ივერიონი / ივანე თარბა - ქართველებსა და აფხაზებს შორის გადებული „ცოცხალი“ ხიდი!

ივანე თარბა - ქართველებსა და აფხაზებს შორის გადებული „ცოცხალი“ ხიდი!

21 მარტს დაბადებიდან 100 წელი უსრულდება ცნობილ აფხაზ მწერალს, საქართველოზე თხემით ტერფამდე შეყვარებულ ივანე თარბას.

„ივერიონმა“ გამოსცა საიუბილეო კრებული, სადაც შესულია ავტორის 100 ლექსი.

ივანე თარბას ლექსები აფხაზურიდან გადმოაქართულა ახალგაზრდა აფხაზმა ნიჭიერმა პოეტმა და მთარგმნელმა, ნიკა ბაძაღუამ. 

გთავაზობთ წიგნის რედაქტორთა წინასიტყვაობებს.

იმედია, ქართული საზოგადოება, მიუხედავად პანდემიისა, სათანადო პატივით აღნიშნავს ქართველებსა და აფხაზებს შორის გადებული „ცოცხალი“ ხიდის - ივანე თარბას სახელოვან იუბილეს იუბილეს.

 

 

 

კაცი, რომელიც სოხუმში აფხაზებს და ქართველებს ეძებდა!

 

როცა „აფხაზური პოეზიის ანთოლოგიაზე“ მუშაობისას ანთოლოგიის მთარგმნელ-შემდგენელს, ახალგაზრდა აფხაზ პოეტს, ნიკა ბაძაღუას ვკითხე: ვინ არის აფხაზებში ყველაზე გამოჩენილი პოეტი-მეთქი! დაუფიქრებლად მიპასუხა:

- სასწორის ერთ პინაზე ივანე თარბას პოეზია რომ დავდოთ, ხოლო, მეორეზე მთლიანად აფხაზური პოეზია, პირველი გადაწონისო!

ეს საკმაოდ თამამი განაცხადია ახალგაზრდა აფხაზი შემოქმედის მხრიდან, თუმცა, როცა ბატონ ივანე თარბას პოეზიას საფუძვლიანად გავეცანი და დანარჩენ აფხაზ პოეტებთან შედარება გავაკეთე, დავრწმუნდი, რომ ნიკა ბაძაღუა არ აჭარბებდა!

ვიდრე უშუალოდ მისი პოეზიის შეფასებაზე გადავიდოდე, მინდა ერთი გახმაურებული ამბავი გავიხსენო, რომელიც აფხაზეთის ამ გამორჩეულ კალმოსანს უკავშირდება:

ქართულ-აფხაზური შეტაკების დასაწყისში, როცა უკვე ნათელი იყო, საით მიდიოდა უცხო ქვეყნიდან შემოგდებული  ავანტიურა, ბატონი ივანე თარბა, უკვე სამოცდაათს გადაცილებული ღამე სოხუმის ქუჩებში თურმე სანთლებით დარბოდა. როცა ნაცნობებს უკითხავთ: ვანო ვის ეძებო? ქართველებს და აფხაზებსო - უპასუხია.

-კი, მაგრამ აქ ქართველებს და აფხაზებს რა მოძებნა უნდაო? - გაუკვირდათ, თურმე გულანთებული აფხაზი პოეტის ახირება...

პასუხი არ გაინტერესებთ?!

- არა, ისინი ქართველები და აფხაზები არ შეიძლება რომ იყვნენ, მე ნამდვილ ქართველებს და აფხაზებს ვეძებო!

როცა ბატონ ივანეს პოეზიას საფუძვლიანად გავეცანი (ახალგაზრდობაშიც მქონდა მისი რამდენიმე ლექსი და პროზა წაკითხული), დავრწმუნდი, რომ მხოლოდ მას შეეძლო ასე მოქცეულიყო, რადგან, ქართველები და ზოგადად საქართველო ისეთივე ღვიძლი და ახლობელი იყო მისთვის, როგორც აფხაზები და აფხაზეთი!

