ივერიონი / წიგნი, რომელიც ქვეყანას სჭირდება!

წიგნი, რომელიც ქვეყანას სჭირდება!

 

    

 

ცნობილი მეცნიერის, აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას ახალი წიგნი, სათაურით „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში“ ანუ „საქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაციის ხილული და უხილავი პრობლემები“ გაოცებს მაშტაბურობით, გაბედული მეცნიერული აზროვნებითა და მოზომილი, რაფინირებული გულწრფელობით. წიგნი კლასიკური ფორმატისაა და წარმოდგენილია 360 გვერდზე. 

 

 

აქვე, მადლობას ვუხდი ავტორს, ჩემთვის მოწოდებულ ეგზემპლარზე, იმ თბილი და არაორდინალური წარწერისთვის, რომელმაც სასიამოვნოდ ამაღელვა!

 

პირველივე გადაფურცვლისას მივხვდი, რომ ეს ის წიგნია, რომელიც ბოლომდე უნდა წაიკითხო, სერიოზულად გააანალიზო და იამაყო, რომ ამ აწეწილ-დაწეწილ სინამდვილეში, რომელშიც ვცხოვრობთ, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც შესძლო, საზოგადოებისთვის ფუნდამენტალური განვითარების პროგრამა მიეწოდებინა.

 

გამაოცა წერის ორიგინალურმა მანერამ. წიგნის რედაქტორი, ეკონომიკის მეციერებათა დოქტორი, პროფესორი იური პაპასქუა ორიგინალურად ჩაერთო ოპონირების პროცესში და გააზრებული კითხვებით ხელი შეუწყო ავტორს, თამამად წარმოეჩინა მრავალი წლის ნაფიქრალი და დინამიურად (დროსა და სივრცეში) მოეწოდებინა მკითხველისთვის!

 

შეუძლებელია არ დაეთანხმო წიგნის წინათქმაში გამოთქმულ მოსაზრებას: „30 წელია ქვეყანა მრავლისმომცველი გარდაქმნების რთულ პროცესშია და მაინც ვერ დალაგდა... ეს, ყველაზე რთული პერიოდი, ბოლომდე შეცნობილიც არ არის. გაანალიზების მიღმა დარჩა გარდაქმნების უხილავი პრობლემები“... და ა.შ. კიდევ ერთი, ასეთი თეზა: „30 წლის განმავლობაში, საქართველოს მიმართ მსოფლიო თანამეგობრობის დამოკიდებულება, მრავალმხრივი მხარდაჭერის ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა,“ „ძლიერი სახელმწიფოს გარეშე, ძლიერი ეკონომიკა არ არსებობს, მათ გარეშე კი პოლიტიკური თავისუფლება და დემოკრატია ფიქციაა. დღეს საქართველოს თანაბრად სჭირდება, როგორც ძლიერი და გამჭრიახი სახელმწიფო, ასევე ძლიერი და მოქნილი ეკონომიკა.“ ასეთი, დამაფიქრებელი პასაჟები ნაშრომში ბევრია და დაინტერესებულ მკითხველს საშუალებას აძლევს კრიტიკულად შეაფასოს ის გარემო, რომელშიც ცხოვრობს. ავტორი მკითხველს თანამოაზრეობისკენ მმოუწოდებს და რკინისებური, მეცნიერული ლოგიკით ამას აღწევს კიდეც!

 

მართებულია კითხვა: „ვართ, კი მზად, ასეთ გამოწვევებთან გასამკლავებლად?!“ და თავადვე პასუხობს: „30 წლის წინ, უფრო ვიყავით მზად!“ ...რა მწარე სიმართლეა და ამას ამბობს ადამიანი, რომლის კომპეტენციაში ეჭვის შეტანა - შეუძლებელია. ის ხომ 30 წლის წინ, თავად იდგა საქართველოს ეკონომიკის ავანგარდში, როგორც სამთავრობო გუნდის ყველაზე მაღალი იერარქი!

