მიუხედავად იმისა, რომ შორიდან ვაკვირდებოდი და „წერტილოვან დარტყმებსაც“ ვახორციელებდი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 5-6 ივლისის მოვლენებს (რომელსაც თავისებური გაგრძელება მოჰყვა), სათანადო შეფასება ვერ მივეცი.
არ ვიცი, რამდენად გამომრჩა, მაგრამ ზემოთ ხსენებული მოვლენის ობიექტური ანალიზი არ მომისმენია და არც წამიკითხავს. როგორც ერთი (იგულისხმება პრაიდის მხარდამჭერები, რომელიც სტრუქტურულად საკმაოდ გაფართოვდა - არასამთავრობო ორგანიზაციებს და ლიბერალურ მედიას 15 პოლიტიკური პარტია, დიპკორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ). ასევე, მეორე მხარეც, (კონსერვატორული, ანუ ეროვნული ტრადიციების მომხრე საზოგადოების ნაწილი) მხოლოდ რადიკალური შეფასებებით შემოიფარგლა, რა დროსაც რაციონალური აზრის გამოტანა და მითუმეტეს, ობიექტური დასკვნის გაკეთება, ძნელია.
ვიდრე ობიექტურად შევაფასებ, რა გამოავლინა 5-6 ივლისის მოვლენებმა და სად იყო დაშვებული ნებსითი (შეგნებული) თუ უნებლიე შეცდომები, უპრიანია, აღინიშნოს, რამდენად ადექვატური იყო საზოგადოების რეაქცია და რამდენად აცნობიერებს იგი იმ მოსალოდნელ საშიშროებას, რომელიც თან ახლავს აგრესიულად განწყობილი ლიბერალების მასირებულ შეტევას ტრადიციულ ღირებულებებზე. თუ უფრო დავაკონკრეტებთ, რამდენად ეფექტური გამოდგა დაპირისპირების ის ფორმა, რომელიც საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა აქციაზე გამოავლინა.
მიუხედავად იმისა, რომ გეიპრაიდის რუსთაველზე ჩატარება თავიდან ავიცილეთ, ვერ ვიტყვით, რომ ლგბტ-ს მოწინააღმდეგეებმა „გამოცდა“ წარმატებით ჩააბარეს. მითუმეტეს, არ ვიცით, ძალადობის ინსპირირება ოპოზიციიდან შეგზავნილმა პროვოკატორებმა მოაწყვეს, თუ აღტკინებული მასის მართვა ვერ მოხერხდა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ!
ყოველ შემთხვევაში, მიუხედავად ქართული ტელემედიის წარმომადგენლებისადმი საზოგადოების აგრესიული დამოკიდებულებისა, აქციის მონაწილეებმა არაადექვატური რეაქცია გამოავლინეს და მოძალადის იარლიყიც მიიკრეს!
მრავალგზის დამიფიქსირებია საჯაროდ ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება ქართული პარტიული ტელემედიის მიმართ - მართალია, ისინი (ჟურნალისტები) ჟურნალისტური ეთიკის ყველა ნორმას არღვევენ, მაგრამ, მათ გასანეიტრალებლად არსებობს ყველაზე ეფექტური იარაღი: სრული იგნორი ან ალტერნატიული მედიასაშუალებების შექმნა, რომელიც დააბალანსებს აგრესიულ, პირდაპირ ვიტყოდი, აღვირახსნილობამდე დასულ ლიბერალურ მედიას. ჩვენ ვერც იგნორი ვისწავლეთ და არც ალტერნატიული (მიუკერძოებელი) მედია სივრცის ფორმირებაზე ვიწუხებთ თავს!
ქართული ჟურნალისტიკა (ტელემედია) ეთიკის ყოველგვარ ნორმებს რომ გასცდა, ქვეყანაში ქაოსის დამკვიდრებას და ადამიანთა ზომბირებას რომ ემსახურება, ესეც ფაქტია, მაგრამ, ის მეთოდები, რომელიც მისი (მედიის) განეიტრალებისთვის ავირჩიეთ, არა მარტო არაეფექტური, არამედ, უსარგებლოა - თუ გინდა მოწინააღმდეგე დაამარცხო, სხვა გზა, სხვა ხერხი უნდა აირჩიო, რადგან, იგი ავანტიურაში იმდენად დახელოვნებულია, ვერ მოერევი!
ქართული ჟურნალისტიკა (განსაკუთრებით ქართული ტელემედია) რომ მოძალადეა, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ, ძალადობას ძალადობით რომ ვერ ამოძირკვავ, ესეც ხომ აქსიომაა?!