ნიშანდობლივია, რომ სწორედ ერთიანი საქართველოს სუნთქვა იგრძნობა  მთელ მის შემოქმედებაში (სხვანაირად, არც შეიძლებოდა).ეს რომ ასეა, ნათლად ჩანს ბატონ ივანეს პოეზიაში, რომელიც რუდუნებით გადმოაქართულა ნიკა ბაძაღუამ.

ივანე თარბას პოეტურ კრებულს, რომელსაც „მიყვარს ჩემი აფხაზური“ დავარქვით, ლაიტმოტივად მისი მშობლიური აფხაზებისა და სრულიად საქართველოს სიყვარული გასდევს.

ლექსში „გიორგი ლეონიძეს“, ავტორი ეფერება, ესათუთება განუყრელი მეგობრის ხსოვნას, რომელმაც ფიზიკურად მიატოვა და მარადიულ სამყაროში გადასახლდა.

 

„არ ვიცი, დღეს თავს ასე რად ვერჩი,

ვერ ვგუობ ვერავითარ ცვალებას,

ვშიშობ: უეჭველში შემაქვს ეჭვი, -

არ მჯერა შენი გარდაცვალება!“

 

...

„სიკვდილს გმობდი... არ გჩვეოდა ბორგვა,

გაბზარულ შუქში სხივებს აქსოვდი,

გადამეყარე ამაყად, გოგლა,

და ამაყადვე დამამახსოვრდი!“

 

ეს ლექსი უტყუარი დასტურია იმისა, თუ როგორი მტკიცე ძაფით იყო ბატონი ივანე დაკავშირებული ქართველ კოლეგებთან, თუ რამდენად მშობლიური იყო მისთვის გამორჩეული ქართველი პოეტი გოგლა ლეონიძე და ზოგადად, ქართული პოეზია!

საქართველოსადმი განსაკუთრებულ სიყვარულის ნიმუშია მინიატურული პოემა „რუსთავი“. პოემა სამი ქვესათაურისგან შედგება: „მწყემსი“, „რუსთავის ტაძრის ნანგრევები“, „ქართული რკინა“. შეიძლება ითქვას, ავტორი ცდილობს პოეტური ფორმით ხატოვნად გადმოსცეს ის ღირსებები და ქალაქის ყოფითი დატვირთვა, რაც იმდროინდელ რუსთავს ახასიათებდა.

ასე მაგალითად:

 

აქ ტაძარი იდგა ერთდროს,

გარს ეხვია მტრების ნისლი.

აქ ქართული გული ენთო

და კედლებში დუღდა სისხლი!

 

აქ ისმოდა ჭახაჭუხი,

ქართულ ხმლების და ხანჯლების.

აქ უძლებდნენ ყოფას დუხჭირს

და ზარს რეკდნენ გამარჯვების.

 

...

„აქ ქართული გული ენთო

და იცავდნენ კარს დევები.

აქ ტაძარი იდგა ერთდროს,

დღეს დგას მხოლოდ ნანგრევები.“

 

კითხულობ ამ სტრიქონებს და რწმუნდები: რა ღრმად არის გამჯდარი აფხაზ პოეტში საქართველოს სიყვარული - როგორ ეფერება იგი იმ გმირულ ტრადიციებს, რაც ოდითგან მოსდგამდა ქართველ ერს. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, მისთვის მშობლიური და ახლობელია ეს ყველაფერი.

დედა-თბილისისადმი უსაზღვრო სიყვარულითაა გაჟღენთილი ივანე თარბას ლექსი: „მთაწმინდა“.

 

„აქ მე ღრუბლების ცრემლი მაწვიმდა

და ვხედავ თითქოს პირველად მის წვერს.

გაშალა ლურჯი ფრთები მთაწმინდამ,

ცერზე შემდგარი ზეცისკენ იწევს“.

 

...

„ჩემო თბილისო, დროა, რომ ისევ

შეგასმენინო ჩემი ვედრება.

ღრუბლებს შემწვდარი, მჯერა, მომისმენ -

ჩემი სიმღერა შენ ერთს გეძღვნება“.

 

...

„ჩემო მთაწმინდავ, მე კვლავ მოვედი,

კავკასიონის მირონნაცხები.

