერნატივები არსებობს და თუ ის არ იქნება გამოყენებული, მაშინ საქართველოს ზოგიერთი ქვეყნის ძალიან ცუდი ისტორიის საკუთარ თავზე გამოცდა მოუწევს.
ივანე მაჭავარიანმა, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში აუხსნა საქართველოს პარლამენტს:
„ჩვენ გვაქვს მაგალითები იმისა, რომ ჩვენთან შედარებით ძლიერი ეკონომიკის, მაღალი კულტურისა და დიდი ისტორიის ქვეყნებმა (საბერძნეთი, ლიბანი) საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღეს იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ისინი არ იმართებოდნენ სწორად, ფისკალური და მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, რამაც ისეთი ზიანი მიაყენა მათ, რომელსაც მინიმუმ ერთი დეკადა დასჭირდება, რომ მოხდეს ვითარების რეაბილიტაცია და აღდგენა. რასაკვირველია, ჩვენ ეს არ გვემუქრება, არ გვემუქრება არცერთ შემთხვევაში, თუმცა უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად. კიდევ გიმეორებთ, ჩვენი ამ წლის დეფიციტი არის 9%, რაც უკიდურესად მაღალია, მაგრამ ადეკვატურია პანდემიის გამოწვევებთან მიმართებაში. შემდეგი წლის დეფიციტი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ პარლამენტში, არის 7,5%, რაც ასევე მაღალია და უკვე 2022 წლიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ მკვეთრი დაღმასვლა, რათა შევინაჩუნოთ მაქსიმუმ 3%-იანი მაჩვენებელი“
დეკადის მნიშვნელობა რომ არ იცის მინისტრმა - ფაქტია!
მაგრამ ის ზუსტად იცის, რომ ქვეყანა თუ არ იმართება სწორად - „დიდ დარტყმას“ მიიღებს!
ის კი პარლამენტში არავის არ უკითხავს, საქართველოს აქვს თუ არა შანსი თავიდან აიშოროს ეს უბედურება?
2024 წელს, როდესაც ჯერ კიდევ დაძლეული არ იქნება ივანე მაჭავარიანის გეგმით საბიუჯეტო პრობლემები 2020 წლის დონეზეც კი, როგორ აპირებს საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კარზე დაკაკუნებას? თუმცა, რა ძნელი გასაგებია, დაკაკუნებას გეგმავს, შესვლას ხომ არა?
ირაკლი ღარიბაშვილს ვურჩევ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის რევიზიითა და ოპტიმიზაციით დაიწყოს!
ისე, როგორც ყველა მთავრობას, ამ მთავრობასაც ვუსურვებ წარმატებას განწყობის საფუძველზე - საქართველოს ყველა მთავრობა მინდა იყოს წარმატებული.