ნოდარ ჭითანავა -
„გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში“
ქართული ეკონომიკური მეცნიერება ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ეპოქის გამოწვევების ადექვატური აღქმითა და მისი პრობლემების სიღრმისეული გააზრებებით, რომელთა სათავეში (ჟამიდან ჟამამდე) მოაზროვნე მეცნიერთა უმაღლესი კოჰორტა იდგა. ისინი ქვეყნის აღმშენებლობას ყოველთვის დროული იდეური ნააზრევებით ამდიდრებდნენ და გარკვეული დოზით ეპოქასაც წინ უსწრებდნენ. ასეთი აზროვნების ნამდვილ ნიმუშად მოგვვევლინა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, ათეულობით სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიული გამოკვლევების ავტორის, ბატონ ნოდარ ჭითანავას კიდევ ერთი საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანი წიგნი - „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში“.
წიგნი შექმნილია ქართულ (და არა მარტო ქართულ!) ეკონომიკურ ლიტერატურაში სრულიად ახალი ფორმატით, ესაა დიალოგის სახით წარმოდგენილი მოსაზრებები დიდი მეცნიერისა. ამ დიალოგის ჩარჩოში პროფესორ იური პაპასქუას მაღალი ინტელექტი თანხვედრაშია ავტორის აზროვნების ფენომენთან და თხრობის დინამიკაც ლოგიკური და სიღრმისეულია.
წიგნში დასაბუთებული და არგუმენტირებული დასკვნები, მეტად საყურადღებო ხედვები გლობალიზაციისა და გეოეკონომიკურ სივრცეში ჩვენი ქვეყნის როლის შესახებ, ასევე კორონავირუსული პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე, თანამედროვე აზროვნების უმაღლეს ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს!
ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველო ბევრი ახალი პრობლემისა და გამოწვევების წინაშე დგას. საჭიროა შექმნილი მდგომარეობის ობიექტური გააზრება და მეცნიერული დასაბუთება. მეცნიერმა სწორედ ამ წიგნში განიხილა 30-წლიანი ტრანსფორმაციული პროცესების სისტემური ანალიზის მრავალმხრივი პოსტულატები. ბატონი ნოდარ ჭითანავა სამართლიანად შენიშნავს: „30 წელია ქვეყანა ყოველმომცველი გარდაქმნების რთულ პროცესშია ჩართული და მაინც ვერ დალაგდა. ეს ყველაზე რთული პერიოდი ბოლომდე შეცნობილიც არ არის“.
წიგნში ნათლადაა გამოკვეთილი ქვეყნის განვითარების სტრატეგიული მიზანი: „ეროვნული ფენომენის გათანამედროვეობით დროსთან (სწრაფად ცვალებად გამოწვევებთან) თავსებადობის უნარი შევინარჩუნოთ და ქვეყანა განვითარების თვისებრივად ახალ ტრაექტორიაზე გავიდეს“. თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ ჩვენი მომავალიც ცხადი იქნება: „გლობალური პროცესების მილევად სახელმწიფო წარმონაქმნად ვიქცევით და დროის (წინასწარ ცნობილ) განაჩენს დაველოდებით“.
ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, მისი სიძლიერისა და წინსვლისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის ინტელექტუალურ პოტენციალს. თუ მას სწორად გამოიყენებენ, ეს იქნება უდიდესი ძალა ნებისმიერ გამოწვევასთან გამკლავებისათვის. პროფესორი ნოდარ ჭითანავა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ „ერის უბედურება იწყება იქ, სადაც სახელმწიფო, საზოგადოება სამი არამატერიალური განძის - ნიჭის, ჭკუისა და ცოდნის მფლობელ მამულიშვილებს (მოქალაქეებს) უნდობლობას უცხადებს“. დამეთანხმებით, ამისი მაგალითები, სამწუხაროდ, ხშირია ჩვენს ქვეყანაში.
ავტორის აზრით, საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური და ზნეობრივი აღორძინების ერთ-ერთი გასაღები სოფელია. ყოველმხრივ უნდა დავუჭიროთ მხარი სოფლად გლეხური მეურნეობების, კოოპერატივების, ამხანაგობების ჩამოყალიბებას, წავახალისოთ ქალაქის მოსახლეობის ჩაბმა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში.
