(ანუ, სპეკულაცია და გამდიდრება, ხალხის გაჭირვების ხარჯზე!)
ორი დღის დაწყებული იყო უკრაინაში ომი, ორი კვირით გავედი ქალაქიდან, ჯერ თეძმის ხეობაში, იქიდან კი ანაკლიაში.
სამწუხაროდ, 24 თებერვალს დაიწყო ომი უკრაინაში და წელს, დაბადების დღეც ჩამიშხამდა!
ორი დღის მანძილზე, ტელეფონი არ გაჩერებულა, იშვიათად ჩემი დაბადების დღის გამო, ყველა დანარჩენი 2014 წელს გამოქვეყნებულ ჩემს სტატიას „იუგოსლავია და უკრაინა ევრო-ამერიკული დემოკრატიის მსხვერპლი“ იხსენებდა და უამრავ კითხვებს მისვამდნენ, ორი სლავი ერის, სამკვდრო სასიცოცხლოდ წაკიდებაზე.
ომის დაწყებამდე, რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნე ამ თემაზე, ყველას მათზე მივუთითებდი, რასაც არ კმარობდნენ და მოსაბეზრებელ პოლემიკას მიმართავდნენ.
მართალი გითხრათ, ამის გამო გავერიდე ქალაქს, ერთი კვირა რკონის მონასტერში, ჩაჩუბეთსა და თეძმის ხეობაში დავყავი, ერთი კვირა კი ენგურის პირას, ჩემს ოდაბადე ანაკლიაში, საზაფხულო-საოჯახო სახლში ისე გავატარე, მაღაზიებთან, ბენზინგასამართ სადგურებთან, მოკლედ, ფულის გადასახდელ ადგილებთან საქმე არ მქონია, რადგან ყველაფერი ორი კვირის წინ მომარაგებული დამახვედრეს და ეზოს გარეთ გასვლა არ დაგვჭირვებია მე და ჩემს მეუღლეს.
გვიან მივხვდი, რომ ეს ორი კვირა გარე სამყაროსგან მოწყვეტილმა გავატარე, მსგავსი ბედნიერება ბოლო 30 წლის მანძილზე არ მქონია. რომ არა, საგანგებო, ოჯახური შემთხვევა, ალბათ კარგახანს კიდევ დავრჩებოდი და ვერაფერს გავიგებდი, თუ როგორ შეიცვალა ჩემი სამშობლო ამ ორ კვირაში.
...სასწრაფო წესით თბილისისკენ მობრუნებულს, ზუგდიდიდან გასასვლელში, მანქანის საწვავით გამართვა მომიწია. ავზი ბოლომდე გავავსებინე ბენზინის ჩამომსხმელს, ტაბლოს შევხედე, საწვავის რაოდენობა ჩვეულებრივი, გადასახდელი თანხა კი „არაჩვეულებრივი“ მეჩვენა.
ხომ არაფერი ეშლება-მეთქი შენს კომპიუტერს, გავეხუმრე ბენზინის ჩამომსხმელს.
გაკვირვებულმა შემომხედა და ნაწყენი ტონით მიაყოლა:
„არა ბატონო, როგორ გეკადრებათო!“
მეც ცივად ვკითხე:
- კი მაგრამ, რა ღირს ბენზინი?
- 3,75 ლარი ერთი ლიტრი რეგულარიო... ასევე ცივად მიპასუხა.
ორი კვირის წინ, თბილისიდან რომ წამოვედი 2,75 გადავიხადე, კი მაგრამ ასეთი რა მოხდა ამ მოკლე დროში?... ჩემთვის ჩავილაპარაკე.
ამის გაგონებაზე, თითქოს გახალისდა ჩემი მასპინძელი, მომიახლოვდა, ასევე ჩუმად, მაგრამ თანაგრძნობით ჩაილაპარაკა:
„ომია ბატონო ომი, ამიტომ გაძვირდა საწვავიო!“
არაფერი მითქვამს, დავემშვიდობე, იმანაც მშვიდობით მგზავრობა მისურვა და ისე ჩამოვედით თბილისში ხმა არ ამომიღია. სამაგიეროდ, მთელი გზა ყურში ჩემესმოდა:
„ომია ბატონო ომი, ამიტომ გაძვირდა საწვავი!“
ორი დღის წინ მოხდა ეს ამბავი. ორი დღე მახსენებდა თავს რაღაცა შემთხვევა და რამდენიმე წუთის წინ მომაგონდა იგი, ამიტომაც დავიწყე ამ სტატიის წერა.
10 წლის წინ, წიგნზე „გერმანელები საქართველოში“ მუშაობისას, მე-19 საუკუნეში საქართველოში გადმოსახლებულ უცხოტომელთა ცხოვრების ამსახველ, უამრავ, საინტერესო და მნიშვნელოვან მასალებთან ერთად, თითქმის დაუჯერებელ ამბავს წავაწყდით.
მე-20 საუკუნე, საგანგებო მოულოდნელობებით შემოვიდა კაცობრიობის ისტორიაში, იგი მარტო წარუმატებელი რევოლუციით არ შემოიფარგლა მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი იმპერიის შუაგულში, არამედ, იმპერიაში შემავალი ქვეყნების და მათში მცხოვრები ადამიანების ზნეობრივი მდგომარეობის სიახლეშიც გამოიხატა. საქართველოში კი იგი, სხვებისგან ბევრად განსხვავებულად ჩამოყალიბდა.