 

არა მგონია, მოიძებნოს ისეთი მკითხველი რომელიც არ დაეთანხმება ქვესათაურად გამოტანილ მოსაზრებას: „ერის უბედურება იწყება იქ, სადაც ნიჭის, ჭკუის და ცოდნის მქონე მამულისშვილებს უნდობლობას უცხადებენ“, ამ მოსაზრებას, მე მიკერძოებულად დავუმატებდი „შეგნებულად!“ - დიახ, შეგნებულად უცხადებენ უნდობლობას იმიტომ, რომ უგუნურებამ შთანთქა ქვეყნის ვერტიკალიც და ჰორიზონტალიც.

 

სულ ხუთიოდე გვერდზეა წარმოდგენილი ავტორის 10 თეზა, რომელიც თავისი მნიშვნელობით ალბათ ცალკე განხილვის საგანი უნდა გახდეს. ამ სერიოზული ნააზრევის მაშტაბურობა რომ წარმოიდგინო, ერთ-ერთი თეზა ასე ჟღერს: „თუ ძლიერი სახელმწიფო არ ვგვექნება, ვერ შევქმნით ძლიერ, სიცოცხლისუნარიან ეკონომიკას, ამის გარეშე კი პოლიტიკური თავისუფლება და დემოკრატია ფიქციაა. უბრალოდ თავის მოტყუებაა. სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფო დღემდე ასეთ სინამდვილეში იმყოფება.“

 

ქვეყანა, რომ ვერ შედგა - ეს ფაქტია! მაგრამ, თუ რატომ ვერ შედგა - ეს ჯერ კიდევ სერიოზული კვლევის საგანია და მე ვიტყოდი, საჩოთიროც. ბატონი ნოდარი, ჩვეული პრინციპულობით მიუდგა ამ საკითხს, მომყავს მცირე ამონარიდი მისი წიგნიდან: „ქვეყანა ბრმად მიენდო დემოკრატიულ ფასეულობებთან დაკავშირებულ მოწოდებებს და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად აირჩია მემკვიდრეობით მიღებული სახელმწიფო მართვის სისტემების მყისიერი ლიკვიდაციის გზა (მართვის ახალ სისტემაზე, წარმოდგენაც არ ჰქონდათ). შედეგად, ქვეყანა სპონტანურად რევოლუციური გარდაქმნების მორევში აღმოჩნდა“ (რაც დამღუპველია -ნ.ქ.).  ანუ, ქვეყანა დაადგა „შოკური თერაპიის“ გზას. ეს თეორია იდიოლოგიზირებულია და მას მხარს დასავლეთი, მაშასადამე - ევროკავშირი უჭერს. 

 

ქართული სახელმწიფოს მესვეურებმა, განვითარების ამ გეგმას ბრმად დაუჭირეს მხარი და შედეგიც სახეზეა! კერძოდ, ქვეყანა აღმოჩნდა კრიმინალურ-მაფიოზური დაჯგუფებების ხელში და დაიწყო ეროვნული სიმდიდრეების დატაცების, შეუქცევადი პროცესები, რასაც ხელი შეუწყო ქვეყნის პარლამენტისა და სამთავრობო სტრუქტურების მიერ გაუაზრებლად მიღებულმა გადაწყვეტილებებმაც (სამწუხაროდ, ეს პროცესი დღემდე გრძელდება). მხოლოდ ზიანი მოგვიტანა პომპეზურად და წარმატებულად წარმოჩინებულმა რეფორმებმაც. კერძოდ: დროში, დაუსაბუთებლად გაწელილმა სასამართლო, ყბადაღებულმა ადამიანის უფლებების დაცვის და სხვა ნაჩქარევად მიღებულმა რეფორმებმა და როგორც ავტორი სამართლიანად აღნიშნავს, „ეკონომიკური ხასიათის რეფორმებმა, რომლების ერთმანეთისგან იზოლირებულად წარიმართა“.

 

დაუკვირდით, როგორი ტევადია ავტორის ლაკონური დასკვნა: „ჩამოყალიბდა „ახალი ღარიბების“ სოციალური ჯგუფი, რომლის უნიკალურობა ისაა, რომ „ახალი ღარიბები“ განათლებული და ადრე პროფესიული ჩვევების (გამოცდილების) ადამიანები არიან.“ - ბატონმა ნოდარმა გაბედა და თქვა ის სიმართლე, რომლის მიჩქმალვასაც დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება ცდილობდა. 

