სტატია, რომელსაც მკითხველს ვთავაზობ, როცა იგი „საერთო გაზეთში“ გამოქვეყნდა, ვერავინ იფიქრებდა „ანაკლია პორტის“ პროექტი გასაწირად თუ იყო გამეტებული!
თუმცა, რა გასაკვირია, რაც ჩვენთან მოხდა, როცა საქართველოზე ტერიტორიით და მოსახლეობით ათჯერ დიდი უკრაინაც ვერ იფიქრებდა მაშინ, რვა წლის თავზე, მათი ყოფნა-არყოფნაც ბეწვზე დაეკიდებოდა, მაგრამ...?!
უკრაინა ღმერთმა დაიფაროს, - ახლა მაინც თუ არ იღო ყურად ქვეყნის ხელისუფლებამ, რასაც რვა წლის წინ ვწერდით (რა თქმა უნდა, მას თუ ამისი უფლება გააჩნია), როგორც განუხორციელებელი ოცნება, „ანაკლია პორტი“ საბოლოოდ ჩაბარდება ისტორიას!
დანარჩენი, კომპიუტერის მეხსიერების მიერ შეხსენებულ სტატიაში წაიკითხეთ!
P.S. სტატია (მისი სრული ვერსია) ქვეყნდება მოაზროვნე მკითხელისთვის!
AN DIESEM TAG
7.Februar2015
vor 8 Jahren
შეეშვით „საუკუნის პროექტის“ სახელის შებღალვას!
გავრცელებული ჭორები: „საქართველოს მთავრობა სააკაშვილისეულ „ლაზიკა-პორტის“ პროექტს მიუბრუნდა და ანაკლიიდან სულ მალე მოსახლეობის გასახლება დაიწყება!
ჯერ არ დაწყებული მშენებლობის სახელის შებღალვას ემსახურება!
- „ღაღადისი უდაბნოსა შინა!“ - საუკუნეების წინ ნათქვამი ეს ღრმაშინაარსიანი ფრაზა, საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე „ღრმაწყლიანი პორტის“ გარშემო შექმნილ სიტუაციას რომ ზედმიწევნით ერგება - წყალგაუვალია!
იმდენი ვწერე ამ თემაზე, რომ არ მეგონა თუ კიდევ რამე დამრჩა გასარკვევი და უთქმელი, მაგრამ, როგორც ვხედავ, კიდევ ბევრი ყოფილა „გასასაჯაროებელი“, როგორც „ევრო-ამერიკული“ დემოკრატიის მოტრფიალეები იტყვიან ხოლმე!
ბოლო სამი წლის მანძილზე, მესამედ გამოჩნდა კომკავშირულ-კომუნისტურ აღზევებას ვერმოსწრებული, გიორგი თარგამაძესთან ერთად ქართველი ამომრჩევლისგან პოლიტიკურ სანაგვეში ადგილმიჩენილი გია ჭანტურია და ყოველ ჯერზე მაშინ გააქტიურდა, როცა არსებული ხელისუფლების სისუსტე იგრძნო!
საკითხავია, - ნუთუ, ბ-ნ გია ჭანტურიას არაფერი სმენია „ანაკლიაში ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობაზე“?!
- გია ჭანტურიას თუ არაფერი სმენია, საქართველოს მთავრობამ მაინც ხომ უნდა იცოდეს ამის შესახებ?
მკითხველს შევახსენებ:
- საქართველოს მთავრობამ, გასულ წელს გამოაცხადა კონკურსი, - „შავი ზღვის სანაპიროზე, ანაკლიაში, ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა“-სთან დაკავშირებით და მსურველებს 15 ოქტომბრამდე დაუდგინა საბუთების შეტანის ვადა კონკურსში მონაწილეობისათვის!