1914 წელს დაწყებული პიველი მსოფლო ომი, კავკასიის ბევრ ქვეყანაში ისე შეიძლებოდა ჩავლილიყო, ვერც გაეგოთ ამის შესახებ, მაგრამ იგი კავკასიელი ხალხის მეციხოვნე საქართველოს ვერ ასცდებოდა.
ბუნებრივია, დედამიწის პირველმა საერთო საშიშროებამ თბილისში იგანგაშა და მას, მოსახლეობის ყველა სფეროში სათანადო რეაქცია მოჰყვა.
საქართველოში, თითქმის ასი წლის წინ ჩამოსახლებულ გერმანელებში, ბუნებრივია ამ მოვლენას საგანგებო გამოხმაურება მოჰყვა, გერმანია ამ ომში ერთ-ერთი დიდი მონაწილე იყო.
იმ დროს, თბილისის გარშემო არსებული „გერმანელ კოლონისტებად“ წოდებული დასახლებები ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. ომი, რომელიც მათ შორეულ სამშობლოს სიკეთეს არ უქადდა, კარგად ესმოდათ, ამიტომ შინაგანი ერთიანობით და თანადგომით შეხვდნენ იმ ქვეყნის მოსახლეობას, ვისთანაც წირვარამის გაზიარება უწევდათ!
ერთიანობის და თანადგომის ჟამიც მალევე დადგა!
გადაუქროლა თუ არა, პირველი მსოლიო ომის ქარიშხალმა კავკასიას და მის დედაქალაქ თბილისს, მაშინვე აფორიაქდნენ ადგილობრივი ქორვაჭარ-მევახშენი:
„ომია, ომიო!“
ამ დროს, თბილისის რძით და რძის პროდუქტებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომმარაგებელს, დუხობორებთან, სომხებთან და თათრებთან ერთად გერმანელებიც წარმოადგენდნენ.
სომხებს, თათრებს და დუხობორებს მოულპარაკიათ თურმე:
„ქვეყანა ირევა, ახლა ის დროა ჩვენი საქონელი გავაძვიროთ, ვნახოთ რას იტყვიან გერმანელებიო!“
ისტორიას შემორჩა მაშინდელი რეაქცია, ვნახოთ, როგორი იყო იგი:
„იმდროინდელი პრესის გამოხმაურება, თუ როგორი პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ ის გერმანელი კოლონისტები, რომლებიც თავიანთ მოწეულ კვების პროდუქტებს ყიდდნენ ბაშკიჩეთის (ახლანდელი დმანისის) ბაზარზე. მაგალითად, კარაქს გერმანელები ჰყიდნენ 20 მანეთად, მაშინ, როდესაც სხვა ეროვნების სპეკულანტი მოვაჭრეები 70-80 მანეთს აფასებდნენ.
ამიტომ, ბუნებრივია, ვინც დმანისის ბაზარში მიდიოდა, ყველა გერმანელების გასაყიდ პროდუქტს ეტანებოდა, რადგან ამათი კარაქი, სხვებტან შედარებით, იაფიც იყო, სუფთაც და მარალხარისხიანიც!
1918 წლის 21 აგვისტოს გაზეთი „ქართველი ერი“ (Nr.183) წერდა:
„კარაქის იაფად გაყიდვის თაობაზე გერმანელებს საყვედურობდნენ და ლანძღავდნენ სხვა ეროვნების გამყიდველები - დუხობორები, თათრები, სომხები და სხვები, რომ გერმანელები მათ მაზანდას უფუჭებდნენ. გერმანელები კი ერთნაირ პასუხს იძლეოდნენ:
„ახლა ომია გაჩაღებული და ხალხის გაჭირვებით ვერ ვისარგებლებთ, როგორც ღირდა ოცი მანეთი, კვლავ ასევე გავყიდითო“. ასე რომ, არც ერთმა გერმანელმა არ იკადრა სპეკულაცია და გამდიდრება ხალხის გაჭირვების ხარჯზე“.
ისე ჩამოვედი ანაკლიიდან, დანა პირს არ მიხსნიდა... მე სხვაგან ვიყავი, ჩემს სამშობლოს აცდენილი, რომელსაც, ჩემი ორი კვირა არ ყოფნის მანძილზე, ვიღაცა უცხო, გადამთიელი დაპატრონებოდა და უმოწყალოდ ძარცვავდა მას!
ასი წილს წინანდელი გადამთიელი „გერმანელი კოლონისტი“ კი, საზოგადოებრივი მორალით, მიუწვდომელ სიმაღლეზე იდგა, ვიდრე დღევანდელი ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც აზრად არ მოუვა, რომ:
„ახლა ომია გაჩაღებული და ხალხის გასაჭირით ვერ ვისარგებლებთო!“
ისტორია მეორდება, ოღონდ არა ხალხის სასიკეთოდ!
დავით ქობალია
26.02.-14.03.22
თბილისი-ჩაჩუბეთი-ანაკლია-თბილისი