ივერიონი / გამორჩეული კალმოსანი

გამორჩეული კალმოსანი

სამი წლის წინ, 2019 წლის 13 დეკემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მწერალ გური ოტობაიას შემოქმედებითი საღამო. ამ დღეს, მრავალ აღიარებათა შორის, გური ოტობაიას მიენიჭა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. შემოქმედებით საღამოზე, მწერალს ბევრი შთამბეჭდავი გამოსვლა მიეძღვნა.

 

მერე, პანდემიის გამო, არ მოგვეცა შესაძლებლობა ამ შესანიშნავი შემოქმედისთვის 70 წელთან დაკავშირებით საიუბილეო შეხვედრა მოგვეწყო.

 

იმ დაუვიწყარი დღის სახსოვრად და გურისადმი უდიდესი პატივისცემის ნიშნად, გთავაზობთ წერილს, რომელიც მის შემოქმედებით საღამოზე გამოსასვლელად დაიწერა.

 

 

საზოგადოება და მწერლის სამყარო -

ხომ შეიძლება გენიოსს სიცოცხლეშივე მოვეფეროთ?!

 

ჩემი მსოფმხედველობრივი მრწამსით, უპირატესობას ყოველთვის „თქმას“ კი არა,  „რა არ ვთქვას“ ვანიჭებ. თუმცა ცალკეულ შემთხვევაში, შორს გახედვის გარეშეც უნდა ითქვას ის, რაც შესაძლოა, სხვას არ მოეწონოს. 

 

დღევანდელმა შეხვედრამ განმაწყო ასე და მინდა რამდენიმე აქცენტი გავაკეთო:

 

აუდიტორიაში, შეკრებასა თუ კერძო შეხვედრებზე როცა მეგრული ლაპარაკი, მით უფრო, ლექსი ისმის, ეს კუთხურობა გონიათ, ლამისაა დანაშაულად ჩათვალონ. 

მეგრული ენა ბევრს დიალექტად მიაჩნია. კოლხური დიდების წარმოჩენას თუ დააპირებ, ეს საქართველოს დაშლის დასაწყისად აღიქმება.

 

ყოველგვარი მორიდების გარეშე, ვაცხადებ: არაფერია ამაზე ამაზრზენი. ეს სიბნელე, უვიცობა, საკუთარი ფესვების უარყოფაა!

 

ჩვენ განგებამ გვიბოძა გაგვაჩნდეს სამი ანბანი: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. სამი ენა: - ლაზურ-ჭანურ-მეგრული, სვანური და ქართული. 

 

უნდა გვეამაყებოდეს და გვესმოდეს, რომ ეს აუწონელი სიმდიდრეა, სიტყვათა აურაცხელი მარაგის თითქმის ხელუხლებელი სალარო. ეს ერთიანობის აყლორტებული ნიშანია, შემაკავშირებელი და არა გამთიშველი. 

 

ისინი ანაწევრებენ, ვისაც ეს არ ეყურება!..

 

ჩვენი სალიტერატურო სამეტყველო ქართული წარყვნა „ინგი“, „ისტი“, „ტი“ ან „ციათი“ დაბოლოვებულმა  და სხვა სახის ბარბარიზმებმა.

 

სწორედ ესაა საგანგებო - საკუთარზე უარის თქმა და უცხოურისთვის ხელაღებით კარების გახსნა.

 

ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, მოვეფეროთ შევიყვაროთ მშობლიური, ფეძე ენები: მეგრული, სვანური. ვისწავლოთ, ვიმეტყველოთ, დავტკბეთ, ავმაღლდეთ ამ სწორუპოვარი, ხელთუქმნელი  არამატერიალური მემკვიდრეობით.

 

გური ოტობაიას მეგრულიდან უძვირფასესი მარგალიტები შემოაქვს ლიტერატურულ სიტყვიერებაში. კიდევ უფრო ამდიდრებს, ჟღერადს და ზედმიწევნით მოქნილს ხდის ზოგად ქართულ მეტყველებას.

 

გური ორენოვანი მწერალია, თუმცა გასაოცრად სიტყვაკაზმულია მისი შემოქმედება მეგრულ ენაზე. იგი ძირიდან წვერამდის ფლობს ამ ენის უკიდეგანო შესაძლებლობებს. ოსტატობა, სიტყვის პეწი, მოქმედების, განცდის, წარმოსახვის უბადლო გადმოცემა აქ მას განსაკუთრებით ემარჯვება. 

 

გურის პოეზიაში ბევრია ისეთი პოეტური მიგნება თუ შედევრი, რომელთაც თითზე ჩამოსათვლელთაგან ნებისმიერი მსოფლიო პოეტი შეიფერებდა. თითქმის ყველა ლექსში ბრწყინავს განუმეორებელი შედარება, აი, ერთხელ წაიკითხავ და მუდმივად რომ გაგყვება: „მიკმოქუნა ჩხე ქვიშაში ოსარე“.. ან „ჯიბეს მონტუ ჭიჭე ფარა“.. „შარეფ კუჩხის ჩაფლაშნრო მუმორწკიპუ“.. „მა სქიბ ვორექ ენულირი ყამას ორშხეშა“... „რინა კისერშა ქიგისქვია, მუჭოთ მაყურყა“.. კანსქელი უნდა იყო, რომ ამან არ დაგბურძგლოს.  