- გაცხადდა რომ თორმეტმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი ანაკლიაში მეგა-პორტის, მშენებლობაში მონაწილეობის მისაღებად. წინა საახალწლო დღეებში გამოცხადდა, რომ პირველი შერჩევის შემდეგ, მონაწილეთა რაოდენობა შვიდამდე დავიდა და მათ შორის დარჩა „ANAKLIA PORT & INDUSTRIAL ECO PARK CONSORTIUM“-ი, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტებით, საბანკო და საპროექტო დოკუმენტაციებით დასაბუთებული წინადადება წარმოადგინა, რომელიც მშენებლობას სამ ეტაპად და მისი დასრულების ვადას 5-6 წლით შემოფარგლავდა. ასევე, საკონკურსო წინადადებაში გამოთქვა წერილობითი სურვილი, რომ ჰიდრო ენერგეტიკული და სოფლის მეურნეობის პროექტების განვითარებასა და მშენებლობაში მიიღებდა მონაწილეობას.
ზემოთხსენებული „კონსორციუმის“-ის საკონკურსო წინადადების პრაქტიკული გაგრძელება აღმოჩნდა შპს „მტკვარის“ მიერ შემოთავაზებული, 2013 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული, - „მდინარე მტკვარზე, 330 მეგავატი სიმძლავრის, კასკადური ელსადგურების მშენებლობის პროექტის დაფინანსება და გასული წლის პირველ დეკემბერს ხელმოწერილი მემორანდუმი, რომელიც 620 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს“.
- შესაძლოა ამის შესახებ არაფერი იცოდეს ბატონმა ჭანტურიამ და ამიტომ „აბოლებს“, მისი აზრით, „დიდი ფულის“ უნახავ (იმასაც ამბობენ ფულზე გაწუწკებულ) ქართველ ჩინოვნიკებს და კაცმა რომ თქვას სწორია ჭანტურიას გათვლები, მაგრამ ქართველი ჩინოვნიკები რატომ დუმან?
- მათ ხომ კარგად უწყიან ზემოთმოყოლილი საქმის შესახებ?
- რატომ არ ახსენა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გია ჭანტურიას ნათქვამის კომენტირებისას, რომ, - ანაკლია პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხი გადაწყვეტილია, ჩვენ მხოლოდ უკეთესი ვარიანტის არჩევანის პრობლემა გვაქვს და სხვა პროექტები სახელმწიფო დონეზე არ განიხილებაო?!
- მკითხველს ვთხოვ ცუდად არ გამიგოს, მე კალამი არ გამქცევია, როცა ვაცხადებ, - „ანაკლია პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხი გადაწყვეტილია“!
ეს სწორედ რომ ასეა, საქართველოს მთავრობა არჩევანის წინაშე დგას, სხვა შემთხვევაში „ANAKLIA PORT & INDUSTRIAL ECO PARK CONSORTIUM“-ის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას ალტერნატივა არ ეყოლებოდა და ეს საკითხი მაისამდე არ გადაიდებოდა!
ამიტომ ვთქვი სტატიის დასაწყისში, - როგორც ვხედავ, კიდევ ბევრი რამ ყოფილა „გასასაჯაროებელი“!
დღეს, 17 იანვარს, დილაუთენია დამირეკეს ანაკლიიდან. ჩემთვის უცნობი მამაკაცი, გულდაწყვეტილი მიყვებოდა ანაკლიის გასახლების პროექტის შესახებ, რომელიც ამ დღეებში გავრცელდა სამეგრელოს რეგიონში. სანამ ვკითხავდი, - ბოდიშს გიხდით, იქნება მითხრათ, ვის ველაპარაკები-მეთქი!
