ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: რა უნდა პუტინს და რა ელის უკრაინას?!

ზაურ ნაჭყებია: რა უნდა პუტინს და რა ელის უკრაინას?!


„რუსეთს სხვა გზა არ დაუტოვეს“ - ბრძანა ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ წუხელ ჩემს საავტორო გადაცემაში: „პოლიტიკური თერმომეტრი“ ტელეკომპანია „ქართულ ტვ“-ზე.

 

ანალიტიკოსმა,  სათანადო არგუმენტებით გაამყარა საკუთარი დასკვნა და იმ მძიმე მომავალზეც გაამახვილა ყურადღება, რისი მომსწრენიც შეიძლება გავხდეთ უახლოეს მომავალში.

 

გიორხელიძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ, სამწუხაროდ, უკრაინა ილუზიების ტყვეობაში აღმოჩნდა - ზელენსკი დაარწმუნეს: საერთაშორისო თანამეგობრობა (იგულისხმება ევრო-ამერიკა) არა მარტო თანამედროვე იარაღით დაეხმარებოდა რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, არამედ...

 

არადა, გუშინდელმა დღემაც დაადასტურა, რომ ზელენსკი გააცურეს და უკრაინელი ხალხი საზარბაზნე ხორცად მიუგდეს გავეშებულ რუსეთს, რომელ საკუთარ სამეზობლოში ცოცხალი თავით არ დაუშვებს ნატო-ს გაფართოების პერსპექტივას!

 

თავად ზელენსკიმაც აღიარა, რომ მოტყუებული დარჩა და ახლა მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს! აბა მოვუსმინოთ: „ვართ საკუთარი თავის იმედად, მარტო დავრჩით. ჩვენთვის ბრძოლა არავის უნდა!"

 

ყველა საკუთარი თავის იმედზე რომ უნდა ვიყოთ, ეს 2008 წლის აგვისტომაც დაადასტურა. რაც შეეხება  სხვის იმედზე ყოფნას, ეს მხოლოდ მაშინაა მოსალოდნელი, როცა ინტერესები საერთოა და ამ მხარდაჭერით მიღებული შედეგებიც მისაღებია მეორე (მხარდამჭერი) სუბიექტისთვისაც.

 

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემთხვევაში, სხვის იმედზე ყოფნა, ნიშნავდა და ნიშნავს, მესამე მსოფლიო ომის პროვოცირებას, რომელიც არც ერთ მხარეს არ უნდა აწყობდეს!

 

ის, რომ ამერიკა და ნატო-ში დანარჩენი სახელმწიფოები უკრაინის გამო ასეთ ავანტიურაში რომ არ ჩაებმებოდნენ, ღრმადპატივცემულ ზელენსკის უნდა სცოდნოდა. იქნებ, იცოდა კიდეც და მაინც აიძულეს?!

 

არასდროს ვყოფილვარ და არც მომავალში ვაპირებ ვიყო რუსეთუმე - კარგად ვიცი რუსეთ-საქართველოს თითქმის ორსაუკუნენახევრიანი ურეთიერთობის პერიპეტიები. ამდენად, შეუძლებელია რუსეთი მიყვარდეს, მაგრამ, რაც არ უნდა მძულდეს, რაც არ უნდა სამართლიანი პრეტენზიები მქონდეს მასთან, როგორც „დერჟავასთან“ (ხალხს რას ვერჩი!), ობიექტურობის განცდა არასდროს მღალატობს - ერთი რამ დაბეჯითებით ვიცი: რუსეთი ჩვენი ისტორიული ბედისწერაა და რაც მეტს გავაღიზიანებთ, მით უფრო დავისჯებით! თუმცა, ეს არ ნიშნავს, ხელების აწევით შევხვდეთ რუსეთის აგრესიას...

სამხედრო აგრესია ნებისმიერი სახელმწიფოს წინაარმდეგ გაუმართლებელია. გაუმართლებელია იგი უკრაინასთან მიმართებაშიც, რა ქვეცნობიერი მიზეზებიც არ უნდა იდგეს ამ აგრესიის მიღმა.