ვინც მის შემოქმედებით სამყაროში შეიხედავს, გურის უთუოდ შეიყვარებს და  აღფრთოვანდება! დაემგზავრეთ მას და დარწმუნდებით.

 

გურის ჩვენ ყველგან ვხედავთ... ავტობუსში, გაჩერებაზე, გასვენებაში, ტრიბუნაზე.. შეგვიძლია ვეკამათოთ, აუგი ვუთხრათ, გულიც ვატკინოთ.. ის მოკრძალებულია, თავდაბალი, დამყოლი, გაცხარებაც იცის, ჩვენი თანატოლია, თითქოს არაფრით გამორჩეული - ასეთია ყოველდღიური ურთიერთობის მაცდური ილუზია. 

 

ამ დროს, ჩვენს გვერდითაა გამორჩეული მოაზროვნე, ნიჭიერი შემომქმედი, ხელხვავიანი კალმოსანი, რომელიც მხრებით უზარმაზარ ტვირთს ეზიდება, პირადულსაც და საქვეყნო ტკივილს ყელზე დოლაბჩამოცმულივით დაატარებს. ახლაც კი, როცა ის აქ არის, შევცქერით და შევხარით, მისი გონება მუზებს სტუმრობს, კოლხეთის წარსულზე ფიქრით, მის აწმყოსა და მომავლისკენ იმზირება,  სიტყვებს ეალერსბა, პროექტებს ჩაჰკირკიტებს, სიკეთე პეშვით დააქვს და უანგაროდ ანაწილებს - ასეთია მწერლის სამყარო, მისი ხილული და უხილავი ბუნება.

 

გურის რომანებზე, ხელწერაზე, ცნობიერების ნაკადის განვრცობასა და მასში მისეულ წვლილზე აქ ზეპროფესიულად იმსჯელეს. იმის დამატებას გავბედავ მხოლოდ, რომ ბევრმა, შესაძლოა, არც იცის - ამ ერთმა კაცმა მოიძია, შეარჩია, გადაარჩინა, მომავალ თაობებს შემოუნახა კულტურული მემკვიდრეობის მაღალღირებული ნიმუშები - შექმნა მონუმენტური „მეგრული ენის ანთოლოგია“, განასრულა მუშაობა პროტოიბერიული სულიერების ძეგლზე და გამოსაცემად მზად არის „იბერიული პოეზიის ანთოლოგიის“ ორტომეული, რომელიც მოიცავს ქართულ, შუმერულ, სვნურ, მეგრულ, ლაზურ,  აფხაზურ, ოსურ, ჩეჩნურ, ინგუშურ, ჩერქეზულ, ბასკურ, ირლანდიურ, ისლანდიურ  ქმნილებებს;

 

განსაკუთრებით ტიტანური შრომა ჩადო მან ექვსწიგნეულ ბელეტრისტულ მატიანეში „შეუთავსებელთა შეთავსება“. 

 

შეხედეთ მის აქ გამოფენილ გამოცემებს და ადვილად დამეთანხმებით, რომ მათში უზარმაზარი ენერგიაა გარინდული.

 

ჯერ მხოლოდ სამოცდაშვიდს გასცდა და რამდენი შეძლო?!..

 

უკვე სამოცდაათს იმშვენებს და ასაკის, ხელუხვი მონაგარის მიუხედავად, დღეს პირველად ტარდება მისი შემოქმედებითი საღამო... (ვაიკვენანო, ვამვოღვარა?).

 

ჩვენში ოდითგან დამკვიდრდა, რომ მხოლოდ გარდაცვლილებს უდგამენ ძეგლებს, სიცოცხლეში კი გამორჩეულებს ვკორტნოთ და ჯვარზე ვაკრავთ..

 

რატომ არ შეიძლება გენიოსს სიცოცხლეში მოვეფეროთ?! გურიმ ეს დაიმსახურა!

 

-დღეს ქვე ყანა აირია. რუსთაველზე კარვებს შლიან, ხმის ჩახლეჩვამდე გაჰკივიან უაზრობებს. არავის ცხელა კულტურული ღონისძიებები ატაროს. თალხი ჭარბობს ღია ფერს, სავარძლებს გამოება ხელმოცარულ პოლიტიკოსთა თვალსაწიერი.

 

სწორედ ამ დროს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიცალა საქმისთვის. რექტორის ინიციატივითა და ხელშეწყობით, დღეს აქ იმართება მწერლის და საზოგადო მოღვაწის, ჩვენი კუთხის - აფხაზეთის მკვიდრის  შემოქმედებითი საღამო.

 

ესაა იმ მისიის ერთგულება, რაც სოხუმის სახელმწიფო უნივერიტეტმა შეიძინა და თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად ხორციელდება.

 

აქედან ხელი გულრწფელად გაწვდენილია შერიგებისკენ, აფხაზეთში აფხაზებთან დაბრუნებისკენ.

 

მადლობა ამისთვის უნივერსიტეტს!

 

მადლობა ამისთვის ჩვენს სტუმარს, გურის, რომელიც მისი შემოქმედებით და საქმიანობით აფხაზეთში დაბრუნებას ემსახურება. 

 

 იური პაპასქუა

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,

სსუ პროფესორი.

 

13-12-2022, 17:37
უკან დაბრუნება