სანამ გიმღერის შვილი პოეტი,

მშობელო დედავ, შენ არ დაცხრები“.

 

ასეთი გულის სიღრმიდან ამოხეთქილი სიტყვები მხოლოდ ივანე თარბას შეეძლო ეთქვა, რადგან, მას ძალიან უყვარდა ღვთივკურთხეული ქართული მიწა, რომელიც საკუთარი ღვიძლი შვილის - აფხაზის გარეშე მკერდმოჭრილი ამორძალივითაა. თხემით ტერფამდე პატრიოტს, ბოლომდე ჰქონდა გასიგრძეგანებული და ამიტომაც ეძებდა სოხუმის ქუჩებში ნამდვილ ქართველებს და აფხაზებს, რომლებიც ერთმანეთს სასიკვდილოდ არ (ვერ) გაიმეტებდნენ!

პოეტური აღმაფრენა იგრძნობა მის ოთხსტროფიან ლექსში „სოხუმი“. პოეტი, რომელიც სულ მოგზაურობაშია, სხვა ქალაქებს ადარებს სოხუმს და ამბობს:

 

„ბევრგან ვიყავ მე სტუმარი

და ძვირფასო... მინდა გითხრა,

მზე ვერ ვნახე მომღიმარი,

ასე ძლიერ, ასე დიდხანს.

 

აქ თოვს როცა  იანვარში

და ეზოებს გადაბარდნის...

იქ სოხუმი ბაღებს გაშლის

და ზამთარშიც ჰყვავის ვარდი!“

 

პატრიოტული სულისკვეთება მთელ მის პოეზიას ლაიტმოტივად გასდევს.

საკმაოდ ემოციური და საკუთარ ოდაბადეზე გულანთებული კაცის დაწერილია ლექსი: „აფხაზეთი“.

 

მიყვარს შენი მთა და ბარი,

სავანე ხარ მართლაც სულის,

ზეცა ზღაპრის შესადარი

და მხურვალე გაზაფხული.

 

კლდეებს ნისლი რომ დაბურავს,

ძველი ტაძრის ჰგვანან კედლებს,

მზის გარშემო შენ არ ბრუნავ,

შენ, მზის სხივებს შეეკედლე.“

 

...

„მიყვარს ჩემი აფხაზური

ადათი და ჩვეულება,

სიხალისე ლამაზ სუფრის,

საქორწინო წვეულება“.

 

...

„ბზიფთან ახლოს გზა სულს ნაბავს

და ქრის ხევში ავად ქარი,

იქ ტბა მოჰგავს მწყემსის ნაბადს,

მოჩუხჩუხებს ავადჰარა.“

 

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ პოეტურ სტრიქონებში ძალუმად იგრძნობა მისთვის სათაყვანებელი აფხაზეთის სუნთქვა - მეტიც, ეს საკუთარი მიწის მოფერების უბადლო ნიმუშია.

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ლექსი „სიმღერა ქალიშვილის დაბადებისადმი“. ავტორი მისთვის ჩვეული ემოციით გადმოსცემს იმ სიხარულს, რომელიც მას ქალიშვილის დაბადებამ მოჰგვარა.

 

„სიხარულის გადამკიდე,

ვერ დავმალავთ ჩვენ ამ ამბავს,

ვაჟის ვიყავ, გავხდი კიდეც,

ქალიშვილის მე დღეს მამა.

 

დე, არ ადგეს მის გზას ჩრდილი,

უფროსებმა ვით იციან,

ღირსებაა ვაჟიშვილი,

ქალიშვილი - სინდისია!“

 

...

„უვალ გზებზე მწარედ ვივლი,

შევეყრები ხიფათს რამდენს,

გაჩენიდან წამებივით,

გავა წლები ჯვრისწერამდე!“

 

 

საოცრად ხატოვანი გააზრებაა იმ სიხარულისა და მშობლიური პასუხისმგებლობისა, რომელსაც ქართველი მამა გრძნობს საკუთარი ქალიშვილის წინაშე.

