ივერიონი / მეცნიერის ორიგინალური ხედვა

მეცნიერის ორიგინალური ხედვა

 

ამოხმაურება აკად. ნოდარ ჭითანავას ნაშრომზე „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში - საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის ხილული და უხილავი პრობლემები“

 

 

გამოჩენილ ქართველ ეკონომისტს და საზოგადო მოღვაწეს, აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას საზოგადოება კარგად იცნობს. მისი მასშტაბური აზროვნება და რეალური დამოკიდებულება საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების მიმართ, ყოველთვის იყო და დარწმუნებული ვართ, ყურადსაღები და მისაღები მომავალშიც იქნება. 

 

დიდია ბატონი ნოდარის წვლილი დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობაში. იგი გამორჩეულია თავისი მრწამსით, ცხოვრებისეული თვისებებითა და პრინციპებით: როგორც პატრიოტი, როგორც მეცნიერი, როგორც მაღალი დონის საჯარო მოხელე და მენეჯერი, როგორც საზოგადო მოღვაწე, როგორც პედაგოგი - მრავალი თაობის აღმზრდელი და დამკვალიანებელი!

 

„ივერიონის“ მიერ გამოცემული ბატონ ნოდარ ჭითანავას ნაშრომი მისი ცხოვრების ფილოსოფიური კრედო, კონცეფცია, სტრატეგია და განვლილი გზაა - მასში განსაკუთრებული სიღრმითა და ორიგინალური მიდგომებითაა განხილული ეროვნული ეკონომიკის ოცდაათწლიანი ტრანსფორმაციული პროცესების თავისებურებები და ტენდენციები. თუმცა, ოთხმოცდახუთი წლის ასაკშიც არ ისვენებს ქვეყანაზე მოფიქრალი მისი გონება და ყველაზე აქტუალურზე - პანდემიის პრობლემაზეც ფართო დიაპაზონის მოსაზრებებს გვთავაზობს - ეს არის ათი თეზა, რომელიც უცილობლად უნდა გავითვალისწინოთ კაცობრიობისთვის ამ ვერაგ მტერთან ბრძოლაში! ჩვენი ყურადღება მიიქცია სხვა რაკურსით დანახულმა მეხუთე თეზამ - ოჯახმა, როგორც კორონასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებამ და ისტორიული როლის დაბრუნების შანსმა! 

 

როგორ არ უნდა დაეთანხმო ყოველმხრივ გამოცდილ და განსწავლულ ავტორს, რომ „კატაკლიზმებისას ყველგან და ყოველ ნაბიჯზე თავს წამოყოფს თანამედროვე მსოფლიოს ხუთი უბედურება: სიღარიბე, უწიგნურობა, ავადმყოფობა, უმუშევრობა, უთანასწორობა“. ავადობის წარმომავლობა მის ფესვებში უნდა ვეძებოთ. ავტორი გვარწმუნებს, რომ ეკონომიკური კრიზისის ფესვებიც ასეა - უფრო ღრმა და განტოტილია, ვიდრე გვგონია. ამან გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივებასაც შეუწყო ხელი და ეროვნული ეკონომიკის მეტამორფოზებიც მთელი სისავსით წარმოაჩინა.

 

ბატონი ნოდარი ორიგინალურ მოსაზრებებს გვთავაზობს ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციის ოცდაათწლიან გამოცდილებაზე, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნებსა და გლობალიზაციაზე, ეროვნულ-სახელმწიფოებრივ იდეოლოგიაზე, სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ფორმირებაზე, გეოეკონომიკაზე, როგორც საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორზე, პროგნოზირების, დაგეგმვისა და მართვის ეკონომიკურ როლზე.

 

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მისი დამოკიდებულება მიწასთან, მიწათმოწყობის საკითხებთან მიმართებით. მიწას, როგორც უფლისაგან ნაბოძებ სიმდიდრეს, იგი განიხილავს, როგორც ბუნებრივ რესურსს წარმოების ფაქტორების ურთიერთქმედების სისტემაში, ხოლო მიწათმოწყობას, როგორც მიწის რესურსების გამოყენებისა და მართვის მთავარ ინსტრუმენტს. გამოკვეთილია მისი დამოკიდებულება სადღეისო პრობლემისა და სოფლის გადარჩენის ერთ-ერთი გზის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის და სახელმწიფო პროტექციონიზმისადმი. მიწის რესურსების მართვის სისტემაში ესეც ერთგვარი ფასეული ძღვენია როგორც მეცნიერებისთვის, რომლის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ასევე აგრარული პოლიტიკისა და ამ პოლიტიკის განმახორციელებლებისთვის.

 

გლობალიზაციის ხილული პრობლემები საზოგადოებამ ბოლო ათწლეულებში მძაფრად იწვნია. ეს განსაკუთრებით მძიმე იყო გარდამავალი პერიოდის, სუსტი ეკონომიკის მქონე, პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობით უაღრესად დამძიმებული ქვეყნებისთვის და ბუნებრივია, ჩვენთვისაც. ბატონი ნოდარის ორიგინალური მიდგომა და მასშტაბური აზროვნება სწორედ გლობალიზაციის უხილავი პროცესების საფრთხეების წარმოჩენასაც ემსახურება, შეცნობას იმისას, რა გვჭირს და რა უნდა ვაკეთოთ!

 

მის აღზრდილ თაობებს გვახარებს, რომ ბატონი ნოდარი ჩვეული ენერგიითა და მაღალი პასუხისმგებლობით აგრძელებს თავის სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. მისთვის ქვეყნის სიძლიერე ცოდნაშია, განათლებაშია რამეთუ „რაც გვჭირს, ცოდნის დეფიციტის გამოა, მხოლოდ ცოდნის ჩარხზე ალესილი ჭკუა გვიშველის“...

 

მრავალჟამიერ თქვენს მოღვაწეობას, ბატონო ნოდარ!

 

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი, 

პროფესორი ნიკო ჩიხლაძე

 

29-11-2021, 10:33
უკან დაბრუნება