 

აქვე, ავტორი მწვავედ ეხმაურება „ახალი მდიდრების“ ჩამოყალიბებას და სამართლიანად აღნიშნავს, რომ იგი შეიქმნა ეროვნული სიმდიდრეების უმოწყალო ძარცვისა და კრიმინალური აზროვნების სიმბიოზის შედეგად. აქედან გამომდინარე, მართებული და ლოგიკურია დასკვნა, რომ „ახალი მდიდრები“ და „ახალი ღარიბები“ არიან საზოგადოებრივი პროგრესის შეფერხების მთავარი ფაქტორები! და კიდევ: „ხელისუფლებაში მოვიდა ახალი თაობა, რომელსაც მინიმალური ცხოვრებისეული გამოცდილებაც კი არ აქვთ, რომლებიც ჩამოყალიბდნენ მშობლიური ფესვებიდან მოწყვეტილ იდეებზე. დაირღვა საზოგადოებრივი წონასწორობის ფაქტორი: უფროსი, საშუალო და უმცროსი თაობები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შედეგად, კი მივიღეთ პოლიტიკური პარტიების (და არა მარტო მათი), ზღვარსგადასული დაპირისპირება, მუდმივად აჯანყებაზე და არეულობაზე ორიენტირებული, გაუნათლებელი ადამიანების პარლამენტარობა, ყველა რჯულის ავანტურისტის გაპოლიტიკოსება, ე.წ. გარედან დაფინანსებული არასამთავრობოების დიქტატურა, ევროკავშირისა და სხვა უცხოელი „პარტნიორების“ დიქტატი და კიდევ ათასი უბედურება.

 

მართებულია ავტორის მოსაზრება: „განვლილი 30 წლიან პერიოდში, ყველა ხელისუფლებამ ცალ-ცალკე, საკუთარი „ორიგინალური“ ხელწერით „მართა“ ქვეყანა, ეკონომიკის განვითარების პროცესი საკუთარი ინტერესების ჩარჩოებში მოაქცია, თანაც ისე, რომ არავინ თავის წილ პასუხისმგებლობას არ იღებს.“ ხოლო, თუ ვინ არის პოლიტიკურ ელიტაში დღეს? -ამ კითხვაზე, ავტორისეული პასუხი ასეთია: „ მისი ძირითადი ნაწილი მესაკუთრეა.“  რატომ ვერ გაიმართა წელში ქვეყნის ეკონომიკა? - იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მყოფი მესაკუთრეებისთვის პრიორიტეტი მხოლოდ კერძო ინტერესებია! - რკინისებური დასკვნაა. 

 

სამწუხაროდ, დღემდე ქართული სახელმწიფო მმართველის შერჩევა ე.წ. პარტნიორ სახელმწიფოების, სპეცსამსახურებში წყდება. ამიტომაა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, უცხო ქვეყანათა დიქტატისგან ვერ გამოდის, ამას კი რა შედეგიც მოაქვს - დღეს ყველა ვაცობიერებთ. 

 

ავტორი, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ „პოლიტიკა და ეკონომიკა შესაძლებლობების მეცნიერება და ხელოვნებაა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებენ. მხოლოდ ქვეყნის შესაძლებლობებზე ორიენტირებულ პოლიტიკას შეუძლია შექმნას ქვეყნის წარმატებული ეკონომიკა და პირიქით - წარმატებული ეკონომიკა, წარმატებული ქვეყნის საფუძველია. 

 

ავტორის აზრით (რომელსაც ვეთანხმები), სახელმწიფომ უნდა შეასრულოს ხუთი ძირითადი ფუნქცია: 1. კანონიერების საფუძვლების განმტკიცება; 2. დაბალანსებული პოლიტიკის უზრუნველყოფა; 3.საბაზისო სოციალური მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსება; 4. მოსახლეობის დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა; 5. გარემოს დაცვა;

 

ავტორის ყველა მოსაზრება, გამყარებულია მის მიერ სხვადასხვა პერიოდებში ჩატარებული კვლევების შედეგებით. იგი საპაექროდ იწვევს სხვებსაც, ვინაიდან კარგად იცის, რომ ჯანსაღ ოპონირებაში იბადება ჭეშმარიტება, რომელიც ყველა საშური საქმის საფუძველია.