ასევე საოცრად მიმზიდველი, მრავლისმეტყველია ლექსი: „სიმღერა ვაჟის დაბადებისადმი“:

 

„გავარდა უცებ თოფის ხმა მთაში

და სიხარულის ძლიერმა წამმა

ამცნო მწვერვალებს, რომ იშვა ბავშვი,

რომ გახდა ვიღაც დღეს ვაჟის მამა.

...

 დაე, ესმოდეთ ვაჟებს მამების,

ყოველი ჩუმი ნაოცნებარი,

რომ გული სუფთა და ნაწამები,

მსგავსია მაღალ თეთრი მწვერვალის“.

 

კითხულობ ამ პოეტურ სტრიქონებს და გულში სითბო გეღვრება - არა მარტო გესმის, არამედ, გრძნობ, თუ რა ემოციებს უკავშირდება ვაჟიშვილის მოვლინება და რამდენად უტყვი და ძლიერია „მამის ყოველი ჩუმი ნაოცნებარი“.

ჩემდა სამწუხაროდ, მე ენობრივი ბარიერის გამო არ მაქვს საშუალება დედანში წავიკითხო ივანე თარბას პატრიოტიზმითა და პოეტური მგზნებარებით დამუხტული ლექსები, მაგრამ, ახალგაზრდა ნიჭიერი აფხაზი მთარგმნელისა და პოეტის, ნიკა ბაძაღუას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ოსტატურად შეძლო ქართულად აემეტყველებინა ამ შესანიშნავი პოეტის მართლაცდა ნაკადულივით მორაკრაკე პოეზია.

...ზემოთ პოეტის ზეპატრიოტულ მუხტზე გავამახვილე განსაკუთრებული ყურადღება. თუმცა, ივანე თარბას პოეტური ხიბლი მარტო ამით არ ამოიწურება - იგი ჭეშმარიტი პოეზიის მსახურია - ზოგადქართული სუნთქვით ნასაზრდოები!

დიახ, ლაღი და მელოდიურია მისი პოეზია, ავიღოთ თუნდაც ეს სტრიქონები:

 

„დრო შენ ნაოჭებს გმატებს დღითიდღე

და თვალებს ქვემოთ ითვლი ნაპრალებს,

დაღლილ მზერაში ამოვიკითხე,

რომ მაგ ჭაღარას თოვას აბრალებ.“

 

პოეტის სულიერი კრედო იღვენთება სიტყვებში:

 

სულში ბოღმა არ შემოვიკედლე,

ვძერწე იმედი და გამოვკვეთე...

დღესაც იმდენი დამაქვს სიკეთე,

მეც მეყოფა და ყველა მოკეთეს!

 

საოცრად დამაფიქრებელია ლექსი „ხიდი“, სადაც ავტორი პოეტური ხერხებით ხატავს ბავშვობისდროინდელ ასოციაციებს, რომელიც პოეტის სიჭარმაგის წლებში სამწუხარო რეალობად იქცა და მისი გულიც თან გაიყოლა:

 

„ახლა ვიხსენებ ბავშვობის მე დროს -

შორეულ დღეებს, სიხარულს, ნაღველს...

აქ„დიად ბრძოლებს“ ვმართავდით ერთობ

და ტოტებისგან ვაგებდით სახლებს.“

 

ჩვენდა საუბედუროდ, „დიად ბრძოლებს“ ორი მოძმე ერი - ქართველები და აფხაზები ვერ აცდა და ქართულ მიწაზე სისხლის კალო დატრიალდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ომობანას“ თამაში სიჭაბუკის წინათგრძნობა იყო, რომელიც მწარე რეალობად იქცა!

პოეტური ემოციის სხარტად გადმოცემის ნიმუშია ასევე ლექსი „მთვარე“.

 

„ცას ვარსკვლავთა დაჰკრავს სითბო,

როგორ შვენის ეს ციმციმი!

გაბუტული შორით თითქოს,

მხოლოდ მთვარე არ იცინის!“

 

 ერთი სიტყვით, ივანე თარბა ნიჭიერი აფხაზი პოეტია, რომელიც თავისუფალია საბჭოთა იდეოლოგიური წნეხისგან და მისი პოეზიაც პატრიოტიზმთან ერთად, შეზავებულია სამყაროს ჭეშმარიტ განცდასთან - არ არსებობს თემები, რომელსაც პოეტის ხალასი კალამი არ შეხებია.