ვრცელი მონოლოგის მოსმენამ მომიწია, რომელიც ასე დამთავრდა:
„- ენგურს გაღმა შავი ზღვისპირეთი ხომ შევარდნაძე დამაქცევარმა გააუკაცრიელა ქართველთაგან!.. ენგურსგამოღმა ნაწილს დღევანდელი მთავრობა რომ მიადგა და ანაკლიის აბორიგენი მოსახლეობის გასახლებას აპირებს, სხვას რას უნდა ნიშნავდეს, თუ არა, სააკაშვილის „ლაზიკა პორტის“ პროექტისადმი მიბრუნებას?!.“
საგონებელში ჩამაგდო აღელვებულ უცნობთან საუბარმა. დიდხანს არც ეს გაგრძელდა, ჩემი გვერდითა მეზობელი ანაკლიიდან, შაქრო ცხადაია შემომეხმიანა და შობა-ახალი წლის მილოცვის შემდეგ, თითქმის იგივე მომიყვა:
- „პირველად, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების დამთავრებიდან რამდენიმე კვირაში გამოჩნდნენ ანაკლიაში, თბილისიდან ჩამოსული მიწის ამზომველები და გამოგვიცხადეს: „ლაზიკა პორტის“ პროექტი გრძელდება და თქვენი მიწები სახელმწიფოს სჭირდებაო! სააკაშვილის დროს, უბოდიშოდ წართმევას მიჩვეული მოსახლეობა, სახლმწიფოს თხოვნას როგორ შეეწინააღმდეგებოდა. ბევრს უმწეო და გამოუვალი მდგომარეობის გამო, ისედაც ჰქონდა გადაწყვეტილი სახლ-კარის გაყიდვა, მაგრამ, მაშინ, მალევე გაცხადდა ნაცების მორიგი ავანტიურა. ორი წლის შემდეგ, გასული წლის მიწურულს იგივე განმეორდა, ოღონდ ჯერ არავინ ჩამოსულა თბილისიდან მიწების ასაზომად, იქნებ შენ იცოდე, ან ბატონი თეიმურაზ ქარჩავასგან შევიტყოთ რა ხდებაო!..“
მკითხველს უნდა შევახსენო, - 2012 წლის მიწურულის ნაცების მიერ გავრცელებულ ავანტიურას, ანაკლიაში „ლაზიკა პორტის“ მშენებლობის განახლების შესახებ, საგაზეთო წერილი მივუძღვენი სათაურით „სააკაშვილის აჩრდილი ანაკლიას არ ტოვებს!“ და პირველად გავასაჯაროვე, ხალხში მოარული ხმები, ანაკლიაში აშშ-ს სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობის შესახებ, რასაც მიშა სააკაშვილის მძაფრი რეაქცია მოჰყვა იმავე საღამოს „რუსთვი 2“-ზე.
ორი წლის შემდეგ, იგივე მეორდება ანაკლიაში, ერთი, თითქოს და უმნიშვნელო განსხვავებით ვრცელდება ხმები, რომ:
- „საქართველოს მთავრობამ წინადადება მისცა „ანაკლია პორტის“ მშენებლობის კონკურსში მონაწილე 12 კომპანიიდან შერჩეულ შვიდ საუკეთესოს, პორტის მშენებლობა 7 ეტაპად დაიყოს და 37 წლის განმავლობაში აშენდეს ღრმაწყლიანი პორტი, რომლის საბოლოო ტვირთბრუნვა (37 წლის შემდეგ?!.) 100 მილიონ ტონას მიაღწევს“.
იმასაც ამბობენ, რომ, - „წინადადებას ნახაზიც ახლავს, რომელიც ზუსტად ემთხვევა „ლაზიკა პორტის“ განთავსების ადგილს!“
- გასაოცარია პირდაპირ, რას არ გაიგონებს ადამიანი!
თუმცა, სანამ დეტალებში განვიხილავდეთ ამ საკითხს, მკითხველი რომ დავამშვიდოთ და საკმაოდ ვრცელი სტატიის ბოლომდე არ ვანერვიულოთ რა ხდება სინამდვილეში, მოკლედ ვუპასუხებ:
- ძალიან მარტივი რამ ხდება დღეს ანაკლიაში, მთავრობის ოპოზიციაში მყოფი, დესტაბილიზაციის ძალები ავრცელებენ ხმებს, რომ, - „საქართველოს მთავრობა „ლაზიკა პორტის“ პროექტს მიუბრუნდა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია და ანაკლიის, „კურორტის“ მხარის მოსახლეობა უნდა გაასახლონ!..“
ბუნებრივია, ასეთი მოლოდინის შემთხვევაში, მიწის ფასი კატასტროფულად იწევს გასასახლებელი მოსახლეობის ვირტუალურ წარმოდგენაში, რასაც თანხმობა და უსასრულო მოლოდინი მოჰყვება მათი მხრიდან, გაყიდონ სახლ-კარი, მამა-პაპისეული მიწა-წყალი!..
როგორც ზემოთ ვახსენე, პორტის მშენებლობის კონკურსში გამარჯვებული უკეთეს შემთხვევაში მაისში გაცხადდება, გამარჯვებულს მოსამზადებლად დრო მიეცემა და ამასობაში ეს პროცესი იქამდე გაიწელება, ვიდრე ახალი საარჩევნო კომპანია დაიწყებოდეს და პიკს მიაღწევდეს!
სწორედ ამ მომენტში გაცხადდება მილიონების მომლოდინე მოსახლეობისათვის, რომ:
- მათი მიწები არავის სჭირდება და ამ მორიგი ბლეფის აგორება და უმწეო მოსახლეობის, კიდევ ერთხელ გასულელება, ქვეყნის მმართველ მთავრობას დაბრალდება!
0 სამწუხაროა, რომ ყველაფერი ეს მარტო ჭორიკნების და ქვეყნისთვის ავისმოსურნეთა ბრალი არ გახლავთ, სამთავრობო სტრუქტურებსაც მიუძღვით წვლილი ამ საქმეში.
მკითხველი რომ არ დავაბნიო, უნდა შევახსენო, რომ წელიწადი გახდება თებერვალში, რაც „საერთო გაზეთი“ ამ თემაზე წერილებს აქვეყნებს. ყველა, არსებული და შესაძლო პროექტი განვიხილეთ, ამ ხნის მანძილზე, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან დიალოგში. სათითაოდ და დაწვრილებით იქნა განხილული პორტის ასაშენებელი ადგილები და საბოლოოდ ეს კვლევა-ძიება დამთავრდა იმითი, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებოდ დაქირავებული, „ზღვის ნაპირის კვლევის“ იაპონელი სპეციალისტების დასკვნა ზუსტად დაემთხვა „ანაკლია პორტის“ პროექტზე მომუშავე ქართველი სპეციალისტების მიერ შემუშავებულ და მსოფლიოში ცნობილი „ERNST & YOUNG“-ის ექსპერტთა მიერ გაკეთებულ დასკვნებს და ცნობილია „ერაგია-ქარჩავას საპროექტო მოსაზრების“ სახელით.
იაპინელების მიერ შესრულებული სამუშაო 5 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა სახელმწიფოს. იაპონელების და ქართველ სპეციალისტთა დასკვნების თანხვედრა იმითიც არის განსაკუთრებული, რომ პორტის ასაშენებელი ადგილი საერთოდ არ ეხება დასახლებულ პუნქტებს და იგი ზღვის ნაპირის მაქსიმალურად მცირე ნაწილს იკავებს.
ამ საპროექტო მოსაზრებასთან შედარებით ე.წ. „ლაზიკა პორტი“ ანაკლიის, ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი დასახლების აყრას მოითხოვს და ინვესტორსაც უძვირებს პროექტის ღირებულებას.
ზემოთ, ანაკლიის გარშემო მიმდინარე პროცესებზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად გამოვთქვი ჩემი მოსაზრება. მაგრამ, საქართველოში, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ეჭვებს მიჩენს:
- იქნება მართლა მთავრობის მოსაზრებაა ე.წ. „ლაზიკა პორტის“ ე.წ. პროექტისკენ მიბრუნება?