საინტერესოა, რა მოგვცა ქვეყნის ცხოვრების 30 წლიანმა გამოცდილებამ? პროფესორის აზრით, „ქართველ კაცს სიბრძნე და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა დროებით გაეფანტა, მაგრამ მისი გენეტიკური რესურსები ჭკვიანური მოქმედებისთვის, ეჭვი არ მეპარება, შენარჩუნებულია! ესაა ყველაზე უნივერსალური რესურსი, რაც დღეს გაგვაჩნია“.
30 წლის მანძილზე ბევრი ნეგატიური დაგროვდა ჩვენს ქვეყანაში. ეს მომენტებიც საინტერესოდ და არგუმენტირებულად არის გაშუქებული წიგნში. კერძოდ, ასეთ სურათს გვიხატავს ავტორი:
1. ქვეყანა ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს ვერ აკონტროლებს;
2. დემოგრაფიული მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მოსახლეობის დეპოპულაცია სახეზეა;
3. მიწა და სხვა რესურსები სახელმწიფო მართვის მიღმა დარჩა. ყოველივე ამის შედეგად ეკონომიკა სისტემურ კრიზისშია;
4. სასურსათო უზრუნველყოფა არსებითად დამოკიდებულია იმპორტზე;
5. განათლების, მეცნიერების განვითარება დროის მოთხოვნებს ჩამორჩა. ახალგაზრდობას არ იზიდავს მეცნიერებაში საქმიანობა, რაც ყველაზე დიდი საფრთხეა ქვეყნისთვის;
6. ცხოვრების დონე მკვეთრად დაეცა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დასაქმებული არ არის. სიღარიბე ამუხრუჭებს საზოგადოებრივ პროგრესს.
ყოველივე ეს უცილობლივ გადაწყვეტას მოითხოვს. ვინ უნდა ითამაშოს მთავარი როლი ქვეყნის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრისა და მისი განხორციელების ამოცანების შესრულებაში? ასევე, ვის და რას შესწევს უნარი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში?
პროფესორის აზრით, ეს უნდა განახორციელოს ტრიადამ: სახელმწიფო, მეცნიერება და ეკლესია. მეცნიერი თითოეულ ამ პოსტულატებს უაღრესად სიღრმისეულად იკვლევს და ყველა მათგანის ფუნქციონალურ მნიშვნელობას განსაზღვრავს.
ავტორი მეცნიერული პრიზმიდან გვესაუბრება იმ ახალ თაობაზე, რომელსაც მინიმალური ცხოვრებისეული გამოცდილებაც არ ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გარედან შემოთავაზებით ხელისუფლებაში მოვიდა. ეს ის თაობაა, რომელიც მშობლებმა საკუთარ ქვეყანას განარიდეს, უცხო ენაზე ამეტყველდნენ, იწამეს მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილი იდეები (ან უკეთეს შემთხვევაში თავს მოახვიეს) და როცა გარედან მხარდაჭერით, ძალაუფლება მიართვეს, გაუაზრებელი ქმედებებით მოახერხეს საზოგადოებრივი წონასწორობის მთავარი ფაქტორის - უფროსი, საშუალო და უმცროსი თაობების დაპირისპირება.
მეცნიერს მიაჩნია, რომ უფროს თაობას აქვს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება, საშუალო თაობას - თანამედროვე ცოდნა, უმცროს თაობას - მზარდი ენერგია. ქვეყანა მაშინ აღწევს წარმატებას, როცა სამივე ძალას აერთიანებს. სხვა შემთხვევაში ერის ისტორიულ განვითარებაში დიდი პაუზა დგება. სამწუხაროდ, ასე მოხდა საქართველოშიც. ძველი თაობა, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის აღმშენებლობაში, ქვეყნის ტრანსფორმაციის პროცესებს სრულად ჩამოაცილეს!