მართალია, 5-6 ივლისის მოვლენებში დაზარალებულებმა ჟურნალისტული „რევოლუცია“ დააანონსეს, მაგრამ, ფეხი არ ჩაუვიდათ, რადგან, ჯერ ერთი, ქვეყანაში რევოლუციური განწყობა არ არის, მეორეც, იმდენად შეაძულეს ხალხს თავი, მათი მხარდამჭერები აგრესიულ ოპოზიციას ვერ გაცდა. ეს რომ ასეა, ჟურნალისტების მიერ ორგანიზებულმა რამდენიმედღიანმა საპროტესტო აქციამაც დაადასტურა.
და რაც ყველაზე ნიშანდობლივია: ტელემედიამ, რომელმაც საერთოდ ხელი აიღო პროფესიულ ღირსებაზე და აგრესიული ოპოზიციის დანამატად იქცა და რომლის მესიჯი საკმაოდ არაადექვატური იყო, საბოლოოდ დაასამარა საკუთარი თავი - არც პოლიტიკოსებად ივარგეს და ვერც რევოლუცია მოახდინეს!
ვინ არის დამნაშავე?!
ხალხი, რომელმაც აქამდე მიიყვანა ყველაფერი - იტყვით თქვენ და არც უმაგისობაა. ჩვენ 30 წელია მივეჩვიეთ, რომ ყველაფერი, მათ შორის, ჩვენი გასაკეთებელი, სხვამ უნდა გააკეთოს. ჩვენ კი კომპიუტერის კლავიშებზე უნდა ვაკაკუნოთ, ან მხოლოდ ორთქლის გამოშვებით და ცარიელი მუქარით უნდა დავკმაყოფილდეთ.
თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ყველაზე დიდი დამნაშავე ხელისუფლებაა - ხელისუფლება, რომელმაც მყარი სამართლებრივი ნიადაგი შექმნა (ანტიდისკრიმინაციული კანონი) ლგბტ თემის გასააქტიურებლად და დროზე არ აღკვეთა ლგბტპრაიდის რუსთაველზე ჩატარების მცდელობა საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა სიტუაციის გართულება, არ გააუქმა პრაიდი და არც არაფერი იღონა, რომ აქციის მონაწილეთა მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა თავიდან აეცილებინა. აპელირება იმაზე, რომ არ იცოდნენ აქცია ჟურნალისტების მიმართ აგრესიაში თუ გადაიზრდებოდა და ადგილზე საკმარისი ძალა არ აღმოაჩნდათ, მათ პასუხისმგებლობას არ ამცირებს!
აშკარაა: ხელისუფლებამ შეგნებულად შეუწყო ხელი სიტუაციის ესკალაციას, რომ საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილი ნაწილისთვის მოძალადის იარლიყი მიეკერებინათ.
არ გამოვრიცხავ, მოძალადეთა ამქარში ოპოზიციის მიერ შეგზავნილი პროვოკატორებიც იყვნენ. თუმცა, არც ეს ამცირებს აქციის ორგანიზატორთა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას.
როგორც წესი, აქციას მართვა სჭირდება, რაც ორგანიზატორების სისუსტედ უნდა ჩაითვალოს. აქციაზე პროვოკატორების შეგზავნა რომც გამოვრიცხოთ, აჟიტირებული მასის მართვა ურთულესი საქმეა. მითუმეტეს, აგრესიულ ფონზე, რომელიც ლაიტმოტივად გასდევდა მთელ აქციას.
სამწუხაროდ, დამბალანსებლის როლი ბოლომდე ვერც ეკლესიამა შეასრულა - როცა მრევლს ქაშუეთთან იწვევ და პარაკლისის გადახდისკენ მოუწოდებ, უნდა დაამუნათო, რომ ეკლესიისთვის ძეშეცდომილნი (პრაიდის მონაწილენი და მხარდამჭერები) და ტრადიციული ღირებულებების მიმდევარნი მისი სულიერი შვილები არიან და ძალადობა უნდა გამოირიცხოს. მათ კიდევ ერთხელ უნდა შეეხსენებინათ მრევლისთვის: ჩვენ ვემიჯნებით ცოდვას, მაგრამ ფიზიკურად არ ვერჩით ცოდვილებს...