პირდაპირ უნდა განვაცხადო, მოსახლეობაში გავრცელებული ხმები „ლაზიკა პორტისკენ“ მიბრუნების შესახებ და მისი ესკიზის არსებობა, რომელიც ზუსტად ემთხვევა სააკაშვილისეული პორტის განთავსების ადგილს, მთლად მოგონილი არ მგონია. ამიტომ, როგორც, წლების განმავლობაში ამ თემაზე მომუშავე ჟურნალისტი და ანაკლიელი, მოვალედ მივიჩნევ თავს არაფერი დამალული და შეფარული არ უნდა დარჩეს, რადგან:
- დღეს დაშვებული შეცდომა არასოდეს გამოსწორდება!
„…ენგურის შესართავთან, წყალღრმა, მარცხენა ნაპირს „ბოღაზს“ ეძახიან, რაც ნავსადგურს ნიშნავს თურქულად. ბუნებრივია, იგი, თურქების მიერ 1703 წელს ციხე-სიმაგრის აშენების დროიდან დაერქვა ამ ადგილს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თურქებს მივაწეროთ ნავსადგურის დაარსება. დაინტერესებული პირი, ანაკლიის და მისი მიმდებარე სოფლების (ერგეტა, ორულუ, დარჩელი) არქეოლოგიური გათხრების მასალებს თუ მოიძიებს, სამიათას წელს გვარიანად გაცდება იქ აღმოჩენილი ნამოსახლარების ისტორია, რაც შავი ზღვის აუზის ამ ნაწილში ბერძნების გამოჩენამდე მაღალი დონის ცივილიზაციის არსებობას ადასტურებს. არაფერს ვამბობ „არგონავტებზე“, გადმოცემით, „ცეცხლისმფრქვეველი რკინის ხარები“ რომ დახვდათ, ლეგენდარული მეფე „აიეტი“-ს მინდვრებს რომ ხნავდნენ!
მოგვიანებით, ვერც ახალი, ბერძნული ცივილიზაცია და შავი ზღვისპირეთის ქალაქ-სახელმწიფოები - ფაზისი, დიოსკურია, პიტიუნტი, პანტიკაპეი აუვლიდა გვერდს ანაკლიას... ეს საკითხიც დროებით ამითი დავამთავროთ!“
ეს შედარება იმისთვის მოვიყვანე, რომ, თუ მართლა ეღირსა ანაკლიაში პორტს აშენება, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ:
- უძველესი კოლხეთის ტერიტორიაზე 4000 ჰექტარზე მეტი ფართობის გადათხრისას ისეთი არქეოლოგიური მასალები აღმოჩნდეს, მსოფლიოს ისტორია შეაზანზაროს და მეგაპორტი „ანაკლია“ დაჩრდილოს, მისი ღირსებითა და მნიშვნელობით!
ეს მონაკვეთი, მცირე, ლირიკულ გადახვევად ჩავთვალოთ და ერთად ვიზრუნოთ, რომ იგი ტრაგედიაში არ გადაიზარდოს!
მიუხედავად არაერთგზის გამოქვეყნებისა, საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ შევახსენო მკითხველს, ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან არსებობს ანაკლიაში ღრმაწყლიანი პორტის აშენების იდეა.
ერთ-ერთი მათგანი ღვაწლმოსილ ქართველ მკვლევარსა და მეცნიერს, აწგანსვენებულ არჩილ კიკნაძეს ეკუთვნის.
სამწუხაროდ, კიკნაძისეული „ახალი, ღრმაწყლიანი, ნავსადგურის განთავსების კონცეფცია“ უარყოფილ იქნა მრავალ მიზეზთა გამო, მათ შორის მხოლოდ ორს გამოვყოფთ:
1. ამ კონცეფციის განხორციელება, პორტის განთავსების (ენგურის შესართავთან) ადგილის გამო მინიმუმ ორ უძველეს დასახლებას, _ ანაკლიას და განმუხურს შეიწირავდა.
2. დღევანდელი საქართველოს საზღვრების პირობებში კი იგი საერთოდ ვერ განხორციელდება, რადგან, პორტის ნახევარი, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდება.