მიმდინარე პროცესების შესწავლის საფუძველზე, ბატონი ნოდარი აკეთებს ჭეშმარიტ დასკვნას: „ეკონომიკის გარდაქმნების რთული პროცესი ზნეობრივი თვალსაზრისითაც არასწორად წარიმართა. არც ისაა გამართლებული, რომ დღესაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ფუჭ ილუზიებშია. იმის მოლოდინი აქვს, რომ ვიღაც მოწყალების თვალით გადმოგვხედავს, უანგაროდ დაგვეხმარება, დაქუცმაცებულ ტერიტორიებს გაამთელებს, დროსა და სივრცეში გაფანტულ ინელექტუალურ პოტენციალს აღგვიდგენს და შევძლებთ ისტორიული როლის მომავალშიც შესრულებას“.
მეცნიერი ფიქრობს, რომ ასეთმა განწყობამ სხვის ხარჯზე ცხოვრების სტილი დაამკვიდრა. ეს კი ყველაზე მეტად აზარალებს ქვეყანას. მას მიაჩნია, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი პროგრამა, სტრატეგია და მისი განხორციელებისთვის უნდა ყალიბდებოდეს ელიტა, რომელიც უნდა აცნობიერებდეს იმას, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა შესაძლებლობების მეცნიერება და ხელოვნებაა. ქვეყანას, პირველ ყოვლისა, სჭირდება სახელმწიფო ელიტა, ესე იგი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კადრები.
ვტორს მოჰყავს დიდი ილია ჭავჭავაძის ბრძნული გამონათქვამი: „დღეს (იგულისხმება მე-19 საუკუნე, თუმცა 21-ე საუკუნესაც ეხება-ნ.ჭ.) ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებახსნილი, ძლიერი განათლებული კაცები არ ჰყავს“. აქედან გამომდინარე იგი მიიჩნევს, რომ პროფესიონალიზმი და არა პარტიული კუთვნილება უნდა იყოს ნომენკლატურის ფორმირების მთავარი პრინციპი.
მეტად საინტერესოა წიგნის ერთი თავი, „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნები და გლობალიზაცია“. დღეს გლობალიზაცია ძლიერი და მრავალმხრივი პროცესია, იგი მოიცავს როგორც პოლიტიკას, ასევე ეკონომიკას, რელიგიას და ა.შ. მან გააღრმავა კავშირები სახელმწიფოებს შორის. ადამიანები და სახელმწიფო დღეს დგას მის პირისპირ, ვერ გაექცევა მას.
პროფესორ ნოდარ ჭითანავას შეფასებით, გლობალიზაციამ გვიჩვენა, რომ თუ ადრე მსოფლიო ეკონომიკა ისეთი სივრცე (ველი) იყო, სადაც მოქმედებდნენ სუვერენული სახელმწიფოები, თანამედროვე პირობებში იგი წარმოადგენს სუბიექტს, რომელიც თავისუფლად მოქმედებს სუვერენული სახელმწიფოების საზღვრებში. ასეთ დამოკიდებულებას შეუძლია თუ არა ნეგატიური მოვლენის მოხდენა პატარა სახელმწიფოებზე. ამის პასუხი კარგად ჩანს ავტორის დასკვნებში: „გლობალიზაციამ მნიშვნელოვნად შეზღუდა სახელმწიფოს ეკონომიკური სუვერენიტეტი. მისი ეკონომიკური ფუნქციების ზენაციონალურ სტრუქტურებზე დელეგირებით (ევროკავშირი), მართვის ტრადიციული ფორმები, ფაქტობრივად, არც გამოიყენება. ეს ჩანს იქიდანაც, რომ საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური სტრუქტურების რეკომენდაციებში არც ითვალისწინებენ ეროვნული ეკონომიკის თავისებურებებს, ტრადიციებს, რაც აფერხებს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას. ამის მაგალითია განვლილი 30 წლის განმავლობაში საქართველოში გარედან შემოთავაზებული რეკომენდაციებით შედგენილი ეკონომიკის განვითარების ე.წ. სტრატეგიები, რომლებიც, რეალურად არ ასახავს ადგილზე შექმნილ მდგომარეობას.