მარტივია მისი წერის მანერა, თუმცა, ღრმა და სიბრძნით გაჯერებული! ნიშანდობლივია ისიც, რომ მის შემოქმედებაში ვერ იხილავთ ყალბ ემოციებს და ხელოვნურად ჩაგვირისტებულ სტრიქონებს.

ნიშანდობლივია ისიც, რომ აფხაზურ ლიტერატურაში მას გამორჩეული ადგილი უჭირავს, როგორც პროზაიკოსსაც.

ამდენად, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის კვლევა და იბიექტურად შეფასება, არა მარტო აფხაზების, არამედ, ჩვენი, ქართველების ვალდებულებაცაა - ივანე თარბა ხომ არა მარტო მწერალი, არამედ, საზოგადო მოღვაწე და ჭეშმარიტი ქართულ-აფხაზური მეგობრობის სიმბოლოც იყო!

 

ზაურ ნაჭყებია,

პუბლიცისტი, რედაქტორ-გამომცემელი

 

 

 

„მომეცი ხელი კვლავ, მეგობარო!“

 

 

დიდებული საქმე აღსრულდა!

ნიკა ბაძაღუამ, ქართულ ენაზე უშუალოდ აფხაზურიდან და არა მესამე ენიდან შესანიშნავად გვითარგმნა დიდებული პიროვნების, ჭეშმარიტი აფხაზის, გამორჩეული მწერლის ივანე თარბას პოეზიის საუკეთესო ნაწილი.

ამიერიდან ქართველ მკითხველს ექნება საშუალება, გაეცნოს და შეიყვაროს ამ ავტორის პოეტური სამყარო, გაიზიაროს მისი სატკივარი და სიხარული, იქონიოს წარმოდგენა მის სანუკვარ ოცნებებზე, გულისხმა-ყოს პოეტის თვალითა და გულით აღქმული სამყარო.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ საქმეში აფხაზ პოეტსა და ქართველ მკითხველს შორის შუამავლობა იკისრა უკვე მაღალი დონის მთარგმნელად ჩამოყალიბებულმა ახალგაზრდა კაცმა - ნიკა ბაძაღუამ, რომლისთვისაც ორივე ენა მშობლიურია და უფალს უხვად დაუსაჩუქრებია პოეზიის ნიჭით.

დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ, როცა ვიწყებდი აფხაზური ენის შესწავლას, ენაში გასაწაფად სისტემურად ვკითხულობდი აფხაზურ სალიტერატურო ჟურნალ „ალაშარას“, რომელშიც საკმაოდ ხშირად იბეჭდებოდა ივანე თარბას ლექსები, მერე კი ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნდა მისივე რომანი უთბილესი სათაურით Сан лыблақәа „დედაჩემის თვალები“.

ი. თარბას ლექსები ყურადღებას იქცევდა ტროპული საშუალებების მკაფიო ინდივიდუალურობით, ენის ღრმა ცოდნით, ფრაზის მოქნილობით და იმითაც, რომ არცთუ იშვიათად პოეტური ნაწარმოებები ეძღვნებოდა ქართულ სინამდვილეს - ქართველ პოეტებს.

1971-1973 წლებში აფხაზურ ენაზე ცალკე გამოიცა ივანე თარბას რჩეულ თხზულებათა სამტომეულიც (Иалкаау иҩымҭақәа), რომელმაც გამორჩეული ადგილი დაიკავა ჩემს პირად ბიბლიოთეკაში, ამჟამად კი ინახება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზეთის კვლევის მიმართულების კაბინეტში და ემსახურება აფხაზოლოგიის შემსწავლელ სტუდენტებს. სწორედ ამ სამტომეულმა საბოლოოდ დამარწმუნა იმაში, რომ ივანე თარბა ყოველმხრივ გამორჩეული აფხაზი მწერალი იყო. ჩემი აფხაზეთელი მეგობრებისაგან კი ისიც ვიცოდი, რომ იგი ღირსეული პიროვნება და ქართველი ერისა და ქართული კულტურის გულწრფელი გულშემატკივარიც ბრძანდებოდა.

