ივერიონი / რა აკაკანებს ლიბერალ მწერლებს და რამდენად დამნაშავეა თეა წულუკიანი?!

რა აკაკანებს ლიბერალ მწერლებს და რამდენად დამნაშავეა თეა წულუკიანი?!

არშემდგარი „ჟურნალისტური რევოლუციის“ შემდეგ ლიბერალი მწერლების ამბოხების მოწმენიც გავხდით.

 

 

მართალია, რუსთაველზე მრავალათასიანი საპროტესტო აქციით არ გამოსულან და მთავრობისთვის „გადადექი, გადადექი!“-ს მოთხოვნა არ წამოუყენებიათ, მაგრამ, სოციალური ქსელი კი ააბუნტეს - მიზეზი ერთობ სასაცილო და თითიდან გამოწოვილი იყო: როგორ გაბედა კულტურის სამინისტრომ, რომ სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებულ „ლიტერას“ კონკურსის ჟიურში ჩასვა თავისი წარმომადგენელი. ეს ხომ „გამოხატვის თავისუფლების“, გნებავთ, დემოკრატიის პრინციპების შეზღუდვა იყო?!

 

ვიდრე პასუხს გავცემდე, ჰქონდა თუ კულტურის სამინისტროს მის (სახელმწიფოს) მიერ დაფინანსებული პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის ჟიურში წარედგინა თავისი წარმომადგენელი, უპრიანია, გავარკვიოთ, ვინ არიან თავად მეამბოხენი - რამდენად არიან ისინი ახლოს ჭეშმარიტ ლიტერატურასთან და ვინ დაადგა მათ მწერლის (პოეტის) გვირგვინი?!

 

აქსიომაა, რომ  ჭეშმარიტი ლიტერატურა ეპოქის მაჯისცემას უნდა გრძნობდეს და მკითხველს (წიგნიერ საზოგადოებას) სულიერ საგზალს უნდა აწვდიდეს - დაუფარავად უნდა აშიშვლებდეს იმ მანკიერებს, რომელიც ეპოქის თანამგზავრია და ხელს უშლის საზოგადოების წინსვლას. თუ უფრო მარტივად ვიტყვით, მწერალი (პოეტი) მუდამ „ბრძოლის ველზე“ უნდა ტრიალებდეს და „ტყვიას“ ტყვიაში უნდა აჭედებდეს!

 

სხვათაშორის, სხვა ეპოქებზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ მისიას შესანიშნავად ართმევდა თავს მე-20 საუკუნის ქართული მწერლობაც, რომელიც საბჭოთა იდიოლოგიის საბურველში გახვეულიც კი, ქმნიდა ღირებულ ნაწარმოებებს, არ მომერიდება თუ ვიტყვი, შედევრებსაც კი!

 

გადავხედოთ თანამედროვე ქართულ მწერლობას, განსაკუთრებით 21-ე საუკუნის შემოქმედებას. თუ გამონაკლისებს არ მივიღებთ მხედველობაში (ისინიც უფროსი თაობის წარმომადგენლები არიან), თანამედროვე ქართული ლიტერატურა, რომელიც  უნიჭობის (უიდეობის) დემონსტრირებაა და ფაქტიურად დაცლილია სულიერებისგან, ქართველ მკითხველს სულიერ საგზალს ვერ  აძლევს, გარდა იმისა, რომ სკაბრეზებითა და ლიბერალური ღირებულებების პროპაგანდითაა დაკავებული - ლიტერატურულ ღირებულებებზე  საუბარს აზრი არა აქვს, რადგან, მასში (თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში) მსგავსს  ვერაფერს იპოვით!

 

ცალკე საუბრის თემაა ძალადმწერლები და ძალადპოეტები, მაგრამ, ამ თემისგან ამჯერად თავს შევიკავებ...

 

სწორედ ლიბერალური ოპიუმით გაჟღენთილმა პერსონებმა დაიდგეს თავზე თანამედროვე მწერლის (პოეტის) გვირგვინი, სწორედ ისინი წარმოადგენენ საერთაშორისო ლიტერატურულ ბაზარზე საქართველოს, სადაც ტრადიციული ფასეულობების მიმდევარ მწერალს ახლოსაც არ აკარებენ!

 

სწორედ ფსევდომწერლებმა (პოეტებმა) ატეხეს განგაში კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილების გამო, რომელმაც გაბედა და თავისი  წარმომადგენელი (მნიშვნელობა არა აქვს, ბატონი სოსო ჭუმბურიძე იქნებოდა, თუ ბატონი ტარიელ ხარხელაური) შეიყვანა „ლიტერას“ კონკურსის ჟიურში!

 

რატომ აეწვათ კუდი ფსევდომწერლებს და რას უნდა ნიშნავდეს ეს ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი? როგორ უნდა გავიგოთ მათი პრეტენზია - ჩვენ უცხო (სახელმწიფოს) „თვალი“ არ გვჭირდება და წულუკიანის გადაწყვეტილება ჩვენს ინტერესებს(გამოხატვის თავისუფლებას) ეწინააღმდეგებაო?!

