(გამოხმაურება ნოდარ ჭითანავას წიგნზე „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში“. თბილისი:“ივერიონი“, 2021)
ეკონომიკური გარემო საქართველოში
ხალხი „სისტემით“ უკმაყოფილოა. ზოგჯერ, აგრესიული ფორმითაც კი გამოხატავს ამას და სისტემის დანგრევას ითხოვს! „სისტემა“ ამ შემთხვევაში ის გარემოა, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ. ეს გარემო პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა სისტემებს მოიცავს. მათ შორის, უმნიშვლელოვანესია ეკონომიკური გარემო , ანუ სისტემა. ამ დროს საქართველოში არსებული ეკონომიკური სისტემის თვისებრიობაზე, მის სტრუქტურაზე, შემადგენელი ელემენტების თანაარსებობის ხასიათზე ეკონომიკურ ლიტერატურაში ყველაზე ნაკლებადაა გამახვილებული ყურადღება. სამწუხაროდ, ამაზე ოფიციოზი და მასმედიაც დუმს.
შედეგად, ადამიანებისათვის ფაქტობრივად უცნობია პოლიტეკონომიური, მეცნიერულად ახსნილი არსი იმისა, თუ რა ეკონომიკურ გარემოში ცხოვრობენ.
აკადემიურ ლიტერატურით ცნობილია, რომ ქვეყანაში 30 წელია მიმდინარეობს ადმინისტრაციულ - გეგმური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა /ეკონომიკაში ტრანსფორმაცია და შესაბამისად, საქართველო გარდამავალი ქვეყანაა/ ტრანსფორმირებადი ეკონომიკით. კარგადაა შესწავლილი, ამ პერიოდში განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა, მიმდინარე რეფორმები, ეკონომიკის ფაქტიური მდგომარეობა და ა.შ.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდის ეკონომიკური განვითარების განხილვისას მკვლევარები ახდენენ ეტაპიზაციას ქრონოლოგიური კრიტერიუმებით. პროფ. ნოდარ ჭითანავაც ამ მიდგომას ანიჭებს უპირატესობას და გამოყოფს ოთხ ეტაპს: 1990-1995, 1996-2003, 2004-2012 წლები და 2013 წლიდან (გვ.89-100), რაც ავტორის აზრით, საშუალებას იძლევა „უფრო რეალურად წარმოვიდგინოთ ეკონომიკის განვითარების ზიგზაგების მიზეზები და რადიკალური ცვლილებების მთლიანობითი პროცესი“(გვ.89). ქრონოლოგიური ჩარჩოებით კლასიფიკაცია პროდუქტიულია, მაგრამ ეტაპების დახასიათებისას ბევრი შემთხვევთი მოვლენა, ან ერთეული შემთხვევა წამოიწევს წინა პლანზე, განვითარებაში თვისებრივი გარდატეხა კი - არ ჩანს. ჩემი აზრით, პროდუქტიულია დაყოფა შინაარსობრივი, თვისებრივი კრიტერიუმით, „ველური“ კაპიტალიზმის ეტაპი და მისი „ცივილიზებულ“ კაპიტალიზმში ტრანსფორმაციის ეტაპები. მათ შორის ტიხარს ქმნის საქართველოს კონსტიტუცია (1995) და მისი შემდგომი ორწლიანი პერიოდი , რომლის განმავლობაშიც განხორციელდა, ამ კონსტიტუციის შესაბამისი, საბაზრო ეკონომიკის მომწესრიგებელი ქართული სამართლის სისტემის ძირითადად ჩამოყალიბება. ასეთი კრიტერიუმით ეტაპიზაცია ეკონომიკური სისტემის გენეზისის დანახვისა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობების დანახვის საშუალებას იძლევა, რაც აუცილებელია სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისათვის.
ეკონომიკური სისტემის ზოგადი დახასიათება, როგორც მაგალითად, „პოსტ-სოციალისტური“, „პოსტ-საბჭოთა“ აფართოებს ცოდნას ზოგადად ეკონომიკური სისტემაზე, მაგრამ არაა საკმარისი მისი შემადგენელი ელემენტების ურთიერთდამოკიდებულებისა და თანაფარდობის გასარკვევად - არც სტატიკურად, არც დინამიურად. კერძოდ, იმის დასადგენად, „საბჭოთა/კომუნისტური“ სოციალიზმის ეკონომიკური სისტემის დემონტაჟი და საბაზრო/კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემის რესტავრაცია დროში, მთლიანად, და ცალკეული დროითი ინტერვალისთვის, კონკრეტულად, როგორ თანაფარდობას წარმოშობს რაოდენობრივად, როგორია მათი ურთიერთქმედების პროცესი თვისებრივად.
არსებული ეკონომიკური სისტემის სტრუქტურული დახასიათება მოცემული აქვს პროფ. ნ.ჭითანავას: „დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური სისტემა ფაქტობრივად წარმოადგენს „საბჭოთა სოციალიზმის“, „ველური კაპიტალიზმის,“ განვითარებული და განუვითარებელი ქვეყნების ეკონომიკური სისტემის ელემენტების რაღაც ნაზავ, არსსგამოცლილ ჰიბრიდულ წარმონაქმნს (კონგლომერატს), რომელიც თვისებრივად განსხვავდება დღემდე არსებული ეკონომიკური სისტემისგან და მას ისტორიული ანალოგი არა აქვს“(გვ.115).
სამწუხაროდ, ამ, უაღრესად მნიშვნელოვანი, ჰიპოთეზის გაშლა წინამდებარე ნაშრომში მოცემული არაა. აქ მრავალ კითხვაზეა გასაცემი პასუხი, თუნდაც იმაზე: თუ ის უნიკალურია, რით განსხვავდება სხვა სისტემებისგან და საერთოდ, ერთი სისტემაა, თუ „კონგლომერატი“? პასუხების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ არსებული ეკონომიკური სისტემის არსში გასარკვევად, არც მისი სტრუქტურის სტატიკური წარმოდგენა არაა საკმარისი. ეს საკითხი ვერ წყდება ქრონოლოგიური ეტაპიზაციისა და ისტორიული სისტემატიზაციის ფარგლებში და დამატებით, ეკონომიკური სისტემის თვისებრივი კრიტერიუმებით, განვითარების ლოგიკური ეტაპიზაციით შესწავლას მოითხოვს.
ასეთი დაყოფისთვის ფაქტობრივი მასალა და არგუმენტები ბატონ ნოდარ ჭითანავას ზემოხსენებულ წიგნში საკმარისია, უბრალოდ ის არ ახდენს მსგავს ფორმალიზებას. ის იყენებს ცნებას „ველური კაპიტალიზმი“ პრინციპული შინაარსით: „..მე-20 საუკუნის დასასრულს გეგმიანი, სოციალისტური მეურნეობრიობის სისტემიდან XIX საუკუნის მოდელის „ველური კაპიტალიზმის“ პრინციპებზე გადასვლა“ (გვ.337). რეალურ ცხოვრებაში, საქართველოში ამჟამად არსებულ ეკონომიკურ გარემოში, „საბჭოთა სოციალისტურ“ და საბაზრო ეკონომიკური სისტემებს უწევთ თანაარსებობა. მათი ელემენტების ერთმანეთში ტრანსფორმაცია, მათი ურთიერთგამომრიცხავი თვისებებისა და ფუნქციონირების მექანიზმების გამო გამორიცხულია.
„საბჭოთა სისტემა“ ხელოვნურად, სწორედ საბაზრო მექანიზმების ანტიპოდად და ჩასანაცვლებადაა შექმნილი. საბაზრო ეკონომიკა კი - ფუნქციონირებს ავტომატურად, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში (კერძო საკუთრების უფლება, ფასებისა და ვაჭრობის თავისუფლება, კონკურენცია...). ამიტომ როგორც კი გაჩნდა ასეთი პირობები საქართველოში საბაზრო ეკონომიკამ დაიწყო ფუნქციონირება. რადგანაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველ წლებში მისი შემბოჭავი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები არ არსებობდა, მან მიიღო სტიქიური, „ველური კაპიტალიზმის“სახე. „ველური კაპიტალიზმის“ არსებობა თანამედროვე მსოფლიოში აღიარებული ფაქტია.
საქართველოს კონსტიტუციის მიღების შემდეგ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედებებით, პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის მოდერნიზაციით დაიწყო „ველური კაპიტალიზმის“ ტრანსფორმაცია ეფექტიან საბაზრო ეკონომიკაში, მაგრამ ის დღემდე შენარჩუნებულია და მასთან ერთად შენარჩუნებულია „საბჭოთა სოციალისტური“ ეკონომიკური სისტემის ელემენტები. რატომ არ დასრულდა „დესოვეტიზაცია“/განსახელმწიფოებრიობა? „საბჭოთა სოციალისტური“ - ბიუროკრატიული გეგმური სისტემა სუბიექტურად შექმნილი სისტემაა, მისი ელემენტების შენარჩუნება შესაძლებელია სუბიექტური, ამ შემთხვევაში მმართველობითი სისტემის, ბიუროკრატიის გარკვეული ქცევების პირობებში.
ერთის მხრივ, საბჭოთა და საბაზრო ელემენტების მუდმივი ურთიერთსაპირისპირო მოქმედება და მეორეს მხრივ, „დესოვიეტიზაციის“ პროცესის დასრულების გაწელვა, იწვევს მართვის სისტემის მუდმივად კრიზისში ყოფნას (გვ.125) და შედეგად, გასული საუკუნის 90-იან წლებში წარმოშობილი და ქრონიკული ფორმით არსებული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაუსრულებლობას. აქ ავტორი აკეთებს უმნიშვნელოვანეს დასკვნას ელიტის (ნომენკლატურის) დროის მოთხოვნილებებთან შეუსაბამობისა და „სახელმწიფო ელიტის, ე.ი. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კადრების“(გვ.127) საჭიროების შესახებ. ელიტამ უნდა აკეთოს არა ის, რაც სურს, არამედ ის, რაც ქვეყნისთვისაა აუცილებელი. ამის გზამკვლევი კი მას უნდა ჰქონდეს ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის (პროგრამის) სახით. ელიტა ამ სტრატეგიისათვის და ამ სტრატეგიის განხორციელების დროს იქმნება (გვ.127). ასეთი სტრატეგიის შექმნა მხოლოდ მეცნიერული კვლევებისა და მეცნიერების ჩართულობითაა შესაძლებელი ასეთი შესაძლებლობის ერთი თვალნათელი მაგალითი წინამდებარე ნაშრომია.