 

საყურადღებოა, რომ ავტორი ზოგჯერ თავად სვამს კითხვას და თავადვე პასუხობს, მაგ:. „რატომ უნდა იყოს ეკონომიკა სოციალურად ორიენტირებული? პასუხი: სოციალური ორიენტაცია გამომდინარეობს თვით ეკონომიკის უზენაესი მიზნიდან - ემსახუროს ადამიანს და მის კეთილდღეობას (ანუ, ადამიანების იმ მასას, რომლებიც ქმნიან მატერიალურ დოვლათს  - ნ.ქ).“

 

შემდგომი კითხვები, გამომდინარეობს წინა კითხვის პასუხისგან და ეს პროცესი ჯაჭვური ხასიათისაა. ამიტომაა, რომ ეკონომიკური მეცნიერება უსასრულოა, ისევე როგორი უსასრულოცაა ადამიანის მიერ დასმული კითხვები. 

 

ქართული სახელმწიფოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებისა და თანმდევი პოლიტიკური პრობლემების დეტალურად შესწავლის შემდეგ, ავტორი აკეთებს დასკვნას იმის შესახებ, რომ სამყაროს ერთპოლუსიანი მართვის არსებული მოდელი შეიცვლება. რომ ეს მოდელი „მალე დაკარგავს მართვის ფუნქციებს“ და ამის მიზეზი, სხვა ფაქტორებთან ერთად ისიც გახდება, რომ ადამიანებს მობეზრდებათ ერთფეროვნება. 

 

ავტორი ხშირად უბრუნდება მსოფლიოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში გლობალიზაციის როლს და ამჯერად აღნიშნავს, რომ „გლობალიზაცია კვლავ შეასრულებს განმსაზღვრელ როლს და ამ პროცესსი ნაციონალური სახელმწიფოები ასპარეზიდან არ გავლენ და ახალ გარემოში ადეკვატურ ფუნქციას შეიძენენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფოები, რომლებიც სხვადასხვა ცივილიზაციას წარმოადგენენ, საკუთარ ელფერს შესძენენ განვითარების გლობალურ პროცესს.“ 

 

ავტორი მეთოდურად უახლოვდება ძირითად სათქმელს: „მომავალში, მსოფლიოში უნდა დადგეს პლანეტის მოსახლეობის, ცხოვრების დონის ამაღლებაში, არა მხოლოდ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის საფუძველზე, ეკონომიკის განვითარების ამოცანა, არამედ ისეთი პოტენციალის ამოქმედების აუცილებლობაც, როგორიცაა: შექმნილი დოვლათის უფრო ზომიერად განაწილება მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის. 

 

მე შევძელი მკითხველისთვის გამეცნო აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას წიგნის მხოლოდ ზოგიერთი ფრაგმენტი. ამ მცირე ამონარიდებიდანაც კარგად ჩანს ავტორის აკადემიურობა, ურთულესი საკითხების გასაგებად და საინტერესოდ გადმოცემის უნარი. ამასთან, ეს ყოველივე, კეთდება იუველირული სიფრთხილით - ისე, რომ არ მოდუნდეს და არ გაიფანტოს მკითხველის ყურადღება. 

 

პ.ს. აკადემიკოს, ნ.ჭითანავას წიგნის „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში“ მთლიანი ტექსტის გაცნობა, მკითხველს შეუძლია ინტერნეტით, საჯარო ბიბლიოთეკაში და სოფლის მეურნეობის მეცნინერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში, მისამართზე: ივ.ჯავახიშვილის ქ. N 51

 

ნაპოლეონ ქარქაშაძე,

აკადემიკოსი

 

29-10-2021, 12:47
უკან დაბრუნება