როგორ და მარტივად:

 

სამინისტროს წარმომადგენელი, მითუმეტეს, ისეთი პროფესიონალი და პრინციპული კალმოსანი, როგორიც ბატონი სოსო ჭუმბურიძეა, ალბათ თვალს არ დახუჭავდა იმ ფორმალობებზე და უნიჭოთა აღზევებაზე და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა - რამდენადაც ვიცი, ისეთი კონკურსები,  ფაქტიურად,  ფორმალურად ტარდება  და ლიბერალების მიერ დაკომპლექტებული ჟიური ყოველთვის საკუთარ ფავორიტებს აჯილდოებს!

 

ახლა დავუბრუნდეთ კითხვას: აქვს (ჰქონდა) თუ არა კულტურის სამინისტროს უფლება წარედგინა საკუთარი წამომადგენელი ჟიურში?

 

არა თუ ჰქონდა, არამედ, ვალდებულიც იყო - როცა სახელმწიფო იძლევა ლიტერატურულ პრემიას, იგი უფლებამოსილია გააკონტროლოს, რამდენად ობიექტურად ტარდება კონკურსი.

 

თუმცა, ეს უნიჭო, ლიბერალური ოპიუმით გაჟღენთილ  მომწერლო-მოპოეტო პერსონებს არ აწყობთ - არ აწყობთ და ამბოხდნენ კიდეც!

 

გულდასმით გავეცანი ამ თემაზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსებს - გულწრფელად გითხრათ: ცუდად გავხდი. თანამედროვე  ქართველებს ან საერთოდ არა აქვთ წარმოდგენა ლიტერატურაზე და ზოგადად ლიტერატურის მისიაზე საზოგადოების სულიერი ფორმირების თვალსაზრისით, ან  იმდენად ზომბირებულნი და მიკერძოებულნი არიან, ობიექტურობის განცდა საერთოდ დაკარგეს!

 

ახლა მე გეკითხებით: ვის უჭირავს დღეს მეწინავე დროშა ქართულ ლიტერატურაში?

 

რა თქმა უნდა, ლიბერალ მჯღაბნელებს, რომლებიც დაცლილნი არიან სულიერი ფასეულობებისგან და თავიანთი „არაორდინალური“ (გაუგებარი) „შემოქმედებით“ პრეტენზიას აცხადებენ თანამედროვე ქართული ლიტერატურის მეურვეობაზე. როცა ლაშა ბუღაძე, ირაკლი კაკაბაძე, თეონა დოლენჯაშვილი, ირაკლი დეისაძე და და-ძმანი მათნი დიდების კვარცხლბეკზე იქნებიან, ბოდიში და გავარტყი ასეთ ქართულ ლიტერატურას.

 

თუმცა, ეს მარტო მათი ბრალი არ არის - საქართველოში არ მოიძებნა ისეთი ლიტერატორები და ლიტერატურის კრიტიკოსები, რომლებიც ფარდას ახდიან მათ უნიჭობას და მათ მავნებლობასაც ღიად ამხელენ!!!

 

სხვათაშორის, საეჭვოდ დუმან უფროსი თაობის მწერლებიც, რომლებსაც მორალური უფლება აქვთ ობიექტური შეფასება მისცენ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე  პროცესებს. თუმცა, მე პირადად,  მათთანაც მაქვს პრეტენზია - არა მარტო უნდა ამხილონ ფსევდოლიტერატორები, არამედ, მკითხველს დაანახონ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ერის სულიერებისგან დაცლას, საით მიგვაქანებს ადგილობრივი ხელისუფლება ანტიქართული პოლიტიკით!

 

P.S.არავინ იფიქროს, თეა წულუკიანს ან მის უწყებას ვიცავ. მსგავსი რამ ჩემს ჟრნალისტურ (პუბლიცისტურ) პრაქტიკაში არასდროს გამიკეთებია. პირიქით, ყოველთვის ვამხელ ჩინოვნიკთა არაადექვატურ, ანტიქართულ ქმედებებს.

 

არც ბატონ სოსო ჭუმბურიძის დასაცავად ვწერ ამ სტრიქონებს - სოსოს ჩემგან დაცვა არ სჭირდება. ჩვენ ერთ დროს გვიმუშავია გაზეთ „თბილისის“ რედაქციაში. იგი ჩემზე გამოცდილი ჟურნალისტი იყო და ყოველთვის უშურველად მაძლევდა რეკომენდაციებს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა - სოსო კიდევ უფრო დაიხვეწა, რაც მთავარია, ნიჭიერებასთან ერთად მომწონს მისი პუბლიცისტური სიღრმე და ობიექტურობა, კოლეგიალობაზე რომ არაფერი ვთქვა!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

31-07-2021, 13:14
უკან დაბრუნება