აქციამ გამოავლინა, რომ კონსერვატიული ფრთა, რომელმაც უნდა დააბალანსოს ლიბერალური გამოხტომები, ძალიან მყიფეა და არ შესწევს ძალა უშეცდომოდ მართოს პროცესები. მეტიც, მათ ლიბერასტებისგან (კონკრეტულ შემთხვევაში, ჟურნალისტებისგან) წამოსულ აგრესიას აგრესია დაუპირისპირეს, რის გამოც ხელიდან გაექცათ პროცესები - შედეგიც, რა თქმა უნდა, ადექვატური მივიღეთ.
შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ყველაფერი შეგნებულად იყო ინსპირირებული, რომლის მიზანი არსებითი პრობლემებისგან საზოგადოების ყურადღების მოდუნებაა. ვგულისხმობ, კოვიდსიტუაციას, რომელიც ლგბტ პრაიდისგან განსხვავებით, ქვეყანას (სამყაროს) ყოფნა-არყოფნის ზღვარზე აყენებს.
ჯერ ერთი, როცა წინასწარ იყო დაანონსებული კოვიდაფეთქების ახალი ტალღა, ამის „სარეალიზაციოდ“ პერმანენტული აქციები ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა, რასაც ბოლოდროინდელი კოვიდტატისტიკაც ადასტურებს.
დასკვნა მარტივია: ხელისუფლება და ოპოზიცია (თავის მედია-არასამთავრობოებიანად) შეთანხმებულ თამაშს თამაშობენ, რომლის მიზანი მასობრივი ვაქცინაციაა. არ გამოვრიცხავ, კოვიდსტატისტიკის ზრდის ფონზე იძულებითი ვაქცინაცია დაკანონდეს, ყოველ შემთხვევაში, ამის სიმპტომები უკვე სახეზეა.
სამწუხაროდ, დღეს, როცა ყველაფერი ხელისგულზე დევს და ყველაფერი გაშიშვლებულია, ხალხი ისევ ინერტულ მდგომარეობაშია და ჩიხიდან გამოსავალს ვერ პოულობს. ვერ გავითავისეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ მომენტში მთავარი იარაღი საზოგადოების ერთობაა. ჩვენ კი სოციალურ ქსელში ერთმანეთთან ძიძგილაობაში ვირთობთ თავს და ვერ ვაცნობიერებთ, რომ ურჩხული დღითიდღე გვიახლოვდება!
P.S. გუშინ „ქართული ოცნების“ ბოსებმა განაცხადეს, რომ ე.წ. „მიშელის დოკუმენტი“ რომელმაც ყირაზე დააყენა საქართველოს კონსტიტუცია, ანულირებულია. რას უნდა ნიშნავდეს ეს?!
ნუთუ „ოცნებას“ ეყო თავხედობა, ცალმხრივად უარყოს ევროკავშირის დირექტივები, თუ ესეც თამაშის ნაწილი იყო?!
აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია გაჟღერდა. ერთ-ერთი მათგანი ადგილობრიც არჩევნებს უკავშირდება - მიშელის დოკუმენტის თანახმად, თუ „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებდა, 2022 წლის შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნულიყო. ვერსიის ავტორები ამტკიცებენ, რომ ქართულ პოლიტიკაში გიორგი გახარიას შემოსვლა „ოცნებას“ აშკარა პრობლემებს შეუქმნის და შესაძლოა 43% ვერ გადალახოსო!
პრიმიტიული მსჯელობაა: ასე რომ იყოს, როგორც ზემოთ ვთქვი, „ოცნება“ ვერ გარისკავს ცალმხრივად გააუქმოს ევროკავშირის დირექტივები. მეორეც, 5-6 ივლისის მოვლენებმა თითქმის გაანულა არსებული ოპოზიციის (ვამბობ ოპოზიციას და უპირველესად, იგულისხმება „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი) რეიტინგი, რომლის მთავარი მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა და რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსვლაა.
რაც შეეხება გიორგი გახარიას, არა მგონია, მან ისეთი მხარდაჭერა მოიპოვოს, „ოცნება“ ჩააჩოჩოს“.
ჩვენი პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ერთმანეთზე პოლიტიკურად დაქორწინებულ ორ იდენტურ პოლიტიკურ ძალას, სხვა ძალით ვერ ვანაცვლებთ!
აქედან გამომდინარე, ამ მოჯადოებულ სიტუაციაში არა მარტო ადგილობრივ, არამედ, ნებისმიერი ხასიათის არჩევნებს აზრი ეკარგება - არსებითად ის არაფერს შეცვლის!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი