ივერიონი / თავისუფალი პროფკავშირი, თუ შტრაიკბრეხერობა?!

თავისუფალი პროფკავშირი, თუ შტრაიკბრეხერობა?!

ხელისუფლებისადამი მსგავსი მაამებლობა, რასაც ე.წ. „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“ წლებია აკეთებს, წინა რეჟიმიდან მოყოლებული დღემდე - კომპარტიის ცეკასაც კი შეშურდებოდა. მართლაც ბრეჟნევიადის ზეიმია საგანმანათლებლო სისტემაში! ამიტომაც თუ შეადარეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ჩხენკელის ანგარიშს ბრეჟნევის სიტყვით გამოსვლას. მაშინდელი პროფკავშირივით, ახლანდელმაც ხომ არაერთი ქება-დიდება მიუძღვნა! გასული ათწლედი შეჯამდა და მომავალი „დიადი“ ათწლედიც დაიგეგმა!

 

დიახ, ვერ დასრულდა საბჭოთა მიდგომა და საბჭოთა მემკვიდრეობა. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემა რასაც იყო მორგებული, იმის მიხედვით თითქმის საათივით იყო აწყობილი და საბჭოთა სახელმწიფოს რა მიზნებიც ჰქონდათ მაშინ, განათლებაც იმას ემსახურებოდა! ვერავინ გრძნობდა პროფკავშირის საწევროს თუ იხდიდა. ახლა კი პროფკავშირი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დანამატ პარაზიტ (გაგახსენებთ, რომ წევრი პედაგოგები საკმაო ოდენობის საწევრო ექვითებათ) ორგანიზაციადაა გადაქცეული და ვისთანაც გასდით, იმ მასწავლებლებს „აბოლებენ“ (ბოდიში ჟარგონისთვის!). 

 

სასაცილოა, როდესაც სახელწოდებაში ტერმინი „თავისუფალი“ აქვთ გამოყენებული. საინტერესოდ კი „გაუგიათ“ ამ სიტყვის მნიშვნელობა. თურმე, ხელისუფლებასთან პერმანენტული მაამებლობა, კონფორმიზმი, ყოველ ნაბიჯზე ტაშის კვრა და რაც ყველაზე მეტად მიუღებელია -  შტრაიკბრეხერობა ყოფილა „თავისუფლება“! 

 

კიდევ უფრო სასაცილოა, რომ ორგანიზაციას მარტო განათლების კი არა - მეცნიერების დაცვაზეც აქვს ამბიცია და რაღაც მეეჭვება მათგან მეცნიერების დასაცავად რაიმე სიტყვა თქმულიყოს. ვერ ვიხსენებ და თუ რამეს გამახსენებს ვინმე, სიამოვნებით წავიღებ ამ სიტყვებს უკან.

 

ლოზუგებში ისიც უწერიათ, რომ დაცული უფლებები და ღირსეული შრომითი უფლებები ხარისხიანი განათლების საწინდარია. ამას ამბობს ის ორგანიზაცია, რომელსაც, უკანასკნელ 15 წელიწადში ერთხელაც არ ამოუღია ხმა მასწავლებელთა  ანაზღაურების მოსამატებლად, მაგრამ, როდესაც ცალკეული პიროვნებების ბრძოლით ეს ხერხდებოდა, შემდეგ , ამ მიღწევას, როგორც მახსოვს, თავად იწერდა და იწერენ ხოლმე; ასე იყო ახლაც, როდესაც მასწავლებლებმა თავიანთი ბრძოლით დაათმობინეს ხელისუფლებას და ამ ბრძოლის შედეგად გასაყრელად განწირული რაამდენიმე ასეული მაინც გადარჩა სისტემიდან გაძევებას! ამ ბრძოლის დროს ე.წ. პროფკავშირი მხარს უჭერდა მათ გაშვებას, მოუწოდებდა მასწავლებლებს არ წასულიყვნენ აქციებზე. მაგრამ, მერე რა? მთავრობის დათმობა თავის დამსახურებად მიიჩნია. საბედნიეროდ, ეს არავის სჯერა! 

 

ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის დუმდა და დუმს ხელისუფლების მიერ სისტემიდან პროფესიონალთა, როგორც მასწავლებლების, ისე - დირექტორთა დევნაზე. ყველაზე ნათელი მაგალითები: ყოფილი მინისტრის თამარ სანიკიძის მიერ - თბილისის 116-ე საჯარო სკოლიდან პედაგოგთა უფლებების პიროვნული დამცველის დავით ფერაძის გაძევება, თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის დოდო კეზუას გაშვება,  ხსენებული 116-ე საჯარო სკოლის დირექტორის დიმიტრი მეჭურჭლიშვილის დევნა და გათავისუფლება,  ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას დევნა და გარდაცვალებამდე მიყვანა... ეს მხოლოდ ორიოდე მაგალითია ე.წ. „უფლებადამცველლი“ ორგანიზაციის იმ დროს დუმილისა, როდესაც ხმის ამოღება სავალდებულოა და დუმილი - დიდი დანაშაული. ორგანიზაციის ე.წ. ლიდერმა შეიძლება არც ის დამალოს და თქვას, რომ ჩამოთვლილ დირექტორებს პარტიული შეხედულებების გამო დევნიდნენო. მაგრამ, პედაგოგებზე რაღას იტყვიან? ჩემი ორგანიზაციის წევრები არ არიანო?

 

ზემოთ შტრაიკბრეხერობა ვახსენე, ამ ტერმინს უფლებებისთვის ბრძოლაში ღალატისა და ხელშეშლის მნიშვნელობით იყენებენ. კაცი კიდევ გაიგებდა ხელისუფლების „დანამატობას“, დუმილს,  მაგრამ, როდესაც ხელისუფლების მიერ უმუშევრობისთვის განწირულ პედაგოგებს, მით უმეტეს, შენივე ორგანიზაციის  წევრებსაც ხელს უშლი, იბრძოლონ თავიანთი უფლებების დასაცავად, გამოიყენეონ კანონით მინიჭებული გამოხატვის, სიტყვის, შეკრების უფლებები, როდესაც ამ უფლებების გამოყენებისთვის ემუქრები და აშანტაჟებ  - ეს უკვე სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ფუნქციების შეთვისებას ჰგავს, თორემ ყოფილ საბჭოთა პროფკავშირშიც კი  არ მოაფიქრდებოდათ ასეთი ქმედება? ვიღაც იკითხავს, რა ფაქტები არსებობსო და მე ვიტყვი, რომ უამრავი ფაქტია, სოციალურ ქსელებში, თუ როგორ მოუწოდებს პროფკავშირის ე.წ. ხელმძღვანელი სტატუს შეწყვეტილ მასწავლებლებს, რომ არ გავიდნენ ისინი აქციებზე, რომ საჯაროდ გამოაქვეყნებს მათ საგამოცდო ნაშრომებს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯერ კიდევ მასწავლებელთა გამოცდების შედეგების დადებამდე საჯაროდ არაერთხელ განაცხადა, ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა მასწავლებლებისთვისო, რომ მე-11 წელია მასწავლებლებმა იციან ვადები და რადგან ვერ აბარებენ, გამართლებული იქნება მათი გაშვებაო. გამოცდების მერეც იგივე პათოოსს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ ამაზე მეტი ლოიალობა და დათმობა მთავრობის მხრიდან შეუძლებელი იყოო. რად ღირს თუნდაც პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში მისი მისვლა და პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ოპონირება, სადაც მისგან ხელისუფლების ქება-დიდებამ თავად ხელისუფლებასაც კი უხერხულობა აგრძნობინა. არც ახლა მთავრდება დადებითი შეფასებები. 

 

მინისტრი ჩხენეკლი, რომელმაც თავის მინისტრობაში ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა შუა სასწავლო წელს ათასობით მასწავლებლის სკოლიდან გაძევებით, ამ ლაქას მხოლოდ იმით თუ წაშლის, რომ სანამ გვიან არაა, გადაიფიქროს მან გადაწყვეტილების აღსრულება. და ე.წ. პროფკავშირის მეთაურმა ბოლოს, რაც გაახმოვანა ისიც იყო, რომ მინისტრი ობიექტურად მოექცა მასწავლებლებს, რომ ყრის სკოლიდანო. აი, უფლება დამცველობაც ამას ჰქვია!

 

რაღაც, ხელისუფლებაში შეღწევის სურვილის სუნი ტრიალებს, მგონი! მაგრამ, მინისტრობა კი არა, როგორ გახდა ეს ადამიანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იქნებ ამით დაინტერესებულიყო პედაგოგიური საზოგადოება.

 

როგორ აირჩიეს ის თავის დროზე და საერთოდ, ვისი კანდიდატურა გახლდათ, ამაზე და სხვა დეტალებზე იმის შემდეგ ვისაუბრებ თუ ამ წერილს საპასუხო „თავის მართლების რეჟიმის“ ჩართვა მოყვება. ეს ერთ-ერთი მიზანია, რომ საბოლოოდ გამოაშკარავდეს ამ საბჭოთა გადმონაშთის რეალური სახე და რომ გონს მოეგონ პედაგოგები და დატოვონ ის ორგანიზაცია, რომელსაც ასე უხვად, მაგრამ უმიზნოდ უხდიან საწევრო გადასახადებს.

 

ე.წ. პროფკავშირს არ აკმაყოფილებს ის, რომ ძირითად ფუნქციებს არ ასრულებს, არც ის, რომ უფლებადარღვეულ პედაგოგებს რთულ დღეში აგდებს - არ გაბედოთ ბრძოლაო (იხ.სოცილაური ქსელები). მას კიდევ ერთ მთავარ მიზნად უქცევია, შეეწინააღმდეგოს რეალურ უფლებადამცველებს? თავად ის ფაქტი, რომ ნიშა მონოპოლიზებული ყავს ერთ სამთავრობო პროფკავშირს, სისტემის გაუგონარ ანტიდემოკრატიულობაზე მიუთითებს. განვითარებულ ქვეყნებში არსებობს რამდენიმე პროფკავშირი და იმის მიუხედავად, რომ განათლების დონით, ხარისხით, სისტემის მუშაკთა სოციალურ-მატერიალური და სხვა უფლებებით, ისინი ისე შორს არიან ჩვენგან, როგორც ცა და მიწა, იქაურ პროფკავშირებს აზრადაც არ მოსდის ხელისუფლების ოდნავი შექებაც კი.  ხელისუფლება იმისია, რომ საქმე აკეთოს. ეს არ გამორიცხავს დიალოგს და დაიალოგი არ ნიშნავს „ჯიბის პროფკავშირობას“! 

 

ჩვენს ქვეყანაში კი რას ვიღებთ? დასაქმებულთა საწევროებით გამდიდრებულ ორგანიზაციას, რომელიც გადამხდელი, ანუ დამკვეთი წევრების, ანუ დასაქმებულების ნაცვლად იცავს დამსაქმებელს. დავუშვათ, რომ მართლაც ყველაფერი კარგადაა და წინ მიიწევს განათლების სისტემა; ვთქვათ, მასწავლებლების წინაში არანაირი პრობლემა არ დგას, მაშინ გამოდის, რომ აღარც პროფკავშირი ყოფილა საჭირო. 

 

გასაკვირი კი ისაა, რატომ არ ტოვებენ პედაგოგები ამ სრულიად გაუმართლებელ ორგანიზაციას, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც არ დაიცვა და რომელთა სკოლიდან გაშვება გაამართლა? აქ მხოლოდ ერთი მიზეზი უნდა არსებობდეს: ესაა მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ორგანიზაციების ლიდერთა ფაქტორი. დიდი ალბათობით, მათი ავტორიტეტი განაპირობებს პედაგოგების წევრებად შენარჩუნებას. აი, ის კი გაუგებარია, ამ ლიდერებს  რაღა აიძულებთ, მაინც და მაინც ორგანიზაციის „ცენტრს“  ემორჩილებოდნენ, განსაკუთრებით ახლა, რომელსაც უკანასკნელმა მოვლენებმა სრულად შეურყია სახელი!

 

დავით სალია ემიგრაციიდან, 

პედაგოგი, ისტორიკოსი

 

23-12-2021, 14:54
უკან დაბრუნება