- თუმცა, შევარდნაძის ხელისუფლება, ყოველი მოახლოებული არჩევნების წინ, ამ „კონცეფციას“ დიდი წარმატებით იყენებდა, სამეგრელოს მოსახლეობის „დასაბოლებლად“ რომელსაც, როგორც ზემოთ ვახსენე, - არაფერი ჰქონდა საერთო რეალობასთან!
ე.წ. „ლაზიკა პორტზე“ საუბრით მკითხველს დროს არ დავაკარგვინებ, რადგანაც ამის შესახებ რამდენჯერმე დაიწერა, რომ იგი უსახური გუბურა უფრო იყო, ვიდრე რაიმე ეკონომიკურ გათვლებზე დაფუძნებული საერთაშორისო მასშტაბის პროექტი, რომელიც ისევე, როგორც ზემოთნახსენები პროექტი, ანაკლიის მოსახლეობის აყრას ითხოვდა!
უფრო მეტიც, 2012 წლის არჩევნებში გარანტირებული გამარჯვების მომლოდინე მიშა-შეურაცხადი, როგორც ამბობენ, ამერიკელებს სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობას სთავაზობდა ანაკლიაში!
- თავიდან აქ დავაპირე წერტილის დასმა, მაგრამ მალევე მივხვდი, კიდევ ბევრი იყო სათქმელი. რადგანაც, დღემდე შემუშავებულ კონცეფციებს საკმაოდ კარგად ვიცნობ, გადავწყვიტე მკითხველისთვის ცხადი გავხადო ის, თუ რატომ და რითი არის განსხვავებული „ANAKLIA PORT & INDUSTRIAL ECO PARK CONSORTIUM“-ის „ანაკლიაში ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობის კონცეფცია“, აქამდე არსებული კონცეფციებისგან (იგულისხმება „კიკნაძის“ და „ლაზიკა პორტი“. ვერაფერს ვიტყვი, კონკურსის სხვა მონაწილეთა კონცეფციებზე, რადგან მე მათ არ ვიცნობ!).
საგაზეთო სტატიაში, მათი დეტალურად ჩამოთვლა შეუძლებელია, რადგან ბ-ნი სპარტაკ ერაგია, დაჩქარებული ტემპით, მასზე საუბრისას ორ საათზე მეტ ხანს უნდება, მსმენელი აუდიტორია საქმის არსში რომ გააცნობიეროს. მე შევეცდები, ჟურნალისტის დონეზე, მოკლედ ჩამოვაყალიბო ზემოთხსენებული კონსორციუმის მიერ შემოთავაზებული კონცეფციის უმნიშვნელოვანესი მომენტები:
1. მაშინ, როდესაც საქართველოს შავი ზღვისპირეთის თითქმის ნახევარი ოკუპირებულია და მისი დაბრუნების იმედი შორეულ პერსპექტივაშიც არ ჩანს, დიდად მნიშვნელოვანია, - რა მანძილს დაიკავებს იგი ზღვის სანაპირო ზოლში?
- აღნიშნული პროექტი, ზღვის სანაპირო ზოლის, მხოლოდ 800 მეტრს იკავებს!
2. რამდენად შეავიწროებს იგი ადგილობრივ, აბორიგენ მოსახლეობას (რომელიც, პრეისტორიული კოლხეთის პირდაპირ შთამომავლს წარმოადგენს, მცირე დასახლებად რომ შემორჩენია ენგურის ორივე ნაპირს, ასევე მრავალი წეს-ჩვეულებითა და ენობრივი განსხვავებულობით) და მოუწევთ თუ არა მათ გადასახლება?
- მიუხედავად, იმისა, რომ, აქამდე არსებულ კონცეფციებთან შედარებით, იგი, წარმოუდგენლად დიდია, _ საერთოდ არ ეხება დასახლებულ ტერიტორიებს!
3. ხომ არ დააზიანებს იგი კოლხეთის ეროვნულ პარკს?