როცა ქართველებსა და აფხაზებს შორის მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, ივანე თარბას არ შეუცვლია პოზიცია და მიაჩნდა, რომ ძმებს შორის ტყვია მოციქულად ვერ გამოდგებოდა. სამწუხაროდ, მისი მართებული აზრი არ გაითვალისწინეს არც იქით და არც აქეთ და მწერალმა გულჩაწყეტილმა დატოვა ეს საწუთრო...

ძალიან გავიხარე, როცა ნიკა ბაძაღუასგან გავიგე, რომ მას ივანე თარბა უპირველეს აფხაზ პოეტად მიაჩნია და სურდა მწერლის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნად უშუალოდ აფხაზურიდან ქართულად ეთარგმნა მისი საუკეთესო ლექსები. მსურს მკითხველმა აუცილებლად იცოდეს, რომ ნიკამ  შეუძლებელი შეძლო - იმთავითვე საოცარი ტემპი აიღო და უმოკლეს ვადაში დაასრულა თარგმნა.

ამ კრებულს ბევრი ღირსება აქვს:

წინამდებარე კრებულში მრავალი შესანიშნავი ლექსია. ისინი სხვადასხვა თემას ეხება: ადამიანობა-კაცობას, ავტორის შინაგან საწუხარ-საფიქრალს, სატრფიალო ურთიერთობებს, ბუნების მშვენიერებასა და ძალას...

პირადად მე მეძვირფასა შემდეგი მშვენიერილექსები: „გზაში“, „ლოცვა“, „ფხენიანის ტირიფების ქვეშ (ვკითხულობ აფხაზურად)“, „ზღვა ხმაურობს...“, „უთქმელი სიტყვა (მამის ხსოვნას)“, „დღეს ძალიან ცივა (საყვარელი ქალის ფიქრები)“, „აფხაზეთი“, უსათაურო „სახლის ეზოში, სარკმელთან ახლოს...“, უსათაურო „დრო შენ ნაოჭებს გმატებს დღითიდღე...“, „ფხენიანის მტირალა ტირიფები“, „ბულბული“, „ხიდი“, „ბესლახუბის წისქვილი“, უსათაურო „სათქმელი რაც გაქვს, აღმოთქვი ბარემ...“.

თავი დამამახსოვრეს მოქნეულმა და ქართულად დიდებულად გადმოღებულმა ფრაზებმა და სტროფებმა სხვადასხვა ლექსში:

                 „ხელისგულზე დასატევი,

                 ქართლი მუდამ იბრძვის ორ მხრით.

                 მოპარული ზურგით მტერი,

                 გაუშვია უკან ოხვრი“.

 

      ანდა ეს:

                „რა მოხდება მაშინ... ვაი!

                ავბედად რომ იქცეს ბედი

                და გაფანტულ ქარში ყვავილს

                დაემსგავსონ მეგობრები?

 

     ესეც დავაჭაშნიკოთ:

               „სულში ბოღმა არ შემოვიკედლე,

               ვძერწე იმედი და გამოვკვეთე,

               დღესაც იმდენი დამაქვს სიკეთე,

               მეც მეყოფა და ყველა მოკეთეს!

 

     სათქმელი კიდევ ბევრია, მაგრამ ვფიქრობ, უკვე ნათქვამიც შეუქმნის მკითხველს წარმოდგენას იმაზე, თუ რამ ააღებინა კალამი ხელთ, ერთი მხრივ, აფხაზ პოეტ კაცს - ქართველთა ძმასა და მეგობარს, ღირსეულ პიროვნებას ივანე თარბას და, მეორე მხრივ, ახალგაზრდა მთარგმნელს, დიდი აფხაზი პოეტის დამფასებელ ნიკა ბაძაღუას, რომელსაც პოეზიის ალი უკიდია, ეს კეთილშობილი ალი არ აძლევს მოსვენებას და აშრომებს ორი მოძმე ხალხის სასიკეთოდ.

 

 

თეიმურაზ გვანცელაძე,

აფხაზოლოგი, პროფესორი,

გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

 

 

 

16-03-2021, 16:05
უკან დაბრუნება