ივერიონი / ედუარდ შევარდნაძე: ოქრუაშვილის ჩვენება სააკაშვილის დაპატიმრების მიზეზი შეიძლება გახდეს!

ედუარდ შევარდნაძე: ოქრუაშვილის ჩვენება სააკაშვილის დაპატიმრების მიზეზი შეიძლება გახდეს!

საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აღფრთოვანებულია ბიძინა ივანიშვილის გულწრფელობით _ მისი აზრით, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ივანიშვილმა ყველა საჭირბოროტო კითხვას გულწრფელად უპასუხა და ფაქტობრივად, მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა.  შევარდნაძე ამბობს, რომ ივანიშვილმა ყურადღება არ უნდა მიაქციოს "ნაციონალების" ცინიკურ გამოხტომებს, რომლებმაც, თითქმის კატასტროფამდე მიიყვანეს ქვეყანა. "თუმცა, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ახალი მთავრობა წინა ხელისუფლების მიერ გაფუჭებულ საქმეს ორ თვეში გამოასწორებს" _ აცხადებს ექსპრეზიდენტი გაზეთ "ასავალ დასავალის"-თვის მიცემულ ინტერვიუში.


შევარდნაძე მოსალოდნელ ფართომასშტაბიან ამნისტიასაც ეხმიანება და თვლის, მასზე რომ იყოს დამოკიდებული, უფრო მეტ პატიმარს გამოუშვებდა, რადგან მათ უმეტესობას იმაზე მეტი დანაშაული არ ექნება ჩადენილი, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებდა. შეიძლება კრიმინალმა მოიმატოს, მაგრამ ახალი მთავრობა ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ გართულებები თვიდან აიცილოს, _ აცხადებს ექსპრეზიდენტი.


შევარდნაძე ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოსვლასაც ეხმიანება და ამბობს, რომ ის ბევრს "დაუფრთხობს ანგელოზებს". "ოქრუაშვილი ბევრ გაუხსნელ დანაშაულში შეიტანს სინათლეს... ეს არის ის, რომელმაც ყველაზე ყველაფერი იცის". იგი არ გამორიცხავს, რომ ოქრუაშვილის ჩვენება "სააკაშვილის დაჭერის საფუძველიც გახდეს."


რაც შეეხება მოარულ ხმებს, რომ წინასაარცევნოდ სააკაშვილი სამხრეთ საქართველოში სომხებს ხმების სანაცვლოდ ავტონომიას ჰპირდებოდა, შევარდნაძე აცხადებს, რომ თუ ეს დადასტურდა, "სააკაშვილმა პასუხი აუცილებლად უნდა აგოს ამ ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულისთვის".


ექსპრეზიდენტი წუხს, რომ იურიდიულად სააკაშვილი ისევ სახელმწიფოს მეთაურია, მაგრამ ფიქრობს, რომ "მალე დადგება ის დღეც, როცა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად სააკაშვილიც წარსულს ჩაბარდება!"

26-11-2012, 10:00
უკან დაბრუნება