- კონცეფციაში დეტალურადაა შესწავლილი, „ანაკლია პორტი“-ს მიმდებარე უნიკალური ეროვნული პარკი და მოსალოდნელი სამუშაოები მისი დღემდე მოღწეული სახის შესანარჩუნებლად. დაწყებულია კონსულტაციები გერმანიის ეკოლოგიის სამინისტროს კომპეტენტურ წარმომადგენლებთან!
4. როგორც ცნობილია, ანაკლიაში მშენებარე „სატვირთო სატრანსპორტო კვანძი“ 2750 ჰექტარ ტერიტორიას დაიკავებს, ამას ემატება სპეციალური ეკონომიკური ზონა 1250 ჰექტარი ჯამში დაახლოებით 4000ჰა. ეს, ის პრეისტორიული ტერიტორიაა, რომლის მეათედიც არ არის დღეისათვის არქეოლოგიურად შესწავლილი?
- შემუშავებულია მოსაზრება მძლავრი, მობილური, არქეოლოგიური სამსახურის შესაქმნელად, რომელიც მაქსიმალურად გამოიყენებს შესაძლებლობას, ერთდროულად შეისწავლოს და გამოიკვლიოს უზარმაზარი ტერიტორია, რომელსაც ამ მხრივაც არ ექნება ანალოგი!
5. რამდენ სატრანსპორტო საშუალებას აერთიანებს აღნიშნული კონცეფცია „ანაკლია პორტი“-ს გარშემო?
- აღნიშნული კონცეფცია გააერთიანებს მსოფლიოში ცნობილ, ყველა ხუთ სატრანსპორტო საშუალებას, - საზღვაო, საჰაერო, სარკინიგზო, სამანქანო, მილსადენებს!
ასევე გათვალისწინებულია ანაკლია პორტთან გემთსარემონტო და სამშენებლი ქარხნის მშენებლობა და საზღვაო აკადემიის დაარსება!
კონცეფცია ითვალისწინებს ენერგეტიკულ, სასოფლო-სამეურნეო პროექტებში აქტიურ მონაწილეობას. საკურორტო და ტურისტული ინფრასტრუქტურების განვირარებას „ანაკლია პორტის პროექტი“-ს ზემოთხსენებულ, _ ევრაზიის ტრასაზე განლაგებული ქვეყნების ჩართვით.
ეს გახლავთ, მხოლოდ, ჟურნალისტის თვალით დანახული, მცირე ამონარიდი, იმ მრავალი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობებისა, რომელსაც „ANAKLIA PORT & INDUSTRIAL ECO PARK CONSORTIUM“-ის მიერ გაკეთებული განაცხადი სთავაზობს.
დანარჩენი კი მკითხველისთვის მიმინდვია გაარკვიოს, თუ რა აუცილებლობით არის განპირობებული ადგილობრივი, აბორიგენი მოსახლეობის გასახლება და რა ქვენა მიზნებს ემსახურება იგი?
იგივე შეკითხვით საქართველოს მთავრობასაც მივმართავ!
„ანაკლია პორტის ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფის“ სახელით
დავით ქობალია
P.S. მიუხედავად იმისა, რომ სტატია 8 წლის წინ გამოქვეყნდა, სტატიაში მოყვანილი ყველა ფაქტობრივი მასალა და მათზე დაყრდნობით გაკეთებული ანალიზები, თითქმის 100%-ით გამართლდა.
„ანაკლია პორტის“ ახალი ტენდერის გამოცხადების წინ, ერთხელ დაშვებული შეცდომების თავიდან ასარიდებლად საჭიროდ მივიჩნიეთ, ქვეყნის ხელისუფალთ და მისი მოსახლეობის მოაზროვნე ნაწილს განვუმარტოთ, რატომ არ აშენდა „ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში“ და რა გახდა მისი ჩაშლის მიზეზი!
სტატიის განმეორებით გამოქვეყნება გადაწყდა „ანაკლია პორტის ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფის“ ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ და მათთან შეთანხმებით.