 

რა თქმა უნდა, უკრაინის დღევანდელმა მდგომარეობამ გული უნდა აგვიფორიაქოს და თანაგრძნობის სურვილიც უნდა აღგვიძრას, მაგრამ, ამის იქით რა შეგვიძლია? ჩავიდეთ უკრაინაში, ავიღოთ ხელში იარაღი და ვებრძოლოთ რუსეთს?

 

ასეც რომ მოვიქცეთ, რა შედეგს მივიღებთ - რუსეთს დავაჩოქებთ და საკუთარ ტერიტორიულ პრობლემებსაც ადვილად მოვაგვარებთ?!

 

მეტი არაა ჩემი მტერი - არც ეს გამოგვივა და არა მარტო საომარ მოქმედებებში უკრაინის მხარდაჭერით, არამედ, ზედმეტი ხმაურითაც კი რუსეთს კიდევ უფრო გავაღიზიანებთ და უკრაინის შემდეგ ჯავრს ჩვენზეც იყრის. ვისი იმედი უნდა გვქონდეს: ცალკე აღებული ამერიკის თუ ე.წ. დასავლეთის? ან, ნატო-ში დაჩქარებული წესით მიღება იქნება გამოსავალი?

 

ჯერ ერთი არ მიგვიღებენ, მეორეც, რას ვუშვრებით ოკუპირებულ ტერიტორიებს - ნატოში მიღების შემთხვევაში (თუმცა, არ მჯერა ასეთი ილუზიის) სამუდამოდ ხომ უნდა გამოვეთხოვოთ?!

 

უკრაინის კონფლიქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთს, არათუ ჩვენ, სუპერ სახელმწიფოები და სამხედრო ალიანსიც ვერ ეთამაშებიან. რაც შეეხება პუტინს, ის ყველაფერზეა წამსვლელი საკუთარი „დერჟავის“ შესანარჩუნებლად.

 

აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ არსებობის მანძილზე ძალიან დაბალანსებული და სახელმწიფოებრივად სწორი მიდგომა მეჩვენა მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები - ეს არის მთავრობის მეთაურის დინჯი, გაწონასწორებული გზავნილები, არსებული სიტუაციის და შიდა რესურსების ობიექტური შეფასება.

 

ვეთანხმები პრემიერს, რომ ამ სახიფათო თამაშში ნებისმიერი ფორმით ჩართვა საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს ისედაც დასუსტებულ-დანაწევრებული საქართველოსთვის, ამის მწარე მაგალითი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმაც დაგვანახა!

 

ისტერიას და გაუაზრებელ გამოხტომებს, არასდროს მოუტანია ხეირი არცერთი სახელმწიფოსთვის და ბუნებრივია, არც ჩვენ მოგვიტანს.

 

აგრესია უნდა დავგმოთ, მაგრამ, უფრო გამართლებული იქნება, დიპლომატიური ენით გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება და შედარებით ნეიტრალური დავიჭიროთ.

 

რაც შეეხება პროვოკატორებს, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ (სასაცილოა), თავიანთი ადგილი უნდა მივუჩინოთ და საკადრისად ვამხილოთ!

 

ძირს მაპროვოცირებელი ისტერია!

 

P.S. ვისაც ვითარების ობიექტური შეფასება აინტერესებს, ნახეთ გუშინდელი ჩემი საავტორო გადაცემა, „პოლიტიკური თერმომეტრი“ (https://www.facebook.com/Kartulitv/videos/360171589083424) და თითქმის ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს!

 

P.S.S. კითხვაზე, როგორ დამთავრდება რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტი, ზუსტი პროგნოზირება ძნელია, თუმცა, ორდღიანი საომარი მოქმედებები ცხადყოფს, რომ რუსეთის აგრესიულ  შემოტევებს უკრაინა ვერ გაუძლებს, რასაც ხელისუფლების ცვლაც მოჰყვება. ყოველ შემთხვევაში, რუსეთი თავისას გაისწორებს და ნატო-ნატოს პერსაპექტივასაც წერტილი დაესმება. 

 

ერთი რამ ცხადია: საომარი მოქმედებები რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს, რომ ამ  ხელოვნურად აგორებულ ომს ნაკლები ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს!

 

25-02-2022, 15:10
უკან დაბრუნება