სამწუხაროა, გლობალიზაციის ნეგატიური გავლენა ეროვნულ ეკონომიკაზე. საერთაშორისო რჩევებს საფუძვლად უდევს მათი ცალმხრივი გამოცდილება და არ ითვალისწინებს მათი მეურვეობის ქვეშ მოქცეული ქვეყნების (თუნდაც საქართველოს) ისტორიული განვითარების თავისებურებებს, ტრადიციებს, ღირებულებებს. ამიტომაც გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში მდგომარეობა არ იცვლება. ჩვენ ვხედავთ, „თუ როგორ ღრმავდება წინააღმდეგობა ეროვნული ეკონომიკის კომპლექსური განვითარების მიზნებსა და საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური სტრუქტურების რეკომენდაციებს შორის“.
წიგნში გამოკვეთილი ადგილი ეთმობა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ იდეოლოგიას. ავტორს მიაჩნია, რომ თანამედროვე გლბალურ პროცესებში მონაწილე ქვეყანას უნდა ჰქონდეს განვითარების საკუთარი იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება ეროვნულ თავისებურებებს, მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, საწარმოო ძალების განვითარების დონეს, ამასთან ერთად, მასში უნდა აისახოს მეურნეობრიობის მსოფლიო გამოცდილების თანამედროვე ტენდენციებიც. ააქედან გამომდინარე ავტორი აკეთებს მნიშვნელოვან დასკვნას: „არც ეროვნულის ისტორიულ ნაჭუჭში ჩაკეტვა გვმართებს და არც მეურნეობრიობის ეროვნული ნიადაგისგან მოწყვეტა“. ვფიქრობთ, ეს დასკვნა სამომავლო გზამკვლევად უნდა დაისახოს ქვეყნის აღმშენებლობაზე მოფიქრალმა მომავალმა თაობამ.
მრავალ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, ბატონი ნოდარი საინტერესოდ და მრავლისმეტყველად საუბრობს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ფორმირების თავისებურებებზე. მისი აზრით, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სისტემა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის, ჩინეთის, რუსეთის, იაპონიის, სინგაპურის თუ სხვა ქვეყნების მაგალითზე არ უნდა შეიქმნას. ჩვენი ქვეყნის წინაშე დასმული ამოცანები და გამოწვევები უცხოური თეორიებით და ეკონომიკური სისტემებით ვერ გადაწყდება.
ავტორის დასკვნა ასეთია: „საქართველოს მომავალი სოციალურ-ეკონომიკური სისტემა (მოდელი) ეროვნული ფენომენიდან უნდა ამოიზარდოს. ესაა საქართველოში ეფექტიანი ეკონომიკური სისტემის ფორმირების მთავარი ამოსავალი პირობა“.
ბატონი ნოდარ ჭითანავა ფუნდამენტურ ნაშრომში გვესაუბრება არა მარტო ინდივიდის ინტერესებსა და მისი როლის გააქტიურებაზე სამოქალაქო საზოგადოებაში, არამედ მასთან ერთად ოჯახის, როგორც ერის ფუძემდებლური როლისა და ფუნქციების სწორად გაცნობიერებაზე. მას მიაჩნია, რომ თანამედროვე პირობებში ოჯახის როლის გააქტიურება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულყოფის, ეკონომიკის ეფექტიანობის ამაღლების ერთ-ერთი განმსაზღვრელი პირობაა.
განსაკუთრებით საინტერესოა წიგნის ის მონაკვეთი, სადაც საუბარია საქართველოს გეოეკონომიკური ფაქტორის ფორმირებაზე. საქართველომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობით შეიძინა ახალი ფუნქცია - ქვეყნის ტერიტორიაზე ფორმირებადი საერთაშორისო კაპიტალის შექმნაში მონაწილეობა.
ავტორს მიაჩნია, რომ ეს პერსპექტივაში ჩვენი ქვეყნისთვის ევროპისა და აზიის ქვეყნების ინტერესების გადაკვეთაზე, ძლიერ სუბიექტად დამკვიდრების უნიკალური შესაძლებლობა და გეოეკონომიკური უპირატესობაცაა.
მეტად საინტერესო და განსხვავებულია ავტორის გააზრება ქართული ფენომენისა: „საქართველო ევრაზიის სივრცეში წარმოდგენილია არა მხოლოდ მისი ევროპული და აზიური ნაწილების არითმეტიკული ჯამური სიდიდით, არამედ მათზე აღმატებული განზომილებით, ეს კი თვისებრიობაა და იმას ნიშნავს, რომ ქართული ფენომენი ევრაზიულია“. ეს არის ის ჭეშმარიტება, რომლის გაცნობიერება ქართული სახელმწიფოებრივი მშენებლობისთვის ფუნდამენტურია და მისი გათვალისწინება აუცილებლად მოუწევს მომდევნო თაობებს ქვეყნის მომავლის სწორი ოორიენტირის განსაზღვრაში.
პროფესორ ნოდარ ჭითანავას წიგნის კვლევის სფერო ასევე მოიცავს სერიოზულ მსჯელობას საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალ პერიოდში პროგნოზირების, სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვის ეკონომიკურ როლზე. ავტორი სიღრმისეულად იხილავს საქართველოს ბუნებრივი რესურსული პოტენციალის გამოყენების თავისებურებებსა და ტენდენციებს. განსაკუთრებული აქცენტებია გადატანილი მიწაზე, როგორც ბუნებრივ რესურსსა და წარმოების ფაქტორზე. იგი აღნიშნავს: „მიწას, ასეთ სტრატეგიულ რესურსს ცუდად ვიყენებთ. ქვეყანაში ფაქტობრივად შეწყვეტილია მიწის დაცვისა და ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებები, მიწათმოწყობა მოშლილია. მიწის ფართობების სტრუქტურის, ფიზიკური, ქიმიური და ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაციები არასრულყოფილია“.
მეტად საინტერესო საუბარია, თუ როგორია მიწათმოწყობა დღეს საქართველოში. ავტორი სინანანულით აღნიშნავს, რომ ის, რაც წლების მანძილზე, დიდი შრომისა და რუდუნების ფასად იყო შექმნილი, გეგმურ-კარტოგრაფიული და სხვა იურიდიული ხასიათის მასალები, რომლებიც ნათლად და რეალურად ასახავდა თითოეული მიწათსარგებლობის ზომასა და საზღვრების განლაგებას, გაიბნა და განადგურდა, მას გამკითხავიც აღარავინ დარჩა.
ძალიან ძნელია სრულყოფილად შევაფასოთ ერთ სარეცენზიო წერილში ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლითაც მდიდარია პროფესორ ნოდარ ჭითანავას წიგნი - „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში“. ის ძვირფასი შენაძენია პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით დაინტერესებული მკითხველისა და იმ პირებისთვის, ვისაც პასუხიხმგებლობა ეკისრება ქვეყნის მომავლის ბედზე.
ვფიქრობ, ასეთი ღრმა ანალიტიკური მონოგრაფიული გამოკვლევა აქტიურად ცვალებად მსოფლიო პროცესებთან მიმართებაში, რომელიც საქართველოს ადგილსა და როლს განსაზღვრავს ამ გლობალურ სივრცეში, ჭეშმარიტად დიდი შენაძენია ქვეყნის წინსვლისა და პროგრესის გზაზე. ის შეიძლება თამამად ჩაითვალოს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მომავლის გზის გამკვალავად.
ჩემი მოკრძალებული რეცენზია მინდა დავამთავრო პროფესორ ნოდარ ჭითანავას სიტყვებით:
„საქართველოში სოციალ-ეკონომიკური გარდაქმნების 30 წლიანი გამოცდილებიდან შესაბამისი დასკვნები უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში, აუცილებელია: სახელმწიფომ, საზოგადოებამ შეძლონ ეროვნული ენერგიის, გაფანტული სიბრძნის, დანაწევრებული პასუხისმგებლობის კონცენტრაცია და იმის გაცნობიერება, რომ „გვეყო ბატონებო, ჩვენი აწმყოსი და მომავლის ბედის სხვაზედ მიგდება, ჩვენი გაჭირვების, გულისტკივილისა და წადილის პატრონი ჩვენვე უნდა ვიყვნეთ“ (ილია ჭავჭავაძე).
მურმან კვარაცხელია,
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.