ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: ვერ გავიგე, ვისი „კლავიშები“, ვის „როიალშია“?!

ზაურ ნაჭყებია: ვერ გავიგე, ვისი „კლავიშები“, ვის „როიალშია“?!

 

„გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის და საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი“ - ასეთი ვერდიქტი (თუმცა, გამოძიების გარეშე) გამოუტანა ექს-პრემიერმა, „ქართული ოცნების“ სულისჩამდგმელმა და მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან გამპანღურებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ასევე ყოფილ ექს-პრემიერს გიორგი გახარიას.

 

ნიშანდობლივია, რომ ეს არის ივანიშვილის პირველი საჯარო განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ.

 

თუ განცხადებას ობიექტურად შევაფასებთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ან შეთანხმებული თამაშის ნაწილია, რაზეც აქტიურად საუბრობენ საჯარო სივრცეში და სოციალურ ქსელშიც, ან გიორგი გახარიას, როგორც პოლიტიკოსისა და ახლადდაფუძნებული პარტიის ლიდერის „დაჩაქუჩებას“ ემსახურება.

 

ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს საზოგადოების თვალის ახვევასთან და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებასთან ექს-პრემიერების მხრიდან.

 

უცნაურია პირდაპირ: ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას არ გამოუხატავს პოზიცია „როცა ხელისუფლება და სახელმწიფო სერიოზული პოლიტიკური გამოწვევების წინაშე იდგა“, ახლა კი, როცა გახარიამ პარტია დააფუძნა და ოპოზიციური ნიშის დაკავებას შეეცადა, „ქართული ოცნების“ პირველი ნომერი საპარლამენტო არჩევნებში, გუნდისა და სახელმწიფოს ღალატში დააანაშაულა.

 

არ ვიცი, რამდენად ჰქონდა ადგილი სახელმწიფოს ღალატს გიორგი გახარიას მხრიდან, მაგრამ, გუნდის ღალატს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, რადგან, იგივე გუნდმა იგი მაშინ გაწირა (უღალატა), როცა საარჩევნო სიის პირველ ნომერს და მოქმედ პრემიერ-მინისტრს მეურვედ კობახიძე დაუნიშნა. ეს აშკარად ღირსების შელახვა იყო ღირსებაშერჩენილი კაცისთვის...

 

აქედან გამომდინარე, გახარია მელიას გარშემო ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით კი არ უნდა გადამდგარიყო, არამედ, „ქართული ოცნების“ ყრილობის დამთავრებისთანავე უნდა მოეჯახუნებინა კარი, რადგან მას მმართველი პარტიის ბერკეტები და შესაბამისად, პარტიის მხარდაჭერა ხელიდან გამოაცალეს!!!

 

ივანიშვილის ბრალდება: „გახარიამ გაუგებარ სიტუაციაში დატოვა თანამდებობა, არ სურდა კანონის უზენაესობის აღსრულება“, ერთი შეხედვით, საფუძველს მოკლებული არ არის - საზოგადოებისთვის დღემდე მართლაც გაუგებარია მისი გადადგომის რეალური მიზეზი: ანუ, ის „ნაციონალების“ თამაშს თამაშობდა და დროის გაწელვას შეეცადა, როგორც ამას „ქართული ოცნების“ აქტივისტები და საკუთრივ პარტიის დღევანდელი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, თუ პირიქით, მელიას საკუთარი ოფისიდან აყვანის პროცესში მართლაც მზადდებოდა პროვოკაცია და შესაძლოა სისხლიც კი დაღვრილიყო, რომ ეს ყველაფერი გახარიას დაბრალებოდა?

 

თუ მეორესთან გვაქვს საქმე, გახარიას უნდა ეყოს ვაჟკაცობა, გახსნას ბოლომდე ფრჩხილები და ამხილოს მმართველი პარტიის ავანტიურა. სხვა შემთხვევაში, ხელოვნურად აგორებული ჭორის საფუძველი მუდმივად იარსებებს. მითუმეტეს, დუმილი ყოველთვის ოქრო არ არის!

 

არ ვიცი, მიაღწევს თუ არა კულმინაციას პარტიული დაპირისპირებები და დაუმტკიცდება თუ არა გიორგი გახარიას „სახელმწიფოს ღალატი“, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ჩვენ, საზოგადოებას სულგაყიდული პოლიტიკოსების წყალობით მუდმივი ბრალდებების ეპიცენტრში გვიწევს ცხოვრება: იყიდება, იძარცვება ქვეყანა - ჩადენილ დანაშაულებზე კი პასუხს არავინ აგებს.

 

მე რაში მაინტერესებს, ვინ, ვის, რას აბრალებს - არც ბოლომდე მიყვანილი საქმე მინახავს ჯერჯერობით და არც დასჯილი ვინმე ბობოლა მოღალატეების სახით.

 

აქედან გამომდინარე, არც ის მაინტერესებს, წაართმევს თუ არა საარჩევნო ხმების „თუნდაც მცირე რაოდენობას“ „ქართულ ოცნებას“ გახარია და არც იმ ზღაპრის მჯერა, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ „პიროვნების კულტისა და მესიანიზმის მანკიერი ტრადიცია დაასრულა“.

 

P.S. ივანიშვილი კატეგორიულად უარყოფს, რომ გიორგი გახარია მისი პოლიტიკური პროექტია: „მე არ მიკადრებია საზოგადოებისთვის ფსევდოოპოზიციის შექმნა, მითუმეტეს, გიორგი გახარიასთან ჩემი თანამშრომლობა ყოვლად მიუღებელი იქნებოდა“.

 

გასაგებია, გახარია აუცილებლად ვიღაცის პროექტია, მაგრამ საინტერესოა, ვისი პროექტია თავად ბიძინა ივანიშვილი?!

 

ერთი სიტყვით, მართლაც ვერ გავიგე, ვისი „კლავიშები“, ვის „როიალშია“?!

 

8-06-2021, 16:00
უკან დაბრუნება